Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა ხატიაშვილი: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო სექტორი ღირსეულ კანდიდატს წარადგენს, ხელისუფლება არჩევნებს...

ზაზა ხატიაშვილი: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო სექტორი ღირსეულ კანდიდატს წარადგენს, ხელისუფლება არჩევნებს სამარცხვინოდ წააგებს

591

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ახალ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მეტიც, მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ადვოკატთა კორპუსი გაფიცვისთვის ემზადება. მიმდინარე მოვლენებზე  «საქართველო და მსოფლიოს» ზაზა ხატიაშვილი ესაუბრა.

_ რამდენიმე დღის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდით. კმაყოფილი ხართ შედეგით?

_ ამ ხელისუფლებაში თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელთანაც სამართლებრივ საკითხებზე დალაპარაკება შეიძლება. ვფიქრობ, ერთადერთი დადებითი ვითარება იუსტიციის სამინისტროშია, სხვა ყველა სფეროში ქაოსია, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.

_ ბატონო ზაზა, თქვენ ძალიან კრიტიკული იყავით სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა ახალი ხელისუფლების საქმიანობაც უკვე საკმაოდ მწვავედ შეაფასეთ. კონკრეტულად რა არ მოგწონთ ახალი ხელისუფლების ქმედებებში?

_ მე ვაკრიტიკებდი სააკაშვილის რეჟიმს. მთელი ევროპის მასშტაბით, მე გახლდით ერთადერთი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი ქვეყნის პრეზიდენტის, შს მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პერსონა ნონ გრატად ცნობა მოითხოვა, მაგრამ იმიტომ კი არ ვიბრძოდი რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ვანო მერაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს შეეცვალა, რომელიც მერაბიშვილზე უკეთესი არაფრითაა. მე არ ვიბრძოდი იმისთვის, რომ პროკურატურაში მურთაზ ზოდელავას მაგივრად უფრო ოდიოზური და გაუწონასწორებელი ლაშა ნაცვლიშვილი მოსულიყო. მე მაქვს პრეტენზიები იმ ადამიანებთან, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან.

_ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის საქმიანობაში კონკრეტულად რა კანონდარღვევებს ხედავთ?

_ მაგალითად, ძმებ სოზაშვილების საქმე, რომლის შესახებაც პრემიერს მივწერე, წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პოლიციის დაწესებულებებში დაიწყო ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები. 2013 წლის 3 დეკემბერს კალაუბნის ქუჩაზე პოლიციელები _ იოსებ სახლთხუციშვილი და იოსებ ბაიაძე თავს დაესხნენ ლაშა და გიორგი სოზაშვილებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს პირები პოლიციის თანამშრომლები ყოფილან. შემდეგ თავად დაწერეს, თითქოს პირიქით, სოზაშვილები დაესხნენ მათ თავს, პოლიციელის ფორმა დაუხიეს და სცემეს,  ჩვენი ინფორმაციით, მათ საერთოდ არ ეცვათ ფორმა. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, ამოეღოთ ვიდეოფირი. ვინაიდან პოლიციაში ყველა შესვლა და გასვლა იწერება, დავადგენდით, ეცვათ თუ არა მათ პოლიციის ფორმა. მაგრამ ვიდეოჩანაწერი საერთოდ გააქრეს, იმიტომ, რომ გაირკვეოდა, _ პოლიციამ მოიტყუა გამომძიებელიც და პროკურორიც. დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და დასჯის მაგივრად პოლიციელები დაზარალებულებად სცნეს. არადა, ყველა ის თანამდებობის პირი _ მთავარი პროკურორი თუ სხვები, რომელთაც მე შევხვდი, პირად საუბრებში აღიარებენ, რომ ეს პოლიციელები დამნაშავეები არიან.

ევროკავშირისა და გაეროს ელჩებთან ერთად შევხვდი ირაკლი ღარიბაშვილს და ვუთხარი, ყურადღება მიექცია აღნიშნული საქმისთვის. მჯეროდა, ასეც მოიქცეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

_ თქვენ ღია წერილი მისწერეთ საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რა პასუხი მიიღეთ?

_ ვიცი, რომ დავით უსუფაშვილმა წაიკითხა ჩემი წერილი და პარლამენტში განაცხადა კიდეც, რატომ არის ზაზა ხატიაშვილი ჩემზე ნაწყენიო. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილმაც წაიკითხა, მაგრამ ჯერჯერობით მისი მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. თუ, სააკაშვილის ხელისუფლებას როცა ვაკრიტიკებდი, მისაღები ვიყავი ამათთვის, დღეს მიუღებელი გავხდი. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულ ხელისუფლებას, მან კი ზურგი შეგვაქცია. მაინც და მაინც ახალი 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდა მოხდეს, რომ ხმა ამოვიღოთ?

_ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაბლოკა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ეს ფაქტი ადვოკატების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეთ. რა საფრთხე დაინახეთ?

_ ევროკონვენციის მე-6 მუხლში გარკვევით არის მითითებული მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურორსა და ადვოკატს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. თეა წულუკიანმა წარადგინა ინიციატივა ამის შესახებ, მაგრამ ლაშა ნაცვლიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა დაბლოკეს.

სააკაშვილის დროს ყველაზე ცუდი ადვოკატებისთვის იყო სისხლის საპროცესო სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ადვოკატს არ შეეძლო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე. ჯერ ეს რა სასამართლო გვაქვს და წარმოიდგინეთ, მიმართვის უფლებასაც რომ წაართმევ ადვოკატს, რა სამართლიანობაზეა ლაპარაკი. მოვიდა ახალი «დემოკრატიის შუქურა» ივანიშვილი და რა გააკეთა?

არსებულ პირობებში როგორ უნდა მოიქცეს ადვოკატი, რომელიც თავად დაუცველია და მოკლებულია საშუალებას, დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი? მაგალითად, ადვოკატი ლევან სამუშია იცავდა ყაჩაღობაში ბრალდებულ პირს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყაჩაღობას ვერ ჩაიდენდა, რადგან იმ დროს ბათუმში იმყოფებოდა და ითხოვდა, სატელეფონო ზარების ჩანაწერის ამოღებას. სამუშიას ჯერ «ჯეოსელმა» უთხრა უარი, შემდეგ კი _ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა, ეს არის ამოღება და, 111-ე მუხლის თანახმად, არ გაქვს მიმართვის უფლებაო. არადა, თუ ადვოკატმა თავის დაცვის ქვეშ მყოფი ვერ დაიცვა, რა აზრი ექნება ამ პროფესიას?

_ ბატონო ზაზა, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა შეკრებილმა ხალხმა, რაც დაგმო ევროკავშირის ყველა ელჩმა და საერთაშორისო საზოგადოებამ. თქვენი აზრით, რატომ არ ჰქონდათ მათ ასეთი მწვავე რეაქცია თუნდაც 7 ნოემბერს და 26 მაისს, როცა ხელისუფლება აქციებს სასტიკად არბევდა?

_ მთელი მსოფლიო გაგიჟდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად, გაჰყვირიან, რომ მათი უფლებები ირღვევა. როცა 26 მაისს ხალხი დახოცეს და სახურავზე დაყარეს, მაშინ ხმა არავის ამოუღია და ჰომოსექსუალების დასაცავად კი გამოვიდნენ. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გრანტები მიიღონ, რაც სამარცხვინოა. მენატრება, ისეთი პრეზიდენტი ან პრემიერი მოვიდეს საქართველოში, რომელიც ამ გრანტიჭამიებს თავის ადგილს მიუჩენს. პირველი საშუალო სკოლა განათლების კერაა და არ აქვთ უფლება, იქ გეიაღლუმი ჩაატარონ. ხელისუფლების ბრალია, რაც მოხდა. გამოეყო ჰომოსექსუალებისთვის ადგილი ან საკუთარი ბარი გაუხსნას და იქ, რაც სურთ, გააკეთონ. სულაც დასვენების დღედ გამოეცხადებინათ 17 მაისი. საფრანგეთში სკოლის წინ რომ სიგარეტი მოწიოთ, იცით, რამხელა ჯარიმაა? თუ სკოლის წინ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება, გეიაღლუმების გამართვა შეიძლება? თუ სააკაშვილის ხელისუფლებას 9 თავი ჰქონდა, ამათ უთავო ხელისუფლებას ვეძახი.

_ მიხეილ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვდით და ასევე საუბრობდით, რომ მას უცხოეთში უკვე დიქტატორად იცნობენ, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს და სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების დასჯის ნებართვას არ აძლევს. პირიქით, ახალ ხელისუფლებას მასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

_ ის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დასჯაზე დასავლეთი უარს გვეუბნება, ივანიშვილის განცხადების ბრალია. გამოვიდა და დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო, განაცხადა. რომელი უცხოური ორგანიზაცია გაგასამართლებინებს რეჟიმს, რომელზეც ამბობ, რომ დემოკრატიულად ჩაატარა არჩევნები? დაუფიქრებელი განცხადებებით გამოსვლა არ შეიძლება. დააკვირდით, მისი განცხადებების შემდეგ მობილიზებული ჰყავთ ორი-სამი ექსპერტი, განსაკუთრებით, არეშიძე და საყვარელიძე, რომლებსაც მეცხრე არხი იწვევს, და აკეთებენ განცხადებას, ეს კი არა, ეს იგულისხმა პრემიერმაო. ამათ როგორც დაიწყეს, ასე მერაბიშვილსა და ადეიშვილს არ დაუწყიათ. სანამ ახალი ვაზაგაშვილები და გირგვლიანები არ გაჩნდებიან, მანამდე არ უნდა გამოვფხიზლდეთ? კანონი ქმნის სამართალს, კანონი ადვოკატებთან მიმართებაში უსამართლოა. პარლამენტში ერთადერთს ეკა ბესელიას ეყო ღირსება და გააპროტესტა.

რომელმა ელჩმა უთხრა ხელისუფლებას, სოზაშვილების საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება მიეღო? ერთი წლის წინ, როცა გავახმაურე სქესობრივი ძალადობა მალხაზ არქანიაზე, ჩემი კოლეგებიც კი დამიპირისპირდნენ. მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების 80% ასე მოიქცა. მე რომ ქუჩაში ვიბრძოდი, რას აკეთებდა ეს ხალხი, არ ვიცი, ხმა არავის ამოუღია. სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა ტაქტიკა, როცა კაცს უკანონოდ დაიჭერდნენ და ქონების წართმევას უპირებდნენ, ამით მას ციხეში საკუთარი სქესობრივი ხელშეუხებლობის ყიდვა უწევდა. ეს ყველამ იცოდა. ეს უნამუსო პროკურორები, რომლებიც ემუქრებოდნენ პატიმრებს, დღესაც დატოვეს თანამდებობებზე, რაც კარგად არ დამთავრდება. მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ და ადვოკატთა კორპუსი მალე გაიფიცება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასჯელაღსრულებას თავისი საგამოძიებო სამსახურები აქვს, ეს არის დიქტატურა. ყველა უწყებას უნდა გამოეყოს საგამოძიებო სამსახური.

როგორც ადრე, არც ახლა მითმობენ ტელევიზიებში პირდაპირ ეთერს სალაპარაკოდ. არ შეიძლება პიროვნებამ მართოს სახელმწიფო, კანონმა უნდა მართოს ქვეყანა.

_ რამდენიმე ხნის წინ ჩვენმა გაზეთმა წამოჭრა საკითხი მომავალი პრეზიდენტის როლსა და ფუნქციებზე, რომელიც შეძლებდა საგარეო თუ საშინაო საკითხებში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას და კონფლიქტების მოგვარებას. მარგველაშვილის კანდიდატურაზე რას ფიქრობთ, რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი ფიგურა და შეძლებს ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებას?

_ პირადად მარგველაშვილს არ ვიცნობ, თუმცა, თუ პლასტილინთან მის შედარებას გავიხსენებთ, როგორც ჩანს, საკუთარ თავს ძალიან ოდიოზურად აფასებს. თუ მართლა ასეთი ფიგურაა, ბიძინა ივანიშვილისთვის იდეალური ყოფილა. მარგველაშვილი არ არის დამოუკიდებელი. არადა, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე სულ იძახდა, ერთი კაცის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ყველაფერიო. ახლა კი ვხედავ, პარლამენტის თავმჯდომარე როგორ ურეკავს პარლამენტის დარბაზიდან და ყველაფერს უთანხმებს.

მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა მე შემდეგნაირად გავიგე: გამოდის, რომ ივანიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ  წელიწად-ნახევარში პოლიტიკიდან წავა. თუ მართლა წასვლას აპირებს, მაშინ ირაკლი ალასანიას წარადგენდა პრეზიდენტობის კანდიდატად, რადგან გამოცდილი პოლიტიკოსია. ან თუ ყველაზე ჭკვიანი მინისტრი სურდა, თეა წულუკიანი უნდა წარედგინა. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო სექტორი ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენს, ხელისუფლება არჩევნებს სამარცხვინოდ წააგებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here