Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა აზარაშვილი: დღეს როგორ უნდა ვიარსებოთ კომპოზიტორებმა?

ვაჟა აზარაშვილი: დღეს როგორ უნდა ვიარსებოთ კომპოზიტორებმა?

1258

იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა, თვითგამოხატვის  თავისუფლება ის თვისებებია, რომლებიც კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით ინდივიდუალობას განსაზღვრავს. კომპოზიტორი მრავალმხრივად წარმოადგენს თავის შემოქმედებაში სახეთა ლირიკულ სფეროს: იუმორისტული, პასტორალური, განყენებული, გროტესკულპაროდიული სახითაც. იგი  ინარჩუნებს კავშირს წერის ტრადიციულ მანერასთან და ასევე ფლობს თანამედროვე გამომსახველი საშუალებების რთულ არსენალსქართველები უცნაური ერი ვართ. უდიდეს შემოქმედთა უმეტესობას სათანადოდ არ ვაფასებთ იმ დრომდე, სანამ საქმეში სიკვდილი არ ჩაერევა. ჩვენ მხოლოდ მაშინ გვახსენდება ვიღაც, რომ კარგ ლექსებს, კარგ ნაწარმოებს  ქმნიდა, როდესაც მის შესახებ არსებული ყველა ზმნა წარსულ დროში გადადის, ხოლო, როცა ის გვერდით გვყავს, იმის მაგივრად, რომ მივცეთ საშუალება, ხელი შევუწყოთ, რაც შეიძლება მეტი გენიალური ნაშრომი დაგვიტოვოს, ვცდილობთ, «სხვით» ჩავანაცვლოთ იგი.

_ ბატონო ვაჟა, ერთერთ ინტერვიუში ამბობთ: ,,ხელშეწყობა არ გვაქვს, თორემ უნიჭიერესი მომღერლები გვყავსო». ვისგან უნდა გქონოდათ ხელშეწყობა და იგრძნობა თუ არა დღეს ეს?

_ რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან, თუმცა რამდენიმე წელია, მერია,  როგორც შეუძლია, გვეხმარება. დღეს სახელმწიფოსგან ვიღებ 400 ლარს ხელფასს, როგორც სახალხო არტისტი, მაგრამ ეს კომპოზიტორის არსებობისთვის საკმარისი არ არის. უკვე 5-6 წელია, გვეხმარება ივანიშვილი, მისგან დიდ ეკონომიურ მხარდაჭერას ვგრძნობ… საზღვარგარეთ, მაგალითად, ბაქოში, ჩვენი დონის კომპოზიტორებს 700 დოლარს უხდიან და ფინანსურად დიდი მხარდაჭერა აქვთ. ვიცი, ჩვენს  ქვეყანას უჭირს და ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ იმას მაინც ნუ წაგვართმევენ, რაც ჩვენია. რაც შეეხება მთავრობას, იმის მაგივრად, რომ დაგვხმარებოდა, ბორჯომის სახლი წაგვართვა. 3 წელია, აუქციონზე გააქვთ და ვერ გაყიდეს, არც ჩვენ გვაძლევენ და ვერც თვითონ იყენებენ. დღეს იგი განადგურებულია, 7 წლის მანძილზე იქურდება. რაც ხელისუფალთ გააკეთეს, უსინდისობაა. სამწუხაროა, მაგრამ აი ასეთი მთავრობა გვყავდა.

_ როგორ ფიქრობთ, დღეს რა როლს ასრულებს კულტურის განვითარებაში სახელმწიფო?

_ მერიას თუ არ ჩავთვლით, არანაირს.

_ წინა წლებთან შედარებით, ხელოვნების განვითარების მხრივ, რა მდგომარეობაა?

_ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა… მაგალითად, კომუნისტების დროს უკეთესი სიტუაცია იყო. იქმნებოდა ძალიან კარგი ნაწარმოებები, რომლებიც მოსკოვში გამოიცემოდა. დღეს გაუქმდა სიმფონიური ორკესტრი, დაიხურა ბევრი მუსიკალური სკოლა, როგორ უნდა ვიარსებოთ კომპოზიტორებმა?

_ დღეს ძალიან ბევრი მუსიკალური პროექტია, რას იტყვით ამის თაობაზე?

_ ამ პროექტებში ჟიურის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ იქ. მათი დონის ადამიანები იქ არ უნდა ისხდნენ. ეჭქვეშ დგას მათი პროფესიონალიზმი. არც ესემესებით არ უნდა ფასდებოდეს მომღერლის ნიჭი. ამ ბოლო დროს ძალიან გაუგებარი სიტუაციაა. ერთ-ერთ გადაცემაში კონკურსანტის არჩევის დროს წითელ ღილაკს, ხელის დაჭერის მაგივრად, ჟიურის წევრმა ფეხი დაარტყა. მითხარით,  აბა, რა უნდა მოვთხოვო ამ ჟიურის წევრს?! სწორედ ასეთი ადამიანები აფუჭებენ ჩვენს ნიჭიერ მომღერლებს.

_ მინდა გავიხსენო ვაგნერი. ის იყო ანტისემიტი. იგი ებრაელთა ჟლეტასაც კი ქადაგებდა, თუმცა, ამავე დროს, ასრულებდა ებრაელთა ნაწარმოებებს. საქართველოში რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ რუსული სიმღერები აკრძალეს. როგორ ფიქრობთ, რა საერთო აქვს პოლიტიკასა და ხელოვნებას?

_ არაფერი… როდესაც მეორე მსოფლიო ომი იყო, გერმანია გვებრძოდა, მაგრამ არ აგვიკრძალია და სრულდებოდა ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, შუმანის, შუბერტის ნაწარმოებები. მე-20 საუკუნე მუსიკაში რუსების არის. უმეტესობა გენიოსებისა რუსები არიან. არ დავუკრათ, არ შევასრულოთ  მათი ნაწარმოებები?

ერთ კრებაზე ზუმბამ თქვა: ქართველი კომპოზიტორები კომუნისტური აზროვნებიდან ვერ გამოვიდნენო. ჯერ ეს ერთი, მე კომუნისტი არ ვყოფილვარ, კომუნისტების დროს მოღვაწეობდა თაქთაქიშვილი, ბალანჩივაძე, შველიძე, ნასიძე, ცინცაძე და აღარც მათი ნაწარმოებები გვინდა?

_ საქართველოში ჩამოყავთ DEEP PURPLE .  გარდა ამისა, ძალიან ბევრი მსგავსი ღონისძიებები იმართება. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგია ეს?

_ მივესალმები, ძალიან კარგია, თუმცა ქართველები  ძალიან მატრაბაზები ვართ და ამ მატრაბაზობაში ეროვნულს ვკარგავთ. როდესაც ევროპაში სხვადასხვა კონკურსზე გადიან, ქართული სიმღერების მაგივრად ინგლისურ სიმღერებს ასრულებენ. იქ ყოველდღე ესმით ეს ინგლისური სიმღერები, შეიძლება უკეთესი შესრულებითაც, ამიტომ ჩვენ ჩვენი ეროვნული, ქართული უნდა წარვუდგინოთ, უნდა გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, მით უფრო, რომ  ძალიან მოსწონთ ქართული მუსიკა. ყოველივე ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არც ცივილიზებულ სამყაროს ჩამოვრჩეთ და არც ჩვენი ეროვნული დავკარგოთ…

ესაუბრა

ნათია ხიჯაკაძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here