Home რუბრიკები საზოგადოება პროკურატურის ძველი თანამშრომლები საქმეში ჩაუხედავ ხალხს აბრიყვებენ

პროკურატურის ძველი თანამშრომლები საქმეში ჩაუხედავ ხალხს აბრიყვებენ

709

პროფესორმა ანზორ გაბიანმა წერილით მიმართა კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გთავაზობთ ამ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.

მოგახსენებთ, რომ ვარ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, კავკასიაში პირველი და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ორასამდე სამეცნიერო და მეცნიერულ-პუბლიცისტური ნაშრომის, მათ შორის 16 მონოგრაფიის ავტორი, რომლებიც ისეთ აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება, როგორიცაა ნარკომანია და ნარკოტიზმი (4 მონოგრაფია), ლოთობა და ალკოჰოლიზმი, დამნაშავეობის გეოგრაფია, დამნაშავეობა ქალაქსა და სოფელში, პროსტიტუცია და სხვ.

მანამ, სანამ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი ჩარეცხილებად გამოგვაცხადებდა, ათეული წლების მანძილზე ვხელმძღვანელობდი ჩემ მიერვე შექმნილ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიეროკვლევით ცენტრს, რომელიც ერთადერთი იყო კავკასიაში, სსრკის დაშლამდე წლების მანძილზე ვიყავი მოსკოვში საბჭოთა სოციოლოგიური ასოციაციის ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის პროფესორი და ..

ჩემი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა თითქმის მუდამ წარმატებით მიმდინარეობდა. მრავალიდან მოვიტან ერთს, საქართველოში ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასასრულს დაწყებულ მსხვილმასშტაბიან ნარკოტიზმის სოციოლოგიურ ემპირიულ გამოკვლევას, რომელიც იყო პირველი და უკანასკნელი მსგავსი ნაშრომი სსრკ-ის მასშტაბით და საფუძვლად დაედო მონოგრაფიას «ნარკოტიზმი», რომელიც დახურული წესით რუსულ ენაზე გამოიცა თბილისში 70-იანი წლების შუა ხანს და იყო პირველი მსგავსი აქტუალობის წიგნი მთელი ქვეყნის მასშტაბით. იგი საფუძვლად დაედო საქართველოში ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლების შუა ხანს ჩემ მიერ შემუშავებულ და სახელმწიფოებრივ დონეზე დანერგილ ნარკოტიზმის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა მწყობრ სისტემას, რამაც საქართველოში ჯერ კიდევ მესამედი საუკუნის წინ ჩაუყარა საფუძველი ამ სფეროში მიღწეულ უდავო წარმატებებს, ხოლო ამ სტრიქონების ავტორს იმ დროისათვის დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, თუმცა სსრკ-ის დაშლისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ წლებში, ცნობილი მიზეზების გამო, ყოველივე ეს დავიწყებას მიეცა, რადგან არსებული სისტემა ძირეულად გარდაიქმნა.

ამიტომ გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს იმ უსუსურობას, რომელსაც, სამწუხაროდ, აშკარად ამჟღავნებენ ძირითადად საქართველოს დღევანდელი პარლამენტის ეგრეთ წოდებული უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად, როგორც იტყვიან, «ხაბარს არ არიან», რას მიედ-მოედებიან ამ უდიდესი სოციალური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემის განხილვისას; თითქოს წერა-კითხვის უცოდინარები იყვნენ, არსებული გამოცდილების შესწავლის ნაცვლად ზოგიერთი მათგანი ტრიბუნიდან ენერგიულად აფრქვევს უაზრობას, რომელიც რატომღაც თვითონ ღრმააზროვნად ეჩვენება და არც დარბაზში არ ჩანს ვინმე, ვინც ამ უვიცობის ზეიმს ნაზი ხმით მაინც გააპროტესტებს.

მაგრამ, ძვირფასო ბატონო ბიძინა, მარტო ამ და რიგი სხვა უვიცობებისა და ზოგჯერ უმსგავსობის მოსმენა და ყურება რომ წარმოადგენდეს ჩემს მთავარ პრობლემას, რაღა მიჭირდა, რადგან ბევრი მძიმე წელი მაქვს გამოვლილი და ამასაც როგორმე გავუძლებდი. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა შორის მეც ერთი «საპატიო» ადგილი მაქვს «მოპოვებული», რადგან მრავალი უბედურება, რომელთაც ამ, უკაცრავად პასუხია და, პროამერიკულ პოლიტიკურ გუნდად წოდებულმა არსებითად დანაშაულებრივმა ბანდამ გადამყარა, ათი წელიწადია გრძელდება და დღემდე ბოლო არ უჩანს.

მე, ბატონო ბიძინა, თავს არ შეგაწყენთ იმის თხრობით, თუ რას გადავეყარე ამ ღვთის პირიდან გადავარდნილი უზრდელი გოგო-ბიჭების ათი თუ მთელი თოთხმეტწლიანი ჯერ ფარული და შემდეგ ქვეყნისთვის აშკარად დამაქცევარი აღვირახსნილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოისობით, რაც ყველაფერთან ერთად, ჩემთვის თხუთმეტთვიან საერთაშორისო ძებნაში ყოფნით გამოიხატა. აქედან გამომდინარე, ყველა მძიმე შედეგით და, რადგან არსებობს საკმაოდ მოზრდილი მოცულობის ჩემ მიერ ამ სამიოდე თვის წინ უდავოდ დიდად პატივცემული საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანისა და საქართველოს მთავარი პროკურორის, ბატონ არჩილ კბილაშვილის სახელზე გაგზავნილი ვრცელი საჩივრის საგაზეთო ვერსია, რომელიც დაიბეჭდა ქვეყნის უდავოდ ერთ-ერთი მთავარი პერიოდული გამოცემის _ «საქართველო და მსოფლიოს» მიმდინარე წლის 6-12 თებერვლის მე-4 ნომერში სათაურით «პროფესორ გაბიანის საქმე», სადაც, თუ თქვენი ნება იქნება, ბევრ ისეთ უმსგავსობას გაეცნობით, რომელთაც ურცხვად სჩადიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიული წრეების ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ, არც მეტი, არც ნაკლები, «დემოკრატიის შუქურებად» შერაცხილი შარაგზის ყაჩაღები, რომელთა ვინაობაც თქვენ ჩემზე არანაკლებად მოგეხსენებათ.

მაგრამ აქ არა მარტო თქვენ, როგორც ამ პუბლიკაციის მთავარი ადრესატი, არამედ ნებისმიერი მკითხველი დაინტერესდება, თუ რამ ამაღებინა დღეს ხელში კალამი მაშინ, როდესაც საქმის კურსში ყოფილან პირადად იუსტიციის მინისტრი და ქვეყნის მთავარი პროკურორი, რომელთაც არა მარტო მე, არამედ მთელი მოწინავე ქართული საზოგადოება უდიდეს პატივს ვცემთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დიდი დატვირთულობის გამო ისინი დაწვრილებით ვერ გაეცნობოდნენ ჩემს საჩივარს, ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილს, შეიძლება ითქვას, საქართველოს მასშტაბებით, ჭეშმარიტად «საუკუნის დანაშაულის» შესახებ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სრულ ორგვერდიან საგაზეთო პუბლიკაციას, რომელიც სავსეა სკანდალური დეტალებით ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მთელი სერიის შესახებ, რომელიც დღესაც გრძელდება, მაგრამ სხვა სახითა და დამნაშავეთა პერსონალური შემადგენლობით, მათ, სარწმუნო მონაცემებით, ჰყოფნით თავხედობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც, როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდეთ და დედამიწა ქალამნად, რადგან ჰყავთ რამდენიმე გავლენიანი მფარველი აწ უკვე უმცირესობაში, რომელსაც, თავის მხრივ, ამერიკელი «ყოვლისშემძლე» ძიები მფარველობენ.

ამიტომაც დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს იმის გარჩევა, თუ ვინ არის მართლმსაჯულების სფეროში სიტუაციის მთავარი მაკონტროლებელი, თუმცა ამ თემის შემდგომი განხილვისგან, თქვენთვის ცნობილი მიზეზის გამო, ამჯერად თავს შევიკავებ.

ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთმა არა მთავარმა, მაგრამ არც რიგითმა თანამშრომელმა, ვისაც, როგორც ჩანს, ჩემი საჩივრის შესწავლა და მასზე სათანადო რეაგირება ევალებოდა, არც აცია და არც აცხელა და აღნიშნული საჩივრის შეტანიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ მომწერა, რომ, რადგან თქვენი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ცნობილი ხართ დამნაშავედ სასამართლოს მიერ, უკვე კარგა ხანია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არის გამაგრებული, მისი კანონიერების გადასინჯვა დღეს შეუძლებელია მოქმედი კანონის შესაბამისადო, ამიტომ გირჩევთ, დაელოდოთ საქართველოს ახალი პარლამენტის მიერ სათანადო კომისიის შექმნას და მას მიმართოთ თხოვნით თქვენი პრობლემის მოგვარების თაობაზეო.

ბატონო ბიძინა! საქმე ისაა, რომ უკანასკნელ პერიოდში გარკვეულად შეფერხდა ჭეშმარიტების დადგენა ძველ საქმეებზე, რომელზეც, როგორც ამას ხშირად იმეორებენ ხოლმე სასამართლოსა და პროკურატურის ძველი მუშაკები, რომელთაც ხშირად უშუალო მონაწილეობა აქვთ მიღებული ათასგვარ უმსგავსობებში, ვითომ იმიტომ არ შეიძლება დღეს ძველ საქმეებს გადავხედოთ, რომ მათზე გამოტანილია კანონიერი განაჩენი, რომლის გადახედვაც არსებული კანონმდებლობის ჩარჩოებში მხოლოდ ერთ შემთხვევაში არისო შესაძლებელი. კერძოდ, თუ არსებობსო ამ საქმეებზე ახლადაღმოჩენილი გარემოებები, რომლებიც მათი კანონიერების გადასინჯვის უტყუარი საფუძველი გახდებოდაო და ..

ასე «აბოლებენ» საქმეში ჩაუხედავ ხალხს, რომელიც შორსაა სამართლებრივი პრობლემებისგან. სინამდვილეში კი ყბადაღებული ახლადაღმოჩენილი გარემოებების ქვეშ ბევრი რამ ისეთი იგულისხმება, რაც უმეტეს შემთხვევებში შეიძლება მინიმალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ნებისმიერმა გამომძიებელმა თვით სისხლის სამართლის საქმის გაცნობის დროს იოლად აღმოაჩინოს.

რაც შეეხება განაჩენის კანონიერებას, ის, რომ მოცემულ საქმეზე განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში, ყოველთვის როდი ნიშნავს, რომ იგი მართლაც კანონიერია. სინამდვილეში სისხლის სამართლის საპროცესო ტერმინი «კანონიერ ძალაში შესული განაჩენი» მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე არ აღმოჩნდა ისეთი არგუმენტი გამოძიების, სასამართლოს და, გნებავთ, დაცვის ხელში, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა გამოტანილი განაჩენის კანონიერებას. მაგრამ საკმარისია ასეთი ფაქტი ან არგუმენტი ამოტივტივდეს, რომ დღეს მოქმედი სისხლის საპროცესო კანონმდებლობითაც განაჩენი უდავოდ უნდა იქნას გაუქმებული და საქმე ხელახლა შესწავლილი და განხილული სწორედ ისე, როგორც ჩვენ ამას საჩივარში მოვითხოვთ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს ჩემ მიმართ, ბრმა, სრულიად უვიცი ან უნამუსო უნდა იყოს პროკურორი და, გნებავთ, საგამოძიებო თუ სასამართლო ორგანოების სხვა მუშაკი, რომელიც, სისხლის სამართლის საქმის შესწავლასაც თავი რომ დავანებოთ, დასაწყის სტადიაზე განაჩენის ყურადღებით გაცნობისას არ აღმოაჩენს ერთ კი არა, რამდენიმე ისეთ გარემოებას, რომელიც, რასაკვირველია, ახალი არ არის, რადგან მას ადგილი ჰქონდა იმ დროს, როდესაც სისხლის სამართლის მოცემული საქმე იხილებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში განზრახ იქნა მიჩქმალული. ამიტომ, როდესაც უფლებამოსილი პირი ამ გამოძიებისა და სასამართლოს მიერ ჩადენილ მსგავს ძველ «ცოდვებს» აღმოაჩენს, მას პირობითად ახლადაღმოჩენილ გარემოებას დავარქმევთ, რის შემდეგაც განაჩენი უდავოდ უნდა გაუქმდეს, ჩატარდეს ახალი გამოძიება და საქმე დამნაშავედ უსამართლოდ ცნობილი ადამიანის გამართლებით და მისთვის მიყენებული მატერიალური და სულიერი ვნების ადექვატური ანაზღაურებით უნდა დამთავრდეს.

ამიტომ, ჩემო ბატონო ბიძინა, რადგან დღესაც პროკურატურის ზოგიერთი მუშაკი, რომელსაც ასე ხელაღებით და პრიმიტიულად შეჰყავს შეცდომაში ისედაც დაზარალებული და მატერიალურად თუ სულიერად განადგურებული მოქალაქეები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ახალ პროკურატურაში ზოგჯერ ამა თუ იმ მიზეზით ძველი ბინძური პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებენ, ამგვარ უმსგავსობათა აღკვეთას, კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ, ვიტყვი, რომ თქვენი რკინის ხელი და ურყევი ნება სჭირდება.

თუ ეჭვი შეგეპარებათ ჩემს ამ მტკიცებაში, უმორჩილესად გთხოვთ, გამოძებნოთ, თქვენი დროის დიდი დეფიციტის მიუხედავად, 10 წუთი, გამოიძახოთ პროკურორი, რომელმაც ეს პასუხი შეადგინა, მისი უფროსი და მოატანინოთ, როგორც ამას ისინი თავიანთი ჭკუითა თუ უჭკუობით უწოდებენ ხოლმე ჩემ მიმართ, «კანონიერ ძალაში შესული განაჩენი», რომელიც აშკარად უკანონოა და, თუ მე თქვენ თვალწინ არ აღმოვაჩინე ჩემს განაჩენში მინიმუმ ერთი ან, შესაძლოა, რამდენიმე გარემოება, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება მისი მყისიერი გაუქმებისთვის, შეგიძლიათ საქვეყნოდ შემარცხვინოთ, როგორც იურიდიულად უვიცი და ყოვლად ინტრიგანი ადამიანი.

კიდევ არის არაერთი თქვენთან განსახილველი საკითხი, რომლის სწორი გადაწყვეტა დიდი ეროვნული საქმე იქნებოდა, მაგრამ მე მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. გამონაკლისის სახით, მათგან გამოვყოფ ერთს, რომელიც უდიდესი მნიშვნელობისაა და უჭირავს გამორჩეული ადგილი სხვა მრავალ პრობლემას შორის.

ეს არის, ბატონო ბიძინა, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი კაპიტალიზმი გვინდა ჩვენ საქართველოში ავაშენოთ, რომელიც ყველაზე უფრო მიესადაგება საქართველოს ისტორიულ წარსულს, აგრეთვე, საქართველოს მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს, იმისგან განსხვავებით, რა სიმახინჯესაც გვთავაზობდა და დღესაც გვთავაზობს ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომელსაც უბრალო ენაზე მოსახლეობის საყოველთაო სიღატაკე და უუფლებობა უდევს საფუძვლად. როგორც თქვენთვის შესანიშნავად არის ცნობილი, კაპიტალიზმის ამ ყველასთვის სასურველ სახეობას «სახალხო კაპიტალიზმი» ჰქვია. მე მზად ვარ, თქვენთან ერთად ეს საკითხებიც გავიარო და ჩემი პირუთვნელი მოსაზრებებიც მოგახსენოთ მოკლე დროში და ყოვლად დელიკატური ფორმით.

მას შემდეგ, რაც თქვენი თაოსნობითა და მეთაურობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პროფაშისტური რეჟიმი სახალხო მმართველობით შეიცვალა, უკვე დაახლოებით 7 თვე გავიდა, ამიტომ, ვგონებ, დროა, ეს ახალი (ვისთვის კი უკვე მოძველებული) ამბავი ადექვატურად გააცნობიერონ ახალი ხელისუფლების იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც მოსახლეობასთან დიალოგის რეჟიმს მისგან გაძლიერებული დაცვის ღონისძიებების პირობებში მუშაობასა და ცხოვრებას ამჯობინებენ. აკი შვიდი თვის წინ საქართველოში ის დღე გათენდა, რომლის დადგომასაც ხალხი იმიტომაც ელოდა, რომ საიმედოდ ჩარაზული სახელისუფლო კარი თავად გაიხსნებოდა და შეჭირვებული მოქალაქეები ზოგიერთი სამინისტროსა თუ უწყების გარშემო თავიანთ პრობლემებთან ერთად სირბილის რეჟიმიდან ამ ციხესიმაგრეების სათაო დაწესებულებებში თავისუფლად შესვლისა და პატივით მიღების რეჟიმზე გადავიდოდნენ.

ის ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ამ ჩემს წარმოდგენაში არც თუ მთლად რთული პრობლემის მოგვარებას სკეპტიკურად უყურებენ, ალბათ, გაიღიმებენ და იტყვიან _ «ნეტარ არიან მორწმუნენიო». მე კი ვიტყოდი, რომ დღეს ეს ყოველივე დიახაც რომ ახალი ხელისუფლების პრეროგატივაა და მასვე ხელეწიფება, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ იგი სახალხო კაპიტალიზმის იდეას რეალობად აქცევს.

უღრმესი პატივისცემით, სამშობლოს წინაშე თქვენი დიდი დამსახურების ჭეშმარიტი დამფასებელი

პროფესორი

ანზორ გაბიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here