Home რუბრიკები საზოგადოება «არ ვავნოთ, თუ არ ვარგებთ»

«არ ვავნოთ, თუ არ ვარგებთ»

680

ექიმებს დიდი მისია გვაკისრია, რადგან საკუთარი გადაწყვეტილებით ავირჩიეთ ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია. მოვალენი ვართ, ვიზრუნოთ სხვისი შვილის, დედის, მამის, ახლობლის _ ზოგადად, სხვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეზე. ექიმს მორალური, პროფესიული და იურიდიული მოვალეობები აქვს, როგორც ავადმყოფის, ასევე კოლეგების მიმართაც.


არსებობს სამედიცინო ეთიკა, ქცევის წესები, რომლებიც, ალბათ, თითოეულმა ჩვენგანმა ზეპირადაც კი ვიცით; თუმცა, კოლეგებო და მეგობრებო, დაგვეთანხმებით, რომ ეს თვისებები ნებისმიერმა ჩვენგანმა არამცთუ უნდა დაივიწყოს ან უარყოს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა განავითაროს და სრულყოს. ბოლო ათეული წლების მანძილზე მიღებულია დეკლარაციები, კოდექსები, წესები, რომლებიც განსაზღვრავს ექიმის ქცევის ეთიკურ ნორმებს. მათში ბევრ სხვა საკითხთან ერთად საუბარია ექიმის ზოგადსაკაცობრიო, ინტერნაციონალურ მისიაზე, ამიტომ, როგორც თქვენი მეგობრები და კოლეგები, პირდაპირ გეტყვით: არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ეთიკას გადავუხვიოთ, არ უნდა გავხდეთ მსხვერპლნი ამბიციების, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრმა არ უნდა გვიბიძგოს ერთმანეთის ლანძღვისკენ.

სამედიცინო ასიციაციების გაერთიანების წევრებს ამ, უკვე კარგად ცნობილ, პრობლემებზე საუბარი შემთხვევით არ გადაგვიწყვეტია. ბოლო პერიოდში სამედიცინო მუშაკთა ნაწილმა, ვფიქრობთ, დაივიწყა საკუთარი მთავარი მოვალეობა, რომელიც ასე ძლიერ სჭირდება პაციენტებს. ერთმანეთის დისკრედიტაცია, სხვადასხვა ბრალდება (თუნდაც საფუძვლიანი) და დაპირისპირება _ ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქმედებებისა, რომელთაც სხვადასხვა მიზნით სჩადის ჩვენი კოლეგების საბედნიეროდ მცირე ნაწილი.

ჩვენი მთავარი საზრუნავი პაციენტია! ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების სახელის დაუსრულებელი შელახვა კი, პირველ რიგში, პაციენტებს უკარგავს რწმენას, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს, ხოლო შემდგომ უკვე ჩვენივე კოლეგებზე და სამედიცინო დაწესებულების იმიჯზე ახდენს ზეგავლენას, რომელთა ნორმალური ფუნქციონირებაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

სამედიცინო საზოგადოება უკანასკნელ თვეებში გვერდიდან უყურებს შპს «საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის» გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. ჩვენი პაციენტებისა და კოლეგების საკეთილდღეოდ თავი მოვალეოდ ჩავთვალეთ, რომ ამ პროცესებს გამოვხმაურებოდით, რადგან არაჯანსაღი ქმედებები ზიანს აყენებს მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას.

2010 წელს სს «ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრიც», როგორც სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა, საპრივატიზაციო დაწესებულებათა ნუსხაში მოხვდა და მოხდა მისი განკერძოება. ამ პროცესმა სამედიცინო პერსონალის შიგნით მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. 2012 წლის ნოემბერში ონც-ს თანამშრომელთა შორის დაპირისპირებას გაზეთების, ჟურნალებისა და სატელევიზიო არხების საშუალებით  ბრალდებების მთელი ნიაღვარი მოჰყვა მისი გენერალური დირექტორის, რეზო გაგუას მიმართ.

ჩვენი აზრით, ეს დაპირისპირება იწვევს არამხოლოდ ონკოცენტრისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას, არამედ აღვივებს პაციენტების უნდობლობას ზოგადად დარგის სპეციალისტების მიმართ, რაც მიმართვიანობაზეც აისახება, ხოლო ამას შესაძლოა მოჰყვეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ადეკვატური დახმარების აღმოჩენის დაგვიანება.

ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულებისთვის საზიანო ქმედებები. თუ ონკოლოგიის გადარჩენაზეა ლაპარაკი, მაშინ მოქმედი ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის რეპუტაციის შელახვა ამ მიზანს ვერ მოემსახურება. უკმაყოფილო თანამშრომელი შეიძლება ნებისმიერ დაწესებულებაში გამოჩნდეს, მაგრამ ეს დაპირისპირება დაწესებულების შიგნით უნდა მოგვარდეს.

ჩვენ დღეს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პრობლემებზე ვსაუბრობთ, თუმცა შექმნილ ვითარებაზე რეაგირება დროზე თუ არ მოვახდინეთ, თუ ერთად არ დავდექით სრულიად სამედიცინო საზოგადოება, პრობლემა, შესაძლოა, გლობალური გახდეს და ნებისმიერ დაწესებულებას შეეხოს.

«ექიმი სხვა არაფერია, თუ არა სულის ნუგეში» (პეტრონიუსი) _ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ნდობაზეა დამყარებული, მკურნალის მიმართ ნდობა კი გამოჯანმრთელების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამიტომ ჩვენი კოლეგის შეურაცხყოფით ნუ დაუკარგავთ ავადმყოფს კარგად გახდომის იმედს. პრობლემები განვიხილოთ ერთად, დახურულ კარს მიღმა. არ არის საჭირო აფიშირება, ნუ შევქმნით შოუს სკანდალების მოყვარულთათვის. ასე პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ.

 გოჩა ინგოროყვა,

პროფესორი, გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე;

არჩილ მორჩილაძე,

გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here