Home რუბრიკები საზოგადოება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იხსენებს, როგორ დაიწვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იხსენებს, როგორ დაიწვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

2231

საქართველოს შს ორგანოების დამსახურებულმა მუშაკმა, გადამდგარმა გენერალლეიტენანტმა გურამ გვეტაძემ პირად არქივში დაგროვილი დოკუმენტების გამოყენებით, რომლებიც საინტერესო ისტორიულ ფაქტებს შეიცავდა, გადაწყვიტა, წიგნი გამოეცა, რომელსაც სათაურიც შესაბამისი აქვს: «გენერლის მოგონებათა ზარდახშა».


«მკითხველს მინდა შევახსენო ჩვენი კულტურის დიდი ცენტრის _ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ეპიზოდი _ 1973 წლის ხანძარი და მისი გამომწვევი მიზეზები. თეატრი დაარსების 150 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. შესაძლებელია, ეს პუბლიკაცია მემატიანეებს თეატრის ისტორიის ამ ტრაგიკული ეპიზოდის მართებულად გაშუქებაში დაეხმაროს.

როგორც პროფესორი პავლე ხუჭუა გვამცნობს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ისტორიისადმი მიძღვნილ თავის წიგნში, თბილისში პირველი საოპერო სპექტაკლი დაიდგა 1851 წლის 9 ნოემბერს. მაშინდელი ქარვასლის შენობაში არსებულ თეატრში წარმოადგინეს დონიცეტის ოპერა «ლუჩია და ლამერმული», იტალიის საოპერო თეატრის მოწვეული დასის ძალებით. ეს შესანიშნავი შენობა არსებობდა 1874 წლის 11 ოქტომბრამდე. ამ დღეს უნდა წარმოედგინათ ბელინის «ნორმა», მაგრამ მაყურებელს არ დასცალდა სპექტაკლის ნახვა თეატრში უეცრად გაჩენილი ხანძრის გამო.

შევეცადე, ოპერის თეატრის არქივში, საქართველოს სახელმწიფო არქივში, ამ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციებში მომეძებნა დამატებითი ინფორმაცია ხანძართან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა ცნობები ამ ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების შესახებ…

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახლანდელი შენობის მშენებლობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

მიწის ნაკვეთი თეატრის ასაშენებლად ქ. თბილისის საბჭომ შეიძინა მოქალაქეების: ზუბალაშვილის, ჩითახოვისა და ემონოვისგან. 1876 წელს გამოცხადდა ღია კონკურსი ოპერის თეატრის პროექტირებაზე. კონკურსზე წარმოდგენილი 4 პროექტიდან პირველი პრემია მიეკუთვნა პეტერბურგელი არქიტექტორის _ ე. ა. შრეტერის პროექტს. ის თბილისში ჩამოვიდა და, სამშენებლო კომისიის მითითებით, ორჯერ გადააკეთა პროექტი. მხოლოდ 1880 წლის 18 თებერვალს დაამტკიცეს იგი და იმავე წლის ივლისში შეუდგნენ მშენებლობას. 1884 წელს აღიმართა თეატრის კედლები, მაგრამ ამ დროისთვის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხები ამოიწურა და მუშაობა შეჩერდა. შენობა გადაუხურავი დარჩა. მაშინდელმა მეფისნაცვალმა დონდუკოვ-კორსაკოვმა შუამდგომლობა აღძრა უმაღლეს ინსტანციაში და თანხა გამოითხოვა. სახელმწიფო საბჭომ მხოლოდ თანხის ნაწილი გამოყო, რითაც შესაძლებელი გახდა შენობის გადახურვა.

1894 წლამდე თეატრის მშენებლობა შეჩერებული იყო. როგორც კი საჭირო თანხა გამოინახა, მუშაობაც გაგრძელდა. 1896 წელს სამუშაოთა მწარმოებლად დაინიშნა შიმკევიჩი. ნოემბრისთვის თეატრი მზად იყო, მაგრამ პროექტის მიხედვით ბევრი რამ აკლდა. სცენის მოწყობა საიმპერატორო თეატრის დეკორატორს ვალცს დაევალა. 400 სავარძელი თეატრისთვის შეუკვეთეს იაკობ და იოსებ კონის ფაბრიკას ქ. ნოვოროდომსკში.

1896 წლის 3 ნოემბერს ახალ შენობაში დაიდგა გლინკას «ივან სუსანინი». ახალმა თეატრმა მიიღო სახელწოდება «თბილისის სახაზინო ოპერის თეატრი». მთელი მშენებლობა 870 ათასი მანეთი დაჯდა.

ეს შენობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქ. თბილისის არქიტექტურული ძეგლი და საქართველოს მუსიკალური კულტურის ცენტრია.

მის კედლებში დახელოვნდნენ და მსოფლიო აღიარება მოიპოვეს ქართული მუსიკალური კულტურისა და საოპერო ხელოვნების ისეთმა კორიფეებმა როგორებიც იყვნენ: ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, დავით გამრეკელი, დავით ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, პეტრე ამირანაშვილი, ნოდარ ანდღულაძე, თანამედროვე ხელოვნების ღირსეული წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ლამარა ჭყონია და სხვები.

რაოდენ ტრაგიკული და გულდასაწყვეტი იყო, რომ ასეთი მდიდარი და სახელოვანი ტრადიციების მქონე თეატრის შენობა 1973 წელს მთლიანად იმსხვერპლა საეჭვო ვითარებაში გაჩენილმა ხანძარმა.

მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შემდეგ კი მინისტრს, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძეს. ბატონმა გურამმა შემდეგი მიამბო:

1973 წლის 9 მაისს ნათელი, მზიანი დღე გათენდა. ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, თბილისში დილიდანვე საზეიმო განწყობილება სუფევდა. ხალხი მხიარულად ხვდებოდა ფაშიზმზე გამარჯვების 28- წლისთავს.

იმ პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი, კურირებდი სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ და საგამოძიებო სამსახურებს. შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალ კეთილაძის ბრძანებით, იმ დღეს სამინისტროს პასუხისმგებელ მორიგედ დავინიშნე.

სამორიგეო სამსახური სისტემატურად მაწვდიდა ქალაქებიდან და რაიონებიდან შემოსულ ინფორმაციას ოპერატიული ვითარების შესახებ, საგანგაშო არაფერი ჩანდა.

დღის 3 საათისთვის კაბინეტში შემოვიდა სამორიგეო სამსახურის ოფიცერი და შეშფოთებით მაცნობა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან კვამლი გამოდის, ეჭვი ხანძარზეაო.

დაუყოვნებლივ გავეცი განკარგულება, გამოეძახათ სახანძრო სამსახური, ქ. თბილისის მილიციის სამმართველოს ხელმძღვანელობა და მეც შემთხვევის ადგილზე გავედი.

ოპერის თეატრის ფანჯრებიდან მუქი კვამლი გამოდიოდა. შენობიდან გამოსული პერსონალის განმარტებით, მაყურებელთა დარბაზი იწვოდა.

შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ მოხსენდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. სამაშველო და საევაკუაციო ღონისძიებების ჩასატარებლად გამოძახებულ იქნა შინაგანი ჯარის ქვედანაყოფი.

ხანძრის ქრობა მეტად გაძნელდა, ვინაიდან ცეცხლის კერასთან მისვლას ხელს უშლიდა შენობაში დაგროვილი კვამლი. ამას დაერთო ის გარემოება, რომ ხანძრის დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ ჩამოიქცა თეატრის თაღი და კვამლს შეერია მტვერი, რამაც თითქმის სრულიად შეზღუდა მხედველობის არე. მთლიანად დაიწვა მაყურებელთა დარბაზი და სცენა. განადგურდა საქართველოს სახალხო მხატვრის სერგო ქობულაძის ქმნილება _ უნიკალური ფარდა.

რთულ ვითარებაში მეხანძრეებმა, მილიციის მუშაკებმა და ჯარისკაცებმა მაქსიმალური ორგანიზებულობა, სიმამაცე და თავგანწირვა გამოავლინეს. მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რამაც გადაარჩინა თეატრის ფოიე და დამხმარე სათავსოები. შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების ევაკუაცია. საღამოს 7 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებულ იქნა.

მუშაობას შეუდგა საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გამოცდილი გამომძიებელი, საგამომძიებლო განყოფილების უფროსი გიორგი ნანეიშვილი.

გამოკითხული ყველა მოწმე ადასტურებდა, რომ ხანძარი დაიწყო პარტერში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას. სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ პარტერში არ არის არავითარი კომუნიკაციები, რომელთა დაზიანებითაც შესაძლებელი იყო ხანძრის გაჩენა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, თავიდანვე დაისახა ვერსია, რომ ხანძარი გამოწვეული იყო დაუდევრობით ან ბოროტმოქმედთა მიერ. დანაშაულის გასახსნელად კვალიფიციური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები განხორციელდა. ამოქმედდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიული, ტექნიკური, სამძებრო ძალა და საშუალება. გამოძიების მსვლელობა პირად კონტროლზე აიყვანა რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. გამოძიების მსვლელობის შესახებ საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიის წინაშე ინფორმაციით წარსდგა შინაგან საქმეთა მინისტრი კონსტანტინე კეთილაძე.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა წრე. ძირითადად, ოპერისა და ბალეტის თანამშრომლებს შორის, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო უთანხმოება ჰქონდათ ადმინისტრაციასთან.

ამასთან გაძნელდა კონკრეტული მტკიცების შეგროვება მათი დანაშაულში მონაწილეობის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ოპერის თეატრის სახანძრო დაცვის მუშაკები ადგილზე არ აღმოჩნდნენ. ისინი ხანძრის დაწყების წინ ოპერის თეატრის საწყობის გამგემ დაპატიჟა სასტუმრო «ივერიის» სახინკლეში (არც აქ და არც შემდგომ ბოროტმოქმედთა გვარებს არ დავასახელებ, რათა ტკივილი არ მივაყენო მათ შთამომავლებს უფროსი თაობის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო). მოწმეთა ჩვენებებიდან გაირკვა, რომ ხანძრის დაწყებამდე მაყურებელთა დარბაზში იმყოფებოდა თეატრის რადისტი, რომელსაც თითქოს წესრიგში მოჰყავდა რადიოაპარატურა.

გამოძიების ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ თეატრის ერთ-ერთი მომღერალი _ სოლისტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ადმინისტრაციის მიმართ, წამყვან პარტიებს არ მაძლევენ სპექტაკლებშიო.

შეგროვილი მასალების ანალიზიდან, მოწმეთა ჩვენებებიდან, ექსპერტიზის დასკვნებიდან გამოიკვეთა ხანძრის გაჩენის გარემოებები.

გამოძიებით დადგინდა, რომ განაწყენებულმა სოლისტმა გადაწყვიტა, რომ შური ეძია ადმინისტრაციაზე და ხანძარი გაეჩინა თეატრში. რაკი ამის შესრულება მარტოს არ შეეძლო, დანაშაულში ჩააბა სხვა პირები. ეს შემდეგნაირად მოხდა:

ოპერის თეატრის ელექტროტექნიკოსი დიდი ხნის განმავლობაში იყო ბინის მიღების აღრიცხვაზე. მან სოლისტს სთხოვა დახმარება ბინის მიღებაში, რისთვისაც 3000 მანეთი გადასცა. ელექტროტექნიკოსმა რამდენიმე ხნის შემდეგ შემოიერთა თავისი საცხოვრებელი ბინის გვერდით გამოთავისუფლებული ერთი ოთახი. ეს გარემოება გამოიყენა სოლისტმა და ელექტროტექნიკოსი დაითანხმა ხანძრის მოწყობაში დახმარებოდა.

ამასთან დაარწმუნა, რომ ხანძრის მოწყობა თვით თეატრის ადმინისტრაციას სურს, რათა თანხები მიიღოს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობის კაპიტალური რემონტისთვის.

ასევე შანტაჟის გზით ჩააბა სოლისტმა დანაშაულში თეატრის რადისტი, რომელსაც დაემუქრა შესაბამის ორგანოებს ვაცნობებ, რომ შენმა ოჯახმა აგარაკი 8500 მანეთად გაყიდა, საბუთებში კი 3500 მანეთად გააფორმა, რითაც სახელმწიფოს გადასახადი დააკლოო.

სოლისტმა ასევე დაიყოლია ხანძრის მოწყობაზე თეატრის დირექტორის მოადგილე, მხატვარ-გამნათებელი და საწყობის გამგე.

დამნაშავეთა ჯგუფის წევრთა შორის ფუნქციები განაწილდა. თითოეულ მათგანს სოლისტი დავალების შესრულების შემდეგ გასამრჯელოს დაჰპირდა.

მხატვარ-გამნათებელს დაევალა, შეემუშავებინა მეთოდი, რომლითაც გააჩენდა ხანძარს. ამისათვის მან შესთავაზა, გამოეყენებინათ ცეცხლოვანი ეფექტი, რომელსაც იყენებდნენ გუნოს ოპერა «ფაუსტში» (ამ მეთოდის აღწერაზე არ შევჩერდები, რათა არ გამოიყენონ სხვა ბოროტმოქმედებმა), აღვნიშნავ, რომ ამ მეთოდით შესაძლებელია გამოიწვიო თვითაალება ქიმიური რეაქციის საშუალებით.

რადისტს დაევალა ქიმიური რეაქტივების შეტანა პარტერში, სადაც ხანძრის წინ იგი დააფიქსირეს მოწმეებმა, საწყობის გამგის როლზე ზემოთ ვთქვი.

თეატრის დირექტორის მოადგილის ჩაბმა დანაშაულში საჭირო იყო «ავტორიტეტისათვის» და ტექნიკური პერსონალის დასარწმუნებლად, რომ ხანძარი საჭიროა კაპიტალური რემონტის თანხების მისაღებად.

ამ გზით მომზადდა ეს დანაშაული, რომელიც განხორციელდა 9 მაისს. სამართალში მიცემულთა განმარტებით, გამარჯვების დღე იმიტომ შეარჩიეს, რომ თეატრის შენობაში თანამშრომელთა მცირე რაოდენობა იქნებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ «დამკვეთმა» გადაიხადა 50 ათასი მანეთი, რომელიც ბოროტმოქმედებმა გაინაწილეს.

ხანძრის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა 1 მილიონ 408 ათასი მანეთი შეადგინა იმ პერიოდის კურსით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1976 წლის 29 ნოემბრიდან 1977 წლის 24 იანვრამდე საჯარო სხდომაზე მოსამართლე მ. მახარაძის თავმჯდომარეობით განიხილა ეს საქმე. პროცესში ბრალმდებლად გამოდიოდა პროკურორი ვ. რაზმაძე. სამართალში მიცემულმა პირებმა პროცესზე სცადეს, შეეცვალათ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული აღიარებები, იმ მოტივით თითქოს გამოძიების პროცესში მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ. სასამართლომ გადაამოწმა ყველა მათი პრეტენზია და უსაფუძვლოდ ცნო. მაგალითად, რადისტს წინასწარი გამოძიების დროს თავისი ხელით დაწერილი ჰქონდა 32 ჩვენება, სადაც ის აღიარებდა ხანძრის გაჩენაში მონაწილეობას, ამხელდა თანამონაწილეებს. ბრალდებულთა ყველა აღიარებითი ჩვენება დაფიქსირებული იყო მოწმეთა თანდასწრებით ვიდეომაგნიტურ ფირზე. გამომძიებლებმა შეძლეს აღიარებითი ჩვენებები გაემაგრებინათ ნივთმტკიცებებით, სქემებით, საგამოძიებო ექსპერიმენტებით და სხვა მტკიცებებით.

სასამართლომ ყველა ბრალდებულს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით. დაისაჯნენ თეატრის სახანძრო დაცვის მუშაკებიც, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი საგუშაგოები.

ამგვარად, სამართალში მიცემული ყველა პირის ბრალდება დადასტურდა და სათანადო სასჯელი მიეზღო. წინასწარ გამოძიების დროს ვერ დადგინდა დაფინანსების წყარო. ამ ნაწილში გამოიყო მასალები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, გაეგრძელებინა საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები და დაედგინა, რა წყაროებიდან იყო მიღებული აღნიშნული თანხა, რა დაედო მას საფუძვლად. დანაშაულის ბოლომდე გახსნას ხელი შეუშალა ზოგიერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებამ.

ამით დაეკარგა პერსპექტივა შემდგომ გამოძიებას.

მადლიერების გრძნობით მინდა მოვიხსენიო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის იმ პერიოდის დირექტორი ბატონი ირაკლი ბერიძე, თეატრის სოლისტები და თანამშრომლები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს გამოძიებას დანაშაულის გახსნაში.

მთელი საოპერო დასის აღშფოთება გამოიწვია მსჯავრდებულთა მოქმედებამ, რომლებმაც პირადი ამბიცია და ინტერესი დააყენეს საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა და ცეცხლს მისცეს ქართული კულტურის ღირშესანიშნავი ძეგლი.

ბრალდებულთა უზნეობას და მათ ამორალურ სახეს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა ისარგებლა ჩვენს ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აღმავლობით და 1991-92 წლებში მიტინგებზე ცილს სწამებდა სამართალდამცავ ორგანოებს.

დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოითხოვა თეატრში სამუშაოდ დაბრუნება, მაგრამ კოლექტივმა მას კარი მიუხურა.

ხანძრის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო სპეციალური დადგენილება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენის და რეკონსტრუქციის შესახებ.

გამოცხადდა კონკურსი შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე. 1973 წლის ოქტომბერში შეჯამდა კონკურსის შედეგები. საუკეთესოდ მიიჩნიეს საპროექტო ინსტიტუტის პროექტი, რომელსაც სათავეში ედგა აწგანსვენებული ბატონი გოგი ანდრონიკაშვილი. პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე, ინჟინერ-კონსტრუქტორი ბოკერია. პროექტის ღირსება ის იყო, რომ შენარჩუნდა შენობის გარეგნული სახე, ამავე დროს დაკმაყოფილდა თანამედროვე თეატრალური ტექნიკის ყველა მოთხოვნა. შენობის მოცულობა 40 პროცენტით გადიდდა. ფაქტობრივად, თავიდან აშენდა სცენა. მაყურებელთა დარბაზი დაამშვენა ცენტრალურმა ჭაღმა (ავტორი ნ. ერგემლიძე), რომელიც დეკორატიული ხელოვნების ნიმუშია.

მშენებლობა დაიწყო 1973 წელს, დასრულდა 1977 წლის მაისში. ნოემბერში გაიხსნა ახალი თეატრალური სეზონი.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ფერფლისგან აღდგა.

ასეთი გახლავთ მისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ფურცელი».

გურამ გვეტაძე,

«გენერლის მოგონებათა ზარდახშა»

P.S. გამოძიების შედეგიანად წარმართვა და ჭეშმარიტების დადგენა განაპირობა გამომძიებელ გიორგი ნანეიშვილის მაღალმა პროფესიონალიზმმა და ფართო ერუდიციამ, აგრეთვე, მჭიდრო კონტაქტმა და თანამშრომლობამ ოპერატიულ სამსახურსა და საგამოძიებო აპარატს შორის.

გიორგი ნანეიშვილი დაიბადა 1929 წელს . თბილისში, 1955 წელს წარჩინებით დაამთავრა . ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგ ექვსი წელი მუშაობდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქის პროკურატურის ორგანოებში გამომძიებლად და პროკურორის მოადგილედ. შემდგომ დაბრუნდა საქართველოში და გააგრძელა საქმიანობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მათ შორის 20 წელიწადი სათავეში ედგა ამ სამმართველოს ერთერთ მნიშვნელოვან განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობით გამოძიებული იქნა არაერთი მძიმე და გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე.

გიორგი ნანეიშვილი იყო შესანიშნავი აღმზრდელი ახალგაზრდა გამომძიებლების. მისი აღზრდილები არიან შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ცნობილი ხელმძღვანელები, ჯემალ გახოკიძე და გურამ ქარქაშაძე. თადარიგში გასვლის შემდეგ მან არ მიატოვა საყვარელი საქმე და განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. დაღუპვის დღეს იგი ჩვეულებრივად დაემშვიდობა მეუღლეს და გაემართა აკადემიაში, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია, მას შრომისაგან გადატვირთულმა გულმა უმტყუნა.

გიორგი ნანეიშვილი დაჯილდოებული იყო მრავალი სახელმწიფო ორდენითა და მედლით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული იურისტის საპატიო წოდება. იგი იყო მაღალი კულტურის, ფიზიკური სრულყოფისა და უმწიკვლო ავტორიტეტის მქონე ოფიცერი.

დიდი მადლობა, გოგა, გაწეული სამსახურისთვის!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here