Home რუბრიკები პოლიტიკა საცემი «ნაცები»

საცემი «ნაცები»

620

ოთხი წლის წინათ, როცა რუსთაველის პროსპექტი კარვების ქალაქად გადაიქცა და მერაბიშვილის პირბადიანი ზონდერები მშვიდობიან მანიფესტანტებს ფეხდაფეხ დასდევდნენ, «საქართველო და მსოფლიოში» წერილი გამოქვეყნდა სათაურით «ნაცების ნაცემები». მასში იმ ოთხთვიანი აქციების დროს მომხდარ სისხლიან დარბევებსა და კონკრეტულ ფაქტებზე, დაზარალებულ ადამიანებზე ვიუწყებოდით. წინამდებარე წერილის სათაურმა, ალბათ, ნაწილობრივ მიგახვედრათ, რომ დღეს ჩვენი საუბრის თემა რადიკალურად განსხვავებულია, ანუ, მაშინ თუ «ნაცების» ნაცემ მოქალაქეებზე ვწერდით, ახლა სწორედ იმ «ნაცებზე» გვინდა მოგახსენოთ, რომელთა ნაწილმაც ქართველი ხალხისგან უკვე მიიღო საპასუხო «პოუშამი», ნაწილი კი, დიდი ალბათობით, მომავალში მიიღებს.

 

თავის დროზე ახალაიების დასაცავად ზუგდიდში ჩასულ მინაშვილ-თაქთაქიშვილებს რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ლაყე კვერცხების «ფეიერვერკი» მოუწყო, ძველი ამბავია, ამიტომ აღარ გავიხსენებ. რაც შეეხება ბოლო ფაქტს, ერთი კვირის წინ მოხდა, _ დაახლოებით დღის ორ საათზე ფალიაშვილის ქუჩაზე «ნაცმოძრაობის» წევრსა და ერთ-ერთ აქტიურ პროპაგანდისტს, გიგა ნასარიძეს, ახალგაზრდების ჯგუფმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა «დაზარალებულმა» სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ ჩაშვების ინსტიტუტს ცივი უარი სტკიცა და ძალოვანებთან თანამშრომლობა არ ისურვა. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი: მოსაღამოვდა თუ არა, სოციალურ ქსელებში «ნაცმოძრაობის» «ლიბერასტული» აქტივის წარმომადგენლები მარტის კატებივით ერთ ხმაში აკნავლდნენ, დემოკრატია თავზე გვენგრევა და გვიშველეთო.

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ევროპის სახალხო პარტიიდან კიდევ ერთხელ თუ არ ვიხილავდით «პოლიტ-მედიკოსებს» «დაზარალებულის» საძინებელში, მაგრამ ნასარიძე, თაქთაქიშვილისგან განსხვავებით, ისე აზიზად და ოსტატურად აღმოჩნდა ნაცემი, რომ ვერანაირი ძალადობის ნიშნები მის სხეულზე ვერ იპოვეს. ერთი სიტყვით, ფაქტი შავ პიარად ვერ გამოდგა, საცემი კი იცემა და მცემელსაც, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა ყველაფერი. ამის შემდეგ, ალბათ, ერთი-ორად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც დიდი სიამოვნებით გააჭიტლაყებენ ნებისმიერ «ნაციონალს» ქუჩაში. ისე, ჭიტლაყს როგორმე გაუძლებს კაცი, მაგრამ ცოცხთან და «დუბინკასთან» გაიგივებულ პარტიას, ვფიქრობ, ლოგიკურად სხვა უფრო სერიოზული საფრთხეებიც ემუქრება.

გამომდინარე აქედან, გამოსავალი სულ ორადორია: ან საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან «ცოცხოსნები», ან, თუ მაინცდამაინც ქუჩა-ქუჩა წოწიალს გადაწყვეტენ, მათგან შეურაცხყოფილი ხალხისგან ჭიტლაყისთვის მუდმივად მზად უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიყენებული შეურაცხყოფის სისასტიკის კოეფიციენტი, მის შედეგზე რომ არაფერი ვთქვათ, ბევრად უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს და თან ევროპასთანაც შერცხვებიან _ უხერხულია პარტნიორების ასე ხშირად შეწუხება; არაა დემოკრატიული დასავლეთისთვის სხვის ნაგავში ქექვა დამახასიათებელი. ყოველ შემთხვევაში, მათი დეკლარირებული პოლიტიკა ასეთია და ახლა სააკაშვილის გულისთვის რომ მენაგვეობას არავინ დაიწყებს, მე მგონი, ყველასთვის დღესავით ნათელია.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ისევ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი, ოღონდ სულ სხვა კონტექსტში _ ახლა თუ საცემ «ნაცებზე» ვლაპარაკობთ, მოკლე ხანში, ალბათ, ნაცემ «ნაცებს» ვიხილავთ…

ეჰ, რას ვიზამთ, ბატონებო, ასეა სამყარო მოწყობილი: ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას. ფიზიკა უნდა გესწავლათ კარგად თავის დროზე და გეცოდინებოდათ.

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here