Home რუბრიკები საზოგადოება «ნაციონალების» მიერ ნასროლი ტყვია ისევ შენახული მაქვს

«ნაციონალების» მიერ ნასროლი ტყვია ისევ შენახული მაქვს

636

19 აპრილს თბილისში «ნაციონალური მოძრაობის» აქციამიტინგი გაიმართა. მრავალ გამომსვლელთა შორის «სცენაზე» მოულოდნელად პრეზიდენტიც გამოჩნდასაკმაოდ ემოციური და ქარიზმატული სიტყვით გამოვიდა. მიუხედავად დაბალი რეიტინგისა, «ნაციონალებმა» მაინც შეძლეს ადამიანების გარკვეული რაოდენობისთვის მობილიზაციის გაკეთება და მათი ქუჩაში გამოყვანა. თუ როგორ აფასებს ამ მოვლენას ფართო საზოგადოება, თავის მოსაზრებას «საქართველო და მსოფლიოს»  ნინელი ჭანკვეტაძე უზიარებს.

 

_ როგორ შეაფასებთ 19 აპრილის აქციას

_ 19 აპრილს ჩვენ ვიხილეთ ხერხემალში გადატეხილი «ნაცმოძრაობის» ნარჩენები. მგონი, თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ იმ რაოდენობით, რომელიც იქ შეიკრიბა.  ეს ნათლად აჩვენა იმ ისტერიკამ, რომელიც ყველა გამომსვლელს აშკარად ეტყობოდა. თუმცა მინდა მათ შევახსენო, რომ მაშინ, როცა ასიათასობით ადამიანს ისინი იგნორირებას უკეთებდნენ, კრიმინალებს, ბანდიტებს, მოსყიდულებს და «ჩარეცხილებს» უწოდებდნენ, აი ამ «ჩარეცხილებისა» და «ბანდიტების» ფონზე ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ. 19 აპრილს «ნაცმოძრაობამ» აჩვენა თავისი რეალური სახე, თუ რამდენი არიან  სინამდვილეში. ვისარგებლებ ამ  სიტუაციით და მოგახსენებთ: «ნაცმოძრაობის» თავხედობას, ფარისევლობასა და ცინიზმს საზღვარი არ აქვს. ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, 19 აპრილს ზუსტად იმ ადგილას იდგნენ, სადაც მე და კიდევ ბევრ ჩემნაირს ტყვიას გვესროდნენ. ახლა დგანან და უსირცხვილოდ ყელყელაობენ, თავს გვაცნობენ ახალ ეროვნულ ძალად.

_ «ნაციონალური მოძრაობის» წევრები ამბობდნენ, რომ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ მოქმედი მთავრობის მხრიდან და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ამ მათთვის  გართულებულ  პერიოდში ამდენი ადამიანი შეიკრიბა მათ მხარდასაჭერად.

_ 19 აპრილს საქართველოს ახალმა მთავრობამ ნათლად აჩვენა, თუ როგორ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო განსხვავებული აზრის გამოსახატავად შეკრებილ საკუთარ თანამოქალაქეებს. მთავრობამ სრული კომფორტი შეუქმნა «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერებს, ხოლო როდესაც «ნაციონალები» ამბობენ, რომ მათ ბერკეტები აღარ დარჩათ, რაც კიდევ ერთი მტკნარი სიცრუე და ფარისევლობაა, ეს ყველამ ვიცით _ მთელმა საქართველომ. მე მინდა მათ შევახსენო, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტი სწორედ მათია, რადგან სააკაშვილი «ნაციონალების» პრეზიდენტია და არა სრულიად საქართველოსი. მან ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა  19 აპრილს.   რაც შეეხება უგულავას, სამარცხვინოა, რომ მან მეტი ვერ მოახერხა ქალაქის მასშტაბით, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი «ნაციონალებისა» და თავად უგულავას გაბოროტებისა ჩვენი ხალხის მიმართ ისიც არის, რომ მან ვერ მოახერხა თბილისის დამორჩილება და ვერც მოახერხებს ამას ვერასოდეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად დამენანა ის გაბრიყვებული ადამიანები, რომლებიც იქ მოხვდნენ და სასტიკად შემზარა  იმ უნამუსობამ, რაც იქ ხდებოდა.

_ კმაყოფილი ხართ ახალი მთავრობის მუშაობით, ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მეტის გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ ექვსი თვის მანძილზე?

_ არ მაქვს არანაირი იმედგაცრუება. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი შევიდა პარლამენტში და საერთოდ, ჩემი აზრით, ასეთი საინტერესო პარლამენტი ჩვენ, დიდი ხანია, არ გვყოლია. როგორც ამ ხელისუფლების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, პროცესების სრულად დალაგებას ოთხი წელი სჭირდება, სწორედ ეს ოთხი წელი აქვს მიცემული ამ ხელისუფლებას. მე არ მინდა ნაადრევად გაკეთებული შეფასება გამომივიდეს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ჯერ ისევ «ნაციონალების» ძველი კადრები სხედან  გამგეობებსა თუ სამინისტროებში,  თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა ახალი მთავრობის მიერ უკვე  გადადგმულ ნაბიჯებს. იმავე ჯანდაცვის, განათლების, დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებში. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული სამუშაო. ამას წინათ ქუთაისში მივდიოდი და თვალს ახარებდა დამუშავებული და მოვლილი მიწის ნაკვეთები.  სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა და მალე შედეგებსაც ვიხილავთ.

_ წინ გვაქვს  საპრეზიდენტო არჩევნები. როგორი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს საქართველოს? ახალი კონსტიტუციით მომავალი პრეზიდენტი დიდი პასუხისმგებლობით არ იქნება დატვირთული. ეთანხმებით ამას?

_ მე ამ საკითხში კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. კომენტარის გაკეთება მხოლოდ დილეტანტის დონეზე შემიძლია. ყველა მოქალაქეს უნდა, რომ მის პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის სახეც იქნება, რეალურად შეეძლოს რიგი საკითხების და პრობლემების გადაწყვეტა. ამ მომენტისთვის მე არც ერთი საპრეზიდენტო კანდიტატის ვინაობა არ ვიცი, მაგრამ, როგორც ბატონი პრემიერი ამბობს, ამისთვის არის დრო და, ალბათ, მაისში გახდება ცნობილი, თუ ვის კანდიდატურას დააყენებს კოალიცია. რაც თქვენ მკითხეთ, ეს ძალიან რთული საკითხია. ალბათ, საინტერესო იქნება, თუ ამ თემაზე კიდევ მოხდება შეჯერება, ისაუბრებენ კონსტიტუციონალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორიც, ალბათ, მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. ჩვენ, ხალხი იმდენად ვართ შეშინებული ამ უცხვირპირო და უხამსი პრეზიდენტით, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე, საკუთარი ინტერესების დაცვის გარდა, არაფერი გაუკეთებია. მას ერთი დღე არ უზრუნია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ადამიანების უფლებებზე  აღარაფერს ვამბობ. ბუნებრივია, გვინდა, ჩამოერთვას  უფლებები, მაგრამ, ალბათ, მთლად ასე არ არის. ალბათ, ქვეყანას სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი, ქვეყნის ინტერესების დამცველი. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი  და, თუ პრეზიდენტს ექნება ამ საკითხში თავისი სიტყვა და როლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ პრეზიდენტს ერთი დღე არ უზრუნია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. 2011 წელს სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. თქვენი აზრით, რა მოუტანა ამ აღიარებამ ჩვენს ქვეყანას?

_ კიდევ ვამბობ: მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური, მაგრამ მეც კი ვიცი, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით, მაშინ, როცა რუსეთთან სერიოზული საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ჩვენს ქვეყანას უდიდესი პრობლემა შეექმნა. სააკაშვილი არ ფიქრობდა ამაზე, არ აინტერესებდა მას საქართველო.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here