Home რუბრიკები საზოგადოება ვინც ნატოზე ბევრს ლაპარაკობს, მან ყველაზე კარგად იცის _ არანაირი...

ვინც ნატოზე ბევრს ლაპარაკობს, მან ყველაზე კარგად იცის _ არანაირი ნატო არ იქნება!

1052

საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო «ქორთიარდ მარიოტში» ნატოს საპარლამენტო ასამბლეის «როუზროსის» 83- სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


«ნატოში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა 10 წლის წინ, 2003 წელს, საყოველთაო გამოკითხვით დაადასტურა და ქართველი ხალხის ამ ნებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს, ვერ გადაუხვევს ამ გზიდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, ეს არის დიდი პოლიტიკური და ღირებულებითი ერთობის მატარებელი ალიანსი, და სწორედ ამიტომ არის ნატო ჩვენი კარგად გაცნობიერებული არჩევანი. ჩვენს ხალხს კარგად ესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას. დასავლეთთან ინტეგრაცია საერთო ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზაა, გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ადგას.

საბედნიეროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით არც ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორისაა აზრთა სხვაობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი მათ ოფიციალურად აქვთ დეკლარირებული.

ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ამ არჩევანს ხორცი შეესხას, რათა შენარჩუნდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა, და ყველაფერს იღონებს, რომ პროგრესს მივაღწიოთ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების საქმეში. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერას.

სწორედ ამ მხარდაჭერის დადასტურებაა სტრასბურგ-კელის (2009), ლისაბონის (2010) და ჩიკაგოს (2012) სამიტები. ამ გადაწყვეტილებების ხორცშესხმა გახდა ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანაა», _ განაცხადა პრემიერმა და იქვე აღნიშნა, რომ 2013 წელს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მომავალი, მესამე ვიზიტი ნატო-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობების დადასტურებაა.

პრემიერმინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება.

«საქართველომ ამ მიმართულებით თავისი აქტიურობით ბევრი გააკეთა. ნატოს წევრი ქვეყნებისგან აბსოლუტური მზაობაა, საქართველო ნატოში გაწევრიანდეს. რაღაც პროცესები ამას ხელს უშლის, მათ შორის ძალიან ამძიმებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული ნაწილი, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენი აქტიურობით და ამ სტრატეგიის გაგრძელებით საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება», _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატებიც ესწრებოდნენ. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ქვეყნის პრიორიტეტები უცვლელი დარჩა.

«ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, რომ საქართველოში დამყარდეს მრავალპარტიული დემოკრატია, რადგან გვჯერა, რომ ეს არის დემოკრატიის ერთადერთი მდგრადი ფორმა. ჩვენ დამოუკიდებლად ვებრძვით სირთულეებს, თუმცა მათ დაძლევაში ჩვენი მეგობრების დახმარებაც გვჭირდება. მინდა, ჩემი გამოსვლა დავასრულო ერთ ისტორიულ პროცესზე ხაზგასმით _ ნატოს კარზე 10 წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა, დაახლოებით 5 წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა. დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს, გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე _ შეგვიძლია, შემოვიდეთ? გთხოვთ, ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი», _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი კუნაძეს მიაჩნია, რომ ნატოში ინტეგრაცია არ უშველის საქართველოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში. «ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ, როდესაც დადგება შესაბამისი დრო და საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ამაში მას ხელს ვერ შეუშლის, და ზუსტად ეს აღიზიანებს რუსეთს. პირადად მე ძალიან მაინტერესებს, თუ რა მოტივები ამოძრავებს საქართველოს მთავრობას ნატოში ინტეგრაციის საქმეში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატოს წევრობა ვერ დაეხმარება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაში», _ განაცხადა გიორგი კუნაძემ ნატოს ეგიდით თბილისში ჩატრებულ სემინარზე გამოსვლისას. აღსანიშნავია, რომ დიპლომატ გიორგი კუნაძეს 1991-1994 წლებში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

«საქართველო და მსოფლიო» ხშირად წერდა იმაზე, თუ რას ნიშნავს ნატოში გაწევრიანება ქვეყნისთვის და ამ გაერთიანების შესახებ რამდენად ინფორმირებულია საქართველოს მოსახლეობა, რომელიც სხვადასხვა გამოკითხვაში მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. ხელისუფლებას, წინასაც და ახლანდელსაც, ნატოში გაწევრიანების საზოგადოების თანხმობად ხშირად მოჰყავს პლებისციტის შედეგები და სხვადასხვა გამოკითხვა, თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ გამოკითხვა, შესაძლოა, იმ არჩევნების მსგავსად, რომელსაც წინა ხელისუფლება გაყალბებით ატარებდა, არასანდო იყოს, ამიტომ ახალი გამოკითხვის ჩატარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რეალურად ვიცოდეთ, რამდენად ემხრობა დღეს საზოგადოება ნატოში გაწევრიანებას.

მოძრაობა «თეთრების» ლიდერ თემურ შაშიაშვილის აზრით, საქართველოში ნატოსთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიზირებულია.

«საქართველოში ნატოსთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიზირებულია. ამ თემას ყველა პარტია სათავისოდ იყენებს. ვინც ნატოში შესვლას მხარს უჭერს, გაცნობიერებული არ აქვს, ნატო რა არის. ნატოში შესვლას მხარს ისინი უჭერენ, ვინც თავიანთი ქმედებებით ნატოს წინააღმდეგნი არიან. ამის მაგალითი იყო «ნაციონალური მოძრაობა». ვინც იცის, ნატო რა არის და შეგნებულად უჭერს მხარს, ასეთი ადამიანები საქართველოში 10-15%-ია. ნატოს პოლიტიზირებამ გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ესაა ჩვენი ტრაგედია», _ აცხადებდა ის ჩვენ გამოცემასთან საუბარში.

«მე IRI-ს და NDI-ს გამოკითხვებს არ ვენდობი, ვინაიდან, ცნობილია, ეს ორგანიზაციები როგორი სიყალბით ატარებენ ნებისმიერი სახის გამოკითხვას. ვინაიდან საქართველოს საზოგადოებაში ნატოსადმი დამოკიდებულება საკმაოდ უარყოფითია, გაცილებით უარყოფითი, ვიდრე ამას ჩვენი მედიასაშუალებები ავრცელებენ ან «ნაციონალური მოძრაობა» და თუნდაც ახალი ხელისუფლება, საჭიროა ახალი პლებისციტი. თანაც სხვა საკითხებზე კი არ უნდა იყოს მიბმული, არამედ მთელი სერიოზულობით ცალკე უნდა ჩატარდეს», _ აცხადებდა პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

ცნობილია, რომ სააკაშვილის პერიოდში ტოტალურად ყალბდებოდა არჩევნები, შესაბამისად, პლებისციტის შედეგების სანდოობაშიც თამამად შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ. ხომ არაა საჭირო ახალი გამოკითხვის ჩატარება, რამდენად რეალურია, უახლოეს მომავალში საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს და ეთანხმებიან თუ არა გავრცელებულ აზრს, რომ საქართველოს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრებიან:

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:

_ ამასთან დაკავშირებით მახსენდება დიდი გერმანელი პოეტის, ჰაინრიხ ჰაინეს, ცნობილი ნაწარმოები «გერმანია _ ზამთრის ზღაპარი». «ნატო – ზამთრის ზღაპარი» შეიძლება გავაკეთოთ აქედან ასეთი პერიფრაზი. რაც შეეხება უსუფაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს კარზე უკვე დავაკაკუნეთ, შევარდნაძიდან მოყოლებული, სააკაშვილით გაგრძელებული ყველა ამ თემაზე ერთსა და იმავეს უკაკუნებს. ეს არის დიდი ბოროტი ზღაპარი, რომელიც ქართველებს შესთავაზეს. არანაირი ნატო არ იქნება და, ვინც ამაზე ყველაზე ბევრს ლაპარაკობს, მან ყველაზე კარგად იცის, რომ ეს ასეა. ეს ხალხი ასე იმიტომ საუბრობს, რომ დავალება აქვთ მიღებული და ამის ლაპარაკში ფულს იღებენ.

_ თქვენი აზრით, ახალი ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, რატომ საუბრობს მუდმივად, რომ ქართველი ერის არჩევანი ყოფილა ნატო და სასწრაფოდ უნდა შევიდეთ ამ გაერთიანებაში?

_ თუკი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, თუკი 2003 წელს «ვარდების რევოლუციის» ტრიუმვირატის მიერ ჩატარებული არჩევნებიც გაყალბდა (სააკაშვილმა რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნა, იმას ვგულისხმობ), პროპორციული არჩევნებიც თუ გაყალბდა, მაინცდამაინც ის მაჟორიტარული არჩევნები და ნატოსთან დაკავშირებული პლებისციტი არ გაყალბებულა? ახალმა ხელისუფლებამ ჰკითხოს ხალხს, უნდა ნატო? არ ვენდობი სააკაშვილის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს. არც უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ ვენდობი იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოში შესვლის რეალური შანსი გაჩნდა. ეგენი კაი ხანია აკაკუნებენ. 2% აქვთ რესპუბლიკელებს რეიტინგი. არავის არაფერი ავიწყდება. პარლამენტში ახლა გამოეფინნენ და ჰგონიათ, რომ ხმები მიიღეს საამისოდ. არჩევნებში ხალხმა ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა და არა რომელიმე კონკრეტულ «კვაზი პარტიას»!

_ როცა პრემიერი საუბრობს იმაზე, რომ ნატოში რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეთ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ან აფხაზეთის, ან სამხრეთ ოსეთის დათმობა მოგვიწევს? როგორც ცნობილია, ნატოს წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს.

_ საქართველომ დათმო უკვე, რისი დათმობაც შეიძლებოდა. ნატოს წესდებაში კარგად და გარკვევით წერია, და ვისაც მხედველობა აქვს და გასამმაგებული ლინზები არ სჭირდება, კარგად შეუძლია ამოიკითხოს, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს მეზობელ სახელმწიფოსთან ტერიტორიული დავა, ვერ გახდება ნატოს წევრი. ამით, მგონი, მორჩა საკითხზე მსჯელობა. ნატოში შესვლაზე საუბარი დიდი ტყუილია, რომელიც ქართველ ერს შემოუგდეს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პრემიერმინისტრის მრჩეველი, «საქართველოს რკინიგზის» გენერალური დირექტორის მრჩეველი:

_ ვფიქრობ, ახალი გამოკითხვის ჩატარება ნატოში შესვლასთან დაკავშირებით აუცილებელია, რადგან ხშირად ხდებოდა  სოციოლოგიური კვლევებით მანიპულირება წინა ხელისუფლების დროს. გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ არა მგონია, რომ მისი დამკვეთი ხელისუფლება უნდა იყოს. თუ ვინმეს აინტერესებს ამ გამოკითხვის ჩატარება, შეუძლია დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს საკითხი.

გამოკითხვებში, რომლებიც ამ თემაზე ჩატარებულა, კითხვაზე _ გსურთ თუ არა ნატოში გაწევრიანება? _ პასუხი, ძირითადად, დადებითი იყო.  გამომდინარე იქიდან, თუ რა პრობლემები გვაქვს დღეს რუსეთთან,   ადამიანები ფიქრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე,  თავდაცის გარკვეულ საშუალებაზე და ასეთ საშუალებად განიხილება ნატო.

_ რამდენად რეალურია ის, რომ საქართველო მალე გახდება ნატოს წევრი ქვეყანა?

_ ნატოს აქვს თავისი პოლიტიკური, ძალიან სერიოზული მოთხოვნები, რომლებიც გულისხმობს დემოკრატიის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს. სააკაშვილის რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად საუბრობდა ნატოში გაწევრიანებაზე, ფაქტობრივად, პოლიტიკურ კონტექსტში აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა. არღვევდა იმ პოლიტიკურ სტანდარტებს, რომლებიც ნატოში შესვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას დასჭირდება გარკვეული გზის გავლა, რათა დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით ნატოში შესვლის რეალური შანსი გაჩნდეს. ზუსტი პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ჩვენ შეიძლება მივისწრაფვოდეთ სტანდარტებისკენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ნატოში შესვლის გადაწყვეტილების მიღება  მათზეა დამოკიდებული და არა ჩვენზე. უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი მათ მოედანზე გადავისროლოთ – შევასრულოთ ყველა სტანდარტი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის შემდეგ ალიანსი, ვნახავთ. დღეს იმის პროგნოზირება, რამდენ ხანში შევალთ ნატოში, ჩემი აზრით, შეუძლებელია.

სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა «ეროვნულების» ლიდერი:

_ არა მგონია, რომ უახლოეს ხანებში საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. თუ ეს ვინმეს ჰგონია, მათ ან ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ან ილუზიებით ცხოვრობენ. როდესაც 2003 წელს პლებისციტი ჩატარდა ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, მოსახლეობის განწყობა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სხვა იყო, ვიდრე დღესაა. ჩემდა სამწუხაროდ, «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დასავლური ღირებულებების დევალვაცია მომხდარიყო საქართველოში და ბევრმა იმ ადამიანმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში, იმით, რომ სააკაშვილის უკანონო რეჟიმის «გაპრავება» მოახდინეს, დათვური სამსახური გაუწიეს მასვე. ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვა მე ნორმალურად მიმაჩნია, რადგან საქართველოს მომავალს ამაში ვხედავ, მაგრამ, თუკი ხელახალი პლებისციტი ჩატარდება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები. ეს ლოგიკურიც იქნება, აუცილებელია მოსახლეობის ამჟამინდელი განწყობის გარკვევა ნატოსთან მიმართებაში.

რაც შეეხება იმას, რომ ნატოს კარზე შევარდნაძემ მიაკაკუნა და სააკაშვილმა ნატოს კარი გააღო, ვფიქრობ, ბატონ უსუფაშვილს ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს შევარდნაძის როლზე საქართველოს ისტორიაში, ასევე სააკაშვილის როლზეც. შევარდნაძემ კი არ მიაკაკუნა ნატოს კარზე, საერთოდ დახურა ნატოს კარი, სააკაშვილმა კი საბოლოოდ დაგმანა. არ ვიცი, საიდან მოიტანა უსუფაშვილმა მოსაზრება, რომ სააკაშვილმა ნატოს კარი გააღებინა. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს ძალიან კარგი რამ უქნია. მან აგვისტოს ომით, არჩევნების გაყალბებით, პირსისხლიანი მეთოდებით, რომლითაც ის ქვეყანას მართავდა, დაგმანა ნატოს კარი და შეუძლებელი გახადა ნატოში საქართველოს გაწევრიანება.

ამ ბოლო ხანს უცნაურად მიმაჩნია ის განცხადებები, რომელთაც ახალი ხელისუფლება სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ აკეთებს. სააკაშვილი არც მსხვერპლია და არც ნატოს კარის გამღები.

რაც შეეხება შევარდნაძეს, ძალიან მაინტერესებს, როგორ დააკაკუნა ნატოს კარზე, როცა იმის გამო, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დაემხო და ზვიად გამსახურდია მოეკლა, დსთ-ში შეიყვანა საქართველო. თუ «ესენგეში» საქართველოს შეყვანა ნატოს კარზე დაკაკუნებაა, ესე იგი დსთ ნატო ყოფილა. და თუ ეს ასეა, საერთოდ აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, ასე გამოდის. ვფიქრობ, ისეთი განცხადებები, რომელთაც ივანიშვილი და უსუფაშვილი აკეთებენ ნატოსთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, ილუზორული და არარეალურია.

პეტრე მამრაძე, ექსდეპუტატი, «სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის» ხელმძღვანელი

_ არჩევნების პარალელურად ჩატარდა გამოკითხვა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მახსოვს, ადამიანები როგორ აყალბებდნენ მაშინ არჩევნებს და როგორ ელოდებოდნენ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ასე აიყვანეს ნატოში შესვლის მსურველთა რიცხვი 77%-მდე. ის არჩევნები მაშინ სააკაშვილმა საქართველოს ყველა ქალაქში წააგო და ნატო მაშინ ასოცირებული იყო სააკაშვილთან. მაშინ ეს მათი აშკარა ჩავარდნა იყო. შემდეგ ამ საკითხზე მრავალი გამოკითხვა ჩაატარეს, რომლებმაც გვაჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნატოში შესვლას მხარს უჭერს. გამოკითხულთა უმრავლესობამ, ალბათ, არც იცის, რეალურად რას ნიშნავს ნატოში შესვლა. ინფორმაცია ნატოს შესახებ ძალიან აკლია ჩვენს საზოგადოებას. ზოგადად იციან, რომ სამხედრო ბლოკია და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რაც სააკაშვილმა წამოიწყო ომი, რომელიც მანიპულირებული იყო პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მიერ, რომელიც ცნობილი კრახით დასრულდა _ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარები ჩადგა, ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ცნო რუსეთმა, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრია. ნატოს ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღეს ერთხმად, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ  და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება. არავინ ვიცით, რა იქნება 50, 100 წლის შემდეგ. ამჟამად კი არ განიხილება საერთოდ ეს საკითხი.  შარშან, დეკემბერში ნატოს დასავლელმა ექსპერტმა თბილისში განუცხადა მთელ დარბაზს, რომ საქართველოს ნატოში აღარასდროს მიიღებენო, ხაზგასმით თქვა სიტყვა «აღარასდროს». სასაცილო იყო, როცა სააკაშვილის მიერ გაკონტროლებულმა არასამთავრობოებმა კამათი დაუწყეს. კაცი იქიდან ჩამოვიდა, ნატოს წარმოადგენდა, გეუბნება პირდაპირ, რომ არ მიგიღებენ ნატოშიო და ესენი აპროტესტებდნენ.

მექანიზმი ასეთია: ნატოს ქვეყნებს არ შეუძლიათ, რომ ეს გამოაცხადონ ოფიციალურად, ვინაიდან ბუქარესტის სამიტზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კარი ღიაა და საქართველო და უკრაინა უსათუოდ გახდებიან ნატოს წევრები და ნატო ამ ოფიციალურ ხაზს ვერ გადაუხვევს; რომ გადაუხვიოს, უნდა აღიაროს, რომ რუსეთის გამო ამას არ აკეთებს, ეს კი იგივეა, რომ ნატომ გამოაცხადოს საკუთარი დაშლის შესახებ. ნატო კი პირიქით _ იმას ამბობს, რომ ვერც რუსეთი, ვერც სხვა ქყვეყანა ვერ უკარნახებს მას, ვინ უნდა შევიდეს ამ გაერთიანებაში. ამას, როგორც დაზუთხულ გაკვეთილს, ისე გაიმეორებენ ყოველთვის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობაც ხშირად იძულებულია, რომ ეს გაიმეოროს. ამავე დროს ნატომ სრული გარანტია მისცა რუსეთის მთავრობას, რომ საქართველოს აღარ მიიღებს თავის რიგებში და ამის შემდეგ მხარეები სუფთა პიარ-რეჟიმში გადავიდნენ. ესაა ჩაკეტილი წრე. ეს მხოლოდ ჩემი ნააზრევი არაა. ნატოს კარი ჩვენთვის ჩაკეტილია.

ნებისმიერი თარიღი დამისახელეთ, ახლა ხომაა 2013, შემიძლია გითხრათ, რომ არც 2015-ში, არც 2025-ში საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა არ იქნება.

_ ანუ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ნატოში სწრაფად შესვლასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებაა და სხვა არაფერი?

_ ბატონი ბიძინა საქმის კურსში ძალიან სწრაფად შედის. მოგეხსენებათ, წლების მანძილზე ის ერთ-ერთი ცნობილი ქველმოქმედი იყო. არჩევნების შემდეგ კი პრემიერად მოგვევლინა. სწორი მიდგომა აქვს. ისტორიისთვის 50 წელი არაფერია. ვისაც გერმანიის გახლეჩა ახსოვს, ის ადამიანები მის გაერთიანებასაც მოესწრნენ. ცოტა ხანში, შესაძლოა, რუსეთში ისეთი ცვლილებები მოხდეს, რომ ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალოს. 20 წელია, ამ პროცესებში ჩართული ვარ. რასმუსენმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, შარშან, გვიან შემოდგომაზე «ნეზავისიმაია გაზეტა»-სთან ინტერვიუში კორესპონდენტის შეკითხვას _ შესაძლებელია თუ არა ოდესმე საქართველო გახდეს ალიანსის წევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე? _ უპასუხა, რომ ეს ,,საკმაოდ ჰიპოთეტური შეკითხვაა».

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

1 COMMENT

  1. ყველაზე კარგი საშუალებაა, ჩაატარონ რეფერენდუმი, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ნატოში გაწევრიანება. არც ერთ ხელისუფალს არა აქვს უფლება ილაპარაკოს ერის სახელით , იქნება ის მიშა თუ ბიძინა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here