Home რუბრიკები სამართალი პოლიციის მიერ დატერორებული ოჯახები თავიანთი ჯალათების ვინაობას ამხელენ

პოლიციის მიერ დატერორებული ოჯახები თავიანთი ჯალათების ვინაობას ამხელენ

821

«მთელი გორი ამ სტატიის გამოსვლას ელოდება. არ სჯერათ, რომ გავბედავ და იმ პოლიციელების სახელებსა და გვარებს დავასახელებ, რომელთაც უამრავი ადამიანის გაუბედურებაში მიუძღვით ბრალი», _ ეს სიტყვები გორის მე-5 საჯარო სკოლის ყოფილ სასწავლო ნაწილის გამგეს, ირმა პაპუაშვილს, ეკუთვნის. მისი თქმით, მას დასაკარგი არაფერი აქვს და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.

 

ირმა პაპუაშვილი, დაკავებული დავით გვერდწითელის დედა:

_ 2012 წლის 25 მარტს საკუთარი ავტომობილიდან გადმოსული ჩემი შვილი უცნობმა პიროვნებამ დააკავა და ხელბორკილი დაადო. ეს მოხდა ჩვენი სახლის წინ, ამილახვრის ქუჩაზე. სანამ მანქანაში ჩასვამდნენ, ჩემმა შვილმა დაინახა, როგორ მოუახლოვდათ მეორე პოლიციელი, რომელსაც ხელში «აბრეზი» ეჭირა, და იკითხა, _ «ეს სად წავიღოო». პასუხად მიიღო, _ «მანდ სადმე დააგდეო», რის შემდეგაც იარაღი დათოს მანქაში, წინა «კოვრიკზე» დააგდეს. თვითონ უკან დასხდნენ, შუაში ჩემი შვილი მოიქციეს და საკუთარი მანქანითვე გაიტაცეს. ამ ფაქტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მათ შორის _ დავით ოგიაშვილი. ეს უკანასკნელი სასამართლოში მოწმედაც გამოიყვანეს, სადაც დაადასტურა დაკავების ფაქტი და ადგილი, მაგრამ სასამართლომ მისი ჩვენება არ გაითვალისწინა. ჩემს შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ვეძებდი საპატრულოში, პოლიციაში, საავადმყოფოში. მხოლოდ მას შემდეგ შემატყობინეს მისი ადგილ-სამყოფელი, როცა განვაცხადე, რომ ჟურნალიტებს მივმართავდი და ამ ფაქტს მივცემდი გატაცების კვალიფიკაციას.

_ სად წაიყვანეს თქვენი შვილი?

_ ქალაქის პოლიციის სამმართველოში, სადაც ერთ ღამეში ოთხჯერ დაკითხეს. გაუსაძლისი ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად პოლიციისთვის სასურველი ჩვენება მიიღეს. სამმართველოშივე შედგა ოქმი, რომელშიც მითითებული იყო, რომ დავით გვერდწითელი დააკავეს არა საკუთარ სახლთან, არამედ სხვა ქუჩაზე; რომ საკუთარი მანქანით კი არ გაიტაცეს ხელბორკილდადებული, არამედ მაშინ, როცა გაურკვეველი მიმართულებით გარბოდა და თან დაკავების მომენტში პოლიციის მიერ მანქანაში ჩაგდებული გადაჭრილი თოფი შარვალში ჰქონდა გაჩრილი. ამ უაზრო და აბსურდულ ბრალდებას კიდევ ერთი დეტალი მიაწერეს: თითქოს ჩემი შვილის მანქანაში, რომელიც, ოქმით, ცაბაძის ქუჩაზე იყო მიტოვებული, აღმოჩნდა სამი წლის წინ მოპარული მონიტორი. ზემოთ ხსენებულ ოქმს ხელს აწერდა სამი პილიციელი: ხვთისო თაყაძე, კობა კობალაძე და ლევან თოთლაძე; ასევე, ს. სვიანაძე, დ. დურგლიშვილი და გ. სამადაშვილი. ასე შეკერეს ჩემი 22 წლის შვილის წინააღმდეგ საქმე, რომელსაც მიუყენეს ყაჩაღობის მუხლი, რომელიც იარაღის ჩადებით იყო გამაგრებული.

_ როგორ მოიპოვეს ასე მოკლე ხანში თქვენი შვილისგან აღიარებითი ჩვენება?

_ ცემით რომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს, ძმით დააშანტაჟეს. კერძოდ, როდესაც ჩემი უფროსი ვაჟი თავისი ძმის მოსაკითხად მივიდა პოლიციის სამმართველოში, მესამე სართულზე დათოს «დაკითხვა» მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ფანჯრიდან დაანახა პოლიციის შენობაში შემავალი ძმა და უთხრა: «ხედავ შენს ძმას, ახლავე ამოვაყვანინებ და მეოთხე კაცად გვერდით მოგისვამთო. ან აღიარე ყაჩაღობა, ან შენი ძმაც შენს დღეში ჩავარდებაო». პარალელურად წინ დაუდეს ნარკოტიკებით სავსე შეკვრა, რომელიც, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჩემი უფროსი ვაჟის ჯიბეში აღმოჩნდებოდა. სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც ჩემმა შვილმა უთხრა: «მე არარსებულს ვერ შევთხზავ, დაწერეთ, რაც გინდათ, და ხელს მოგიწერთო». სასწრაფოდ შემოუტანეს პოლიციისთვის სასურველი ტექსტი, რომელიც შემდგომში სუფლიორების მეშვეობით ტელეკამერების წინ რამდენიმეჯერ გაამეორებინეს. სუფლიორი კარნახობდა ყაჩაღობის მარშრუტებს, გეგმებს, სქემებს და ჩემი შვილიც იმეორებდა. შემდეგ რამდენიმე დუბლიდან «საუკეთესო» შეარჩიეს და ორი დღის განმავლობაში ყველა სახელისუფლო არხი ატრიალებდა.

პოლიციას არანაირი ბოჭკოვანი, დაქტილოსკოპიური და მეტალოგრაფიული ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, რომელიც დაამტკიცებდა იმ იარაღის კავშირს ჩემს შვილთან. მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებით იკვეთებოდა ჩემი შვილის კავშირი იარაღთან. არანაირი სხვა მიუკერძოებელი მოწმე ბრალდებას არ წარმოუდგენია. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს დასკვნაში კი დაწერეს, რომ ოჯახმა თვითონ არ მოითხოვა ექსპერტიზაო. ამან მე და ჩემი ოჯახი მორალურად გაგვანადგურა. მე გორის მე-5 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობა დავტოვე და შემდეგ ქალაქიდანაც წამოვედი.

_ ქალბატონო ირმა, როგორც ვიცი, ეს იყო ჯგუფური დაპატიმრებების სერია. კიდევ ვინ და რა ბრალდებით აიყვანეს თქვენს შვილთან ერთად?

_ ჩემი შვილის გატაცების პარალელურად სოფელ ბერბუკში დააპატიმრეს ლევან ახალკაცი. მას გზაზე დახვდა ორი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი, რომლებმაც სცადეს მისი მანქანაში შეთრევა. ახალკაცმა წინააღმდეგობა გაუწია. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ბარძაყის არეში შპრიცით რაღაც ინექციის გაკეთება დაუპირა. ლევანმა მოასწრო, ამოიძრო შპრიცი და შორს მოისროლა. დარწმუნდნენ რა, რომ კარგად ვერ შეუყვანეს ინექცია, ხელბორკილდადებული ლევანი მანქანის უკანა სავარძელზე გულაღმა გადააწვინეს, ცხვირზე ხელის მოჭერით პირი გააღებინეს და რაღაც თეთრი ფხვნილი ჩააყარეს. სასწრაფოდ გააქანეს ნარკოლოგიურში, სადაც ნარკოტიკული თრობის ფაქტი დაუფიქსირეს. შემდეგ ბინაც გაუჩხრიკეს, სადაც თითქოს გადაჭრილი თოფი აღმოუჩინეს.

მესამე დაკავებული გახლდათ გელა ოქროპირიძე, რომელიც ჩემი შვილის ამბის გასაგებად ჩემთან მოდიოდა ხოლმე. იგი ჩემს სახლთან დააკავეს, ყველანაირი ჩხრეკის გარეშე ჩასვეს მანქანაში. იქ ოქმი შეადგინეს, რომლის მიხედვითაც გელას ტყავის ქურთუკის ქვეშ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს 30 ვაზნით. შემდგომში არც ახალკაცს და არც ოქროპირიძეს აღიარებითი ჩვენება არ მიუციათ. რაც შეეხება ჩემს შვილს, მან სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა პირვანდელ ჩვენებაზე, მიუთითა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით მიაცემინეს იგი.

ვინაიდან პოლიციას არც ერთი აღიარებითი ჩვენება აღარ ჰქონდა, დღის წესრიგში დადგა მეოთხე კაცის დაკავების საკითხი. საამისოდ რეზერვში მყოფი, 23 წლის რევაზ ამბროლაძე აირჩიეს. დაკავების პროცესში მას, ისევე, როგორც დანარჩენებს, ვითომდა ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. ამ დროს ბიჭი სამხედრო ფორმაში იყო, პირდაპირ საჯარისო ნაწილიდან მოდიოდა, სადაც მონიტორულ კონტროლს გადიან ყოველ შესვლა-გამოსვლაზე. გორის პოლიციის სამმართველოში მას სიძის დაჭერით დაემუქრნენ და ასე მიიღეს მისგან აღიარებითი ჩვენება. სასამართლოზე ამბროლაძემაც უარყო პირვანდელი ჩვენება და განაცხადა, რომ ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით მიაცემინეს.

პოლიციელ კობა კობალაძეს, რომელიც სასამართლოზე ფიცის ქვეშ ამტკიცებდა, მე დავესწარი და გავჩხრიკე დავით გვერდწითელი და მისი მანქანიდან ამოვიღე მონიტორიო, სასამართლოს კითხვაზე «ამ ოთხი ბრალდებულიდან რომელია დავით გვერდწითელიო», ჩემი შვილი ვერ ამოიცნო და თქვა: «მე რა ვიციო.» კობალაძის ეს სიტყვები სასამართლოს ოქმში ამ სახით არ მოხვედრილა. მდივანმა ამის თაობაზე პასუხი ვერ გაგვცა. სააპელაციო სასამართლოზე კი კობალაძის, როგორც მოწმის, სახელი არსად გამოჩენილა რადგან განაცხადეს, რომ მონიტორის საკითხს არ განიხილავდნენ. იმის გამო, რომ მთავარმა დამკავებელმა პოლიციელმა კობალაძემ ჩემი შვილი ვერ ამოიცნო, მას მომწის სახით ვერსად ვეღარ გამოიძახებდნენ. ამიტომ პროკურატურა იძულებული გახდა, თვითონვე მოეხსნა ყაჩაღობის ბრალდება ოთხივე ბრალდებულისთვის. საქმიდან ამოიღეს მონიტორი, რომელიც ყაჩაღობასთან კავშირის ერთადერთი რგოლი იყო. ჩემს შვილს ბრალად დაუტოვეს მხოლოდ იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარება. ესე იგი ეს ოთხი ბრალდებული, რომლებიც თითქმის მთელი წელი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როგორც ყაჩაღები, ისე ისხდნენ და წარმოიდგინეთ, რა დღეში იყვნენ, რას განიცდიდნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე სულაც არ ყოფილან ყაჩაღები.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ამ ახალგაზრდებს წლები ასე «ჩამოურიგა»: ახალკაცს _ 12,8, გვერდწითელს _ 9,11, ოქროპირიძეს _ 8,8 და ამბროლაძეს _ 8. აპელაციაზე ოთხივე მსჯავრდებულმა შეიტანა განცხადება და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დაგვხვდა გიორგი ჩემია. მან არ დააკმაყოფილა ჩემი შვილისა და ოქროპირიძის შუამდგომლობა გამამართლებელი განაჩენის თაობაზე. ჩემს შვილს, ამინისტიის გათვალისწინებით, ოთხ-ნახევარი, ხოლო ოქროპირიძეს 3 წელი მიუსაჯა იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის. დაკმაყოფილდა მხოლოდ ახალკაცისა და ამბროლაძის შუამდგომლობები. ისინი სასამართლოს დარბაზიდან სამართლიანად გაათავისუფლეს. გვერდწითელი და ოქროპირიძეც იმსახურებდნენ გამამართლებელ განაჩენს, რომლებიც კვლავ რჩებიან პატიმრობაში.

_ ოთხიდან ორი რატომ გაათავისუფლა სასამართლომ?

_ ამის შესახებ მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება გამაჩნია. ამბროლაძისა და ახალკაცის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს არ გამოუყვანია მოწმე პოლიციელები სასამართლოზე, ხოლო გვერდწითელსა და ოქროპირიძეს «დამკავებელი» მოწმე-პოლიციელები დაუპირისპირეს: ჩემს შვილს _ ზემოთ ხსენებული პოლიციელები, ხოლო ოქროპირიძეს _ მხოლოდ პოლიციელი მიხეილ პაპელიშვილი. მტკიცებულებად მხოლოდ მათი ჩვენებები მიიჩნიეს. ესენიც რომ გამოეშვათ, ამისათვის მინიმუმ შვიდი პოლიციელი მაინც უნდა მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ ჩვენებისა და საქმის გაყალბებისათვის. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩემი შვილი და ოქროპირიძე არ გაამართლეს. მე დღეს ამ შვიდი პოლიციელის სახელსა და გვარს თამამად გისახელებთ და ვფიქრობ, ყველა მათგანი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

უსაფუძვლო ბრალდებით ჩემი შვილი და მისი მეგობარი ოქროპირიძე, უკვე წელიწადზე მეტია, სხედან ციხეში. გადაიტანეს საშინელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. მე და ოქროპირიძის დედა _ დიანა შაბანოვა ვითხოვთ კანონიერ, სამართლიან გადაწყვეტილებას _ გამამართლებელ განაჩენს.

ესაუბრა

თამარ ნაზღაიძე

 

1 COMMENT

  1. კადრები, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ იძლევიან დაკავებული დ. გვერდჭითელი და რ. ამბროლაძე ჩვენებებს აცაღობის თაობაზე. არის უმძიმესი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ზეწოლის სედეგად მიღებული. დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმცია და სასამართლოს განაჩენის მიღებამდე ყაცაღებად და კრიმინალებად გამოცხადდნენ საინფორმაციო გამოშვებების მეშვეობით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. სასამართლოს პირველსავე ინსტანციამ, ყაჩაღობის ბრალდება მოუხსნა ოთხივე ბრალდებულს, ხოლო მეორე ინსტანციაში სასამართლო დარბაზიდან გატავისუფლდა ორი მათგანი, ახალკაცი და ამბროლაძე. დავით გვერდწითელს და გელა ოქროპირიძეს კი 4-4 წელი მიუსაჯეს ჩადებული იარაღის ულანონოდ შეძენა-შენახვისათვის. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტრანსბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here