Home რუბრიკები საზოგადოება სტრატეგიული პარტნიორის ტაქტიკურად გარყვნა

სტრატეგიული პარტნიორის ტაქტიკურად გარყვნა

646

2013 წლის 28 მარტს ამერიკული ჟურნალი «თაიმი» საკმაოდ ექსტრავაგანტული ყდით გამოვიდა. კერძოდ, პრიალა გარეკანზე ერთსქესიანი ადამიანების კოცნაა დაფიქსირებული, ხოლო ჟურნალის ერთ-ერთი ვრცელი სტატია ერთსქესიანთა ქორწინებას ეხება. სტატია სათაურით «ერთსქესიანთა ქორწინებამ გაიმარჯვა _ სასამართლოს არ გადაუფიქრებია, ხოლო ამერიკამ გადაიფიქრა» იმ ამბით იწყება, რომ მოსამართლე ენტონი კენედიმ (სხვათაშორის, იგი კენედის კლანის წარმომადგენელი არ გახლავთ) მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას და ამ ადამიანთა უფლებებს დაუჭირა.

 

«და რას იტყვით იმ 40 ათას ბავშვზე, რომლებიც ჰომოსექსუალურ წყვილებს ჰყავთ კალიფორნიაში? მათ სურთ, მათი მშობლები იყვნენ, სრულიად აღიარებულები და ჰქონდეთ სრული სტატუსი, _ განაცხადა კენედიმ, _ ამ ბავშვების ხმა არის თუ არა საქმეში გასათვალისწინებელი, როგორ ფიქრობთ?»

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის მაისში ტელეკომპანია ABC-ს განუცხადა: «ბევრს ვფიქრობდი ამ თემაზე, ხშირად ვესაუბრებოდი მეგობრებსა და ახლობლებს და მივედი დასკვნამდე, რომ ერთსქესიან წყვილებს უნდა ჰქონდეთ ქორწინების უფლება».

ობამას თქმით, მან აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის ადმინისტრაციასა და სხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ჰომოსექსუალებს დააკვირდა.

«ეს ძლიერი მონოგამიური წყვილებია, რომლებიც თავს შებოჭილად გრძნობენ იმის გამო, რომ ქორწინების უფლება არ აქვთ,» – თქვა ობამამ. ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ მას «არაფერი აქვს საწინააღმდეგო ჰომოსექსუალური ქორწინებისა». აღნიშნული განცხადების შემდეგ ჟურნალი «ნიუსვიკი» 2012 წლის 21 მაისს ყდაზე ახალი სათაურით «ობამა _ პირველი გეი-პრეზიდენტი» გამოვიდა.

როგორც სტატიის ავტორი, ჰომოსექსუალი ენდრიუ სალივანი აღნიშნავს, ობამას სიტყვებმა ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ იგი აატირა. «პრეზიდენტს კარგად უნდა ესმოდეს გეებისა და ლესბოსელების, რადგანაც იგი შავი მამის და თეთრი დედის შვილია. მან თბილი ადგილი გამოუნახა მათ, ვინც თვითიდენტიფიკაციის პრობლემებით იყო განადგურებული. მან დაუბრუნა მათ საყვარელი ოჯახები და პატივისცემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ,» _ წერს სალივანი.

საერთოდ, ბოლო პერიოდში ერთსქესიანთა თემების პოპულარიზაცია მწვავე და ხშირი გახდა აშშ-ში. ჰომოსექსუალიზმი ჯერ კიდევ ქვის ხანის ეპოქიდანაა ცნობილი და ძველ ეგვიპტეში, ებრაულ საზოგადოებაში, ძველ საბერძნეთში, ჩინეთსა და რომში მოიხსენიებოდა. ასე თუ ისე, ყველა ის ცივილიზაცია, რომელშიც ჰომოსექსუალიზმი «მოწონებულად» ითვლებოდა, უბრალოდ, აღარ არსებობს. შემდეგი იმპერიები ყოველთვის უარყოფდნენ ჰომოსექსუალურ კავშირებს და, როგორც წესი, დევნიდნენ ერთსქესიანი ტრფობის მოყვარულთ.

«რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უზენაესმა სასამართლომ, ნათელია, რომ ამერიკელთა უმრავლესობას მიაჩნია: ქორწინება ძირითადი სამოქალაქო უფლებაა და ამ უფლების უარყოფა სექსუალური ორიენტაციის გამო სხვა არაფერია, თუ არა უფლების დარღვევა,» – წერს «ტაიმის» შეფ-რედაქტორი რიკ სტენგელი.

სტატიის ავტორს «სკანდალური» სტატისტიკა მოჰყავს: «როგორც მოსახლეობის აღწერის ბიურო გვამცნობს, დაახლოებით 600 ათასი ერთსქესიანი ამერიკული საოჯახო მეურნეობიდან 115 ათასი ბავშვს ზრდის».

«სასამართლომ, უბრალოდ, იმის რატიფიცირება მოახდინა, რასაც ამერიკელები ყოველდღიურად აწყდებიან: რომ ჰომოსექსუალები და ლესბოსელები არ ყოფილან საზოგადოებისთვის უცხო. ისინი იყვნენ ოლიმპიური ოქროს მედალოსნები, როგორც გრეგ ლუგენისი; მილიარდერები, როგორც დევიდ გეფენი; კონფერანსიე, როგორც ელენ დეჯენერსი. ჰომოსექსუალი რაგბისტი მარკ ბენგჰემი იყო იმ გულად მგზავრებს შორის, რომლებიც 93-ე რეისის გამტაცებლებს დაუპირისპირდნენ 9/11-ის დროს. არქიეპისკოპოსი მილოუკი გეი იყო,» _ წერს სტატიის ავტორი.

როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის სტრატეგიული პარტნიორები ცალსახად ცისფერ-ვარდისფერი გეზის გაოფიციალურების გეზს ირჩევენ და მათ, როგორც დემოკრატიის შუქურას, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. რადგან ჰომოსექსუალური ქორწინება დემოკრატიული ფასეულობების განვითარებითაა გამოწვეული და ამას «ტაიმში» დაბეჭდილი სტატიაც ადასტურებს, ძია სემმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ სხვა «დემოკრატიულ» მოთხოვნებს შორის ესეც უნდა წაუყენოს მის მოტრფიალე პატარა ქვეყნებს. ქართველი მოსახლეობისთვის საკმაოდ რთული არჩევანი იქნება ნატო ან ერთსქესიანი ქორწინება. სოდომისა და გომორის ცოდვა იმდენად დეტალურად და მკაფიოდაა აღნიშნული ბიბლიაში, რომ მართლმადიდებელი საზოგადოება მას ვერასდროს მიემხრობა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხშირად საკუთარ თავს დავით აღმაშენებელს ადარებს. ჟურნალ «ტაიმის» რედაქციამ და თავად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, შესაძლოა, არ იციან ასეთი ისტორიული ფაქტი, მაგრამ სააკაშვილს სკოლაში მაინც უნდა ჰქონდეს ნასწავლი, რომ დავით აღმაშენებელმა 1103 წელს რუის-ურბნისის კრება მოიწვია. კრებაზე მიღებული კანონები ძლიერი სახელმწიფოს შენებასა და ქართულ ეკლესიაში არსებული დარღვევების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. კრების დროს შემოღებულ მუხლებს შორის არის მე-18 მუხლი, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

«კანონი 18

ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სოდომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი _ კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: «სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები» (შდრ. დაბ. 18, 20-21).

ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა.

ამასთან ერთად, მიწა _ მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს.

წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით.

ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა.

არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: «რა? ზიარება? იყო ბელიარისი ქრისტეს თანა?» (II კორ. 6,15), რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას.

ამისთვის ვამცნებთ ყველას _ დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს _ განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად.

ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.»

ასე ვრცლად და დეტალურად არის აღწერილი იმ მოვლენის მიუღებლობა, რომლის აპოლოგიასაც ეწევა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. სტრატეგიული პარტნიორი ამაზე ბევრად უმნიშვნელო საკითხებშიც ერევა და საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი შეხედულების მიხედვით აიძულებს მოქმედებას. ამის დასტურად ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ ერთი ფრაზაც კმარა, რომელიც მან სააკაშვილის არშემდგარ იმპიჩმენტთან დაკავშირებით თქვა: «ამერიკელები ამას ვერ გაგვიგებენ»! ამიტომ «ჩვენ მესამე პრეზიდენტი მაინც კულტურულად უნდა გავაცილოთ»!

გაცილებამდე კიდევ ნახევარი წელია და საინტერესოა, დარჩება სააკაშვილი «აღმაშენებლად» თუ ამერიკული «დროების» მსხვერპლი გახდება?!

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here