Home რუბრიკები საზოგადოება დეკანოზი ბიძინა გუნია: სოდომ-გომორის ცოდვა ყოვლად მიუღებელი და შეუწყნარებელია

დეკანოზი ბიძინა გუნია: სოდომ-გომორის ცოდვა ყოვლად მიუღებელი და შეუწყნარებელია

1240

«საქართველო და მსოფლიოს» თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია ესაუბრება.

_ მოგეხსენებათ, აფხაზეთის ეპარქია საქართველოს სამოციქულო ეკლესიისგან გამოყოფას მოითხოვს. რუსეთის საპატრიარქო კი დღემდე ამ მოთხოვნაზე ცივ უარს აცხადებს. რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ერთერთი ეპარქია დაუმორჩილებლობას აცხადებს?


_ არანაირი აფხაზეთის ეკლესია არ არსებობს! ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული ჯგუფი აფხაზეთში ცდილობს, გამოეყოს საქართველოს დედაეკლესიას, მაგრამ ეს საკითხი მხოლოდ კანონიკის სფეროში უნდა გადაწყდეს. აქ პოლიტიკური წიაღსვლები უადგილო იქნება და მხოლოდ დაძაბავს მდგომარეობას. ამ სიტუაციაში ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი საქართველოს ეკლესიის პოზიციაა. უეჭველია, რომ არავითარი თანხმობა ან მხარდაჭერა ამ საკითხს ჩვენი მხრიდან არ ექნება.

არ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეკლესია სერიოზულად ფიქრობს ე. წ. აფხაზეთის ეკლსიის საკუთარ იურისდიქციაში შეყვანაზე. დასტურად შეგვიძლია გავიხსენოთ აწ გარდაცვლილი უწმიდესი პატრიარქის _ ალექსი II-ის ინიციატივით რუსეთის ეკლესიის მიერ მიღებული დადგენილება, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში აღიარების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეკლესიის ნებართვის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს რუსეთის ეკლესიას, მით უმეტეს, რომ ამას არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ დაუჭერს მხარს.

_ უკანასკნელი წლების მანძილზე ბეჭდვით თუ სოციალურ მედიაში მართლმადიდებლობაზე და სასულიერო პირებზე უამრავი შეურაცხმყოფელი ტექსტი თუ ვიდეო გავრცელდა, მათ შორის უწმიდესის მისამართითაცროგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების დაცვა კანონით დარეგულირებული?

_ გავიხსენებთ ფსალმუნის სიტყვებს: «დადვეს ცათა შინა პირი მათი და ენა მათი ეთრია ქვეყანასა ზედა» (ფს. 72.9.). რა გაეწყობა. ქრისტიანული ეკლესიის არსებობის მანძილზე სისტემატიურად ხორციელდებოდა მართლმადიდებლობის დევნა სხვადასხვა ფორმით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკლესიასაც ეხება, მით უმეტეს, რომ ჩვენში მართლმადიდებლობა მოციქულთა მიერ იქნა ნაქადაგები, ხოლო მეოთხე საუკუნეში კი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ჩვენ არ გვაფრთხობს აღნიშული გარემოება და არც მდგომარეობა მიგვაჩნია საგანგაშოდ, რადგან ბრძანებს უფალი: «…კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას».

თქვენ მიერ დასახელებულ შეურაცხმყოფელ ფაქტებს, ალბათ ბევრი შეიძლება შეემატოს. ჩვენში ყოველივე ეს სიბრალულს იწვევს იმ პირთა მიმართ, რომელნიც ამ «აქციის» თანამონაწილენი არიან. ერთი რამის მთქმელია ეს ყველაფერი. მათ თავიანთი გული და გონება ეშმაკის ასპარეზად აქციეს. ძალზე სამწუხაროა ყოველივე ეს და ამიტომაც ძალისხმევასა და ლოცვას არ დავიშურებთ ამ ადამიანთა სულების მოსაქცევად, მათ გადასარჩენად.

_ თუმცა აქ საუბარია ქვეყნის მართლმადიდებელი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე

_ დიახ, არის მეორე მხარე _ სამოქალაქო პოზიცია. ნამდვილად უნდა მიაქციოს ყურადღება სახელმწიფომ, სად იწყება ერთი პიროვნების თავისუფლება და სად იზღუდება მეორესი, სად არის ჭეშმარიტება და სად ცილისწამება, სად არის თავისუფალი სიტყვა და სად შეურაცხყოფა. ალბათ, ეს საკითხი შემდგომში, საზოგადოების ფართო განხილვის საგნად უნდა იქცეს.

რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ გამონათქვამებმა და აზრებმა არ უნდა მიიღოს შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური კამპანიის სახე.

რაც შეეხება საკითხს: მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების დაცვა კანონით უნდა იყოს თუ არა დარეგულირებული, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და მანვე უნდა მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება, ადამიანთა უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გათვალიწინებით.

_ გასაგებია, მაგრამ, რადგან უფლებებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ: გამუდმებით გვესმის პოლიტიკოსებისგან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ ირღვევა რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებები. სამწუხაროდ, არ საუბრობენ იმაზე, რომ ყოველდღიურად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას დაუფარავად ლანძღავენ. სამწუხაროდ, არავინ საუბრობს ქრისტიანების უფლებების დარღვევაზე. მახსენდება ერთი ფაქტი: როდესაც ილიას  უნივერსიტეტის ლექტორს, გიგი თევზაძეს, სტუდენტებმა სამლოცველოს გამოყოფა მოსთხოვეს, მან საპირფარეშოსკენ მიუთითა

_ დღევანდელი სახელმწიფოს მოწყობა უფლებას აძლევს ადამიანებს, შექმნან ორგანიზაციები, მათ შორის იმ უმცირესობამაც, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. ამ ორგანიზაციების მიზანშეწონილობას კანონი უნდა არეგულირებდეს.

რაც შეეხება მართლმადიდებელთა პოზიციას, იგი უცვლელია. ჩვენ განვეშორებით ბოროტებას და ვამხელთ ყოველგვარ გადაცდომას, რასაც საბოლოოდ ადამიანი დაღუპვისკენ მიჰყავს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ვცხოვრობთ საყოველთაო განდგომილების ეპოქაში და არც გვიკვირს თქვენ მიერ ზემომოხმობილი ფაქტები. თუმცა მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჯეროვნად უნდა რეაგირებდეს მსგავს ქმედებებზე, რადგან ამ შემთხვევაში საქმე მოზარდი თაობის აღზრდას, ახალგაზრდობას, მათ მომავალს ეხება.

უმჯობესი იქნება, თუ სატელევიზიო არხები და ჟურნალ-გაზეთები უფრო ფართოდ გააშუქებენ მსგავს ფაქტებს და ამავე დროს კორექტულნი იქნებიან. ამით მოიგებს საზოგადოების ყველა ფენა, რადგან თეთრს თეთრი დაერქმევა, შავს კი _ შავი.

_ მოგეხსენებათ, შარშან, მაისში . . გეების აღლუმის ჩაშლის შემდეგ ამერიკის ელჩმა მოუწოდა საქართველოს სახელმწიფოს, რომ აღლუმის არ ჩატარება სექსუალური უმცირესობის უფლებების დარღვევაა. ჩვენ ვნახეთ, რომ უმცირესობების მსვლელობა ამ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს მაინც გაიმართა. მოგეხსენებათ, პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით. უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ეს საკითხიც კანონის მიხედვით დარეგულირებულიყო?

 _ ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: სოდომ-გომორის ცოდვა ყოვლად მიუღებელი და შეუწყნარებელია. ამდენად, როგორც რიგით მოქალაქეს შინაგანი პროტესტის გრძნობა, რა თქმა უნდა, მეც გამაჩნია. ამასთან, არსებობენ სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა უფლებამოსილებაშიც შედის მსგავსი გამოსვლების შეზღუდვა, გნებავთ, დარეგულირება. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფომ სხვათა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებიც უნდა გაითვალისწინოს, რათა მართლმადიდებელთა უფლებები არ აღმოჩნდეს «უმცირესობაში».

არ გამოვიდეს ისე, რომ პირშერცხვენილნი აღმოვჩნდეთ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომ არაფერი ვთქვათ მომავალ თაობაზე. მე მახსენდება სულიწმინდის საყვირის, წმიდა იოანე ოქროპირის, ერთი შეგონება, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: შვილო, თვალი მოარიდე მეძავს, მრუში მზერა წაბილწავს შენს სულს. ან კი ამის შემდეგ როგორღა შეხედავ თვალებში შენს მშობელ დედას, ან დას ან მეუღლეს? ამიტომ თვალი წმინდად დაიცავი.

თუ მეძავისადმი ასეთი პოზიციაა გამოხატული, მითუმეტეს უნდა ვთქვათ სოდომ-გომორის ცოდვით მოწყლულთა მიმართ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანს ცოდვის ჩადენას ეკლესია ვერ აუკრძალავს, მას შეუძლია მხოლოდ გააფრთხილოს და შეაგონოს იგი. თუმცა ასევე ვუწყით უფლის შეგონებაც: «თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიხსენეთ».

იუდა უფლის სიახლოვეს იმყოფებოდა, ბევრი სიკეთის თანაზიარიც გახდა, მაგრამ მან პირადი არჩევანით განიშორა თავი უფლისგან. ადამიანები, რომლებიც ვახსენეთ, საკუთარი ნებით განეშორებიან უფალს და მამონას გზაზე დგებიან.

ამდენად, მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ უფლის სწავლება: «…რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან იგინი წარწყმდენ, და მოსრენ ყოველნი რომელნი განგიდგეს შენგან» (ფს. 72. 27).

_ ცხადია, პირადი ცხოვრების დაშლა არ შეიძლება, მაგრამ აქ საუბარია პროპაგანდაზე. თან ეს მოხდა უცხო სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში აშშის, ელჩ ნორლანდის ჩარევით

_ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დარეგულირებული. მოგეხსენებათ ასევე, რომ საქართველოს კონსტიტუციით ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან.

ამდენად, ჩვენი პროტესტის ფორმა ასეთია: ვამხელთ და მოვუწოდებთ. არასდროს დაცხრება ეკლესია ცოდვილთა მხილებაში. რაც შეეხება ამერიკის ელჩს, მის მიერ ჩადენილი ქმედებების კომენტატორად მე ვერ გამოვდგები.

_ ეს თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქათქვენი სულიერი ხედვით, რამდენად კანონზომიერია სხვა სახელმწიფოს ელჩის ჩარევა ერის სულიერ ცხოვრებაში?

_ საქმე ისაა, რომ ადამიანს ვერაფერი აიძულებს, გადაიხაროს ცოდვისკენ ან მის საპირისპიროდ იაროს, თუ მას საკუთარი არჩევანი არ უკარნახებს ამას. დღეს საქართველო უამრავი პრობლემის წინაშე დგას და არც არაკეთილმოსურნეთა რიგებია შეთხელებული, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.

კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს მესვეურნი გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის წარსულს, სულიერ ღირებულებათა სისტემას და არ უგულებელყოფენ მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნებს. დრო შეიცვალა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი გუნდი მოვიდა. იქნებ მათ მიეცეთ საშუალება, ისე წარმართონ ქვეყნის სვლა, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, ქარს არ გავატანოთ ის, რაც ჩვენს წინაპართ სისხლის ფასად მოუპოვებიათ. ამისათვის ყველა უნდა გავისარჯოთ. არ დაგვავიწყდეს სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება.

_ რადგან აშშ ვახსენეთ, აუცილებლად შეგეკითხებით: ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აშშის განსაკუთრებული აგრესიის სამიზნე არის მართლმადიდებლური სამყარო. რამ შეუწყო ხელი ამ მითის გაჩენას? თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

_ ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

_ ბჟეზინსკის ცნობილ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ?

_ ასეთი გამონათქვამები მსოფლიოს ვერ შეცვლის. მსოფლიო ისტორია შემოტრიალდა მაცხოვრის განკაცებით. ასევე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება მისი მეორედ მოსვლაც. ამ ორ მოვლენაზე ბევრადაა დამოკიდებული ყველა სხვა მოვლენა.

აქ კვლავ დავძენთ, რომ საერო პირთა გამონათქვამები ვერ შეცვლის მსოფლიოს, ყოველივეს ღვთის განგება წარმართავს. რაც შეეხება სხვადასხვა ნეგატიურ მოვლენას, მათი არსებობა ადამიანთა ცოდვების გამო ღვთის მიერაა დაშვებული.

_ საუბარი მიმდინარეობს კოაბიტაციაზე. საზოგადოების აზრს მოგახსენებთ: ბოლო 9 წლის მანძილზე უამრავი ადამიანი უკანონოდ დააპატიმრეს, ბიზნესი წაართვეს, მოკლესხომ არ იქნებოდა სწორი, ეკლესიას კონკრეტული პირები ანათემაზე გადაეცა? აქ საუბარი არ არის შურისძიებაზე, არამედ _ შემაკავებელ ღონისძიებაზე

_ როგორც სასულიერო პირს, მსურს, დღეს მიმდინარე კოაბიტაცია წარიმართოს დათმენის, ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობის (რისი შეწყნარებაც შეიძლება) კალაპოტში, რათა მოხდეს ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადაბარება. ამით მთელი საზოგადოება მოიგებს, ასე უფრო უმჯობესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ანათემაზე გადაცემას, ანათემირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სახეზეა სულის წარმწყმედელი სწავლება და მისი გავრცელების საშიშროება არსებობს. ასე რომ, არ იქნება სწორი პოლიტიკური ნიშნით ვინმეს ანათემირება, თუნდაც პიროვნებას უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი.

_ ანუ შესაძლებელია იაღოველთა სექტის წარმომადგენლები ან თუნდაც თეა თუთბერიძე, რომელიც გამუდმებით ეწევა პროპაგანდას, ანათემირებული იყვნენ?

_ იეღოველთა სექტის სწავლებაში რაიმე ახალი არ არის. თუნდაც, მათ მიერ ხატების უარყოფა «ძველი» ცდომილებაა. ამ ცრუ სწავლებას 787 წელს მე-7 მსოფლიო კრებაზე გაეცა პასუხი. ვინც ამ სულისწარმწყმედელ სწავლებას დღესაც მისდევს, ღვთის მადლისაგან თვითონ განიშორებს თავს.

მართლმადიდებლების იარაღია წმინდა წერილი, ცხოველსმყოფელი ჯვარი, მხურვალე ლოცვა, მხილება. უნდა ვილოცოთ კონკრეტული პიროვნებებისათვის, თუნდაც ისინი მძიმე ცდომილებაში იმყოფებოდნენ.

თქვენს მიერ ნახსენები ადამიანის მიმართ არანაირი პიროვნული ურთიერთობა არ მაკავშირებს, მაგრამ შევნიშნავ, რომ მისი ქმედებები საზოგადოების დიდ ნაწილში აგრესიას იწვევს. მისი მიზანმიმართული მოქმედება, რა თქმა უნდა, აშკარა დაპირისპირებაა მართლმადიდებლობისადმი. ასეთ ქმედებებს არ მოაქვს მშვიდობა. ეს მისი არჩევანია, შეიძლება ცხოვრების გზაც, ჩვენი იარაღი კი ამ შემთხვევაში მხილებაა.

_ მამაო, კონკრეტულ ადამიანებში არაა საქმე, საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანების უკან გარკვეული ძალები დგანან

_ ამაზე ქართული პოეზიიდან გიპასუხებთ:

დიდი შოთა ბრძანებს _ «ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა!» ალბათ ასეთი ადამიანები არც თუ ისე ცოტანი არიან;

ვაჟა ფშაველა ბრძანებს _ «ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადია ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა…»

ვაგლახ, რომ ბევრს მგელობა სწადია და არც ფარავს ამას.

_ კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო: მეუფე იობი ჩვენს გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ «დიპლომატია პოლიტიკოსების საქმეა. სასულიერო პირმა, მით უმეტეს იერარქმა, სადაც ხოა სათქმელი, ხო უნდა თქვას, სადაც _ არა, _ არა»! სააკაშვილისა და მეუფე კალისტრატეს ურთიერთობა ხომ არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სამღვდელოება ზედმეტად პოლიტიზირებულია?

_ არ მიმაჩნია მეუფე კალისტრატე ან რომელიმე სასულიერო პირი ზედმეტად პოლიტიზირებულად. ეს არის ჩვეულებრივი გამოვლენა საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობებისა. თქვენ იცით, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენის საქმეში საქართველოს პრეზიდენტმაც შეიტანა გარკვეული წვლილი. ამდენად, მისი იქ მიბრძანება და მოლოცვის აკრძალვა ყოვლად გაუგებარი იქნებოდა.

როდესაც სახელმწიფოს მეთაური (ან თუნდაც ნებისმიერი საერო პირი) სასულიერო პირთან მიბრძანდება, რანაირი განწყობაც არ უნდა ჰქონდეს მის მიმართ მოძღვარს, მაინც პატივისცემით უნდა დახვდეს და ყურადღებით მოუსმინოს მას. და თუკი ეკრანზე ან სურათში ერთად გამოჩნდებიან პრეზიდენტი და თქვენ მიერ დასახელებული მეუფე, ან სასულიერო პირები გამოჩნდებიან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში საერო პირებთან ერთად, ეს სრულებით არ ნიშნავს მათ პოლიტიზირებას.

არ დავივიწყოთ, რომ სასულიერო პირებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ისინიც სარგებლობენ გადაადგილებისა თუ სიტყვის თავისუფლების უფლებით. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სასულიერო პირის მოსაზრება ამა თუ იმ საერო მოვლენაზე ეკლესიის პოზიციად არ უნდა აღვიქვათ, არამედ _ მის კერძო მოსაზრებად.

_ ბოდიშს გიხდით, მამაო, მაგრამ ჩვენ მათი ის შეხვედრაც ვნახეთ, როცა მეუფე კალისტრატე პრეზიდენტს დავით აღმაშენებლად მოიხსენიებდა

_ აკი გითხარით: სასულიერო პირი მოქალაქეცაა და სრული უფლება აქვს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

მიკვირს, მოძღვრების მიერ საერო თემებზე გამოთქმულ მოსაზრებებზე რატომ კეთდება ასეთი აქცენტი. ამ დროს, ხშირად არც ვისმენთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ღვთივსულიერ შეგონებებს, სახარების განმარტებებს, ამბიონიდან წარმოთქმულ სულის სარგო უამრავ სიტყვას.

 _ საზოგადოებაში მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ «ნაციონალური მოძრაობა» არ იყო ეკლესიის მიმართ კეთილგანწყობილი. საუბარი იყო მოსასმენ აპარატურაზე, ზეწოლაზე, იმაზე, რომ სინოდის სხდომებს კუდისა და სოდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და .. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები დაგროვდა

_ კომუნისტების პერიოდში იყო ასეთი საფრთხეები, მოსასმენ აპარატურას ვგულისხმობთ, და არ გამიკვირდება, ახლაც რომ ყოფილიყო მსგავსი მცდელობები. თითქოს საქართველომ 1991-92 წლებიდან დამოუკიდებლობას მიაღწია, მაგრამ მენტალიტეტი კვლავ ძველი დარჩა, ვერ გავთავისუფლდით სხვადასხვა ზეგავლენისგან, ის, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოს თანმდევია.

დღეს საქართველო ფეხზე დგება, მაგრამ პრობლემა, სულიერების თვალსაზრისით, კვლავ არსებობს. არავის ვსაყვედურობ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, ამას განვიცდი.

 _ სასულიერო პირების, საზოგადოების მხრიდან ძალიან ხშირად არის საუბარი რუისურბნისის მსგავსი კრების ჩატარების აუცილებლობაზე.…

_ რუის-ურბნისის მსგავსი კრების მოწვევის აუცილებლობას დღეს მე ვერ ვხედავ. თუმცა, თუ ამის აუცილებლობა ოდესმე დადგება, ღვთის განგებით გაიმართება კიდეც.

აღნიშნული საკითხი არა მგონია საზოგადოების ან მრევლის მოთხოვნის საფუძველზე იქნას გადაჭრილი. ეს ეკლესიის გადასაწყვეტი საკითხია და ბევრადაა დამოკიდებული წმინდა სინოდისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებაზე.

ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს თავისი კომპეტენცია გააჩნია. მაგალითად, რომ მკითხოთ, ამა თუ იმ ადამიანს უნდა გაუკეთდეს თუ არა გულის ოპერაცია, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. ასევე, არის მთელი რიგი საკითხებისა, რაც ოდენ ეკლესიის კომპეტენციაა.

ასე რომ, ნუ დავაკონკრეტებთ და განსასჯელად ნუ გამოვიტანთ ისეთ საკითხებს, რომლებიც ეკლესიის წიაღში უნდა გადაწყდეს!

ესაუბრა

ანა ქევხიშვილი

 

1 COMMENT

  1. სოდომიტობა კანონით უნა აიკრძალოს, თორემ სულ თავზე გადგვიარეს ამ ფერადებმა.

  2. ახლა ჩვიდმეტში უნდა ველოდოთ სულპრიზებს ვარდისფერ–ცისფერებისგან… ხელისუფლება თუ ამ სისაძაგლეს დაუშვებს მიმიფურთხებია ნებისმიერი მთავრობის წევრის ამ გადაწყვეტილებისთვის… მნიშვნელობა არა აქვს სხვა სახელმწიფო რას გავალებს, ეროვნული ინდივიდუალიზმის ხარჯზე ვიღაცეების ბრძანებების შესრულება ღალატია და მეტი არაფერი. მიმიფურთხებია ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მიმიფურთხებია აშშ–თვის თუ სოდომ–გომორის ცოდვა საქართველოში ჩვეულებრივი რამ უნდა გახდეს. ასევე მიმიფურთხებია დსთ, თუ ევრაზიული კავშირისათვის თუ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ცხვირმოუხოცავი რუსები იბოგინებენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here