Home რუბრიკები საზოგადოება პრეზიდენტი _ რეალური ფიგურა თუ ბუტაფორია?

პრეზიდენტი _ რეალური ფიგურა თუ ბუტაფორია?

662

ამასწინათ ერთერთ სატელევიზიო გამოსვლაში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რუს კოლეგასთან შეხვედრა გაიხსენა. მას არ დაუმალავს, რომ უკანასკნელი შეხვედრისას ლავროვს პირდაპირ უთხრა: ყველაფერს, რაზეც ჩვენ გვექნება საუბარი, დაწვრილებით გადავცემ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებსო. იმაზე, თუ რამდენად კორექტული იყო თუნდაც ფორმალურად სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან აპელირება, რომ მეორე სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის დეტალებს მესამე სახელმწიფოს წარმომადგენლობას ჩაუკაკლავდა, დიპლომატებმა იმსჯელონ, მაგრამ ფაქტია, ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ვიწრო წრეში განაცხადა _ ამ ფარსს აზრი არ აქვს, თუკი რამე საკითხი დადგება, მირჩევნია, ისევ ამერიკელებს ვესაუბრო პირდაპირ, ქართველი შიკრიკი მინისტრების გარეშეოეგ იყო და მას შემდეგ ლავროვი ზურაბიშვილს არც შეხვედრია. ეს ბუნებრივიცაა, რუსებს ქართველების სახით პარტნიორები სჭირდებათ და არა შიკრიკი მინისტრები, ვინც რეალური დიალოგის, პრობლემათა გადაწყვეტის ნაცვლად რუს კოლეგებთან საუბრების ამერიკელი პარტნიორებისთვის დეტალური ანგარიშის წესით იქნება გართული.


მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ცხადია, რომ იმის მიხედვით, თუ ვის დაასახელებს «ქართული ოცნება» პრეზიდენტობის კანდიდატად, გამოჩნდება, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აქვს თუ არა მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან რეალურ დიალოგებს?

«საქართველო და მსოფლიო» განაგრძობს საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების გამოკითხვას თემაზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს მომავალი პრეზიდენტი და უნდა ჰქონდეს თუ არა მას კანონმდებლობით მინიჭებული, კონფლიქტურ რეგიონებთან უსუსური დიალოგების პასუხისმგებლობა.

ამჯერად ჩვენს რესპონდენტებს ვთხოვეთ, ეპასუხათ კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი კანდიდატის შესაძლებლობა, მოაგვაროს ურთიერთობები კონფლიქტურ რეგიონებთან და უნდა ჰქონდეს თუ არა მას სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან შექმნილი ჩიხური ვითარების მკვდარი წერტილიდან დაძვრის პასუხისმგებლობა, თუ ავირჩიოთ ბუტაფორიული პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალური საკითხებით იქნება დაკავებული?

დალილა ხორავა, აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი:

_ რა თქმა უნდა, ის პიროვნება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად იქნება არჩეული, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მთლიანად იყოს ჩართული. შესაძლოა, ეს ადამიანი წინა რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელიც კი იყოს. ჩვენი პრემიერის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ შეიძლება მომავალი პრეზიდენტი რომელიმე წინა ხელისუფლების წარმომადგენელიც კი იყოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად უღირსი ადამიანი იქნება. ყველა ხელისუფლებაში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს ღირსეულად აკეთებენ. მომავალი პრეზიდენტი, რაც მთავარია, აუცილებლად უნდა იყოს პატრიოტი, გამოცდილი პოლიტიკოსი. ამ შემთხვევაში არ გაუჭირდება იმ საკითხებისთვის თავის გართმევა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. მომავალი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს კონფლიქტურ რეგიონებთან მოლაპარაკებების წარმოებაში. მისი ამოცანა უნდა იყოს სწრაფვა იმისკენ, რომ მოგვარდეს ურთიერთობები აფხაზეთთან, ოსეთთან და, მგონი, ესაა აპრიორი ისეთი საკითხისა, რომელიც განხილვასაც კი არ საჭიროებს.

მამუკა გიორგაძე, «სახალხო პარტიის» თავმჯდომარე:

_ ყველა თანამდებობაზე სასურველია და აუცილებელიცაა აირჩეს პიროვნება, რომელიც რეალურად შეძლებს აქტიური როლის თამაშს ქართულ პოლიტიკაში. უპირველეს ყოვლისა, ის იქნება არბიტრი ქართულ საზოგადოებასა და მთავრობას შორის, იქნება საერთაშორისო ავტორიტეტი, შეძლებს აქტიური მონაწილეობის მიღებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. აქ, ჩემი აზრით, საკამათოც არაა, ბუტაფორიული პრეზიდენტი საქართველოს ვერაფერს მისცემს და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რეალურად არსებულ სტრუქტურებში ბუტაფორიები და მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალური ფუნქციები მოვიაზროთ. მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად რეალური ფიგურა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მისი უპირველეს ფუნქციას საქართველოს ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს, პირველ რიგში, კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. ის უნდა იყოს ისეთი ფიგურა, რომელსაც, ერთის მხრივ, შეუძლია ყველა დონეზე წარმოადგინოს და, მეორე მხრივ, დაიცვას საქართველოს ინტერესები.

გოგი თოფაძე, «ქართული ოცნების» წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი:

_ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ყველა საკითხის გადაწყვეტაში. საქართველოსთვის ერთ-ერთი პრობლემატური და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ შეიძლება მომავალი პრეზიდენტი ამაში უშუალოდ არ იყოს ჩართული. 

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მომავალი პრეზიდენტი შეხმატკბილებულად იმუშავებენ ამ საკითხის მოსაგვარებლად.

 

ზაზა გაბუნია, . თბილისის საკრებულოს ფრაქცია «ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარე:

_ არ შეიძლება დღეს რომელიმე თანამდებობა ბუტაფორიული და სიმბოლური იყოს. თავისთავად, იმ პირობებში, რაშიც ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, სწორედაც მიუღებელია ისეთი დემოკრატიული პრეტენზიების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პრეზიდენტი არის მედიატორი, პოლიტიკაზე მაღლა მდგომი ფიგურა, რომლის მთავარი ფუნდამენტური გამოწვევა არის ის, რომ რთული, ჩიხური, თუ გნებავთ, კონფლიქტური, ან სტაგნაციის პირობებში არსებული სიტუაციიდან იპოვოს გამოსავალი. სადაც პრეზიდენტი არის არბიტრი, ის კარგად ართმევს ხოლმე თავს ასეთ საკითხებს, რადგან მას არ აქვს პარტიული კონიუნქტურის დაკვეთა _ განმუხტოს სიტუაცია. მითუმეტეს, საქართველოს პირობებში კონფლიქტს როცა ვახსენებთ, გვახსენდება დაკარგული ტერიტორიები. ამ მიმართულებით, პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა ექნება. კონსტიტუციურ მონარქიებშიც კი მონარქი არაა ბუტაფორიული, მას გარკვეული პოლიტიკური პრივილეგიები და ბერკეტები გააჩნია, მათ შორის პოლიტიკური კრიზისის დროს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური კრიზისი მოულოდნელობად არ შეიძლება ჩაითვალოს; არამყარი, არასისტემური დემოკრატიის ქვეყანა ვართ, ამიტომ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ძირითადად იმ ფუნქციის მქონე უნდა იყოს _ არ დაუშვას კონფლიქტური სიტუაცია და შესაძლებლობის ფარგლებში  განმუხტოს იგი. ის უნდა იყოს მაღალავტორიტეტული ფიგურა, რომლის აზრს გაიზიარებენ იმის მიუხედავად, რომელი პარტიები არიან კონფლიქტის მხარეები.

ლევან ჩიტაძე, «სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის» წარმომადგენელი:

_ მე და ჩემი თანაგუნდელები ვთვლით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არის ერთადერთი სწორი ალტერნატივა დღესდღეობით არსებულ სხვა საგარეო კურსებთან შედარებით, თუმცა მომავალში რა იქნება, ამის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, ამიტომ საგარეო ვექტორის რა ტიპის ცვლილება გახდება საჭირო, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. ამასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის სამომავლო სტრატეგიული განვითარებისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (და ასეც უნდა იყოს) მისი საშინაო, საგარეო და გეოპოლიტიკური ინტერესები. ვფიქრობთ, საქართველოსთვის სტრატეგიული ინტერესის საკითხებს წარმოადგენს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სტაბილურობა, ძლიერი ეკონომიკა, დემოკრატია; შესაბამისად, თითოეული მათგანის მიღწევა სხვადასხვა ხერხითაა შესაძლებელი, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც ერთმანეთს ან სრულ თანხვედრაშიც კი იყოს.

ამიტომაც, თუ კი ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამ ინტერესიდან უკვე გამომდინარეობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით აუცილებელია მნიშვნელოვანი საგარეო ცვლილებების განხორციელება. ამ კუთხით ყველაფერი რიგზე არ არის, უფრო მეტიც, ვთვლით, რომ წინა ხელისუფლებამ (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს) რეალურად პრორუსული ინტერესები გაატარა და არა პროდასავლური. შესაბამისად, ახალ ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, მრავალი სავაჭრო საკითხი აქვს რუსეთთან, რაზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. წინა ხელისუფლება ერთს ამბობდა _ გმობდა და აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, მეორეს აკეთებდა _ თითქმის ყველა სტრატეგიული ეკონომიკური სიმდიდრე მიჰყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, გასაჯაროებული შედეგი კი მესამე იყო.

საქართველომ უნდა შეძლოს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ასევე სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. რუსეთის ფედერაციასთან მნიშვნელოვანი საკითხებია სუვერენიტეტის აღიარება, ტერიტორიული მთლიანობის ცნობა; აზერბაიჯანთან _ საზღვრის დემარკაცია, შეთანხმება (საქართველოს სასარგებლოდ) გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, საინგილოში ქართული მოსახლეობისთვის ქართული ენისა და ისტორიის სწავლება საქართველოს ხელშეწყობითა და დაფინანსებით; სომხეთთან _ საზღვრის დემარკაცია, წითელ ხიდთან არსებული გაურკვევლობის დარეგულირება, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალი სტანდარტების სწავლა-განათლების სისტემის დანერგვა; თურქეთთან _ ეკონომიკური საკითხების დარეგულირება (ეკონომიკური ექსპანსიის თავიდან აცილების მიზნით), თურქეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობისთვის ქართულ-თურქული სკოლების გახსნა, ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაცია-აღდგენა… ჩამოთვლილი საკითხები საკმაოდ რთული და ვრცელიც შეიძლება მოგვეჩვენოს. თითოეული უნდა განხორციელდეს საქართველოს ინტერესებისა და მეზობელი ქვეყნების ინტერესების დაცვით, ამისათვის კი აუცილებელია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სამინისტროებისა და პარლამენტის სისტემური მუშაობა. ამიტომაც, თითოეულ ამ პოსტზე შერჩეული პირები არჩეული კანდიდატები უნდა იყვნენ, ადეკვატურნი საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისადმი.

სოსო შატბერაშვილი, პოლიტიკოსი:

_ ბუტაფორიული თანამდებობის პირი იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი პრეზიდიუმის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე რესპუბლიკებს ჰყავდათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეები, რომელთა მიზანი და მოვალეობაც იყო ხელისმოწერა რაღაც ჯილდოებსა და განკარგულებებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი პრეზიდენტი არ გვჭირდება. პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პრობლემის _ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარება. ასე რომ, მე პირადად მხარს ვუჭერ ამ უფლებებით აღჭურვილ პრეზიდენტს. ვერ გეტყვით, რომ მომავალი პრეზიდენტი რომელიმე წინა ხელისუფლების წარმომადგენელი არ იქნება, მაგრამ ვერც მარსიდან იქნება ჩამოფრენილი, არც ერთ წინა ხელისუფლებასთან რომ არაფერი აკავშირებდეს, მაგრამ დღეს ის თავისი მრწამსის ერთგული უნდა იყოს. ყველანაირად უნდა ეცადოს, სიტუაცია მოაგვაროს აფხაზეთთან, ცხინვალთან და რუსეთთან.

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი, კონფლიქტოლოგი:

_ ეს უნდა იყოს მომავალი პრეზიდენტის კრედო, თქვენ ზუსტად დასვით საკითხი. საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია და მომავალ პრეზიდენტს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, თუ რა გზებით შეეცდება, გადაწყვიტოს კი არა, დაძრას ადგილიდან პრობლემა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება. ქვაკუთხედი ამ პრობლემისა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა. რასაკვირველია, იმ სიტუაციაში, როცა პრეზიდენტს ექნება გარკვეულწილად შეზღუდული  შესაძლებლობები, ალბათ, პრიორიტეტი უნდა იყოს საგარეო კურსი, ასე ვთქვათ, კონფლიქტების დარეგულირების კუთხით.

პრეზიდენტი ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც, უპირველესად, სოხუმში, ცხინვალში, მოსკოვში ჩავა და სტუმრებს ჩამოიყვანს აქეთ… და შეძლებს  საკითხის ადგილიდან დაძვრას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ   

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here