Home რუბრიკები საზოგადოება ჯონდი ბაღათურია: ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით სააკაშვილმა ახალ ხელისუფლებას შენელებული მოქმედების ნაღმი დაუტოვა

ჯონდი ბაღათურია: ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით სააკაშვილმა ახალ ხელისუფლებას შენელებული მოქმედების ნაღმი დაუტოვა

742

2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მორიგი ანტიეროვნული, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება მიიღო _ მე-19 საუკუნეში რუსეთკავკასიის ომის პერიოდში  ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარაჩერქეზთა გენოციდის აღიარებით, მიხეილ სააკაშვილმა პანდორას ყუთს თავი ახადაო, _ წერდა მაშინ ყველა გავლენიანი უცხოური გამოცემა და მათ შორის იმ ქვეყნებისაც, დღენიადაგ რუსეთის დაშლადაქუცმაცებაზე რომ ოცნებობენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ჩვენგან განსხვავებით, რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენიციდი ჯერ არ უღიარებიათ. მიხეილ სააკაშვილი და მისი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რატომღაც საქართველოს ინტერესების ხარჯზე, ჩერქეზეთის იმაზე დიდი პატრიოტები გამოდგნენ, ვიდრე თავად ჩერქეზები არიან. არადა, არსებობს უამრავი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ ეს იყო სააკაშვილის მორიგი მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანიც ამერიკის ხელისუფლების გარკვეული წრეების სიამოვნება იყო  საქართველოს ინტერესების ხარჯზე. სააკაშვილმა ამით კიდევ ერთხელ დაარტყა რუსეთს და ეს სწორედ ამერიკელი გავლენიანი პოლიტიკოსების დაკვეთით გააკეთა. დეპუტატი, რომელმაც ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების წინააღმდეგ  მაშინ  ხმა აღიმაღლა, ჯონდი ბაღათურია იყო. თუმცა ერთი პარლამენტარი რას მოერეოდა გავეშებულ «ნაციონალებს», რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, ეს წმინდა წყლის პროვოკაცია კანონად ექციათ? იმასაც შეგახსენებთ, მაშინ ჯონდი ბაღათურია ცემასაც კი გადაურჩა _ არაერთი «ნაციონალი» ექაჩებოდა, როგორ გაბედე და ჩვენი მამამთავრის, სააკაშვილისსურვილის მართებულობა ეჭვქვეშ დააყენეო. «საქართველო და მსოფლიოს» «ქართული დასის» ლიდერი _ ჯონდი ბაღათურია ესაუბრება.


_ ბატონო ჯონდი, საკამათო არ არის, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით საქართველომ ბევრი წააგო. მოდით, კონკრეტულად მითხარით, რა საფრთხეებს შეიცავს ეს აღიარება?

_ დასაწყისში ჯერ იმას მოგახსენებთ, თუ რატომ გააკეთა ეს დე ფაქტო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. დიახ, 2011 წელსაც ის დე ფაქტო პრეზიდენტი იყო, რადგან 2008 წელს მან არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება და ერთპიროვნულ მმართველად, უზურპატორად მოევლინა ქვეყანას. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩერქეზთა გენოციდი აღიარეს ამერიკის ხელისუფლების გარკვეული ჯგუფების გულის მოსაგებად. ამერიკელთა სიმპათიები რომ დაემსახურებინა, სააკაშვილი რუსეთთან ხელოვნურ კონფლიქტებს წარმოშობდა და ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო. დიახ, ამერიკელებს ასიამოვნეს ამითაც _ აი, საქართველომ, ამერიკის სტრატეგიულმა პარტნიორმა, რამხელა დარტყმა მიაყენა რუსეთს, ამერიკის მოწინააღმდეგესო. მათი გულის მოგება კი სააკაშვილსა და მის ბანდას ბევრი რამისთვის სჭირდებოდათ. უპირველესად, იმ დანაშაულობების ჩასაფარცხად, «გასაპრავებლად», რაც მათ წლების მანძილზე ჩაიდინეს ქვეყანაში. ხომ ხედავთ, დღეს, როცა სააკაშვილსა და მის გუნდს ძალიან უჭირს, ამერიკის კონგრესიდან და სენატიდან ხან რომელი დაჯგუფება აქვეყნებს მათ მხარდამჭერ წერილებს და ხან რომელი. ისინი ვალს უბრუნებენ სააკაშვილს და მისი არა მარტო ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გამო მართებთ. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, ამერიკელი პოლიტიკოსების საამებლად, საქართველოსთვის საზიანო არა ერთი ნაბიჯი გადადგა.

 ახლა იმ საფრთხეებზე მოგახსენებთ, რომლებიც ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას აუცილებლად მოჰყვება. დღეს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ეს აღიარება კი მალე გადაულახავ თუ ძნელად გადასალახავ ბარიერად აღიმართება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. სააკაშვილის ამ პროვოკაციულ საქციელზე დღევანდელ ან სხვა ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. საინტერესო რა არის, იცით? დედამიწის ზურგზე არავის უცვნია ჩერქეზთა გენოციდი, ევროპაში ჩერქეზთა უამრავი სათვისტომო არსებობს, ყველას ლიდერებს ვიცნობ და ჯერ არც ერთს არც კი დაუყენებია საკითხი რომელიმე ქვეყნის წინაშე, რომ მან აღიაროს რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი. მეტიც, ოფიციალურად, ჩერქეზულ დიასპორას თავადაც კი არ უღიარებია რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი. ახლა მეტი რაღა გითხრათ? «ნაციონალები» პაპზე მეტად კათოლიკენი გამოდგნენ და რატომ, ეს უკვე გითხარით.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი როცა გაქვს დასაბრუნებელი, როცა იცი, რუსეთის ნების გარეშე ეს პრობლემები ვერ მოგვარდება და ამ დროს რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდს აღიარებ, საკუთარი ქვეყანის მტერი ხარ და სხვა არაფერი. მეტიც, თავად ხომ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებელ ყველა გზას იჭრი, შენს შემდგომ ხელისუფლებასაც უქმნი დამატებით და, შესაძლოა, გადაულახავ ბარიერს, ამ ტერიტორიების დაბრუნების საკითხში.

_ თამამად შეიძლება თქმა, რომ ეს აღიარება უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას არა თუ არ აპირებდნენ, ამაზე საერთოდ არც ფიქრობდნენ.

_ დამასწარით… სწორედ ეგ უნდა მეთქვა ახლა. დიახ, სააკაშვილი არც კი ფიქრობდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაა ამის მართლა უტყუარი დასტური. მეტიც, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით სააკაშვილმა ახალ ხელისუფლებას შენელებული მოქმედების ნაღმი დაუტოვა და ეს აღიარება ხელოვნურად, სრულიად შეგნებულად დამატებით დაბრკოლებებს ქმნის იმ რთულ გზაზე, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია და რომლის გავლის პირობაც ახალმა ხელისუფლებამ დადო.

 აქვე ერთ სერიოზულ საფრთხეზეც მოგახსენებთ, რომელიც ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გამო, ადრე თუ გვიან, კარს მოგვადგება. თურქეთის იმპერიის მიერ 1915 წელს სომეხთა გენოციდი რამდენიმე სახელმწიფომ უკვე აღიარა. საქართველოში საკმაოდ ბევრი სომეხი ცხოვრობს, თანაც კომპაკტურად. ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. რომ დაირაზმონ ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს მიადგნენ და მოსთხოვონ, სომხების გენოციდი აღიარეთო, რას ვეუბნებით მერე? ამის კანონიერი უფლება აქვთ და ვერ წაართმევ. საფრანგეთის ხელისუფლებამ აღიარა ჩვენი გენოციდი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რატომ არ აღიარებსო, რომ გვეტყვიან, რა უნდა ვუპასუხოთ? სულ მცირე, გენოციდის საკითხის განხილვაზე ხომ ვერ ვეტყვით უარს? უარს ეტყვი და მაშინვე ჩერქეზების გენოციდის აღიარების ფაქტს შეგახსენებენ და პირში ბურთივით ჩაგჩრიან. ამ საკითხის განხილვას რა შედეგი მოჰყვება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. აღიარებ _ თურქეთს გადაიკიდებ, არ აღიარებ და ღმერთმა იცის, აქ, ჯავახეთში რა პროცესებს დაიწყებენ სომხები. მოკლედ, სააკაშვილის ამ დანაშულებრივმა გადაწყვეტილებამ საშინაო პრობლემებიც შეგვიქმნა, რუსეთთან ისედაც გაფუჭებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესების გარდა.

_ დამეთანხმებით, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს, რაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე შეუძლებელია. ასევე, საქართველოს დასარეგულირებელი აქვს ურთიერთობები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან. ამ ჭრილში «საქართველო და მსოფლიომ» მეტად საინტერესო იდეა წამოჭრა _ კერძოდ ის კონფლიქტური ტერიტორიების საკითხი უნდა ავიყვანოთ უმაღლეს რანგში და მათ მოსაგვარებლად უნდა გამოვიყენოთ პრეზიდენტის პოსტი. ცხადია, ახალ პრეზიდენტზეა ლაპარაკი, რომელსაც სააკაშვილის შემდგომ ავირჩევთ. ახალ პრეზიდენტს უნდა დაევალოს პოლიტიკის ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარება. ამით პრეზიდენტის პოსტი აღარ იქნება ისეთი კომფორტული და პასუხისმგებლობით დაუტვირთავი, როგორც ეს არის განსაზღვრული. ახალ პრეზიდენტს მოუწევს ჩასვლა და მოლაპარაკებების გამართვა არა მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში, დაესწრება არა მხოლოდ მისთვის გამართულ ბალმასკარადებს, მოუწევს ჩასვლა სოხუმში, ცხინვალში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების დედაქალაქებში კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. რას იტყვით ამ იდეაზე?

_ ვიდრე ჩემს აზრს მოგახსენებთ მაგ საკითხზე, მინდა პრეზიდენტის ინსტიტუტზე ვთქვა მოკლედ. ახალი პრეზიდენტი, რომელიც შემოდგომაზე გვეყოლება, ძალიან უუფლებო და დასუსტებული იქნება.

_ კი, ახალი პრეზიდენტი თითქმის ბუტაფორიული ფიგურა იქნება, მას, მგონი, იმაზე მეტი უფლებები არ ექნება, რაც შვედეთის პრინც კარლ ფილიპს თავის ქვეყანაში.

_ ეგ არ არის კარგი. ჩვენ უდიდესი შეცდომა დავუშვით. პრეზიდენტის ინსტიტუტი, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ფუნქციებისგან განიძარცვა და მთელი ავტორიტარული ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდა. სააკაშვილი ფარაონის უფლებებით იყო აღჭურვილი, მაგრამ არანაკლები უფლებები შემოდგომიდან პრემიერს ექნება. ავტორიტარულ მმართველობას ქვეყანაში პრეზიდენტი დაამყარებს თუ პრემიერი, ქვეყნისა და ხალხისთვის სულერთია. კი, ჯერჯერობით აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი გადახრა და სურვილი არ აქვს, რომ ერთპიროვნული მმართველი იყოს, მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული თუნდაც ივანიშვილის კეთილ ნებაზე, გამოიყენებს თუ არა უსაზღვრო ძალაუფლებას, რომელიც მას მალე გადაეცემა? ანდა სულ ივანიშვილი ხომ არ იქნება პრემიერი? სად არის გარანტია, რომ პრემიერად ისეთი კაცი არ მოვა, რომელიც სააკაშვილზე უარესს არ დაგვმართებს? მე ვიყავი იმ კომისიაში, რომელმაც ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტა და მისი ლამის ყველა უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს გადასცა. კომისიის წევრთაგან ერთადერთი აღმოვჩნდი, რომელმაც ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და გააპროტესტა. ავტოკრატიული მმართველობის საფრთხე ისევ არსებობს საქართველოში და ახლა ეს საფრთხე პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტიდან მოდის. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიტანოთ ცვლილებები კონსტიტუციაში, პრემიერის მოჭარბებული უფლებები პრეზიდენტზე გადავანაწილოთ. ხელისუფლების ეს ორი შტო ამით დაბალანსდება. პრეზიდენტი აღარ იქნება ბუტაფორიული. ყველამ ვიცით, რომ პრემიერის ამ გაფართოებულ უფლებებს სააკაშვილი სათავისოდ იმზადებდა, რათა, რაც დარჩა დასანგრევი ამ ქვეყანაში, პრემიერის რანგში დაენგრია. ყველაფერს თავი დავანებოთ, სააკაშვილზე მოჭრილ-მოზომილი, თითქმის შეუზღუდავი უფლებების გამოყენება რამდენად ზნეობრივი იქნება?

«საქართველო და მსოფლიოს» წინადადებას პრეზიდენტის არჩევის კრიტერიუმებზე და მისთვის კონფლიქტური ტერიტორიების მიმართულებით პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მხოლოდ მივესალმები. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისას მთავარი მომლაპარაკებელი მომავალი პრეზიდენტი იყოს. ცხადია, ეს მოლაპარაკებები რუსეთის გარეშე არ ჩაივლის და, თუკი ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, მთავარი მომლაპარაკებელი პრეზიდენტი იქნება, რუსეთი მას საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიღაც დეპარტამენტის უფროსს ვერ დაუსვამს; მეორე მხარესაც წარმომადგენლობითი, რეალური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ფიგურა უნდა ჩაერთოს დიალოგში. ეს საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის დადგენილი წესებია. რუსეთი კი ამ წესებს დაემორჩილება. მართალს ბრძანებს თქვენი გაზეთი, ამით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში პოლიტიკური დონე ამაღლდება და შესაბამისად, პრობლემის მოგვარების პერსპექტივაც გაიზრდება. თუმცა, ჩემი აზრით, მომავალი პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს ამ საკითხებზე და ყველა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ეხმარებოდეს მათ მოგვარებაში.

კი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთანაც დასარეგულირებელი გვაქვს ურთიერთობები, ესეც საჭირო და დროული საქმეა. თუ ამ საქმესაც პრეზიდენტი ითავებს, ძალიან კარგი იქნება. ესეც ხომ საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რაც ახალი პრეზიდენტის მთავარი საზრუნავი იქნება. ვფიქრობ, ეს ახლებური მიდგომა და იდეები საკმაოდ შორსგამიზნულია, კონკრეტულ მიზანს ემსახურება და სურვილი, რომ თუნდაც შეზღუდული უფლებების რანგში საქართველოს ახალ პრეზიდენტს სოლიდური, უმნიშვნელოვანესი ფუნქციები შევძინოთ, ბუნებრივი და მართებულია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე და საზრუნავი საქართველოს პრეზიდენტისთვის არც უნდა არსებობდეს.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here