Home რუბრიკები პოლიტიკა «უცხო 5»: ერთიანი ნაციონალური პრემიერა

«უცხო 5»: ერთიანი ნაციონალური პრემიერა

671

1 აპრილს განსაკუთრებული არაფერი მოხდარა _ მიხეილ სააკაშვილის პროფესიულმა დღესასწაულმა შეუმჩნევლად, უჩვეულოდ უმტკივნეულოდ ჩაიარა და, როგორც იქნა, დადგა ნამდვილი გაზაფხული, როდესაც მიზანშეწონილია გამათბობლის, ტელევიზორისა და კომპიუტერის გამორთვა და გასეირნება საყვარელ ადამიანთან ერთად, რომლის მეორემესამე ეტაპზე, სირმისეული მოტივებიდან და მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება წასვლა თეატრში ან კინოში, კაფეში ან რესტორანში.


წარმოვიდგინოთ ეს თბილი, მსუბუქი, პოლიტიკისგან თავისუფალი საღამო, რუსთაველის გამზირი, სულელური აფიშა, რომელიც მორიგი კომედიური მელოდრამის სანახავად გვიხმობს, და კინოდარბაზი, სადაც, ამდენი წელია, არ ვყოფილვართ. ქრება შუქი და იწყება ფილმი, მაგრამ არა დაპირებული მელოდრამა, რომლის ყურებას ხანმოკლე, მაგრამ თავგანწირული შინაგანი ბრძოლის შემდეგ დავთანხმდით, რათა საყვარელ ადამიანს მორიგი სულელური სურვილი შევუსრულოთ, არამედ რიდლი სკოტის «უცხო», შორეულ 80-იანებში ერთი ჩემი კლასელი რომ იტყოდა, «ჩუჟჟჟოი!», რაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს იმაში, რომ ნაადრევია ფიქრი ნამდვილ (ან თუნდაც ზომიერად ყალბ) სიყვარულზე მაშინ, როდესაც სიძულვილის პრობლემა გააზრებული არ გვაქვს. საუბარი სიყვარულზე «გაზაფხული შემოსულა, მიშ…» ტიპის ტონალობაში, რა თქმა უნდა, სახალისოა, მაგრამ ამჯერად, ალბათ, აჯობებს სიძულვილზე, მის ბუნებაზე და, ამასთანავე, ქართულ პოლიტიკაზე, კოაბიტაციაზე და მის შეუძლებლობაზე ვიმსჯელოთ (ან შესაძლებლობაზე; გააჩნია, რა დასკვნამდე მივალთ).   

მანდილოსნები, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, ამ ფილმს, უბრალოდ, ვერ იტანენ და მის გამორთვას შესაშური დაჟინებით მოითხოვენ (მამაკაცების ჩუმი ზიზღი «ლამაზმანის» მიმართ, ჯულია რობერტსის და რიჩარდ გირის მონაწილეობით, ამ ემოციურ ამოფრქვევასთან შედარებით არაფერია). არის «უცხოში» რაღაც, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი არაა რიგითი «უჟასტიკი», არამედ საეტაპო მოვლენაა კინოს ისტორიაში; მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ფესვები არა მხოლოდ კარლ იუნგამდე და ჟილ დელეზამდე, არამედ ანტიკურ ავტორებამდე ჩადის, ხოლო მხატვრის, ჰანს რუდი გიგერის, ნამუშევრებს, რომლისთვისაც «ოსკარით» დააჯილდოვეს, ძველეგვიპტური არქეტიპების გარდა, რაღაც პრეისტორიულ, კაცობრიობისთვის პრენატალურ ხანამდე მივყავართ. ძნელი სათქმელია, რას მოიხმარდა გიგერი ასეთს ფილმზე მუშაობის დროს; ეს მხოლოდ მისმა მეგობარმა, ყველასათვის ცნობილმა ტიმოტი ლირიმ თუ იცოდა (შესაბამისად, დეტალებს უკვე ვერ დავაზუსტებთ). გიგერის სურათები, ლირის აზრით, «ცალსახად გვიჩვენებს, თუ საიდან მოვედით და სად წავალთ» და აშკარაა, რომ მხატვარმა ძალზე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. ცალკე საუბრის თემაა რეჟისორის, მსახიობების, დეკორატორების და ა. შ. ბრწყინვალე ნამუშევარი, რომლისთვის არაერთი დამსახურებული ჯილდო მიიღეს, თუმცა, ყოველივე თქმულის მიუხედავად, მანდილოსნების უდიდესი ნაწილი ამ ფილმს დასანახად ვერ იტანს. ალბათ, არის რაღაც ისეთი ადამიანისა და ანტიადამიანის დაპირისპირების ისტორიაში, რაც მათ ძალიან აშინებს.

ამის ერთერთი მიზეზი, შესაძლოა, ისაა, რომ ეს არის ფილმი ნამდვილ, სრულ განადგურებაზე ორიენტირებულ, ყოველგვარი მინარევებისგან თავისუფალ ომზე, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებას გამორიცხავს და ამას არა პოლიტიკა, არამედ ბიოლოგია განაპირობებს. რიდლი სკოტის «უცხონი» პარაზიტოიდები არიან, მათი განსხვავება ბანალური პარაზიტებისგან იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თანდათან კლავენ ორგანიზმებს, რომელთა ხარჯზე იკვებებიან და იზრდებიან, ვიდრე დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. ამ გარემოებიდან, რომლის შეცვლა არავის ძალუძს, კაცობრიობის სრული განადგურება და ორ სახეობას შორის კოაბიტაციის შეუძლებლობა გამომდინარეობს. ბევრი სხვა ფანტასტიკური ნაწარმოებისგან განსხვავებით, რიდლი სკოტის ფილმში ქსენომორფები არ აყენებენ საკუთარი თავის წინაშე გეოპოლიტიკურ ამოცანებს, როგორიცაა, მაგალითად, დედამიწის ოკუპაცია ან გალაქტიკის დაპყრობა, მათ უბრალოდ სიცოცხლე, კვება და გამრავლება  სწყურიათ, მოკლედ, «არაფერი პირადული, მხოლოდ შიშველი ბიოლოგია». თუ ამ ფილმში არის რაღაც საშინელი, ეს, ალბათ, არა სისხლის გუბეები, მოწყვეტილი კიდურები და შესაბამისი სპეცეფექტებია, არამედ იმის შეგრძნება, თუ რა არის ნამდვილი ტოტალური ომი, რომელიც კომპრომისებს გამორიცხავს.

ვიდრე ჩვენ შევეცდებით ამ მოდელის პროეცირებას თანამედროვე ქართულ რეალიებზე (ვცადოთ, რა უჭირს), ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინი «ქსენომორფი» (ბერძ. «უცხო», სტუმარი + «ფორმა», «სახეობა») დროდადრო გამოიყენება არა მხოლოდ განხილულ კინოეპოპეაში და გეოლოგიაში, არამედ იმ იდეებისა და მათი მატარებლების აღწერისთვის, რომლებიც უგულებელყოფენ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებებს, თავისუფლებებს და მის კულტურულ და ზნეობრივ ღირებულებებზე გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენენ. 

ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს ადამიანების საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც კატეგორიულ უარს ამბობს რაიმე ფორმის კოაბიტაციაზე «ნაციონალებთან», ყოფილი მმართველი პარტიის სრულ განადგურებას მოითხოვს და მის მიმართ ძალიან ძლიერ სიძულვილს განიცდის. ეს ადამიანები არ აღიქვამენ ლოგიკურ არგუმენტებს პოლიტიკური მანევრირების აუცილებლობაზე და მოწინააღმდეგის დაუყონებლივ ანიჰილაციას მოითხოვენ, ისევე ემოციურად, როგორც ამას აკეთებდა ელენ რიპლი, სიგურნი უივერის შესრულებით, შესაბამისი კინოტეტრალოგიის ამა თუ იმ ეპიზოდში. ისინი აღიქვამენ მიხეილ სააკაშვილს, მის ჯგუფს და შესაბამის იდეებს, როგორც ქსენომორფებს (ცხადია, არა «უცხოპლანეტური», არამედ ზემოთ აღწერილი გაგებით), რომლებიც ქვეყანას სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან, როგორც პარაზიტოიდებს, რომლებიც იკვებებიან საქართველოთი (ცოტა უცნაურად კი ჟღერს, თუმცა არსი ეგაა) და ანადგურებენ მას, რათა რაღაც სრულიად განსხვავებული, უცხო შექმნან.   

მათი სიძულვილი, მართლაც რომ ეპიკურია და ვრცელდება სააკაშვილის რეჟიმის ყველა გამოვლინებაზე, პოლიტიკას ეხება ეს, ეთიკას თუ არქიტექტურას; ჰანს რუდოლფ გიგერის მხატვრული თამაში აკრძალულის ზღვარზე მათთვის, შესაძლოა, უფრო ახლოა, ვიდრე ნებისმიერი ელემენტი სააკაშვილის არქიტექტურული მემკვიდრეობიდან, რომელსაც უცხო, მტრული ცივილიზაციის ძეგლებად აღიქვამენ.

«ნაციონალების» (იგულისხმებიან იდეურები და არა პოლიტიკური მეძავები) სიძულვილი ამ ადამიანების და ძველი საქართველოს მიმართ, რომლის წარმომადგენლებად განიხილავენ მათ, ასევე უსაზღვრო და ზეინტენსიურია. წარმოსახვით იდეალურ «ნაცსამყაროში» მათთვის ადგილი არ არის; მთელი ეს «ახალი ქართველების შექმნა», «ჩასარეცხთა ჩარეცხვა», «მენტალური რევოლუცია» და ა.შ. არსებითად მოწინააღმდეგის განადგურების (კულტურულის, ფსიქოლოგიურის, უკიდურეს შემთხვევაში,  ფიზიკურის) ან სრული გარდასახვის პოლიტკორექტულ სინონიმებს წარმოადგენს (სხვათა შორის, ბოლოსკენ დაიწყო საუბარი პირდაპირი ტექსტით; იხ. ცნობილი განცხადება «კლასის განადგურების» აუცილებლობაზე). სააკაშვილის ჯგუფი უკიდურესად შეუწყნარებელი და აგრესიულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ იდეებს არ იზიარებს და ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს უშლის; დაახლოებით ასე უტევდნენ «უცხონი» ელენ რიპლისა და მისი თანამებრძოლებს. ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი პოლიტიკური უთანხმოება კონვენციურ ფარგლებში, არის ამ დაპირისპირებაში რაღაც ძალიან პრინციპული, თითქოს არსებობს ფაქტორი, რომელიც დაუძლეველია, როგორც ბიოლოგიური და ცივილიზაციური შეუთავსებლობა რიდლი სკოტის ფილმში და ის მხარეებს ურთიერთგანადგურებისკენ უბიძგებს. ვარდისფერი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ყველანი ქართველები და ძმები ვართ, როგორც წესი, არ ჭრის _ რა ძმები, რის ქართველები…

ამიტომ, ვიდრე ჩვენ დავიწყებთ საუბარს კოაბიტაციის შესაძლებლობაზე ან შეუძლებლობაზე და იმაზე, მიიღებს თუ არა საზოგადოების უმრავლესობა «ნაცმოძრაობას» მომავალში, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ პარტიას, ალბათ, უნდა გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს ხსენებული ფაქტორი და შესაძლებელია თუ არა მისი განეიტრალება.

გასაგებია, რომ მათ სურთ საკუთარი თავის გადარჩენა, არსებობა, კვება და შეუძლიათ, მართლაც რომ ქსენომორფული შემართებით შეუტიონ იმ ღირებულებებს, თავისუფლებებსა და უფლებებს, რომელნიც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ხელშეუხებელია, აგრეთვე, ცდილობენ ააშენონ თავისი სამყარო, მხოლოდ მათთვის გასაგები თამაშის წესებით, ეთიკითა და ესთეტიკით, ამასთანავე, ნებისმიერი ადამიანი (და გარემო მთლიანობაში) საკუთარი მიზნების მიღწევას დაუქვემდებარონ. მაგრამ რა აქვთ აქტივში ამის გარდა? რა დამატებითი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ისინი აღიქვას თავისიანებად და არა უცხოებად, თორემ ყველაფერი ჩამოთვლილი იმ უცხოპლანეტელებსაც შეეძლოთ, რომლებიც რიდლი სკოტმა უკვდავყო. ისინი, სავარაუდოდ, დარჩებიან «უცხოებად», ვიდრე არ დაამტკიცებენ, რომ გააჩნიათ პოზიტიური, ქვეყნისთვის სასარგებლო მიზნები, რომელთა მიღწევა საქართველოს ყოვლისმომცველ გარდასახვას და გამანადგურებელ რყევებს არ მოითხოვს. ვიდრე ამას არ გააკეთებენ (ძნელი სათქმელია, როგორ უნდა მოახერხონ ეს ყოველივე მომხდარის შემდეგ, თუმცა შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია) უამრავი ადამიანი მათ სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამს და შესაბამისად იმოქმედებს. ბიოლოგიურ ლექსიკონს თუ დავესესხებით, დღეს მათ სჭირდებათ ევოლუცია, ადაპტაცია მტრული გარემოს მიმართ, სადაც «უცხოთა» გამანადგურებელი სტრატეგია უკვე ვეღარ ჭრის.

რაც შეეხება მათ მოწინააღმდეგეებს, მათ, ალბათ, უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან კონკრეტული ადამიანები და დესტრუქციული, კაცთმოძულე იდეები, რომელთა ტყვეობაში ისინი მოექცნენ. ძალიან იოლია, გაანადგურო პიროვნება მის თავში დაბუდებულ იდეასთან ერთად, რომელიც, ალბათ, რაღაცით ჰგავს პატარა ამაზრზენ რვაფეხას რიდლი სკოტის ფილმიდან, მაგრამ მისი გადარჩენა გაცილებით კონსტრუქციულია; ერთადერთი ნორმალური მეთოდი ამ შემთხვევაში საკუთარი, პოზიტიური იდეების გენერირებაა და მოწინააღმდეგისთვის შესაძლებლობის მიცემა მათ შესაბამისად, ახალ კალაპოტში, სხვების გვერდიგვერდ იმოქმედოს. ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, თუმცა დენაციფიკაცია, ზოგადად, რთული პროცესია, გაცილებით უფრო ხანგრძლივი და პრობლემური, ვიდრე ძველი რეჟიმის კარკასის დემონტაჟი. ჩვენ, სხვათა შორის, გვერიდება ამ სიტყვის გამოყენება, რადგან შინაგანად მაინც არ გვინდა, რომ სააკაშვილის საქართველოსა და ფაშისტურ რეჟიმებს შორის პარალელები გავავლოთ (შესაძლოა, გვრცხვენია), თუმცა არსებითად, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ რომ დენაციფიკაციის დასაწყისია.

პრობლემა ადამიანებში კი არა, გამანადგურებელ, ანტიდემოკრატიულ და ანტიჰუმანურ იდეებშია, რომლებიც მათ მშობლიურ გარემოში «უცხოებად» აქცევს. ამ უმნიშვნელოვანესი ნიუანსის გააზრების გარეშე პრობლემა ვერ მოიხსნება. ალბათ, სწორედ ამაზე ღირს დაფიქრება მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ვნახავთ რიდლი სკოტის ბრწყინვალე ფილმს «უცხო», რომლის განმეორებით ჩვენებაზე სრულიად შემთხვევით მოვხვდით.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here