Home რუბრიკები პოლიტიკა «ველოსიპედისტის ხელი» «ისტორიული მეგობრის» სამსახურში

«ველოსიპედისტის ხელი» «ისტორიული მეგობრის» სამსახურში

694

31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის 22 წლისთავზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სენსაციური განცხადება გააკეთა: «გასული საუკუნე ის გვერდი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენ გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ ახალ კავშირს დავამყარებთ სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის. ამას მშვიდობიანად გავაკეთებთ, ვინმესთან ომის გარეშე და საზღვრების პატივისცემით. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. ახლა ეს სულ სხვადასხვა ქვეყანაა, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზი ერთი ქვეყნის ნაწილები იყო _ ოსმალთა იმპერიისა. როცა ამას ვამბობთ, საკუთარ თავზე ბრალდებებს ვიწვევთ ნეოოსმანიზმში. მაგრამ მაშინ მათ, ვინც მთელი ევროპა გააერთიანეს, რატომ არ უწოდებენ ნეორომაელებს»?

«ახალი კავშირი» ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ნაწილების გაერთიანებას «ომის გარეშე» ვარაუდობს. ბრალდებები ნეოოსმანიზმში სრულიად გასაგები უნდა იყოს, რადგან დავუთოღლუს არასოდეს დაუმალავს, რომ ნეოოსმანიზმი თურქეთის დღევანდელი დოქტრინაა. მან საკუთარ ნაშრომში «სტრატეგიული სიღრმე _ თურქეთის საერთაშორისო მდგომარეობა» დაასაბუთა, რომ «თურქეთმა უნდა აღიდგინოს გავლენა ყოფილ ოსმალურ სამყაროზე». ჩვენთვის ამ მხრივ ის არის საგანგაშო, რომ დავუთოღლუს მიერ ბათუმი და აჭარა სრულიად საჯაროდ «ოსმალურ სამყაროდ» არის მიჩნეული! 

დავუთოღლუმ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს შეხვედრისას, მის კითხვაზე თურქეთის გააქტიურების შესახებ საგარეო არენაზე, პირდაპირ განუცხადა: «შემოხაზეთ თურქეთის გარშემო 1000-კილომეტრიანი წრე და მასში 20 სახელმწიფო აღმოჩნდება. შემოხაზეთ 3000-კილომეტრიანი წრე და მასში 70 სახელმწიფო მოყვება. რამდენი სახელმწიფო იქნება აშშ-ის გარშემო ასეთ წრეში?» ამგვარად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად მიანიშნა, რომ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, საკუთარი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრში განახორციელოს თავისი ინტერესები, მაშინ თურქეთსაც აქვს ამის უფლება!

იმაზე, რომ თურქეთის მცოცავი ექსპანსია ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ერთობ საგრძნობია, «საქართველო და მსოფლიო» არაერთხელ წერდა, მაგრამ ასეთი ღია და დაუფარავი განცხადება მანამდე თურქეთის ნომერ პირველ დიპლომატს არ გაუკეთებია. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ქართველებს ჩააგონებდა, რომ «თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია», დავუთოღლუმ ისტორიული სიცრუეც შემოაგდო და განაცხადა, რომ 110 წლის წინ ბათუმი ოსმალეთს ეკუთვნოდა.

ცოტა რამ ისტორიიდან: 1878 წელს ბათუმის ოლქი რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთის ხელში გადავიდა და ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბრესტის საზავო ხელშეკრულებით (1918 წლის 3 მარტი), ბათუმის ოლქი თურქეთს უნდა გადასცემოდა. 15 აპრილს თურქული ჯარი შემოიჭრა. 22 აპრილს დაფუძნებულმა ამიერკავკასიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ეს მიტაცება არ სცნო. პირველ მსოფლიო ომში თურქეთის დამარცხების შემდეგ, იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ბათუმში ბრიტანეთის საექსპედიციო ჯარი შევიდა. ბათუმის ოლქი ბრიტანეთის შავი ზღვის არმიის საოკუპაციო ზონაში შევიდა, რომელზეც ბრიტანეთის გუბერნატორის ძალაუფლება ვრცელდებოდა. ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციამ 1918 წლის დეკემბერშივე შექმნა ბათუმის ოლქის მმართველი საბჭო, გამოაცხადა იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და საქართველოსთან შეერთების პროპაგანდაც კი აკრძალა.

1920 წლის 8 აპრილს ბათუმის ოლქი ერთა ლიგის დაცვის ქვეშ მყოფ ტერიტორიად გამოცხადდა და იქ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ჯარები ჩადგნენ. 1920 წლის 14 ივლისს  ბათუმის ოლქი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადაეცა. 20 ივლისს ბათუმში ქართული ჯარი შევიდა. გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ ბათუმში შემოპატიჟებული თურქული ჯარი 19 მარტს რუსეთის ფედერაციის მე-18 კავალერიულმა დივიზიამ გარეკა. 

პერიოდული თავდასხმები და ხანმოკლე ყოფნა აჭარის ტერიტორიაზე დღეს «უფლებას აძლევს» დავუთოღლუს, პრეტენზია განაცხადის ბათუმზე, ოღონდ ამჯერად, როგორც თავად აცხადებს, «ამას მშვიდობიანად გავაკეთებთ, ვინმესთან ომის გარეშე და საზღვრების პატივისცემით. ახლა ამაშია ჩვენი ძალა».

ამ განცხადებას საოცრად ეხმიანება 1887 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ ნათქვამი: «ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა _ შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან».

დღეს სწორედ ეს ვითარებაა, როდესაც ომის გარეშე გვიპირებენ იმის წართმევას, რაც ადრე ომით ჰქონდათ მიტაცებული. «ნაციონალების» ნეტარი მმართველობის შედეგია ის, რომ რუსეთის ლანძღვითა და «ჩერქეზთა გენოციდის» აღიარებით გართულმა პოლიტიკოსებმა ცხვირწინ არსებული საფრთხეები არ დაინახეს. ნატო და ევროკავშირი, საითაც ძველი და ახალი ხელისუფლება ერთნაირი მონდომებით ისწრაფვიან, ამ სატკივარს ვერ უშველის.

დავუთოღლუს მინიშნება ნეორომაელებზე შემთხვევითი როდი იყო. ევროკავშირის, რომლისკენაც თურქეთი, უკვე ნახევარი საუკუნეა, ისწრაფვის, თავად აღმოჩნდა სერიოზული პრობლემების წინაშე. კვიპროსის კრიზისის ფონზე იგი საქართველოდან ლიბიამდე ოსმალეთის ყველა ყოფილ დაპყრობილ რეგიონს ახსენებს, გარდა კვიპროსისა.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კვიპროსის კრიზისის პირველივე დღეებში აქტიური პოზიცია დაიკავა. მან სახელმწიფოს გადარჩენისთვის ეკლესიის საკუთრების დათმობაც კი შესთავაზა. მისი განცხადებით, კვიპროსისთვის ევროს ზონიდან გამოსვლა ხსნა იქნებოდა, ხოლო თავად ევროკავშირის მომავალზე სენსაციური განცხადება გააკეთა: «დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი დიდხანს ვერ იარსებებს. ახლა ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის ეკონომიკა საფრთხეშია. და თუ იტალიის ეკონომიკას ისევე დაანგრევენ, როგორც ჩვენსას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება. ამიტომ მიმაჩნია, რომ სჯობს, ევროკავშირიდან მანამდე გავიდეთ, ვიდრე ეს მოხდება».

კვიპროსი ევროკავშირის წევრია, თურქეთი – ნატოსი. თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ, კვიპროსს გამთლიანება არ ეღირსა. მომავალ წელს 40 წელი შესრულდება კვიპროსზე თურქული არმიის შეჭრიდან. მხოლოდ ეს ერთი მაგალითი აჩვენებს ქართული პოლიტიკური ელიტის მისწრაფების აბსურდულობას, თითქოს ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს გამთლიანებას წაადგება!

კვიპროსს უკვე შესთავაზეს, შეეგუოს კუნძულზე ორი სუვერენული სახელმწიფოს არსებობას: ჩრდილოეთში _ თურქულის, სამხრეთში კი – ბერძნულის. კვიპროსის ხელისუფლებამ ეს წინადადება აღშფოთებით უარყო, რადგან შესანიშნავად ესმის, რომ კუნძულის ჩრდილოეთს ზურგს თურქეთი გაუმაგრებს, ხოლო სამხრეთის უკან ევროკავშირი იდგება, რომლის «ზრუნვა» კვიპროსმა სრულად გამოსცადა საკუთარ ტყავზე.

თუ საქართველო ცხვირწინ არსებულ საფრთხეებს თვალს არ გაუსწორებს და კვლავაც «დასავლური ინტეგრაციის» მანტრების უაზროდ გამეორებას განაგრძობს, სულ მალე არამცთუ აზიზის მეჩეთის, არამედ ოსმალური «მშვიდობიანი» ოკუპაციის არაერთ ძეგლს აღმოაჩენს წინაპრების სისხლით მორწყულ ქართულ მიწაზე.

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here