Home რუბრიკები სამართალი ნუგზარ დვალი: ამერიკულმა კომპანიამ ხელისუფლების მითითებით გამაკოტრა

ნუგზარ დვალი: ამერიკულმა კომპანიამ ხელისუფლების მითითებით გამაკოტრა

1201

სააკაშვილის რეჟიმმა ცხრაწლიანი ბოგინის მანძილზე ბიზნესსექტორს რაც დამართა, საყოველთაოდ ცნობილია. «ნაცების» მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებულმა ტოტალურმა ბიზნესრეკეტმა არაერთი ორგანიზაცია თუ ცალკეული პროექტი შეიწირა. 1999 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანია «ალიონი 99» ერთერთია მათ შორის, რომელიც მმართველ გუნდთან ფულის «ნებაყოფლობით შეწირვაზე» უარის თქმის გამო დაპირისპირებამ იმსხვერპლა. მისი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ნუგზარ დვალი «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში დეტალურად იხსენებს, თუ რა გახდა ხელისუფლებასთან მისი უთანხმოების მიზეზი და რატომ დაინტერესდა ფინანსური პოლიცია ბიზნესმენის საქმიანობით:


_ 2007 წლამდე, მოგეხსენებათ, რამდენიმე არჩევნები ჩატარდა. «ნაციონალური მოძრაობიდან» იმ პერიოდში ორჯერ მომთხოვეს ფულის გადარიცხვა. მე მივლინებაში ვიყავი და პირველად ჩემი აღმასრულებელი დირექტორი დაიბარეს. სწორედ მან დამირეკა და შემატყობინა, რაც ხდებოდა. მაშინვე უარი ვუთხარი, არ გადავიხდი თანხას, იმიტომ, რომ არ ვარ ვალდებული და თან «ნაციონალურ მოძრაობასაც» არ ვუჭერ მხარს-მეთქი. 2007 წლის ნოემბრის აქციების მერე კი, ხელახალი არჩევნები რომ დაინიშნა, უკვე პირადად დამიბარეს. ეს შეხვედრა ფინანსურ პოლიციაში შედგა. შემიყვანეს კაბინეტში და პირდაპირ მითხრეს, რომ მათთვის ფული უნდა მიმეცა, ანუ მხარი დამეჭირა სააკაშვილისთვის. იქვე დამიდეს ნუსხა იმ კომპანიებისა, რომლებიც ხელისუფლებას ფინანსურად ეხმარებოდნენ. თუ გნებავთ, გადახედეთო, მაგრამ რაში მაინტერესებდა. მე ისევ იგივე გავუმეორე, _ ვერ დაგეხმარებით, რადგან არ გიჭერთ მხარს, თანაც ფულს ვერ მოვიპარავ-მეთქი. მომისმინეს და ბოლოს მეუბნებიან, ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი ფიქსირდებაო. მე ვუთხარი, თუ ფიქსირდება, დაფიქსირდეს-მეთქი…

_ რას გულისხმობდა დაფიქსირებაში?

_ ანუ საუბარს იწერდნენ, შეიძლება იღებდნენ კიდეც. ციხეშიც ასე იყო, ყველაფერი იწერებოდა. მოკლედ ამ კაცმა მითხრა, თქვენთან საუბარს აზრი არა აქვსო და მეც _ კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი. ამის მერე დაიწყო მთელი რიგი გართულებები: დამეძაბა ურთიერთობა ბანკთან, დაიწყეს ჩემი თანხების ამოღება; როცა კრედიტში დრო მქონდა და შემეძლო, გადამევადებინა, კი არ მაძლევდნენ, პირდაპირ ვალში მიჰქონდათ. მერე მივედი ბანკის ხელმძღვანელობასთან, _ რას შვრებით-მეთქი. იმდენი ხანი მატარეს წინ და უკან, რომ ვერაფერი გავარკვიე. მერე მეუბნებიან, დამატებითი რესურსი რომ მოგცეთ, კიდევ ქონება უნდა დაგვიმატოო. დავუმატე ეს ქონება, _ პასუხი მათაც არ გამცეს. ბოლოს კი, უკვე 2010 წელს, როცა კრედიტს ვადა გაუვიდა, მითხრეს, გავიდა დრო, ქონება გაყიდე, წადი აქედანო. ეს ის პერიოდია, როცა სულ არჩევნებია, დაძაბულობა და არაფერი იყიდება. მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

_ ამის გამო თქვენმა ბიზნესმა რღვევა დაიწყო?

_ მალე ამერიკელ პარტნიორებთანაც დამეძაბა ურთიერთობა. მე 1999 წლიდან ვთანამშრომლობდი მათთან, 12 წელი ვუსრულებდი სამუშაოებს და არასდროს პრობლემები არ შემქმნია. ბოლო სამუშაოებს რომ ვამთავრებდი, ჩამოვიდა იმათი წარმომადგენელი, რომელსაც არ ეხებოდა ეს საქმე, და შემიჩერა კონტრაქტი. თან მეუბნება, აქამდე რაც გიკეთებია, ისიც არ მოგვწონსო. კი მაგრამ, თუ არ მოგწონს და თავიდანვე ცუდი იყო, შენი წინამორბედები აქ იყვნენ, ხელს მიწერდნენ, რატომ აკეთებდით ამას-მეთქი? ამის მიუხედავად, იმ კაცმა ორ დღეში შემიჩერა ყველაფერი, წავიდა ვისბადენში, სადაც არის მათი ოფისი, და იქიდან ისევ მეუბნებიან გააგრძელეო. რაც ფული მქონდა, სულ დავხარჯე, მივიტანე მასალები, გავეცი ხელფასები და ა. შ. ბოლოს კი, როცა სამუშაოები თითქმის მორჩა, კვლავ უარი მითხრეს და კონტრაქტი გამიუქმეს. შემდეგ ამას მოჰყვა ის, რომ ბანკში გაცემული გარანტიებიც ამერიკელებმა უკან წაიღეს, ხოლო თავის მხრივ ბანკმა გამიყიდა ერთი ბინა, გამიყიდა მეორე და ახლა მესამე  გაყიდვის პირასაა. მოკლედ, დამაქციეს.

_ კი მაგრამ, არ სცადეთ ამერიკელებთან იმის გარკვევა, რატომ გაგიუქმეს კონტრაქტი?

_ როგორ არ ვცადე. დავიწყე ჩივილი, მაგრამ ვერაფერი დამისაბუთეს.

_ ფიქრობთ, რომ ისინიც «ნაცმოძრაობის» დაკვეთით მოქმედებდნენ?

_ სხვა ახსნა ამას არ აქვს. სამწუხაროდ, ვერაფრით ვამტკიცებ, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ.

_ ბიზნესი, გასაგებია, რომ გაგინადგურეს, შემდეგ კიდევ რა შარი მოგდეს?

_ მერე თითქოს რაღაც დოკუმენტი გვქონია, რომელიც ყალბად იყო გაცემული და დაიწყო ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა. ყველა მეუბნებოდა: «ნაციონალებთან» დაპირისპირებას ცუდად დაამთავრებო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათი მოთხოვნების შესრულების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მერე დამიბარეს პროკურატურაში და დამიწყეს გამოკითხვა: რა ხდება? თქვენთან, როგორც ჩანს, რაღაც ფულები იკარგებაო. რა ფული, რა გინდათ-მეთქი. შემდეგ თანამშრომლებისთვის ხელის დადება მომთხოვეს, ამაზეც უარი ვუთხარი; მოკლედ მიხვდნენ, რომ მათთან არანაირ გარიგებაზე წამსვლელი არ ვიყავი და ბოლოს, 9 ივნისს დამიბარეს, როგორც მითხრეს, რაღაც დოკუმენტზე მქონდა ხელი მოსაწერი. რა ვიცოდი, რომ ამათ უკვე თანამშრომლებისთვის ჩვენებები ჰქონდათ ჩამორთმეული. მივედი და პირდაპირ მეუბნებიან: არ თანამშრომლობთ ხომ ჩვენთან? წამოდგა ერთი და წამიკითხა ჩემი უფლებები. შემოვიდნენ და დამადეს ხელბორკილები. Pროკურორმა კი ნიშნის მოგებით მითხრა: საპყრობილეში რომ წახვალ, გაიგებ «პრავის კაჩავი» როგორ უნდაო. ციხეში  საშინელება გამოვიარე. გამოსულს კიდევ დამხვდა ის, რომ ბანკმა არბიტრაჟს გადასცა ჩემი ქონება, დამხვდა გაყიდული ბინები და, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდი. მოკლედ, მთლიანად დამაქციეს. მერე მივმართე პრემიერ-მინისტრს, შესაბამის უწყებებსაც და დღემდე ველოდები რეაგირებას. მინდა, ვთხოვო მათ, რომ დამეხმარონ, ამხელა ორგანიზაცია მქონდა, ცამეტწლიანი ისტორია გვაქვს და 110-ზე მეტი ობიექტი გვაქვს აშენებული, ხომ არ შეიძლება, ასე ხაზი გადაგვისვან?!

_ თქვენ ციხიდან ისე გამოგხვედით, რომ განაჩენი გამოტანილი არ იყო. როგორ ფიქრობთ, დაახლოებით რამდენს მოგისჯიდა სასამართლო?

_ მოგეხსენებათ, ამათ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შემოიღეს. ამის გათვალისწინებით, ალბათ, 20-25 წელს მომისჯიდნენ.

_ დღეს რა დახმარებას სთხოვთ ხელისუფლებას?

_ ნორმალურ ქვეყნებში როგორც ხდება, _ როცა კრიზისია და ბანკებსა და კლიენტებს შორის იძაბება ურთიერთობა, სახელმწიფო ერევა, ანუ დამატებით რესურსებს აძლევს ბანკს, რომ კლიენტს გადაუვადოს კრედიტი. მე ამათ მეტს კი არაფერს ვთხოვდი, არც სადაზღვევოს და არც ბანკს. ციხიდან ახლა გამოვედი, სამუშაოები ხომ უნდა ავიღო თავიდან? როგორ ავიღო, თუ არ დამაცდიან?! ასეთ აბსურდულ წრეში ვართ, გამოუვალ მდგომარეობაში და ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მოიცლის ჩვენთვის, თუ არა და მე ვერ გადავრჩები, რა გავაკეთო, რაც მებადა ყველაფერი გამიყიდეს. მოკლედ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ და კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, ყველა შესაბამის უწყებას, _ მოგვაქციონ ყურადღება. სხვანაირად მე, როგორც გითხარით, ვერ გადავრჩები. ჩემი ოჯახი განწირულია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ნუგზარ დვალი, ერთადერთი თუ არა, ერთერთი მართლაც ღირსეული ბიზნესმენია მათ შორის, ვინც სინდისი კეთილდღეობაზე არ გაცვალა და სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობას ფინანსური რესურსების მიშველებაზე იმთავითვე ცივი უარი განუცხადა. ახალი ხელისუფლების ვალია, მიმდინარე საგამოძიებო პროცესის კვალდაკვალ სამართლიანობა აღადგინოს და ყურადღება მიაქციოს ამ ადამიანს, მის ოჯახს, რომელიც დღეს უდიდესი პრობლემის წინაშე იმყოფება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here