Home რუბრიკები სამართალი ნორა კვიციანი: ზუგდიდის ციხე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო

ნორა კვიციანი: ზუგდიდის ციხე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო

1586

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის მსხვერპლთა რაოდენობამ, როგორც მოგეხსენებათ, ასეულებს გადააჭარბა. დაწყებული ბიზნესით, დამთავრებული მედიითა და სასამართლო ხელისუფლებით, ტოტალურმა განუკითხაობამ საკუთარი დაღი თითქმის ყველა სფეროს დაასვა. «საქართველო და მსოფლიო» იწყებს ახალ რუბრიკას სახელწოდებით «შავი წიგნი», რომლის მიზანსაც, უწინარესად, რეჟიმის მიერ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ პირთა ისტორიების ერთგვარი აღნუსხვა წარმოადგენს. მოგვიანებით, ცხადია, უფლებათა ხელყოფის სხვა ფაქტებსაც შევეხებით. ამჯერად კი ნომრის სტუმარია კოდორის ხეობის ყოფილი გამგებლის, ემზარ კვიციანის და, 2006 წლის 29 ივლისს უკანონოდ დაპატიმრებული ნორა კვიციანიარღვლიანი.


_ ქალბატონო ნორა, სანამ დეტალებზე გადავალთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მოვლენები უძღოდა წინ «ნაცხელისუფლების» მხრიდან თქვენსა და თქვენი ოჯახის დევნას. 2004 წელს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ბატალიონ «მონადირეს» სრული მხარდაჭერა აღუთქვა და, თუ არ ვცდები, მაშინ გარკვეული სახის შეიარაღებაც შეიტანა სამინისტრომ ხეობაში. შემდეგ ამ შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელისუფლებამ იურიდიული სტატუსი მოუხსნა. შესაბამისად, იგი უკანონო ფორმირებად იქცა. უამრავი კითხვაა დღემდე პასუხგაუცემელირა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?

_ გია ბარამიძე 2004 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა კოდორის ხეობაში. ჩაატარა მცირე ყრილობა და დაგვპირდა, რომ ყველანაირად გვერდით დაგვიდგებოდა. უშგულის უღელტეხილიდან იარაღი შემოზიდეს. ბატალიონი მართლაც კარგად აღიჭურვა. მერე დაინიშნა ოქრუაშვილი და მან გააუქმა დაჯგუფება. ხალხს იარაღი შერჩა. საწყობები სავსე იყო სამხედრო ტექნიკით. ამასთან დაკავშირებით ჩემგან წამოვიდა არა ერთი სატელეფონო ზარი, პარლამენტსაც მივმართე _ რას შვრებით, რას აკეთებთ-მეთქი, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი; უკანონო ფორმირებად ვიქეცით, ამ დროს ხეობა დასაცავი იყო. ჩვენ ვითხოვდით, ან დაებრუნებინათ ჩვენთვის იურიდიული სტატუსი, ან რამენაირად დაეცვათ ჩვენი უსაფრთხოება. ამისთვის ხელისუფლებამ 2006 წელს ჯარი შემოიყვანა და დაარღვია ხელშეკრულება აფხაზებთან და რუსებთან, რომელიც 1994 წელს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ხეობაში არც ერთი ქართული დანაყოფი არ უნდა ყოფილიყო, ადგილობრივებისგან დაკომპლექტებულის გარდა. პირველი ეჭვიც და უნდობლობაც მაშინ გაჩნდა. ემზარი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა. ის სამი წლის განმავლობაში ხეობაში არ იყო ნამყოფი, რომ დაბრუნდა, თანაც ძალიან აგრესიული, გამიკვირდა. დავურეკე და ვკითხე, რას შვრები-მეთქი. მე ვიცი, რასაც ვშვრები, ესენი ხეობის ჩაბარებას აპირებენ და ცოცხალი თავით არ დავთმობო. მერე გაუწია წინააღმდეგობაც და მოხდა ის უბედურება, რაც ყველამ ვნახეთ.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ შეიტანა ბარამიძემ ხეობაში იარაღი, თუკი ფორმირებისთვის იურიდიული სტატუსის გაუქმება იყო დაგეგმილი?

_ ეს იყო მიზანმიმართული გეგმა, რომ სალაპარაკო ჰქონოდათ: აი, ფორმირება შეიარაღებულია და არ გვემორჩილებაო. სხვა ახსნა ამას არ აქვს. მერე იყო პოლიტიკოსების სატელეფონო ზარები, მაგრამ ჩემი ძმა არავის ენდობოდა.

_ სამხედრო ოპერაციაც მყისიერად ჩატარდა.

_ დაბომბვა რომ დაიწყო, გვეგონა, რუსები შემოვიდნენ. რას ვიფიქრებდით, თუ ქართული თვითმფრინავები გვესროდნენ. პირდაპირ ჩვენს ეზოს დაარტყეს. მერე ტყეში გავიქეცით და იქაც გვბომბავდნენ. მოსახლეობაში წივილ-კივილი ატყდა, იყო პანიკა. მეზობლის ქალს ჭურვი დაეცა… მე არ ვიცი, ეს ამათ როგორ უნდა ეპატიოთ. არავინ ამაზე არ რეაგირებს, გაოგნებული ვარ… ჩვენი სახლიდან ყველაფერი გაზიდეს, წარმოიდგინეთ, კოვზი რომ კოვზია, ისიც არ დატოვეს. სამი დღის შემდეგ კი მოტყუებით ამიყვანეს სოფელ აჟარაში, იქიდან _ ზუგდიდში და მერე უკვე თბილისში გადამიყვანეს. სამკაულები მოიხსენითო, რომ მითხრეს, მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა.

_ მანამდე არ გეგონათ, რომ დაგაპატიმრებდნენ?

_ რის გამო უნდა დავეპატიმრებინე? აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები წამიყენეს. რას ვიფიქრებდი, რომ ამ აბსურდული ბრალდებებით ციხეში აღმოვჩნდებოდი.

_ ყველაფრის მიუხედავად, პარლამენტმა თქვენ პოლიტპატიმრის სტატუსი არ მოგანიჭათ. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ მე არ ვიცი, რატომ, მაგრამ გამოვიდა ქალბატონი ბესელია და თქვა, სპეციალურად შევიტანეთ საკონსტიტუციო ცვლილებებში მეოთხე მუხლი, რომ ამ ხალხს პოლიტპატიმრის სტატუსი მისცემოდაო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, ეს მუხლი ამოღებული იყო. როცა ვიკითხე, რა ხდება, რატომ არ გვაძლევთ სტატუსს-მეთქი, ასე მითხრეს, ჩვენ ამისთვის სხვა გზებს მოვნახავთო. აგერ უკვე რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და არაფერი ისმის. რა გავაკეთო? ჩემი ოჯახი დაზარალებულია. ჩემი ძმის ცოლ-შვილი ღია ცისქვეშაა დარჩენილი. ბინა წაართვეს, ხან სად ათევენ ღამეს ბავშვები, ხან _ სად.

_ ბინა რის გამო წაართვეს?

_ 2006 წელს ჩვენ ყველაფერი ჩამოგვართვეს. ქონების კონფისკაცია მოხდა.

_ და რა მდგომარეობაშია ახლა ის ბინა?

_ ცარიელია. ჩემი ძმის მეუღლე და შვილები რომ ჩამოვიდნენ, წასასვლელი არსად ჰქონდათ და შევიდნენ. მაშინვე თავს დაადგნენ, ბინა ეკონომიკის სამინისტროს აწერია, სასწრაფოდ დატოვეთო. დროებით მაინც დავრჩებით, სანამ რამე გაირკვევაო, უთხრეს, ამაზეც წინააღმდეგი წავიდნენ.

_ სვანეთში რა ქონებაც გაგაჩნდათ, იმის კონფისკაციაც მოხდა?

_ იქ საერთოდ ყველაფერი გაანადგურეს, ემზარის სახლი _ თავისთავად და ჩემიც. ჯარმა არაფერი დატოვა. საფლავებს თხრიდნენ, წარმოიდგინეთ, ჩემი ქმრის საფლავის ამოთხრაც კი უნდოდათ, მამა გიორგი გურჩიანი ჩაერია და არ მისცა უფლება. ასეთი რეპრესირებულები ვიყავით ჩვენ ამათგან. ასევე დევნიდნენ ჩემს შვილებს, ახლობლებს, ნათესავებს და ყველას, ვისთანაც კი რამე შეხება გვქონდა.

_ ციხეში რა პირობებში იყავით?

_ ზუგდიდის ციხე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. რაც შეეხება რუსთავის კოლონიას, იქ კამერაში ვიყავით 52 ადამიანი და ტუალეტი გვქონდა მარტო ერთი. იმ ე. წ. ბუნტის შემდეგ გადაგვიყვანეს დახურული ტიპის საპყრობილეში, სადაც წელიწადი და 6 თვე ვიყავით, შემდეგ დაგვაბრუნეს მატროსოვზე და იქიდან კი _ უკვე ახლადაშენებულ დაწესებულებაში. შენობა წესიერად გამომშრალი არ იყო, კედლებს ბეტონის სუნი ასდიოდა; წყალი მოდიოდა ისეთი, დასალევად კი არა, ფეხის დასაბანად არ ვარგოდა _ ჟანგიანი, საშინელი. აი, ასეთ პირობებში კარანტინი გამოგვიცხადეს, ჩაგვკეტეს და უჰაერობაში გვამყოფეს ათი დღე. ეს ათი დღე საჭმელი ჩვენ არ გვქონდა, სასმელი და ლაპარაკიც აგვიკრძალეს. ამანათის შემოტანაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. რამდენი დაავადდა ჭლექით, რამდენი გახდა ავად… საშინელება ხდებოდა. ამის მიუხედავად, ყური არავის შეუბერტყავს.

_ თქვენ ბუნტი ახსენეთ. რა მოხდა მაშინ რეალურად?

_ ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია. პატიმრები ყოველდღე გაჰყავდათ, სანამ არ დაწერეს აღიარებითი ჩვენება, რომ თითქოს მათ დაგეგმეს აჯანყება. სინამდვილეში მომიყვნენ, როგორ დაწვა და დალეწა სპეცნაზმა კამერებში ყველაფერი. როგორ სასტიკად იქცეოდნენ. ბოლოს კარი დაგვიტოვეს ღია, მაგრამ კიდევ კარგი, პატიმრებს ჭკუა ეყოთ და გარეთ არავინ გავიდა…

_ რომ გასულიყვნენ, რა მოხდებოდა?

_ იქვე ჯარი იყო ჩასაფრებული, მაშინვე ცეცხლს გახსნიდა. ყველას დახოცავდა.

_ დაადასტურებს ამ ყველაფერს რომელიმე პატიმარი?

_ მათ უკვე დაწერილი აქვთ საჩივარი. ეს ნაწამები ადამიანები ამას ასე არ დატოვებენ.

_ მეხუთე წელია, სტრასბურგის სასამართლოში დევს თქვენი საქმე, «კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ». რა ეტაპზეა ეს საქმე დღეს?

_ ჯერჯერობით არაფერი ისმის, შედეგებს ველოდები.

_ როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს თქვენი საქმის გამო?

_ აბსოლუტურად ყველასი, ვინც ეს საქმე შეთითხნა. დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული ცრუ მოწმეებით.

_ ვინ იყვნენ ეს ცრუ მოწმეები?

_ ლაურა მაკარაძე, ბესიკ წულაია და სხვები. ასევე ლომის წილი მიუძღვის საქმის გაყალბებაში გამომძიებელ ალექსანდრე ბექაურს, რომელმაც მოსახლეობა დაკითხა… ზუგდიდის სასამართლოში პროკურორი იყო ზურაბ ლორია. ამ კაცმა 18 წელი მოითხოვა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს პროცესები ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მიჰყავდა, თავს ვერ იმაგრებდა, იქვე ეძინებოდა.

_ «მონადირის» დაშლის შემდეგ, როგორც ვიცი, რეპრესიები მის წევრებსაც შეეხოთ. სად არიან დღეს ბატალიონის ბიჭები?

_ მათი უმეტესობა გაანადგურეს. მაგალითად, რომან მარგველიანი, რომელიც იყო მართლა გმირი და 14 წელი კბილებით იცავდა ხეობას, ზუგდიდის ციხეში ისე აწამეს, რომ ჯანმრთელობა სრულიად გაუნადგურდა. მერე ორთაჭალის საპყრობილეში გადაიყვანეს და იქ მოკლეს. ასევე ცემითა და წამებით მოკლეს ქსანში ზაზა გერლიანი.

_ ვინ უნდა აგოს თუნდაც ამ ორ კონკრეტულ შემთხვევაზე პასუხი?

_ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ მე მაქვს კითხვა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უშუალოდ სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და რა თქმა უნდა, ოქრუაშვილთანაც: რატომ დაარღვია 2006 წელს შეთანხმება აფხაზებთან და ოსებთან და რატომ შემოიყვანა ხეობაში ჯარი? და თუ ამას აპირებდნენ, რატომ დაურიგეს მანამდე იარაღი ადგილობრივების ბატალიონს? გამოვიდეს და გაგვცეს ამ კაცმა პასუხი. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ეს საქმე თავიდან ბოლომდე შესასწავლია და, თუ ობიექტური დასკვნა დაიდება, ძალიან ბევრს მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა… მაშინდელმა ხელისუფლებამ დროშა აღმართა ჩემი სახლის თავზე და გამარჯვება იზეიმა, კოდორი დავიბრუნეთო. მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ეს არამარტო კვიციანების და არღვლიანების პრობლემაა, არამედ მთელი ერის, იმიტომ, რომ დაკარგულია მიწა-წყალი, რომელსაც 14 წელი კბილებით ვიცავდით. ამის პატიება არ შეიძლება! ამ ვერაგული გეგმის ავტორები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ, სააკაშვილით დაწყებული და მერაბიშვილით დამთავრებული.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. სად არის სამარტალი კალბატონო ნორა?? Gმერტმა გაგაძლიეროტ ტკვენ და ყველა ის ადამიანი ვინც ამ საშინწლი პაშისტური ნაცების მსხვერპლი გახდა.. ღმერტი გპარავდეტ ყველას და სრულიად საკარტველოს, ამინ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here