Home რუბრიკები საზოგადოება ქარიშხალი ჭიქაში, ანუ ონკოცენტრის ირგვლივ აგორებული სკანდალი

ქარიშხალი ჭიქაში, ანუ ონკოცენტრის ირგვლივ აგორებული სკანდალი

947

«Amicus Plato, sed magis amica veritas» _  «პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია»  (არისტოტელე)

ყველა ცივილიზებული ქვეყნის მიზანია საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სამედიცინო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად აცნობიერებს ჯანდაცვის წინაშე არსებულ პრობლემებს, იმას, თუ რაოდენ რთულია რესურსების დეფიციტის პირობებში ადამიანის ძირითადი უფლების _ ჯანმრთელობის დაცვა  და სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

 

ჩვენთვის, ექიმებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ახალ მთავრობას ჯანდაცვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად აქვს მიჩნეული.

დღევანდელი ჩვენი მომართვის მიზანია, გავამახვილოთ ყურადღება ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში ბოლო დროს პრესითა და ტელევიზიით აგორებულ კამპანიებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხების წამოწევასა და სახელმწიფო რეგულაციებში ჩარევას. უკვე მეოთხე თვეა, არ წყდება აჟიოტაჟი საქართველოს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ირგვლივ. პრობლემა აწუხებს არა მარტო ცენტრის თანამშრომლებს, არამედ მთელ სამედიცინო საზოგადოებას, ხოლო პრეცედენტის განზოგადება იწვევს ანალოგიური პროცესების ინიციაციას სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. მავანთ უჩნდება ინტერესი და ამბიცია, ისარგებლონ რთული გარდამავალი პერიოდით, შეცდომაში შეიყვანონ ფართო საზოგადოება და კონფლიქტში სხვა მხარეები ჩართონ, მათ შორის სამთავრობო უწყებებიც.

ამგვარი «ბრალდებები» პერმანენტულად ჟღერს ონკოცენტრის ადმინისტრაციის მიმართაც. ჩვენ ისინი უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად მიგვაჩნია.

მოწოდებები, რომლებიც ეხებოდა ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის აღორძინებას, დარგის განვითარების პერსპექტივას და სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ ონკოლოგიის დაბრუნებას, აღმოჩნდა შირმა, რომლის მიღმაც წამოიჭრა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც პირადული ანგარიშსწორებისა და ინტერესთა კონფლიქტის აშკარა ნიშნებითაა დაღდასმული.

ე.წ. საინიციატივო ჯგუფისა და მისი ადვოკატის მიერ წამოჭრილი სს «ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიური ცენტრის» ქონების პრივატიზების კანონიერების, ეკონომიკის სამინისტროსა და უცხოელ ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მართლზომიერების დადგენისა და ცენტრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების საკითხები, ვფიქრობთ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე უნდა გადაწყდეს. ცენტრის პრივატიზებისა და სახელმწიფო დოტაციაზე აყვანის საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის საგანია და სცილდება ცენტრის ადმინისტრაციის, მით უფრო ცალკეული («საინიციატივო») ჯგუფების კომპეტენციას.

ცრუ ბრალდებების კასკადი, თითქოსდა დაწესებულებაში არსებული «ანტისანიტარიის», «არარსებული» ან «ნახევარი» ანალიზების წარმოების, წარმოუდგენელია საიდან მოტანილი «მილიონების არამიზნობრივი ხარჯვის» შესახებ. ყოველივე ეს არის მიზანმიმართული «შავი პიარი», რომელიც ემსახურება დაწესებულების და ცენტრის ადმინისტრაციის დისკრედიტაციას და არც ერთ შემთხვევაში არ არის მიმართული დარგის განვითარების ან პაციენტთა ინტერესების დაცვისკენ.

Primum non nocere _ «არ ავნო» _ სამედიცინო ეთიკის ეს ფუნდამენტური პოსტულატი კარგადაა ცნობილი ყველა ექიმისთვის.

თუმცა რომელ საექიმო ეთიკაზეა საუბარი, როცა განცხადებებს დაწესებულებაში არსებულ «გაუსაძლის პირობებზე» აკეთებენ ის პიროვნებები, რომლებიც მუშაობდნენ ამ ცენტრში და ზოგიერთი მათგანის თვიური ანაზღაურება რამდენიმე ათეულ ათას ლარს შეადგენს. 

არასოდეს დაგვიმალავს ჩვენთან არსებული პრობლემები. პირიქით, შესაბამის ინსტანციებში არაერთი წერილი გაიგზავნა დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ამ პრობლემების გაუთავებელი საჯარო განხილვა გამართლებურად არ მიგვაჩნია. ამას არ სჭირდება არც ქუჩის აქციების მოწყობა და არც ყვითელი პრესის გამოყენება, მით უფრო, რომ ასეთ ქმედებებს, როგორც წესი, სიტუაციის დაძაბვა მოჰყვება, ვიდრე გამოსწორება. მოლაპარაკება ერთადერთი გამოსავალია. ვინ, თუ არა ექიმებმა, უნდა იზრუნონ საკუთარი პროფესიის ღირსების დაცვაზე, იზრუნონ თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმით და არა უღირსი ინტრიგებით.

Cui bono? Cui prodest? _ ვისთვისაა კარგი? ვინ მოიგებს?

მხოლოდ ჯანსაღ კონკურენციას, კეთილსინდისიერ ოპონირებასა და ღირსეულ მოტივაციას ძალუძს, აიყვანს სამედიცინო სექტორი სათანადო დონეზე, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ცნობილია, რომ ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის ფაქტორი მკურნალობის ეფექტიანობის პირდაპირპროპორციულია. ყველა ჩვენგანს გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც ტელევიზიით არ წყდებოდა ბრალდებები ექიმების მიმართ _ ლამის ყველა ლეტალური შემთხვევა იხილებოდა მასმედიის საშუალებებით, განუწყვეტლივ ისმებოდა საკითხი ექიმის ბრალის დადგენისა და პასუხისმგებლობის თაობაზე. ასეთი პუბლიკაციები და სატელევიზიო გამოსვლები უარყოფით ზეგავლენას ახდენს პაციენტებზე და, ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობაზე _ იკარგება ნდობა ექიმის, სისტემის, სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ. ანალოგიური საკითხების გადასაჭრელად არსებობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, «უწყვეტი პროფესიული განათლების საბჭო», კომპეტენტური პროფესიული ასოციაციები და კავშირები.

Respice finem _ იფიქრე შედეგზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, შეწყდეს სამედიცინო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა, შეწყდეს ცილისწამება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები. ყველა საკითხი განხილულ იქნას მოლაპარაკებისა და ურთიერთპატივისცემის გზით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენტური უწყებების დონეზე.

მაკა მაღლაკელიძე,

ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის

დირექტორის მოადგილე კიბოს კონტროლის დარგში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here