Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერები გვთავაზობენ, მთავრობა არ რეაგირებს

მეცნიერები გვთავაზობენ, მთავრობა არ რეაგირებს

1008

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციის მიერ მოწყობილი «მრგვალი მაგიდა» ქვეყანაში ერთ დროს წარმატებული დარგის, მეაბრეშუმეობის, პრობლემებს მიეძღვნა. მდგომარეობა კატასტროფულია, პერსპექტივა _ ბუნდოვანი, და არც არაფერი გვეშველება, თუ ქართველი მეცნიერების წინადადებები, რომლებიც დღეს გამოქვეყნებულ მოკლე ანგარიშშია წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ ისევე უყურადღებოდ დარჩება, როგორც აქამდე ჩვენი ამ რუბრიკით გამოქვეყნებული სხვა შემოთავაზებები. დღევანდელ «მრგვალ მაგიდაში» მონაწილეობენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ნიკოლეიშვილი, აკადემიის წევრკორესპონდენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა შაფაქიძე და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერითანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი ნარგიზ ბარამიძე.


გიორგი ნიკოლეიშვილი:

_ გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად ვაწარმოებდით 4,0-4,5 ათას ტონა აბრეშუმის პარკს და ყველა დონის ბიუჯეტი 15,5-16,5 მილიონი მანეთით ივსებოდა.

მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, აბრეშუმის მრეწველობაში _ 5-6 ათასი კაცი. დარგში კონცენტრირებული იყო მძლავრი ინტელექტუალური რესურსი და სოლიდური კაპიტალური დაბანდება.

დღეს თითქმის მთლიანად განადგურებულია მეაბრეშუმეობაც და სამეცნიერო პოტენციალიც. სოფლის მოსახლეობამ პარკის წარმოების შემცირებით მიყენებული ზარალი სხვა დარგებიდან მიღებული შემოსავლით ვერ გადაფარა.

დარგი თავიდანაა ჩამოსაყალიბებელი. მეაბრეშუმეობის გასაჭირზე დღეს ბევრი საუბრობს, საქმეში ჩახედული და ჩაუხედავიც, თანაც განვითარების ისეთ ტემპებს გვთავაზობენ, რაც ფანტაზიის სფეროსაც კი სცილდება.

 უნდა გვახსოვდეს, რომ «ახლადდაკრეფილი და ქორფა ფოთლით ჭიის გამოკვების აუცილებლობა მეაბრეშუმეობას აძლევს მკვეთრად შემოფარგლულ სეზონურ ხასიათს» და რომ «მეაბრეშუმეობა ყველაზე მეტად გავრცელებულ რაიონებშიც კი იყო და რჩება სოფლის მეურნეობის დამხმარე დარგად, რომლის წარმოება განისაზღვრება შრომის თავისუფალი რესურსებისა და არსებული ან შესაძლებელი საკვები ბაზის მაქსიმალური გამოყენების» გათვალისწინებით.

_ აშკარაა, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ასე, ხელის ერთი დაკვრით მოიშალა ყველაფერი?

გიორგი ნიკოლეიშვილი:

_ არა, რა თქმა უნდა.

საქართველოში მეაბრეშუმეობამ განვითარების აპოგეას მიაღწია გასული საუკუნის 60-იან წლებში. მაგრამ სწორედ ამ ეტაპზე (1964 წ.) გავრცელდა თუთის დაავადება _ ფოთლის სიხუჭუჭე და 15 მილიონამდე ძირი თუთა გაანადგურა. ამას დაემატა მიწების პრივატიზების დროს დაშვებული შეცდომები და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ძირითადი მიზეზი მაინც ის იყო, რომ იმ დროს არსებული 5 სელექციური და რამდენიმე ინტროდუცირებული ჯიშიდან წარმოებაში (ძირითადად) მხოლოდ ჯიში «საქართველო» დაინერგა, რომელიც მეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა ხსენებული დაავადებისადმი. ჩვენ, მეცნიერებს, მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ რეგიონებში, მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში 3-5 რეკომენდებული ჯიში მაინც უნდა გავავრცელოთ. ამასთან, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ვარჯში რეკომენდებული თუთის ჯიშების კვირტით გადამყნობას და ერთეული (ხაზობრივი) ნარგაობის გაშენებას. ამასთან, ფერმერულ მეურნეობებში ოპტიმალური ზომის ინტენსიური პლანტაციებიც უნდა გავაშენოთ. გვაქვს სხვა კონკრეტული წინადადებებიც.

_ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ხომ არ მიგაჩნიათ დარგში შექმნილი კრიზისის ძირითად მიზეზად?

გიორგი ნიკოლეიშვილი:

_ არა. მეაბრეშუმეობა კლასიკური საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში შესანიშნავად არის განვითარებული და საქართველოშიც წარმატებით ფუნქციონირებდა გეგმიანი ეკონომიკის პირობებში. მიზეზი საბაზრო ეკონომიკაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ხელმძღვანელობაში დაშვებულ შეცდომებში. ასეთი დასკვნის საშუალებას ის გვაძლევს, რომ ქვეყანაში წარმოებული პარკის საერთო რაოდენობაში «საკარმიდამო» მეაბრეშუმეობის ხვედრითი წილი 95-98 პროცენტს შეადგენდა, ანუ წარმოება იყო დივერსიფიცირებული, მობილური და ახალი გარემოსადმი ადაპტირებული, რაც დარგის ხელმძღვანელებმა ვერ გამოიყენეს.

ელგუჯა შაფაქიძე:

_ საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ხელს უწყობდა როგორც ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და კარგი ბუნებრივი პირობები, ისე მცირემიწიანობის გამო სოფლად დაუსაქმებელი მუშახელის სიჭარბე. ეს პრობლემა დღევანდელ სოფელში უფრო მწვავედ დგას, ვიდრე წარსულში, მაგრამ მეაბრეშუმეობის აღორძინების პარალელურად შემცირდება.

ჩვენი გაანგარიშებით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში შეიძლება ვაწარმოოთ 280-300 ტონა ცოცხალი პარკი და შევქმნათ 2,5-3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, არცთუ შორეულ პერსპექტივაში კი 2,5-3 ათასი ტონა პარკის წარმოება და 11-12 ათასი კაცის დასაქმება რეალურად მიგვაჩნია. სამომავლოდ 4-4,5 ათასი ტონის (1964 წლის დონე) პარკის წარმოება რეალური პერსპექტივაა.

_ ამის მისაღწევად რის გაკეთებას შესთავაზებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს?

_ პირობების შექმნას საიმისოდ, რათა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს შრომითი რესურსებისა და სავარგულების რაციონალური გამოყენება, სოფლის მოსახლეობის ოჯახობრივი დასაქმება.

მოსახლეობაში  შემორჩენილია დარგისადმი სიყვარული, გამოცდილება, გაგვაჩნია მეცნიერული პოტენციალი, არიან სპეციალისტები, მეაბრეშუმეობის აღდგენით დაინტერესებული ენთუზიასტები.

_ უფრო კონკრეტულად?

_ საკვები ბაზის აღდგენა და ყოველმხრივი განმტკიცება; წარმოებული აბრეშუმის პარკის პირველადი გადამუშავებისა და ხამი ძაფის წარმოებისთვის საჭირო დაზგა-დანადგარების შეძენა, ძაფის რეგიონული ამოხვევის უზრუნველყოფა, ფერმერებისთვის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების (თუთის ექსპლუატაციის და საკვების მოსამზადებელი მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები, მარტივი კონსტრუქციის საჭიე შენობები და მათში განლაგებული გამოსაკვები მოდერნიზებული თაროები ან მექანიზებული გამოსაკვები დანადგარები, ნედლი პარკიდან ძაფის ინდივიდუალურად ამოსახვევი მექანიკური დაზგები და ა. შ.) შექმნა და მიწოდება ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება; საგრენაჟო ქარხნებისა და სასელექციო სადგურების რეაბილიტაცია და მათ ბაზაზე თუთის აბრეშუმხვევიას ადგილობრივი ჯიშების ჰიბრიდული გრენის წარმოება, მათ შორის საექსპორტოდ; კუსტარული მეწარმეობის მივიწყებული ტრადიციების აღდგენა და ადგილობრივ ნაწარმზე ტურისტთა მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება; თუთის მცენარის მრავალმიზნობრივი გამოყენება, ინტეგრაციის გაღრმავება, მმართველობის სისტემის სრულყოფა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

_ გვეყოფა კი კვალიფიციური კადრები ამ ღონისძიებათა განსახორციელებლად?

ნარგიზ ბარამიძე:

_ ამ კუთხით მდგომარეობა არასახარბიელო, შეიძლება ითქვას, კატასტროფულია. არადა, საქართველო მეაბრეშუმეობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ყოველთვის გამორჩეული იყო მსოფლიოში. 1959 წელს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს შეუერთდა და ჩამოყალიბდა მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ფაკულტეტის სახელწოდებით, რომელიც შემდეგ სასწავლო-კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა. სასწავლო-კვლევითი დაწესებულების ასეთი ფორმა უპრეცედენტო იყო აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში და ითვლებოდა სწავლებისა და მეცნიერების გაერთიანების ოპტიმალურ მოდელად.

სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ამ მიმართულებით ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება წყალში გადაიყარა და, თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში დარგის სპეციალისტები აღარ გვეყოლება.

ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულში მეაბრეშუმეობის კრიზისთან დაკავშირებით პოზიციები დავთმეთ. დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დაიხურა მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი, 2006 წლის განათლებისა და მეცნიერების რეფორმის შედეგად სამუშაოდან დაითხოვეს გამოცდილ თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა, დაითხოვეს ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, სრულიად განსხვავებულ სფეროში დაეწყოთ მუშაობა. მდგომარეობა საგანგაშოა მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, სადაც სამი-ოთხი თანამშრომელია შენარჩუნებული.

ვეკითხებით ე. წ. საქვეყნოდ «აღიარებულ» რეფორმატორებს, რამდენი წელიწადი სჭირდება მაღალი დონის სპეციალისტის აღზრდას? თუ ასე გაგრძელდა ერთ-ორ წელიწადში არამარტო სპეციალისტების, არამედ ინკუბისტების, ძაფის ამომხვევისა და სხვა კატეგორიის მუშებიც უცხოეთიდან მოსაწვევი გაგვიხდება.

გიორგი ნიკოლეიშვილი:

_ უკანასკნელ ოცწლეულში შესაბამისმა სამინისტროებმა, უწყებებმა, მეაბრეშუმეობის ინსტიტუტმა და ცალკეულმა ავტორებმა შეიმუშავეს დარგის განვითარების მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო წარმოებაში ვერ დაინერგა. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა კვეზერელისა და გოროზიას მინისტრობის პერიოდებში. მართალია, მეაბრეშუმეობისადმი ინტერესი თვით საზოგადოებაში გაჩნდა, მეაბრეშუმეობით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაციები, საპატრიარქო, ბიზნესმენები, კერძო პირები, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურმა საბჭომ 2010 წლის 25 ივნისს განიხილა საკითხი «საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შემუშავებისა და მისი მეცნიერული უზრუნველყოფის შესახებ», შექმნა წარმომადგენლობითი კომისია, რომელმაც შეიმუშავა და გამოსცა «საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლებისთვის». კომისია ინტენსიურად მუშაობს «ხონის რაიონში მეაბრეშუმეობის გადარჩენა-რეაბილიტაციის, განადგურებული «საკვები» ბაზის აღდგენის, პარკის წარმოებისა და კუსტარული რეწვის მივიწყებული ტრადიციების აღორძინების» საინვესტიციო პროგრამის შედგენაზე.

საბედნიეროდ, ახალმა მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად დასახა. ამასთან, FAO-ს რეგიონული ორგანიზაცია BACSA (შავი, კასპიის ზღვის და ცენტრალური აზიის ქვეყნები), რომელიც ამუშავებს რეგიონში დარგის განვითარების ხელშემწყობ პროგრამას ევროსაბჭოში წარსადგენად, სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს მეაბრეშუმეობით. მიმდინარე წლის 5-12 აპრილს იტალიაში ჩატარდება ხსენებული ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მოისმენს კონცეფციის ავტორთა მოხსენებებს. პრობლემის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველო სოლიდურ დახმარებას მიიღებს დარგის აღორძინებისთვის, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს დარგის რეაბილიტაციის პროცესს.

რედაქციისგან:

იმედი, სამომავლო გეგმები, როგორც ყოველთვის, აქაც სახეზეა. მაგრამ განხორციელდება კი? სანამ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, პუბლიკაციის დასაწყისში გამოთქმული ეჭვი ძალაში რჩება.

 

2 COMMENTS

  1. მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების შესახებ გავეცანი ინფორმაციას.დარგის განვითარებით დაინტერასებული უნდა იყოს სახელმწიფო და ხელი უნდა შეუწყოს დარგის განვითარებით დაინტერესებულ კერძო პირებსა თუ ფერმერებს.მეაბრეშუმეობა ფაქტიურად არ არსებობს,ამიტომ მისი განვითარებისათვის საჭიროა, როგორც მატერიალური ბაზა ,შრომითი რესურსები,ასევე დრო.
    აბრეშუმის წარმოებისათვის საჭიროა საკვები ბაზის განვითარება,თუთის ხეების პლანტაციები საქართველოში კი დღესდღეობით არ არსებობს.ამიტომ უნდა შეიქმნას თუთის ხეების სანერგე მეურნეობა,ან სანერგე მეურნეობებმა უნდა
    გაავრცელონ თუთის ხეების ნერგები.პლანტაციის გაშენება და განვითარება კი თავის მხრივ რამოდენიმე წელიწადს მოითხოვს.
    შემდეგ უნდა შეიქმნას საჭიე შენობები,რომელშიც თაროები იქნება განლაგებული და გამოიკვებება აბრეშუმის ჭიები.
    მეაბრეშუმეობის დარაგის განვითარება საკმაოდ რთული დახანგრძლივი პროცესი იქნება,ამიტომ ერთი ან ორი ადამიანის ძალისხმევა და თავდადება საკმარისი არ იქნება.ამიტომ ვალდებულია დარგის განვითარებით დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები და გამოჰყონ თანხა,უპროცენტო სესხებიც კი.
    მეაბრეშუმეობის აღდგენა შესაძლებელს ხდის დასაქმდეს სოფლის მოსახლეობა,რაც ხელს შეუწყობს სოფელში მცხოვრებთა დარჩენს.

  2. ძალიან საშური საქმეა ,მოსახლეობას გაუუმჯობესებს ეკონომიურ პირობებს რაც მალე მოგვარდება მით უფრო კარგი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here