Home რუბრიკები საზოგადოება კონსტიტუციის 50-ე მუხლს პრეზიდენტი გამოჰყავს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად, ხოლო პარლამენტი დასცინის მას

კონსტიტუციის 50-ე მუხლს პრეზიდენტი გამოჰყავს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად, ხოლო პარლამენტი დასცინის მას

659

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ბატონ დავით ბაქრაძეს

მოგესალმებით. თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ოთხჯერ მოგმართეთ წერილობით (#2482 _ 3.02.2009 .; #6146 _ 9.03.2009 .; #6179 _ 9.03.2009 .; #3981 _ 5.04.2011 .) და არც ერთხელ პასუხი არ მიმიღია. პასუხები არ მიმიღია არც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილზე (#29780 _ 23.12.2010 .) და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან (#3224 _ 22.03.2012 .).


ბოლოს დავრწმუნდი, რომ წერილებზე პასუხგაუცემლობა თქვენთან წესად ყოფილა დამკვიდრებული; ვცდებოდი, რომ მოგმართავდით.

ამ წერილებში გიზიარებდით ჩემს მოსაზრებებს კონსტიტუციის 50-, 73-, 87-, 100- მუხლებისა და კანონების _ «საქართველოს თავდაცვის შესახებ» და «სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ».

მათში აღვნიშნავდი, რომ ეს დოკუმენტები შედგენილია სამხედრო საქმეში ჩაუხედავი პირების მიერ სამხედრო ხელოვნების, კანონებისა და წესდებების სრული იგნორირებით და ხშირად ისინი წარმოადგენს უცხო ქვეყნების დაზვერვებისთვის ღია, საიმედო და უფასო საინფორმაციო წყაროებს ჩვენი ქვეყნის და შეიარაღებული ძალების მდგომარეობისა და შესაძლებლობების შესაფასებლად.

არ დამიმალავს, რომ 26 წელი ვმსახურობდი დაზვერვის მთავარი სამმართველოს სისტემაში და ბოლო 10 წელიწადი _ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დაზვერვის სამმართველოში.

ბატონო დავით!

2004 წლის თებერვალში პარლამენტმა ძირითადი კანონის 50-ე მუხლში შეიტანა დამატება მე-3’ პუნქტის სახით, სადაც წერია, რომ:

«…საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტი შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას…»

და, თუ აქ მოვიშველიებთ კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1.8 ქვეპუნქტის მოთხოვნასაც, გამოდის, რომ პრეზიდენტს შეუძლია, დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე, ერთპიროვნულად ქვეყანაში გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, არ იჩქაროს (ან შეიძლება დაავიწყდეს ამის შესახებ) და მხოლოდ ორმოცდამერვე საათს შეიტანოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტში დასამტკიცებლად, და თითქოს არაფერი არ მომხდარა, ეს ორგანოც არ ჩქარობს პრეზიდენტის გადაწყვეტილების განხილვას და მასაც შეუძლია მხოლოდ ორმოცდამერვე საათს შეკრებიდან (ე. ი. 96 საათის შემდეგ საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან) მიიღოს გადაწყვეტილება: დაამტკიცოს თუ გააუქმოს პრეზიდენტის ბრძანებულება.

თუ «მოდელირებული ქრონიკის» გახმოვანებამაც კი (რომელიც ერთ საათში დამთავრდა «პრეზიდენტის გაუჩინარებით და ხალხის მიერ ძალაუფლების ხელში აღებით») მოსახლეობაში გამოიწვია გარკვეული პანიკა და მსხვერპლიც კი, წარმოვიდგინოთ, თუ რას მოიმოქმედებენ ადამიანები, რომლებსაც ყოველ ორ საათში ერთხელ მაინც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ატყობინებენ, რომ საქართველოზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა და ქვეყანაში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა.

ძნელი წარმოსადგენია, რაც მოხდება. ვითარების ასეთი განვითარებისთვის მოსახლეობა ხომ სრულიად მოუმზადებელია. ეს ქვეპუნქტი არა მარტო «ცეცხლს», «ომსაც» ეთამაშება, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის კონსტიტუციის მოთხოვნებს:

«რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის ან აგრესიის უშუალო საფრთხის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ ადგილებში აცხადებს საომარ მდგომარეობას და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს ფედერაციის საბჭოს და სახელმწიფო სათათბიროს». (. 87, . 2).

ამ ჩანაწერით სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენთან საომარი მდგომარეობის გამოცხადება რუსეთმა შეიძლება მიიღოს როგორც მის წინააღმდეგ «აგრესიის უშუალო საფრთხე» და მერე, ვინ იცის, რას მოიმოქმედებს;

გვჭირდება კი ჩვენ ვითარების ასეთი განვთიარება?

რას ნიშნავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება და მერე მისი გაუქმება? ეს ხომ «მოდელირებული ქრონიკა» არაა, რომ ასე მარტივად დასრულდეს ეს სახიფათო «თამაში». ან როგორ მოგწონთ იგივე 50-ე მუხლის მე-3’ პუნქტის მოთხოვნა პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში:

«…თუ პარლამენტი არ შეიკრიბება 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (გააგრძელა) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება…»

ე.ი. ისევ გამოდის, რომ პარლამენტი პრეზიდენტს არ ენდობა და მის გადაწყვეტილებას იგნორირებას უკეთებს _ შეუძლია 5 დღის განმავლობაში საერთოდ არ შეიკრიბოს ან, თუ შეიკრიბება, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. რა ქნას ამ შემთხვევაში დაზარალებულმა მოსახლეობამ: უცადოს თუ არ უცადოს დახმარებას?

ამ მე-3’ პუნქტს პრეზიდენტი გამოჰყავს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად, ხოლო პარლამენტი კი დასცინის მას.

რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციაში ასეთი სამარცხვინო პუნქტი თუ შეგხვედრიათ?

არანაკლებ სახიფათოა ქვეყნისთვის ძირითადი კანონის 73-ე მუხლის 1.8 ქვეპუნქტის ჩანაწერიც:

«საქართველოს პრეზიდენტი:

«ზ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილება პარლამენტში დასამტკიცებლად». (მ. 73, პ.18).

იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ცდილობდეს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გადაიყვანოს მოსახლეობა, ჯარი და ეკონომიკა საომარი მდგომარეობის «რელსებზე», პრეზიდენტს უფლება ეძლევა, ეს პროცესი 48 საათით დაამუხრუჭოს.

ასეთი ვითარებისთვის მოქმედების გეგმა მთავრობას ხომ წინასწარ უნდა ჰქონდეს დამუშავებული. შეგნებულად ხომ არ ვაძლევთ სხვა ქვეყნებს «ფორას»?

საომარი მდგომარეობის ვითარებაში გადაწყვეტილების სწრაფი მიღებისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ერთად ყოფნა. ასეთი უცოდინარობა სამხედრო საქმეში ამ მუხლის ავტორებმა რატომ გამოიჩინეს (1995 წ.)?

მათ რომ შესწავლილი ჰქონოდათ ჩვენი მეზობლების, ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები, სადაც პრეზიდენტებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეაქვთ პარლამენტში დასამტკიცებლად (აზერბაიჯანის პრეზიდენტს 24 საათი სჭირდება), ასეთ შეცდომას, ალბათ, არ დაუშვებდნენ. მათ არ გაითვალისწინეს არც საქართველოს 1921 და 1991 წლების კონსტიტუციების მოთხოვნებიც ამ საკითხთან დაკავშირებით.

მრავალ ქვეყანაში არა მარტო საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება, არამედ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც დაუყოვნებლივ შედის პარლამენტში დასამტკიცებლად.

კონსტიტუციით გაურკვეველია სამხედრო ძალების გამოყენების საკითხიც. სხვა ქვეყნებში საომარი მდგომარეობის გამოცხადება ამავე დროს ნიშნავს სამხედრო ძალების გამოყენებასაც, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება, ვინაიდან ამას ძირითადი კანონის მე-100 მუხლის 1-ლი პუნქტი არ ითვალისწინებს:

«1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად…»

ე. ი. სამხედრო ძალების გამოყენებისთვის საჭირო ხდება ახალი პროცედურის წამოწყება პარლამენტში, რაც კიდევ 48 საათით (144 საათამდე) ახანგრძლივებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს. ეს ცვლილებაც კონსტიტუციაში შევიდა 2004 წელს.

ბატონო დავით!

2010 წელს ძირითად კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მკვეთრად გაუზარდეს უფლებები პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პასუხისმგებლობა მისთვის კონსტიტუციას არ დაუკისრებია, თუნდაც ფიცის დადების სახით.

ხომ არ გამოგრჩათ?

საპარლამენტო ქვეყნებში ფიცს დებენ პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, ზოგან მინისტრებიც და პარლამენტარებიც, და ფიცის დადების დროს წარმოთქვამენ სიტყვას «ვფიცავ» და არა «ვაცხადებ», როგორც ამას ჩვენი პრეზიდენტი აკეთებს.

2012 წლის 21 ოქტომბერს ახალარჩეული პარლამენტის წევრებმა დაიფიცეთ განცხადების ტექსტზე, რომელიც არ იყო კანონით გათვალისწინებული. რამდენად სწორად მოიქეცით და დაგეკისრათ თუ არა ამით რაიმე პასუხისმგებლობა?

თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან ხშირად ისმის ადამიანების დადანაშაულება შპიონაჟში და იმდენად დაბალი დონისაა ასეთი ბრალდებები, რომ ნამდვილად მომხდარი ფაქტიც რომ იყოს, მაინც ძნელია მისი დაჯერება, იმდენად არაპროფესიონალურად აშუქებენ მას. მათთვის ისე ადვილია პიროვნების მონათვლა «მოღალატედ», «ჯაშუშად», გეგონება, ამას პარლამენტარისგან კი არ ისმენ, არამედ ჭორიკანა მამაკაცისგან.

მათ რომ იცოდნენ, თუ ვისგან და რა დონეზე მზადდებოდნენ მზვერავები (აგენტები) საბჭოთა კავშირში, მაშინ ისინი ასე «მსუბუქად» არ ილაპარაკებდნენ ჯაშუშებზე. კარგი იქნებოდა, თუ ისინი ღრმად შეისწავლიდნენ იმ სავარაუდო წყაროებს, საიდანაც და ვისგანაც მართლაც შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა. ასეთებს კი წარმოადგენენ სახელმწიფოს თანამდებობის პირების ქმედებები, მათი ინტერვიუები და საჯარო გამოსვლები, კონსტიტუცია, კანონები, სხვა დოკუმენტები და ის არხები, რომლებიც წარმოადგენენ დაზვერვის ინტერესს.

დარწმუნებული იყავით, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი სახელმწიფოს მმართველი პირების ბიოგრაფიები, მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები, სუსტი და ძლიერი მხარეები.

კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის საშიში მხარეები უკვე განვიხილეთ. გადავიდეთ კანონების განხილვაზე.

რომელ მზვერავს შეეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალები არ დარჩებოდნენ ბრძოლისუნარიანი რეზერვის გარეშე? განა თვით კანონი «სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ» არ იყო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის წყარო? ვის ვატყუებდით, რომ 18 დღეში ვამზადებდით ჯარისთვის სრულფასოვან რეზერვს? რა, ისინი ვერ მიხვდებოდნენ, რომ რეზერვის ოფიცერთა მომზადება კანონით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული?

განა ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ვადაგასული ვაზნების გამოყენება იგეგმებოდა ჩვენი რეზერვისტებისთვის, არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას? მან გათქვა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ხედვა რეზერვის აღჭურვასა და მომარაგებაზე 2008 წლიდან არ შეცვლილა, ე. ი. თავდაცვის მინისტრს ომის შედეგებიდან დასკვნა 2012 წელსაც კი არ გამოუტანია.

ნუთუ მან მართლა არ იცოდა, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც სარეზერვო კომპონენტების მომზადება, აღჭურვა და მათი გამოყენების დაგეგმარება ხორციელდება ერთიან კომპლექსში რეგულარულ ჯარებთან ერთად, და რომ ისინი ერთობლივად მონაწილეობენ სხვადასხვა სწავლებაში და მანევრებზე, მარაგდებიან და აღიჭურვებიან თანამედროვე იარაღითა და სამხედრო ტექნიკით, ხოლო ოფიცერთა კადრები ამავე დროს მზადდებიან სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული თადარიგის ოფიცერთა ჯარგარეშე მომზადების კურსებზე?

2004 წლიდან ერთიმეორის მიყოლებით თავდაცვის მინისტრებად ინიშნებოდნენ უზომოდ ამბიციური, მაგრამ სამხედრო საკითხებში სრულიად არაკომპეტენტური პიროვნებები, რომლებიც სრულიად გულგრილები აღმოჩნდნენ ოფიცერთა ბედისადმი. მათ ძველი კადრები დაითხოვეს, სამხედრო კათედრები გააუქმეს და შემდეგ კადეტთა კორპუსი და სამხედრო აკადემიაც მიაყოლეს. დარჩა ჯარი ტრადიციების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე კადრების გარეშე. უწყება გადავიდა თავდაცვის მინისტრების «კერძო საკუთრებაში» და მართავდნენ მას თავიანთი შეხედულებისამებრ და არა წესდებებისა და კანონების მოთხოვნების საფუძველზე. ესეც არავისთვის არ წარმოადგენდა საიდუმლოს.

რა გაუჭირდა სახელმწიფოს ისეთი, რომელიც ლაზიკის აშენებას აპირებდა, რომ კანონმა «საქართველოს თავდაცვის შესახებ» ქვეყნის საჰაერო სივრცე და ტერიტორიული წყლები დაუცველი დატოვა? ეს რა, საიდუმლო ინფორმაცია არაა?

მაშინ, როდესაც შვედეთსა და ფინეთს, რომლებსაც დღეს არავინ ემუქრება, გააჩნიათ სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები, ასევე შვეიცარიასა და ავსტრიას, რომლებიც არ ესაზღვრებიან რუსეთს, ჰყავთ სამხედრო-საჰაერო ძალები და მრავალრიცხოვანი მომზადებული რეზერვი, ჩვენ რატომ ვამბობთ მათზე უარს?

კანონში ამ ცვლილებების შეტანით სამხედრო ძალებს ხომ არ მოუხსნეს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ამოცანა და ხომ არ ჩაანაცვლეს ის მეორეხარისხოვანი დავალებით «საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება»? (მ. 98, პ. 2).

ან როგორ უნდა შეესრულებინა საბრძოლო ამოცანა 2008 წლის აგვისტოში სახმელეთო ჯარებს, როდესაც მას, მისივე ორგანიზაციული სტრუქტურით, სადაზვერვო კომპლექტი არ გააჩნდა? რომელ დაზვერვას გამოეპარებოდა ეს? როგორ უნდა დაეგეგმათ ბრძოლა ნაწილების და ქვედანაყოფების მეთაურებს დაზვერვის მონაცემების გარეშე?

ან როგორ უნდა შეფასდეს თავდაცვის მინისტრებად ყოფილი ფინანსური პოლიციის უფროსის _ დავით კეზერაშვილის, ბაჩო ახალაიას და დიმიტრი შაშკინის დანიშვნა? რამდენად შეუწყობდა ხელს ასეთი დანიშვნები ჯარში ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, დისციპლინის განმტკიცებას და სამართლიანობის დამკვიდრებას? ყველაფერზე შეიძლება იფიქრო, მაგრამ არა მხოლოდ ამაზე.

საეჭვო რეპუტაციის მქონე და სამხედრო საქმეში სრულიად უცოდინარი პიროვნებების დანიშვნა თავდაცვის მინისტრებად ლახავს სამხედროების თავმოყვარეობას და შეურაცხყოფას აყენებს მათ.

პარლამენტარებმა თუ მაინც იკითხეთ, რა «დამსახურებებით» დაინიშნენ ჩამოთვლილი პირები ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე? ასეთი დანიშვნები ჯარისადმი უნდობლობის გამოცხადებას ნიშნავს. მათ ხელში ნამდვილად შეუძლებელი იყო ეროვნული ტრადიციების ქართული სამხედრო ინტელიგენციის ჩამოყალიბება, საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება.

ნუთუ 2008 წლის აგვისტოს ომმა არაფერი არ გვასწავლა?

ან რამდენი სრულიად საიდუმლო ინფორმაციის ამოღება შეიძლება პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოკლე საუბრიდან თვითმფრინავების ჩამოგდების თაობაზე? მათმა საუბარმა მოწინააღმდეგე ნამდვილად დაარწმუნა, რომ ჯარი უმართავია, ხელმძღვანელობა კი დაბნეულია. ასეთი ცნობების მოსაპოვებლად მთელი დაზვერვა და კვლევითი ინსტიტუტები წლობით მუშაობენ. როგორც ჩანს, ჩვენთან ცუდად არის საქმე საიდუმლოების შენახვასთან დაკავშირებით.

«ჯაჯუშობის» თემაზე საუბრისას, ძნელია, არ გაგეღიმოს და ეჭვი არ შეგეპაროს იმ თანამდებობების პირების კომპეტენტურობაში, რომლებიც  «კოჭოიას ჯგუფს» და სხვა «ჯაშუშებს» მაღალ პროფესიონალებად ნათლავენ. როგორ შეიძლება ამ «ჯგუფის» წევრებს გამოცდილი უწოდო, როდესაც მათ ვერც ერთი «დავალება» ვერ შეასრულეს? ასეთმა შემფასებლებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თავიანთი შეფასებებით თვითონ ფასდებიან, იშიფრებიან. აშკარავდება მათი წარმოდგენა კონტრდაზვერვაზე.

ძალიან უხერხულია, როდესაც მარცხის შემდეგ პიროვნებას უწოდებ გმირს, რომლის საგმირო საქმეზე არავის არაფერი სმენია და რომელიც ნაკაწრის გარეშე «სამშვიდობოზე» აღმოჩნდა. კარგი იქნება, თუ გმირებად ვაღიარებთ იმათ, ვინც პირნათლად შეასრულა სამხედრო ფიცის მოთხოვნა: «მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის».

ქვეყანას, რომელიც თავისი არსებობის ათასწლეულებს ითვლის, მრავლად რომ ჰყოლოდა ასეთი «გმირები», ალბათ, საქართველო აღარ იარსებებდა.

ქვეყნის ხელმძღვანელი პირების მისამართით არაერთი წერილი-თხოვნა ჰქონდა გაგზავნილი აწ გარდაცვლილ პოლკოვნიკ გივი ლეფონავას _ სამხედრო-სამეცნიერო ცენტრის უფროსს, მაგრამ არც ერთ მათგანზე მას პასუხი არ მიუღია.

ეს ის პიროვნება გახლდათ, რომელმაც ქართულ ჯარში შემოიღო და დაამკვიდრა მართვის ორგანოებში მუშაობის საშტაბო კულტურა. იყო უაღრესად პატიოსანი და ამავე დროს პრინციპული ოფიცერი. შეეძლო სწრაფად, მაღალხარისხოვნად, მოკლედ და მკაფიოდ შეემუშავებინა საშტაბო დოკუმენტები მათემატიკური გათვლების გამოყენებით; აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული ძალების ორგანიზებულ და მიზანმიმართულ სწავლების პროცესში. მან წამოიწყო ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება. კონსულტაციების მისაღებად ოფიცრები მასთან რიგში იდგნენ, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ შეიარაღებული ძალების მშენებლობა დამყარებულიყო თანამედროვე სამხედრო მეცნიერებაზე.

მაგრამ არც ჯარს და არც მას არ გაუმართლა. ყოველი სამხედრო ხელმძღვანელობის ცვლას თან ახლდა უკვე დამუშავებულის უარყოფა. თავდაცვის მინისტრები აღმოჩნდნენ სრულიად გულგრილები სამხედრო მეცნიერებისადმი, ხელოვნებისადმი.

წერილების წაკითხვაც კი არ უნდოდათ. და ბოლოს, სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი გააუქმეს. მათ დაავიწყდათ ბრძნული გამონათქვამი, რომ: «თეორია პრაქტიკის გარეშე მკვდარია, ხოლო პრაქტიკა თეორიის გარეშე ბრმაა».

ძალიან ნაწყენი წავიდა ამ ქვეყნიდან ბატონი გივი ლეფონავა. სათანადოდ ვერ დაფასდა მისი ღვაწლი შეიარაღებული ძალების წინაშე. მთავრობას კი სრულიად დაავიწყდა სამხედრო პენსიონერების არსებობა.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

 

1 COMMENT

  1. ლევ ტოლსტოის და ალექსეი ტოლსტოის ვიცნობ, ეს ალექსანდრე საიდან ამოტივტივდა, მხოლოდ ამ ზემომოყვანილი ნაწარმოების ავტორია თუ სხვა რომანების დაუწერია ? 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here