Home რუბრიკები საზოგადოება ნინო ლაღიძე: მშვიდობის ხიდი, პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი, ბიძინა ივანიშვილის სახლი არ...

ნინო ლაღიძე: მშვიდობის ხიდი, პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი, ბიძინა ივანიშვილის სახლი არ ერწყმის ძველი თბილისის გარემოს

1352

თბილისის მთაგორიანი ლანდშაფტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის არქიტექტურას. ძველი უბნების შუასაუკუნეობრივი წყობა აზიასთან მხოლოდ ჩვენს სიახლოვეს არ უნდა დავაბრალოთ. მთაგორიან თბილისში თითქოს შეუძლებელია სხვა ტიპის ქალაქთმშენებლობა, თუმცა ყველა ის არქიტექტურული ისტორიული ზოლი, რომელიც თბილისშია, ითვალისწინებს თავად ქალაქის გეოგრაფიას და ერწყმის მას. დღეს მშენებლობის პროცესი, რა თქმა უნდა, ლიბერალურია, თუმცა შორს არაა პოლიტიკისგან. ახალი მშენებლობების არქიტექტურული ღირებულების, მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება ნინო ლაღიძე _ ჟურნალ «სტილის» რედაქტორი, არქიტექტორთა კლუბის დირექტორი და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი.


_ როგორ შეაფასებთ ახალ არქიტექტურულ ნაგებობებს და რამდენად ნოვატორულია ესა თუ ის არქიტექტურული პროექტი?

_ მიმბაძველობას არ მოაქვს სასურველი შედეგი. თუ ვისაუბრებთ ცალკეული არქიტექტორების სახელებზე, რომელთა ნაგებობები აშენდა საქართველოში, შეიძლება აღვნიშნოთ მასიმილიანო ფუქსასი, რომელიც რიყის თეატრისა და იუსტიციის სახლის პროექტების ავტორია. რიყის თეატრის მშენებლობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი ზედმეტად პოლიტიზებულია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ქაოსს თავი დავაღწიოთ და რეალურად აღვწეროთ, თუ რა ხდება, რა კეთდება. გვაქვს შენიშვნებიც, მაგრამ ვცდილობთ, რბილად მივუთითოთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად ჩათვლის ამას ვინმე.

_ საჭიროა თუ არა, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუში ითვალისწინებდეს ქართულ ტრადიციებს და რამდენად იცნობენ და ითვალისწინებენ ის არქიტექტორები, რომელთა ნაგებობებიც საქართველოში შენდება, ქართული არქიტექტურის ისტორიას?

_ კონკრეტულად პრეზიდენტის სასახლეზე ვისაუბროთ. ამ ნაგებობის მაგალითზე უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი თავისი მასშტაბით ამოვარდნილია იმ გარემოდან, სადაც მდებარეობს. ის აჟიოტაჟი, რომელიც მოჰყვა ამ ნაგებობას საავტორო უფლებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ხელს მიშლის მის საბოლოო შეფასებაში. თუმცა, როცა საუბარია თბილისის ძველ უბანზე _ ავლაბარზე და რიყეზე, უნდა აღინიშნოს, რომ იგი თავისი არქიტექტონიკით ამოვარდნილია. ეს უბანი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შენარჩუნებას საჭიროებს სულ პატარა ნიუანსების ჩათვლით, ვინაიდან ეს არის ის, რაც განგვასხვავებს ჩვენ სხვა კულტურისგან. რაც შეეხება ახლის შეტანას, ამას თავისი აპრობირებული ხერხები გააჩნია და ამ საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი იმისა, როცა ძველი და ახალი შეჭრილია ერთმანეთში და არათუ ხელს არ უშლიან ერთმანეთს, პირიქით სინქრონშიც მოდიან.

_ ბევრი ნაგებობა საქართველოში აგებულია იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის, მიერ. რა ადგილი უჭირავს მას მსოფლიო არქიტექტორთა კლუბში?

_ დე ლუკი არ არის არქიტექტორი, იგი დიზაინერია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა არქიტექტორმა თავისი მოღვაწეობა სწორედ დიზაინით დაიწყო. მან თავისი იდეების განხორციელების არეალად საქართველო იპოვა. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი «მშვიდობის ხიდი» თითქოს ამოვარდნილია კონტექსტიდან. მისი შეთანხმების მცდელობა ძველი თბილისის ლანდშაფტთან და არქიტექტურასთან, ჩემი აზრით, არ არის წარმატებული. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოელ არქიტექტორთა მხრიდან. ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი იმისა, თუ როგორ შეერწყას ან არ შეერწყას ახალი არქიტექტურა ძველს და იმ შემთხვევაში, თუ ეს ექსპერიმენტი ვერ გაუძლებს დროს, მას აიღებენ.

_ ძველისა და ახლის თანაარსებობის ბევრი მაგალითია ევროპულ ქალაქებში, კერძოდ პარიზში. რამდენად ახლოსაა ქართული და ევროპული კონცეფციები ერთმანეთთან?

_ ძველი თბილისის ერთ მონაკვეთში ისეთი მასშტაბის ნაგებობების აგება, როგორიცაა «მშვიდობის ხიდი», პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი, ბიძინა ივანიშვილის სახლი, ნამდვილად არ ერწყმის გარემოს და ლანდშაფტს. ყოველგვარი მიკერძოებულობის გარეშე ვამბობ, რომ არქიტექტურულად ისეთ ფაქიზ ქალაქში, რომელშიც ლანდშაფტი კარნახობს არქიტექტურას, დაუშვებლად მიმაჩნია ამგვარი სხვადასხვა დანიშნულებისა და მასშტაბის შენობების ჩადგმა. ამ ნაგებობებმა «შეჭამეს» ძველი ქალაქის ხიბლი.

_ თბილისის არქიტექტურა სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე ზოლს მოიცავს: მეფის რუსეთი, საბჭოეთი და მათგან განცალკევებული ძველი თბილისის უბნები. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ დღეს იქმნება ახალი ეპოქალური არქიტექტურა და რამდენად არის შემუშავებული გლობალური ურბანული განვითარების სისტემა?

_ დღევანდელი ტენდენცია ასეთია: არქიტექტურული სტილი იკარგება და ყველა ქალაქი თითქოს ემსგავსება ერთმანეთს. ქალაქს უნდა შეუნარჩუნდეს თავისი უნიკალურობა და ამავე დროს უნდა განვითარდეს. დღევანდელი მშენებლობა არ არის მოქცეული ერთ სისტემაში, რის გამოც, ალბათ, ზოგადი კონცეფციის არარსებობის გამო იგი იწვევს მძაფრ რეაქციებსა და კრიტიკას.

ქეთევან ჭარხალაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here