Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ აბაზაძე: «ხრუშჩოვკებმა» სხვა ნაგებობებთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა

მერაბ აბაზაძე: «ხრუშჩოვკებმა» სხვა ნაგებობებთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა

625

ნაგებობის სეისმომედეგობასა და მასალათა გამძლეობას იკვლევს სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი, რომელიც ამავე სახელწოდების ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა. რამდენადაა ცენტრი ჩართული საქართველოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში და რა პერსპექტივა გააჩნიათ უახლოეს მომავალში ვადაგასულ კორპუსებს, გვესაუბრება მერაბ აბაზაძე _ სეისმომედეგობისა და სამშენებლო ინჟინერიის ცენტრის უფროსის მოადგილე.


_ რა სტანდარტებს იცავენ სამშენებლო კომპანიები? თუ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი და რამდენად აკმაყოფილებენ სამშენებლო კომპანიები ამ სტანდარტებს?

_ ჩვენ არ გვაქვს სამშენებლო სამუშაოებში ჩარევის უფლება. ჩვენი თანამშრომლობა სხადასხვა სამშენებლო კონპანიასთან ჩვენი ინიციატივით არ ხდება, ეს ნებაყოფლობითია, ანუ ჩვენ არ გვაქვს ზედამხედველობითი ფუნქცია.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტები არსებობს, თუმცა თავად სამშენებლო კომპანია ირჩევს, რომელი სტანდარტის შესაბამისად სურს მას მშენებლობის ჩატარება. შესაძლოა, ნაგებობის დანიშნულება არც ითხოვდეს  მაღალ სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის ლაბორატორია, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს. ჩვენი დანიშნულებაა, ასევე, პროექტების გამოკვლევაც: კონსტრუქციის მდგრადობა საინჟინრო თვალსაზრისით, ანუ ჩვენ ვიკვლევთ გეოლოგიურ, კონსტრუქციულ ნაწილს, გარდა არქიტექტურისა. სამშენებლო მასალები თავად არის მიბმული კონსტრუქციაზე: ესა თუ ის კონსტრუქცია რა სახის მასალებს მოითხოვს. ამ დროს ჩვენ ვითვალისწინებთ მიწისძვრის, ქარის და სხვა ფაქტორებს. ეს შესაბამისობაში უნდა იყოს გეოლოგიურ დასკვნებთან.

_ ბუნებრივ მოვლენებთან ერთად არსებობს თუ არა დროის ფაქტორი და ამ თვალსაზრისით რა პერიოდი ითვლება საუკეთესო მაჩვენებლად თანამედროვე ნაგებობისთვის?

_ არის ნაგებობების კატეგორიები: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი მოხმარების და ა. შ. ამ კატეგორიიდან გამომდინარე ხდება გაანგარიშება წლოვანებაზე. მაგალითად, დროებით ნაგებობას თავისი დანიშნულება აქვს. იგი მას ამოწურავს და სულაც არ არის განსაზღვრული, ათწლეულებს გაუძლოს.  კაშხლის აშენების დროს, რა თქმა უნდა, სხვა მოთხოვნებია. გრადაცია სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნაგებობებს შორის არის 10, 25 და 100 წელი.

_ საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, მშენებლობის დროს მასალის გამძლეობისა და კონსტრუქციის სტანდარტის დონე უფრო მაღალია. რამდენად ხდება ამ ფაქტორის გათვალისწინება?

_ ჩვენ ძალიან მაღალი რისკის არეალში ვცხოვრობთ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და იგი აუცილებლად უნდა იყოს აყვანილი სახელმწიფო რანგში. ეს პირდაპირაა მიბმული რეგიონის უშიშროებაზე. თბილისი განეკუთვნება რვაბალიან ზონას. არის შენობები, რომლებიც შვიდბალიან სისტემაზეა გათვლილი. ყოველთვის არის მარაგი ნაგებობის გამძლეობის, რომელიც მეტ სიმძლავრესაც ითვალისწინებს.

_ რამდენი აქვს მოხმარების ვადა თანამედროვე სამშენებლო კომპანიების მიერ აგებულ საცხოვრებელ კორპუსებს?

 _ უნდა აღვნიშნო, რომ, როდესაც მოგვმართავს კონკრეტული სამშენებლო კომპანია, ჩვენ ვაწვდით ანალიზს და ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს. რამდენად ითვალისწინებს ესა თუ ის კომპანია ამ რეკომენდაციებს, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით.

_ რამდენად უსაფრთხოა ძველ საბჭოთა კორპუსებში ცხოვრება და რამდენია მათი საგარანტიო მოსახურების დრო?

_ იმის დადგენას, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ კორპუსებში ცხოვრება, სჭირდება გამოკვლევა. მიუხედავად ამ შენობების მასიურობისა, ისინი ინდივიდუალურია. მაგალითად, სპიტაკის მიწისძვრის დროს ე.წ. ხრუშოვკებმა სხვა ნაგებობებთან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს, მიუხედევად იმისა, რომ მათ 25-წლიანი მოხმარების ვადა გააჩნიათ; ისინი 60-იან წლებშია აშენებული და, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად ვადაგასულია. ეს კოლოსალური პრობლემაა, მთელი მასივებია, რომლებიც დანგრევას საჭიროებენ. ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართულებით უკვე იდგმება ნაბიჯები.

_ რომელი სამშენებლო კომპანიები თანამშრომლობენ თქვენს ცენტრთან, რამდენად მომგებიანია მათთვის ფინანსური თვალსაზრისით თქვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და თუ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ცენტრთან თანამშრომლობის  ვალდებულება?

_ ჩვენ ბევრ სამშენებლო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. უნდა აღინიშნოს რომ მათ ინტერესებშია, გაითვალისწინონ ჩვენი რეკომენდაციები, ვინაიდან მშენებლობის დასრულების შემდეგ შექმნილი პრობლემების გამოსწორება უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ თითოეულ კომპანიას ოპტიმალურ ვარიანტს ვთავაზობთ. ამავე დროს, მუშავდება სამშენებლო დარგის კოდექსი,  რომელიც განხილვის სტადიაშია. არ არის აუცილებელი, სამშენებლო კომპანიამ მაინცდამაინც ჩვენთან ითანამშრომლოს. ნებისმიერი აკრედიტირებული ორგანიზაცია, შესაძლოა, ჩაერთოს ამ პროცესში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზირების თემაც პრობლემაა. მაგრამ ეს საკითხი თუ დარეგულირდა, ჩვენ დიდი უპირატესობა გვექნება სხვა ლაბორატორიებთან შედარებით ჩვენი სპექტრის, აღჭურვილობისა და სპეციალისტების გათვალისწინებით.

ქეთევან ჭარხალაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here