Home რუბრიკები სამართალი ნუგზარ გველესიანი: რუსთავში ზონდერსამსახურს ლევან ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს

ნუგზარ გველესიანი: რუსთავში ზონდერსამსახურს ლევან ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს

1860

 «სახალხო კრების» რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ გველესიანი 26 მაისის აქციის დროს დააპატიმრეს, ასაკის მიუხედავად, სასტიკად სცემეს და 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნუგზარ გველესიანი დღეს «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში მის დაპატიმრებას და იმ უსამართლო ქმედებებს იხსენებს, რომელთაც ყოფილი ხელისუფლების ძალოვანები ქალაქ რუსთავში სჩადიოდნენ.


_ რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი ვალერი დუღაშვილი, ქვემო ქართლის კუდის უფროსი ზაზა ტატიკიშვილი და რუსთავის კუდის ხელმღვანელი ლევან ტყეშელაშვილი განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდნენ, _ გვიამბობს ბატონი ნუგზარი. _ ქვემო ქართლში მათ  გავლენა ჰქონდათ ყველა ძალოვან სტრუქტურაზე: ატერორებდნენ პოლიციის რიგით თანამშრომლებს, მათ ხელმძღვანელებს, სასამართლოს… ისე იყვნენ გათავხედებულები, რომ, როგორც კი ჩვენს ოფისში შემოსულს დაინახავდნენ ვინმეს, გამოიკვლევდნენ, სადმე პატარა ჯიხური ან მაღაზია ხომ არ ჰქონდა, ან სადმე ხომ არ მუშაობდა მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი და ღიად ურეკავდნენ და ადამიანებს საარსებო საშუალების წართმევით ემუქრებოდნენ. ეს იყო მათი დაშინების ბერკეტი. 

როცა მე ამირჩიეს, დიდი კონფერენციის გამართვას ვგეგმავდით. მთელი «სახალხო კრების» საბჭო ჩამოვიდა რუსთავში, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ზაზა სოფრომაძე, ფული გადავიხადეთ, კინოთეატრ «რუსთაველის» დარბაზი დავიქირავეთ, მაგრამ ისე დააშინეს კინოთეატრის ადმინისტრაცია, წარმოგიდგენიათ, დარბაზის კარი არ გააღეს და კონფერენცია კინოთეატრის ფოიეში ჩავატარეთ. იმდენი პოლიციელი მოვიდა, დელეგატებსაც კი შეეშინდათ და დატოვეს ტერიტორია. აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა დაშინებები ჩვენს წევრებზე ზეწოლა, მუქარა.

_ 26 მაისის ღამე გაიხსენეთ, რა მოხდა, როგორ დაგაპატიმრეს?

_ ყველა ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსს აკონტროლებდნენ, ყველა გზა გადაკეტეს, სათაგურში მოგვაქციეს. კინოთეატრ «რუსთაველში» აღმოვჩნდი. გამკოჭეს და იატაკზე დამაწვინეს. სასტიკად სცემდნენ ხალხს. ჩამსვეს სხვებთან ერთად ყვითელ ავტობუსში და პოლიციის სამმართველოში მიგვიყვანეს. წყლის ჭავლისგან მთლიანად დასველებულები ვიყავით, საშინლად ციოდა. ამის მიუხედავად, ორი საათი ეზოში ვიდექით გაკოჭილები. თან საშინლად გვაგინებდნენ. შემდეგ შეგვიყვანეს შენობაში და ჩაიწერეს ჩვენი ვინაობა. პირადად რუსთავის კუდის უფროსი ლევან ტყეშელაშვილი  მცემდა. მან შეგნებულად გამომარჩია და ჯავრი იყარა ჩემზე იმის გამო, რომ გავბედე აქციაზე გასვლა. მირტყამდნენ თავში, სახეში, ყველგან. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ხელებიც შეკრული მქონდა. გათენებამდე იქ გაგვაჩერეს.

როგორც უგულავამ თბილისში მერიის დაცვის სამსახური ჩამოაყალიბა, ასეთივე ყალიბდება რუსთავში და მას სწორედ ეს ლევან ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს. ნაძირალა, რომელიც არაფერს ერიდებოდა, თავისი სახელით ურეკავდა ხალხს და ემუქრებოდა, რომ, თუ არ დამემორჩილებით, პრობლემებს შეგიქმნითო. ეს ადამიანი რუსთავის კუდის ხელმძღვანელი გახლდათ. მას ყველა და ყველაფერი სძულს და, ალბათ, საკუთარ თავსაც მერაბიშვილისა და ლელუაშვილის დავალებას ანაცვალებს…

ერთ-ერთმა ჩვენმა მხარდამჭერმა მომაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ამზადებდნენ ზონდერ-ჯალათებს ვაზიანის ბაზაზე. ადამიანების უმოწყალოდ გასანადგურებლად, ინსტრუქტორები მათ ასწავლიდნენ ბინძურ ილეთებს და ეს ხდებოდა მხეცური ღრიალის ფონზე: ინსტრუქტორის შეძახილზე _ დაინდობ ახლობელს, თუნდ მშობელს, წინ რომ შეგეფეთოს? ზონდერები ღრიალით პასუხობდნენ _ არც დედას, არც მამას და არც არავის არ დავინდობთო.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: ამ მომზადების დროს, ზონდერებს აძლევდნენ სპეციალურ, აღმგზნებ აბებს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი ეს აბები მათ 26 მაისის დარბევის წინ დაალევინეს. სწორედ ამან განაპირობა მათი მხეცური და დაუნდობელი საქციელი. ზოგიერთი ზონდერი ცუდად გახდა ამ აბების მიღების შემდეგ და რამდენიმე მათგანმა გონებაც კი დაკარგა. კინოთეატრ «რუსთაველში» შემოვარდნილ სპეცრაზმელთა მხეცობას რომ ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ უმოწყალოდ ურტყამდნენ შენობის ფოიეში მომწყვდეულ ხალხს, მათმა გავეშებულმა ქმედებებმა აღნიშნული ინფორმაციის სიმართლეში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

_ პატიმრები, რომლებიც თავს უკანონოდ დაპატიმრებულებად მიიჩნევენ, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. თქვენ რას აპირებთ?

_ ცოტა დელიკატური საკითხია, ჯერ არ გადამიწყვეტია. მჯერა, რომ ბატონი ბიძინა გონებამახვილი კაცია, მაგრამ უკვე ბევრი საკითხი არ მესმის და მიჭირს იმის გაგებაც, რატომ აგრძელებენ ძველებურად მუშაობას ძალოვანი სტრუქტურების დამნაშავე წარმომადგენლები. თუნდაც ზაზა ტატიკიშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, ვალერი დუღაშვილი?

არც ერთი არ დასჯილა, ჯალათები, რომლებიც სისტემატური ტერორის ქვეშ ამყოფებდნენ მთელი ქალაქის მოსახლეობას. ისინი არათუ არ დასჯილან, მათ დაწინაურებასაც აპირებენ. სამარცხვინოა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს ნაძირლები ისევ მუშაობენ. საინტერესოა, რომელი სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო გაათავისუფლეს ვაჟა ლელუაშვილი, კაცი, რომელიც ყველა ფარული თვალთვალის ორგანიზატორი იყო და ყოველგვარ უკანონობას გეგმავდა?

ბიძინა ივანიშვილს გამწარებული ხალხი, პირველ რიგში, საკუთარი ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის იმედით დაუდგა გვერდით და არა სოციალური პირობების გაუმჯობესების გამო. ბატონ ბიძინას კოაბიტაციის დაკვეთა არ მიუღია ქართველი ხალხისგან. ეს შეურაცხმყოფელია!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. მერე ვინაა გამკიტხავი, მომკიტხავი ტუ რა ჯანდაბა დავარქვა ვინ დაისაჯა ვინ მოიკვეტა..ან რიტ შეიცვალა სიტუაცია.რა უბედურა გვჭირს ეს.. შინაურმა მტრება დააქციეს საქარტველო… რუსია მტერიო..ის რუსია შენ ქარტველი უფრო მეტი მტერი არა ხარ? ფანჯიკიძე? და რესპუბლიკელებო? ნაცებო? ტქვენ ვინა ხარტ? უარესები არა ხარტ გარეულ მტერზე?..რა გინდატ ამ საქარტველოსაგან’ ერტი მუჭაა დარჩენილი ტქვე გათახსირებულებო..ეხლა ტურქი მესხებიოოო…. ვაი მართლა ჩვენს პატრონს თქვე ვაი პატრიოტებო..

  2. არც არავინაა გამკითხავი.სისულელეა იმით წამდაუწუმ ტრაბახი,რომ 1-ლ ოქტომბერს ქართველი ხალხის ნებამ გაიმარჯვა.არა და ქვეყნის როგორც საშინაო ,ისე საგარეო პოლიტიკას ამერიკა ახორციელებს თავისი ელჩის მეშვეობით.რა ალხანა სააკაშვილი იყო,ის ჩალხანა "ოცნება" გამოდგა.თუმცა ვიმედოვნებ სამართლის კუთხით ივანიშვილი ემჯობინება ამ"ძაღლიშვილ" სააკაშვილს.ძალიან მაღელვებს, რატომ ეკეკლუცება ახალი მთავრობა სახელმწიფო დამნაშავეებს სააკაშვილის მეთაურობით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here