Home რუბრიკები საზოგადოება გებელსის აჩრდილი საბავშვო თეატრში

გებელსის აჩრდილი საბავშვო თეატრში

1193

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის 26 ნომერში მდებარე კულტურის ცენტრი «არტჰოლი» საკმაოდ უჩვეულო წარმოდგენებით ხასიათდება. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მისამართზე რესტორანი მდებარეობს, იმავე შენობაში თეატრიცაა განთავსებული. თეატრი სპექტაკლებს ბავშვებისთვის მართავს და, როგორც ჩანს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს სარფიან შემოთავაზებებს აბონემენტების სახით სთავაზობს. 21- საუკუნეში, როდესაც ყველა მიხვდა, რომ «დრო ფულია», მზრუნველ მშობელს ურჩევნია, ბავშვის კულტურული აღზრდა მასწავლებლებს მიანდოს.


«არტ-ჰოლის» თეატრის სხვა სპექტაკლებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა «წუნა და წრუწუნა», ალბათ, მკითხველსა და მაყურებელს კიდევ მრავალჯერ გააოგნებს. როგორც თავად ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, «სრულიად ახალი ტიპის კულტურის ცენტრის მიზანია, ფართო პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ხელოვნების სხვადასხვა დარგს, თავისი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდის საქმეში». 

ვიდრე სპექტაკლს შევეხებოდე, მინდა მცირედი ინფორმაცია ისტორიიდან მოვიტანო. 1933 წელს გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარებამ გერმანული თეატრის მიმართ ინტერესის კლება გამოიწვია. სახალხო განათლებისა და პროპაგანდის სამინისტროს ხელმძღვანელმა იოზეფ გებელსმა თეატრი, ისევე როგორც ლიტერატურა, პრესა და ტელევიზია «გლაიხშლატუნგის» პოლიტიკის ობიექტად აქცია. 

«პროპაგანდა უნდა იყოს ცალსახა. აქ არ არის დახვეწილი დიფერენციაციის ადგილი. ხალხი ამბობს «კი» ან «არა», მას უყვარს ან ეზიზღება. სიმართლე ან ტყუილი! მართალი ან მტყუანი! ხალხი სწორხაზოვნად აზროვნებს. არანაირი სხვადასხვა თვალსაზრისი და ობიექტური მიდგომა, არანაირი ეჭვი, რყევა, შესაძლებლობა. მხოლოდ ერთმნიშვნელობა და ცალსახობა. არჩევანი უკვე გაკეთებულია. ფაქტი სახეზეა. მთელი ხელოვნება იმაშია, რომ მასამ დაიჯეროს, თითქოს ასეთი ფაქტი მართლაც არსებობს, ამის აუცილებლობა მართლაც გარდაუვალია, ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად სწორია– ამბობდა გებელსი.

იმპერიის თეატრალური პალატის ახალი ხელმძღვანელი ჰანს იოსტა ცდილობდა, მაყურებლის ინტერესი შეენარჩუნებინა და თან მესამე რაიხის პოლიტიკაც გაეტარებინა, თუმცა ამან დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო, რადგან რასობრივი დოქტრინის სცენაზე გადმოტანას პუბლიკის ინტერესი არ გამოუწვევია. მეტიც, ბევრი ცნობილი დრამატურგი და მსახიობი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ნაცისტური გერმანია და სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყო. «როდესაც მესმის კულტურის შესახებ, ჩემი ბრაუნინგი მზადყოფნაში მომყავს,» _ ამბობდა იოსტა.

ხელოვნების დარგებში პროპაგანდის პოლიტიკით ფაშისტური გერმანიის მოწინააღმდეგე საბჭოთა კავშირიც გამოირჩეოდა. მათ შორის არც თეატრი გამორჩენია რკინის ფარდის უკან მყოფ კავშირს და არც კინემატოგრაფი. თუმცა, ჰიტლერისეული გერმანიისგან სხვაობა უკვე 1964 წელს მხატვრულ ფილმში «ჯარისკაცის მამა» გამოჩნდა, როდესაც სერგო ზაქარიაძე საბჭოთა ჯარისკაცს მიმართავს: «აი, გერმანელი ბავშვი რატომ არ ჰკლავ», ხოლო იგი პასუხობს: «ეს ხომ ბავშვია?!»

განსხვავება 30-იანი წლების გერმანიასა და დღევანდელ საქართველოს შორის «არტჰოლის» თეატრშიც იგრძნობოდა. რეჟისორმა ქართული ხალხური ზღაპრის უამრავი დეტალი შეცვალა.

1961 წელს გადაღებული მულტფილმისგან განსხვავებით, წრუწუნას ბაბუა ჰყავს, ხოლო წუნას _ ბებია. ლელო 2013 წელს უკვე «მიკი მაუსის სახელობის ეროვნულ სტადიონზე» იმართება. ლელოში ორი გუნდი მონაწილეობს _ თავადის და წუნასი. რა თქმა უნდა, წუნას გუნდი იმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილის მეშვეობით.

წუნა რატომღაც ვაჟა-ფშაველას «ჩხიკვთა ქორწილიდანაა» გამოქცეული და იმავე ფრაზას ამბობს: «ღვინოს არ გეახლებით, თხილი მირჩევნია».  ყარაჩოღელებმა ტივიდან უკვე ვინმე კაკოს დუქანში გადაინაცვლეს. მას შემდეგ, რაც წრუწუნამ თავისი გასაჭირი მოუყვა, ყარაჩოღელებმა სამჯერ წარმოთქვეს ფრაზა: «მე ამ თავადის მკვდარი და ცოცხალი…» და სამივეჯერ დუქნის მეპატრონე კაკომ სთხოვა: «ნუ შეიგინებით, აქ ბავშვები სხედანო».

ყველაზე საინტერესო პერსონაჟი კი ბოროტი თავადია, რომელიც სიუჟეტის მიხედვით წრუწუნას წუნას მოსტაცებს და თავის სახლში დაამწყვდევს. გარდა იმისა, რომ თავადი ბოროტია, მას რუსი ოფიცრის კოსტუმი აცვია და რუსულად ლაპარაკობს. რუსულად მოლაპარაკე თავადს ორი მოახლე ჰყავს, მაგრამ ორივე ქართულად გამართულად ლაპარაკობს და მეტიც, ერთ-ერთს ქართველი აზნაურის კოსტუმი აცვია. 21-ე საუკუნის «წუნა და წრუწუნაში» («არტ-ჰოლის» თეატრში დადგმული სპექტაკლის მიხედვით) ყარაჩოღელი და თავადი ერთმანეთს ხმლებით ერკინებიან და რუსულ-ქართულად მოლაპარაკე თავადი თითქმის დაამარცხებს კიდეც ფიცხელას, თუმცა თაგვები აჯობებენ. აქაც საკმაოდ ბანალური ჰეპი-ენდით სრულდება ყველაფერი…

არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა რეჟისორს ხალხური ზღაპრის ძალიან ცუდი რემეიკით, მაგრამ ერთი ფაქტია: ამ სპექტაკლზე ბავშვები დადიან და ეჩვევიან იმ აზრს, რომ ის, ვინც რუსულად ლაპარაკობს, აუცილებლად უარყოფითი პერსონაჟია. იმასაც ეჩვევიან, რომ ადამიანს შეიძლება მკვდარი და ცოცხალი აგინო, მითუმეტეს, რომ «კაკო» მათ გვერდით ყოველთვის არ იქნება, რათა შეახსენოს, დარბაზში ბავშვები არიან თუ არა. არც ის ვიცი, სხვა რა სპექტაკლები აქვს დადგმული ამ სანახაობის რეჟისორს, მაგრამ ერთი ვიცი დანამდვილებით: ეს პიროვნება ჩეხოვის «თოლიას» ვერასდროს დადგამს.

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here