Home რუბრიკები საზოგადოება «ვარდSOSნები», «ქართული SOSნება» და SOSიალურად დაუცველი საქართველო!!!

«ვარდSOSნები», «ქართული SOSნება» და SOSიალურად დაუცველი საქართველო!!!

641

21 მარტს, ზუსტად იმ დროს, როცა საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატები რიჩარ ნორლანდის რეჟისორობით მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლს დგამდნენ სახელწოდებით «სარეიტინგო კენჭისყრა», ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში შემზარავი ფაქტი მოხდა: შიმშილის გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი ერთი წლის გოგიტა აბაშიძე, მიუხედავად ექიმების მიერ გატარებული ღონისძიებებისა, გარდაიცვალა.


ხელვაჩაურის რაიონის გამგებელმა ლევან ლორთქიფანიძემ ის ფაქტი, რომ აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გააჩნია, შემდეგნაირად ახსნა: თურმე ოჯახში ერთ-ერთ ბავშვს არ აქვს პირადი ნომერი მინიჭებული. მისივე თქმით, ხელვაჩაურის გამგეობამ ამ პრობლემის შესახებ არ იცოდა და მათი დახმარება აქამდე ვერ შეძლო. თავის მხრივ, გარდაცვლილის დედა ინგა აბაშიძე კი საპირისპიროს აცხადებს: «მარტო მოხალული პურის ფქვილის ფაფას ვაჭმევდი ბავშვს, მეტის საშუალება არ მქონდა. სულ ვითხოვდი დახმარებას, ფეხმძიმეც კი ვაწუხებდი სააგენტოს, მაგრამ ამაოდ».

რომელი ცრუობს: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ თავის რაიონში არსებული ესოდენ მძიმე პრობლემის შესახებ არ იცოდა, თუ გარდაცვლილის დედა, რომელიც ამბობს, რომ სოციალურად დაუცველთა სააგენტოს ამაოდ აწუხებდა? ფაქტი ერთია, რომ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ადამიანები შიმშილით იხოცებიან.

არახალია, რომ, დღეის მდგომარეობით, მონაცემთა ბაზაში 1 მილიონ 500 ათასი მოქალაქის განცხადება დევს სოციალურად დაუცველის სტატუსის მოთხოვნით. ეს არის რეალობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ცხრა წლის განმავლობაში შექმნა. ისიც ცნობილია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ დაუცველის სტატუსი მიიღოს. ხშირია შემთხვევები, როცა კომისიამ შესაბამისი ქულები ძველი გაზქურის, კარადის ან სულაც ინტერნეტის გაუქმებული კაბელის გამო არ დაწერა.

ხელისუფლების შეცვლასთან ერთად გაჩნდა იმედიც. სოციალური დაცვის ლოზუნგებით მოსული ახალი ძალისგან ხალხი ელოდა, რომ წინამორბედის პოლიტიკას ამ მიმართულებით გადასინჯავდა… მდგომარეობა პრაქტიკულად იგივე დარჩა. სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება დღესაც ისეთივე პრობლემას წარმოადგენს, როგორც «ნაცმოძრაობის» დროს იყო. მმართველი გუნდი ამის ახსნას, ერთის მხრივ, იმით ცდილობს, რომ სააგენტოებში ისევ წინა ხელისუფლებისდროინდელი კადრები მუშაობენ. საუბარია ჯერჯერობით ახალი სტრატეგიის არარსებობაზეც, მაგრამ ჯერ ერთი ის, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი კადრები ისევ მუშაობენ, ცალკე პრობლემაა და მეორეც, სანამ მთავრობა სოციალური უზრუნველყოფის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს, მილიონ-ნახევარ სოციალურად დაუცველს ლამის სული შიმშილით ამოხდეს.

არ მინდა, ვინმემ ეს ყველაფერი უსაფუძვლო კრიტიკაში ჩამომართვას, რადგან ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ჯერ საკმარისი დრო არ გასულა, მაგრამ იმ გაუთავებელი პოლიტიკური ბაკქანალიის ფონზე, რომელსაც, უკვე ცხრა წელია, თვალ-ყურს ვადევნებთ, ბევრი რამ თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება… რამდენად გამართლებულია, თუნდაც, როცა იმ ქვეყნის სახელმწიფო მოხელე, რომლის მოქალაქეებიც შიმშილით იხოცებიან, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ კვირაში 100 ათას ლარად შეფასებულ ავტომანქანას ყიდულობს? ან რამდენად გამართლებულია, როცა ამ დუხჭირი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი საკუთარ თავს კოლოსალურ პრემიებს უწერს?! (მაგალითად, ნოდარ ხადურმა ნოემბერ-დეკემბერში 3540_3540 ლარი მიიღო, მთლიანად მის უწყებაში კი პრემიების სახით 306 700 ლარი გაიცა). რამდენი ჩვილისა და მოხუცის გადარჩენა შეიძლებოდა ამხელა თანხით შიმშილით სიკვდილისგან? რამდენ ავადმყოფს შეიძლებოდა წამალი მიწოდებოდა?! ბუნებრივია, გიჩნდება კითხვა: ბოლოსდაბოლოს, დეპუტატის ზეკომფორტული გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეზე? ან მინისტრის გასქელებული ჯიბე და მსუყე ლანჩი _ რიგითი მოქალაქის საარსებო მინიმუმზე?!

ცხადია, ყველას გვახსოვს, წინა მმართველობის დროს რა ხდებოდა. გვახსოვს სამინისტროებში მარტო ყავაზე დახარჯული ათასები და ძვირადღირებული მანქანებიც, რომლებსაც ნაცხელისუფლება პირდაპირ ავტოკონცერნებს უკვეთავდა ამერიკასა თუ ევროპაში, მაგრამ 1 ოქტომბერს სწორედ ამას უთხრა უარი ქართველმა ხალხმა. სწორედ ამის გამო აიყვანა საზოგადოებამ სააკაშვილის რეჟიმი პოლიტიკურ გილიოტინაზე. დღეს უკვე საკითხავია: კიდევ რამდენი ხანი შეიძლება, გაართოს საზოგადოება იმ პოლიტიკურმა ლუკმამ, რომელიც «მეოცნებეებმა» მიმდინარე სამართლებრივი პროცესის სახით გადმოაგდეს? ყოველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ახალაია ციხეშია და, სავარაუდოდ, მერაბიშვილიც და უგულავაც მალე გვერდით მიუჯდებიან, ადამიანის, მით უფრო ჩვილის, შიმშილით სიკვდილს ვერ გადაფარავს. ვერც პრემიერის სამძიმარი უშველის ამ საქმეს და ვერც პრეზიდენტის რეზიდენციაზე დროშას შემოვლებული შავი არშია…

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა შეძრწუნებული სახით განაცხადა: გაჭირვებულების სახელმწიფო დახმარების პროგრამა ჩემი პრეზიდენტობის პირველ ხანებში ამოქმედდა, თუმცა ამ პროგრამის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარო. მის მიერვე 2007 წლის 16 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას გაგახსენებთ: «ჩვენი დაწყებული საქმე დამთავრდება სიღარიბის მარცხით და ეს გზა მიგვიყვანს საქართველომდე სიღარიბის გარეშე».

«ნაცმოძრაობის» მიერ დაწყებული ცხრაწლიანი «დიადი» საქმის დასასრულს რეალობა მაინც ასეთია: საქართველო არის ქვეყანა არა სიღარიბის გარეშე, არამედ ქვეყანა, რომლის მოქალაქეები შიმშილით იხოცებიან.

დასავლურ სტანდარტებზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს რამდენად ეკადრება მსგავსი რამ, ამას, ალბათ, ჩვენი ექსპერტების მრავალრიცხოვანი არმია განმარტავს კვალიფიციურად, მე კი რიგითი მოქალაქის პოზიციიდან პრეზიდენტის საყვარელი ფორმულირებით ვიტყვი, რომ, როგორც არასდროს, ისე მრცხვენია…

ჯაბა ჟვანია

P. S. 8 თებერვალს ბიბლიოთეკის შენობასთან ჩიორა თაქთაქიშვილს რომ გაულაწუნეს, ევროპის სახალხო პარტიის «ქორები» დეპუტატის სხეულზე «ძალადობის ნიშნებს» მიკროსკოპით ეძებდნენ. იქნებ ეკითხათ იმავე ევროპარლამენტარებს, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლებისთვის, რატომაა, რომ სახელმწიფოს, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებს ესწრაფვის, მოქალაქეები შიმშილით ეხოცება

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here