Home რუბრიკები საზოგადოება გიმლერის მემკვიდრეობა და ბავშვთა უფლებები დემოკრატიის ციტადელში

გიმლერის მემკვიდრეობა და ბავშვთა უფლებები დემოკრატიის ციტადელში

927

ორგანიზაცია «ლებენსბორნი» («სიცოცხლის წყარო») გერმანიაში რაიხსფიურერ გენრიხ გიმლერის ბრძანებით 1935 წელს დაარსდა. თავდაპირველად ეს იყო ბავშვთა თავშესაფრების ქსელი, რომლებშიც გერმანელ ქალებს შეეძლოთ ჩაებარებინათ უკანონოდ დაბადებული შვილები. გიმლერის თქმით, «ლებენსბორნი»  სხვა არაფერი იყო, თუ არა «იდეალური  ნორდული რასის შექმნის ფაბრიკა»,  რასისა, რომლითაც  უნდა დასახლებულიყო სსრკის, ჩეხეთის, პოლონეთის ტერიტორიები


1940 წლიდან «ლებენსბორნის» ფუნქციები გაფართოვდა _ ორგანიზაციამ თავისი პუნქტები დაპყრობილი ქვეყნების ტერიტორიებზე გახსნა: ათი ნორვეგიაში, სამ-სამი პოლონეთსა და დანიაში, თითო-თითო ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. სსრკ-ში ოფიციალურად არც ერთი პუნქტი არ მუშაობდა, თუმცა ნიურნბერგის პროცესზე და ასევე სს-ის შტანდარტფიურერის, მაქს ზოლმანის, ინტერვიუებში შოკისმომგვრელი ინფორმაცია ამოტივტივდა. გაირკვა, რომ სსრკ-ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან (დღევანდელი რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი) 3- წლამდე ასაკის 5-დან 50 ათასამდე(!) ბავშვი წაართვეს მშობლებს და «ლებენსბორნს» გადასცეს. ეს ფაქტი ასობით მოწმემაც დაადასტურა.

გერლინდა სვილენი, ასოციაცია «ომში დაბადებულნის» პრესსმდივანი აღნიშნავს, რომ უამრავი რუსი და უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს «ლებენსბორნის» თავშესაფრისთვის: «თუ დედ-მამა ფაშისტებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მათ ბავშვის თვალწინ ხოცავდნენ». ყველაზე საშინელი ისაა, რომ ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გატაცებული ბავშვების მხოლოდ მეოთხედი დაბრუნდა სამშობლოში, დანარჩენები კი გერმანიის ტერიტორიაზე გაიფანტნენ, მათი კვალი დაკარგულია. 1945 წლის 28 აპრილს, სანამ ამერიკული ჯარი შევიდოდა მიუნხენში, «ლებენსბორნის» არქივი მისმა თანამშრომლებმა გაანადგურეს (ერთი ვერსიით, დაწვეს, მეორე ვერსიით – მდინარეში გადაყარეს). ამრიგად, უამრავი გატაცებული ბავშვის პირადი საქმეც დაიკარგა.

სლავური წარმოშობის ბავშვები «ლებენსბორნში»  სახელის დარქმევის განსაკუთრებულ პროცედურას გადიოდნენ. ბავშვს ხელში სს-ის ოფიცერი იკავებდა ფარნებით, სვასტიკითა და ჰიტლერის სურათით მორთული საკურთხევლის წინ და მას ძველგერმანული სახელი ეძლეოდა _ ზიგფრიდი, ეტელვოლფი და ა. შ. შემდეგ იწყებოდა «გერმანიზაციის» პროცესი. ბავშვებს აძლევდნენ სავსებით ახალ საბუთებს, რომლებშიც ეწერა, რომ ესენი იყვნენ  დაღუპულ ჯარისკაცთა შვილები, რომლებიც «დიადი გერმანიისა და ფიურერისთვის იბრძოდნენ». ბავშვებს გერმანულ ენას ასწავლიდნენ, თუ ბავშვი ერთ სიტყვას მაინც იტყოდა მშობლიურ ენაზე, სასტიკად სცემდნენ. თუმცა ძალიან კარგად აჭმევდნენ და აცმევდნენ, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამდნენ: «ეს იმიტომ, რომ ახლა არიულ რასას ეკუთვნი. გინდა სანაგვეზე იკვებო? ასე მოგიწევს, თუ საკუთარ ბედნიერებას არ დააფასებ». ბავშვების «გერმანიზაციის» პროცესი 3-4 თვე გრძელდებოდა, რის შემდეგაც ბავშვი მზად იყო გაშვილებისთვის. როგორც წესი, ბავშვების სლავური წარმოშობა გასაიდუმლოებული იყო და მშვილებელმა იშვიათად თუ იცოდა «ობლის» ეროვნება. უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის ძარღვებში  «წმიდა არიული სისხლი» ჩქეფდა. სს-ის ინსპექტორები რეგულარულად ამოწმებდნენ ოჯახებს, არიული სულისკვეთებით ზრდიდნენ ბავშვს თუ არა. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ათასობით სლავური წარმოშობის ბავშვი ამერიკული ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდა. ამერიკელებს ბავშვების პირადი საქმეების მხოლოდ 10 პროცენტი ჩაუვარდათ ხელში. 1947 წელს აშშ-ის გამომძიებლებმა ბავშვების გარკვეული რაოდენობა დაკითხეს, რათა გაეგოთ, სურდათ თუ არა მათ სამშობლოში დაბრუნება. ბავშვების ნაწილს საერთოდ დავიწყებოდათ მშობლიური ენა და თავი გერმანელებად მიაჩნდათ, მშვილებელ ოჯახს შეეჩვივნენ და დაბრუნება აშინებდათ. სხვები «გერმანიზაციით» იყვნენ დაშინებულნი. მათ «ლებენსბორნმა» ჩაუნერგა აზრი, რომ არიელად ყოფნა ამქვეყნად საუკეთესო საქმეა. სხვათა შორის არც ამერიკელებს ამოძრავებდათ კომუნისტების დახმარების დიდი სურვილი და ამიტომ ეს საქმე მალე ჩაიფარცხა. პროფესორ ჰაინც ვირსტის თქმით, დღესდღეობით ნაცისტების მიერ პოლონეთიდან და საბჭოთა კავშირიდან გაყვანილი 13517 ბავშვი ძებნაში იმყოფება. დღეს გერმანიაში რუსი და პოლონელი ბავშვების ასი ათასობით შთამომავალი ცხოვრობს და აზრზეც არ არიან საკუთარი წარმოშობის შესახებ.

დღეს რუსეთიდან ბავშვები, ძირითადად, აშშ-ის მოქალაქეებს აჰყავთ შვილად. ზოგი მათგანი ბედნიერად ცხოვრობს და წარმატებებსაც აღწევს, მაგრამ ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაშვილები რუსი ბავშვების ბედი ტრაგიკულად მთავრდება.

კერი სიმონი 12 წელი ებრძვის ძალადობას ამერიკელ მშვილებელ ოჯახებში. მის კართოტეკაში ბავშვებთან სასტიკად მოპყრობის 589 საქმეა. აქედან 40 შემთხვევა რუსეთიდან აყვანილ ბავშვებს ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს სია სრული არაა, აქ მარტო მასმედიაში გახმაურებული ისტორიებია შესული.

კერი სიმონი: «მეც ნაშვილები ვარ და ჩემს ოჯახშიც ძალიან ბევრი ძალადობა იყო. რატომღაც საზოგადოებაში მოქმედებს ისეთი სტერეოტიპი, რომ მშვილებელ ოჯახში ბავშვი აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს, ამიტომ არ სჯერათ, რომ მშობლებმა, შესაძლოა, რაიმე ზიანი მიაყენონ ნაშვილებ ბავშვს».

რუსეთის დიპლომატები ახლა კიდევ ერთი ბავშვის ბედის გარკვევას ცდილობენ, რომელიც ლესბოსელმა წყვილმა იშვილა. ეგორ შაბალოვი ამერიკელმა წყვილმა ექვსი წლის წინ იშვილა. აშშ-ში მათ ყველა ოჯახს უწოდებდა, ხოლო რუსეთში თავი მეზობლებად წარადგინეს. სულ ახლახან ლესბოსელი წყვილი განქორწინდა, ერთ-ერთი მშობელი სასამართლოს განაჩენს არ დაელოდა, ბავშვი გაიტაცა და კალიფორნიაში გადაბარგდა. ახლა ბეს ჩაპმენი უარყოფს თავის ვინაობას და კარს თითქმის არავის უღებს. აშშ-ის გაშვილების სააგენტოების უმრავლესობა უარს არ ეუბნება ჰომოსექსუალ წყვილებს, პირიქით _ ეხმარება მათ, გვერდი აუარონ კანონებს იმ ქვეყნებში, სადაც ერთსქესიან ქორწინებებს არ სცნობენ.

სულ ახლახან აშშ-ში გარდაიცვალა კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც რუსეთში იშვილეს. როგორც გაირკვა, მაქსიმ კუზმინი თავის ძმასთან ერთად უკანონოდ იშვილეს – საბუთებში ბებიის ხელმოწერა, რომლის თანხმობის გარეშე გაშვილება ვერ შედგებოდა, გაყალბებული იყო. ბავშვები ზუსტად იმ ბავშვთა სახლიდან იშვილეს, რომლიდანაც რამდენიმე წლის დიმა იაკოვლევი წაიყვანეს. საბრალო დიმა მშვილებელი მამის დაუდევრობით დაიღუპა, რომელმაც 2 წლის ბიჭუნა ჩაკეტილ მანქანაში დატოვა, ოცდაათგრადუსიან სიცხეში ბავშვმა 9 საათი გაატარა, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, გარდაიცვალა. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, მშვილებელ მამას, მაილს ხარისონს, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლომ ის გაამართლა. 2009 წელს აშშ-ში კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა _ ვანია სკორობოგატოვი. მშვილებელმა მამამ ბავშვი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა. ექიმებმა ბიჭუნას სხეულზე 80-მდე ტრავმა აღმოაჩინეს, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ ამერიკულმა თემიდამ ამჯერადაც შეიწყალა მშობლები. მათ მხოლოდ არაგანზრახ მკვლელობაში წარედგინათ ბრალი და ციხეში მხოლოდ 19 თვე გაატარეს.

ბავშვების უფლებებისა და სიცოცხლის დასაცავად რუსეთში სპეციალური კანონი მიიღეს. ერთერთი მუხლის თანახმად, აშშის მოქალაქეებს რუსეთიდან ეკრძალებათ ბავშვების შვილად აყვანა. კანონმა ბევრი მითქმამოთქმა გამოიწვია, მაგრამ ახლა, როდესაც აშშში კიდევ ერთი რუსი ბავშვის, მაქსიმ კუზმინის, გარდაცვალების ამბავი გაიგეს, კანონის მოწინააღმდეგენი, ცოტა არ იყოს, დაფიქრდნენ. როგორც გაირკვა, მაქსიმს ძლიერ ფსიქოტროპულ პრეპარატს _ «რისპერიდონს» აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მსგავსი მკურნალობა არ სჭირდებოდა. მას მხოლოდ გულის მანკი აწუხებდა. მშვილებელი დედის მტკიცებით, მან ბავშვი სახლის ეზოში უგონო მდგომარეობაში ნახა და სასწრაფოს გამოუძახა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ამ საქმეში ჩართული რუსეთის დიპლომატების მტკიცებით, პათოლოგანატომებმა ბავშვის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღმოაჩინეს, ხოლო მუცლის ღრუში _ დიდი სიხლჩაქცევა, რომელიც, სავარაუდოდ, ძლიერი დარტყმით იყო გამოწვეული. მშობლებისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ, მაგრამ აშშ-ისა და რუსეთის საზოგადოება ერთობლივად აღშფოთდა. რუსეთის მხარე მიიჩნევს, რომ აშშ-ში ბავშვების უფლებები დაცული არაა, ხოლო ამერიკული მხარე კი _ იმით, რომ რუსეთი მეტისმეტად აზვიადებს აშშ-ის ამბებს და ცილისწამებლურ ბრალდებებს ავრცელებს.

თუ რამდენად «ფაქიზ» თემას წარმოადგენენ ბავშვები ამერიკისთვის, ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ აშშ არ მონაწილეობს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციაში. აშშ-ის გარდა, გაეროს 200 წევრ-ქვეყნიდან კონვენციას არ შეუერთდა კიდევ ორი ქვეყანა – სომალი და სამხრეთ სუდანი. რა თქმა უნდა, გადამეტება არც ერთ საქმეში არ ვარგა. ასე, მაგალითად, ფინეთში ბავშვთა უფლებებს ისეთი გაშმაგებით იცავენ, რომ უამრავ მშობელს უფლებები წართმეული აქვს, ხშირად სულ უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი. საბრალო ბავშვები უცხო გარემოში, მაგრამ უფლებადაცულები, ბავშვთა სახლებში აგრძელებენ ცხოვრებას. სხვათა შორის, საქართველოში დღემდე არ არის მიღებული კანონი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.

მხოლოდ ისაა მანუგეშებელი, რომ, აშშისგან განსხვავებით, საქართველო გაეროს კონვენციას მაინცაა მიერთებული

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here