Home რუბრიკები საზოგადოება ნაპოლეონ ქარქაშაძე: აფხაზეთი ცხოვრების დონით უფრო მალე შეიძლება გახდეს ევროპის ნაწილი, ვიდრე...

ნაპოლეონ ქარქაშაძე: აფხაზეთი ცხოვრების დონით უფრო მალე შეიძლება გახდეს ევროპის ნაწილი, ვიდრე საქართველო

890

საუბრის თემა ბატონმა ნაპოლეონ ქარქაშაძემ თავად შემომთავაზა: _ დღევანდელი სოხუმის ფოტოებმა და რეპლიკამ «გამარჯობა, აფხაზეთო, შენი», რომლებიც «საქართველო და მსოფლიოს» მერვე ნომერში გამოქვეყნდა, გამახსენა ჩემი აფხაზეთი. ჩემსას ვუწოდებ იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობის საუკეთესო 16 წელიწადი აფხაზეთში გავატარე. მაშინ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორად ვმუშაობდი. მე დღესაც მაქვს ურთიერთობა მეგობარ აფხაზებთან, რომლებიც ხშირად გადმოდიან აქეთ და ჩემს ოჯახსაც სტუმრობენ. მათგან ვიცი, რომ სოხუმს დღესაც ატყვია ომის ნაჭრილობევი _ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა, უპატრონოდ მიტოვებული კერძო სახლები, მაგრამ საერთო სურათი, კერძო ბიზნესის წყალობით, უკეთესობისკენ შეიცვალა _ გალამაზდა და კეთილმოეწყო ქალაქი.

_ კერძო ბიზნესში, თქვენ რომ თქვით, ქართული ბიზნესიც იგულისხმება?

_ ჩვენგან რა ინვესტიცია უნდა შევიდეს, როცა მთელი ჩვენი ეკონომიკა უცხოურ ინვესტიციაზე დგას. საქართველოს ბიუჯეტში ადგილობრივი წარმოების შენატანი დაახლოებით 12-15 პროცენტია.

ხშირად მესმის, რომ აფხაზეთი უჩვენოდ ვერ გაძლებსო, დაიღუპებაო. მე კი მგონია, რომ პირიქითაა: ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან აფხაზეთს შეუძლია ყველაზე კარგად იცხოვროს, თუ იქ სათანადოდ განვითარდება საკურორტო ინდუსტრია. უკვე ფაქტია, რომ იქ ყველაფერი ამ მიმართულებით ვითარდება.

მე მითხრეს, რომ გაგრა მიმზიდველი ქალაქი-კურორტი გახდა, სწორედ უცხოური ინვესტორების აქტიურობის შედეგად, რომლებმაც ააშენეს ახალი სასტუმროები, კაფე-ბარები, მიხედეს ქალაქის ინფრასტრუქტურას. თქვენს მკითხველებს მოეხსენება, რომ გაგრა ისეთი კურორტია, რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს. ზამთარშიც კი, როცა ზღვის კურორტზე მკვდარი სეზონია, აქაური კლიმატი მისწრებაა ფილტვებით დაავადებული ადამიანებისთვის. შემთხვევითი არ იყო, როცა ინგლისის პრინცმა თავის ავადმყოფ შვილს სწორედ აქ აუშენა ფეშენებელური სასახლე.

აფხაზეთი 

_ უცხოურ ინვესტიციებზე რომ ლაპარაკობთ, რუსეთს გულისხმობთ?

_ რასაკვირველია, _ რუსეთს, მაგრამ _ არა მარტო. გაგრაში გაიხსნა, მაგალითად, უკრაინული რესტორანი, ინვესტიციები აქვს ჩადებული პოლონეთსაც, გერმანიასაც, ბიზნესს იმ ქვეყნებისა, რომელთაც არ აქვს გასასვლელი «თბილ ზღვებზე».

დღეს აფხაზეთისა და აფხაზების ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდება, არადა, აუცილებლად უნდა გადაიდგას თუნდაც მოსასინჯი ნაბიჯები.

იცით, რით იყო ყველაზე მეტად უკმაყოფილო აფხაზეთის ქართველობა საქართველოს ხელმძღვანელობის მათდამი დამოკიდებულების საკითხში? _ თბილისი ნაკლებად ენდობოდა არა მარტო აფხაზებს, არამედ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებსაც, რაც ორივე მხარეს ერთნაირად აღიზიანებდა.

მაგალითებსაც დაგისახელებთ: საჭირო არ იყო პარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად გივი კვანტალიანის თბილისიდან წამოყვანა, კაცისა, რომელიც აფხაზეთს საერთოდ არ იცნობდა, რუსულშიც, ბოდიშს ვიხდი, ცოტა მოიკოჭლებდა. ვერც იგი მოერგო გაგრას, ვერც გაგრელებმა შეითვისეს იგი _ აფხაზებმაც და ქართველებმაც. ან, ძალიან დადებითი პიროვნების, გალაქტიონ ნაჭყებიას, რომელიც გულრიფშის რაიონის კარგი პირველი მდივანი იყო, გაგრის პირველ კაცად გადმოყვანა რით იყო გამართლებული?!

ისიც ვერ მოერგო გაგრას და გულრიფშში დააბრუნეს.

არადა, ადგილობრივ კადრებს შორის იყვნენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც გაცილებით უკეთეს კვალს დაამჩნევდნენ აფხაზეთს.

მაგალითების ჩამოთვლას არ გავაგრძელებ.

ეს ერთი.

აფხაზეთი 

ახლა მეორე შეცდომა თუ მცდარი დამოკიდებულება, რომელიც თანამედროვე სიტუაციაში ზემოთ თქმული პოლიტიკის რუდიმენტულ გაგრძელებად მესახება: აფხაზეთზე დღეს ლაპარაკობს ყველა, გარდა იქ ნაცხოვრები ადამიანებისა. აქტიურობენ ისეთები, რომლებიც აფხაზეთში ჩამოსულიც არ მინახავს.

დაბეჯითებით ვამბობ: ჯერ კიდევ დარჩა ის ადამიანები, ვისაც აფხაზეთთან დაკავშირებით რაიმე კონსტრუქციულის თქმა შეუძლია. სამწუხაროა, რომ ისინი დროზე ადრე დაივიწყეს.

_ ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის, ცხინვალის მეორე პლანზე «გადაჩოჩება» იმის მიზეზით ხომ არ ხდება, რომ კონფლიქტური რეგიონების პრობლემების მოგვარება მეორე პლანის ჩინოვნიკებს ებარათ?

_ ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს. ამიტომ მე დავუჭერდი მხარს იმ წინადადებას, რომლის მიხედვით: პირველი და მთავარი _

ამ საკითხებზე მუშაობა უმაღლესი რანგის მოღვაწეს უნდა ებაროს, მის მოვალეობათა ნუსხაში უნდა იყოს ჩაწერილი. იდეალურად მესახება, თუ ეს მოღვაწე აფხაზეთის მკვიდრი, აფხაზეთში ნაცხოვრები პიროვნება იქნება. ენერგიული, სათანადო გამოცდილებით აღჭურვილი, განათლების ფართო ჰორიზონტის მქონე, ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მე მხარს დავუჭერდი ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებას, რომელიც «საქართველო და მსოფლიოში» არაერთხელ დაფიქსირდა.

აფხაზეთი 

_ ბატონო ნაპოლეონ, რჩევა-დარიგებისთვის, კონსულტაციისთვის თქვენთვის არ მოუმართავთ?

_ წინა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არაფერს მკითხავდა, რადგან სააკაშვილის გუნდისთვის მე პერსონა ნონგრატა ვიყავი.

თქვენთან გამოქვეყნებულ ფოტოებს რომ ვუყურებ, გული მწყდება. იქ ჩვენსა და აფხაზებს შორის ისეთი ურთიერთობა სუფევდა, რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა. აგერ სასტუმრო «აფხაზეთთან» ყავაზე ვინმე უცნობი ისე დაგპატიჟებდა, არც იკითხავდა, ვინ ხარ. სტუმრის სესხების წესი ჰქონდათ. ხშირი ყოფილა, როცა ჩემი ბინის აივანზე ვისხედით მე და ჩემი სტუმრები, დაურეკია აფხაზ მეზობელს და უთხოვია: _ ბატონო ნაპოლეონ, თბილისიდან სტუმრები გყოლია და იქნებ დღეს თუ არა, ხვალ მაინც მასესხოთ და მასტუმროთ ჩემთან ოჯახშიო. ბევრი ქართველი მიმიყვანია აფხაზის ოჯახში, მათ შორის _ თქვენც, თუ გახსოვთ…

_ მახსოვს, როგორ არ მახსოვს… მტრებად მივაჩნივართ დღეს აფხაზებს?

_ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს და ჩემს მომდევნო თაობას იცნობდნენ, ცხადია, მტრებად არ მივაჩნივართ. მაგრამ მესამე თაობა უკვე აღარა სცნობს ქართველებს. ქართველი მათთვის უკვე მტერია.

_ დრო ჩვენზე მუშაობს?

_ არა. ამ თვალსაწიერიდან ძალიან გაგვიჭირდება ურთიერთობის დამყარება. რაც დრო გადის, აფხაზეთს უფრო და უფრო ვცილდებით. და, სხვათა შორის, აფხაზეთი ცხოვრების დონით უფრო მალე შეიძლება გახდეს ევროპის ნაწილი, ვიდრე საქართველო.

ჩვენ რით უნდა მოვხიბლოთ აფხაზი: იმით, რომ ქართველი ქართველს მტრობს?! იმით, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ციხეები პოლიტპატიმრებით აავსო?!

აფხაზეთი 

_ მაშასადამე, პერსპექტივა ჩიხია?

_ ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ამის გამო ჩამქოლონ: აფხაზეთის მშვიდობიანი დაბრუნების არავითარი პერსპექტივა არ გაგვაჩნია.

_ აბა, ომით?

_ არავითარ შემთხვევაში! რატომ წავაგეთ ომი აფხაზეთში? ამ შეკითხვას ხშირად უბრუნდებიან და უმეტესად, რომელიმე ხელმძღვანელზე ხელის შეწმენდით უპასუხებენ, მაგრამ თუ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართველების სუსტი მოტივაცია იყო _ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც მიზანი, არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც აფხაზების რწმენა, რომ იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

არსებობს ერთადერთი გზა _ შენ უნდა იყო მასზე ეკონომიკურად ბევრად უკეთესი. მაგრამ ახლა, როცა იქ პენსია 350 დოლარის ეკვივალენტურია, შენი პენსია კი 72 დოლარის ეკვივალენტური, რომელ უკეთესობაზე შეიძლება ლაპარაკი?!

უნდა წავიდეთ მოლაპარაკებაზე, რათა შეიქმნას კონფედერაციული სახელმწიფო. მაგრამ ვეჭვობ, ამაზე დაგვთანხმდნენ.

ფაქტია, აფხაზეთის მიმართულებით უკან წავედით. მაგრამ ეს უკუსვლა არ უნდა გავაძლიეროთ, მაგალითად, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზით მიმოსვლის აღუდგენლობით. ვინმემ იანგარიშა, რა ზარალი მოაქვს ამ გზის უმოქმედობას საქართველოსთვის?

_ არ ვიცი.

_ ამ რკინიგზის აღდგენით გაიხსნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის სატრანზიტო ფუნქციის მქონე საკვანძო ქვეყნის, რაც ნიშნავს ქვეყნის ბიუჯეტში ფინანსური შემოდინების კოლოსალურ გაზრდას!

«დეოკუპაციის» განცხადების იქით ჩვენი «შორსმჭვრეტელი» პოლიტიკოსების თვალსაწიერი არ ვრცელდებოდა. არადა, ეს გზა სწორედ დეოკუპაციამდე მიგვიყვანს.

თუ გვაქვს პრეტენზია ცივილიზებულ სამყარში ცხოვრების, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა უნდა გავხსნათ და არ ავყვეთ ზოგიერთებს, რომლებიც «ჯიუტობენ, ვითა ჯორი». რკინიგზა აქამდეც უნდა გახსნილიყო.

აფხაზეთი 

_ სამეცნიერო კავშირებზე მინდა გკითხოთ, ბატონო ნაპოლეონ. სააკაშვილის ზეობის პერიოდში რა მიმართულებით ვითარდებოდა თქვენი აკადემიის კონტაქტები მონათესავე მეცნიერებათა აკადემიებთან? ჰიბრიდული სიმინდის გარდა მეცნიერული ღირებულების რა გამოცდილება გაგიზიარეს ამერიკელმა კოლეგებმა?

_ ჯერ ერთი, ჰიბრიდული სიმინდის შემოტანა ჩვენ არავინ გვკითხა. ყველამ იცის, ვისი მითითებითაც გაკეთდა ეს დამღუპველი საქმე.

_ იმასავით ხომ არ იყო, აიოვას შტატის სიმინდის მოსავლით მოხიბლულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკელი ფერმერების გამოცდილების გადმოღება და საბჭოთა კავშირში დანერგვა რომ მოინდომა?

_ იმას ჰგავდა. მეორე, რაც მთავარია, ჩვენ არავითარი ურთიერთობა არ გვქონდა, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოში გამორჩეული სამეცნიერო ცენტრებით განთქმულ რუსეთის სოფლის მეურნეობის აკადემიასთან, არც რომელიმე სხვა აკადემიასთან. სააკაშვილის ხელისუფლების დროს მეცნიერება საერთოდ და, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მეცნიერება სრულად იყო იგნორირებული.

_ ბატონო ნაპოლეონ, თქვენ ეკონომიკის დარგში მომუშავე ცნობილი მეცნიერი ხართ. ამიტომ მინდა გკითხოთ, შეძლებს კი ჩვენი ეკონომიკა წელში გამართვას რუსეთის ბაზრის გარეშე?

_ ჩემი კვლევების ძირითადი მიმართულებაა მსოფლიო სოფლის მეურნეობა. თანამედროვე მსოფლიოს განვითარება ქვეყნებს შორის ვაჭრობის ეფექტიანად მოქმედი სისტემის არსებობის გარეშე შეუძლებელია. რაღაც შემოგაქვს, რაღაც გაგაქვს, ეძებ და პოულობ შენთვის ხელსაყრელ გასაღების ბაზრებს. ეკონომიკის კორექტირებაც ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად ხდება და ა.შ. ეს მუდმივი პროცესია, რომელზეც ზემოქმედება დადებითი ან უარყოფითი კუთხით შეუძლია ხელისუფლებასაც და ბიზნესმენებსაც.

აფხაზეთი 

_ უნდა ვივაჭროთ თუ არა რუსეთთან? პირდაპირ გეკითხებით.

_ მეც პირდაპირ გიპასუხებთ: აუცილებლად უნდა ვივაჭროთ!

ერთ მაგალითს დაგისახელებთ: 2007 წლის მონაცემებით, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე საქართველოს გაჰქონდა 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო, 2011 წელს კი, ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის წყალობით, ამ პერიოდში განვითარებული ნეგატიური პროცესების გამო, ღვინის მთლიანი ექსპორტი 11 მილიონ ბოთლამდე დაეცა. აქედან ნახევარზე მეტი არალეგალურად გაგვქონდა.

როცა გყავს ისეთი დიდი მეზობელი, როგორიც რუსეთის სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ჩვენი ქვეყნისას ათასჯერ აღემატება, გსურს თუ არა, მაინც მის ორბიტაზე ტრიალებ, მისი თანამგზავრი ხარ.

როცა ხელისუფლება თავის მოღვაწეობაში ეკონომიკის ელემენტარულ კანონებს არ ითვალისწინებს და ქმნის ხელოვნურ ბარიერებს, ქვეყნის ეკონომიკის რაღაც ნაწილი ემსგავსება «მოხეტიალე სხეულებს», რომლებიც ეძებენ «პატრონს». სააკაშვილის ხელისუფლებამ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა საქართველო, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა.

_ ამჟამად რა ტენდენციები პრევალირებს?

_ ბატონი პრემიერ-მინისტრი ბიზნესიდან მოსული ადამიანია, სწორი, რეალისტური გათვლები აქვს, სწორ პოლიტიკას განახორციელებს, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხშიც. მაგრამ პრაქტიკულ შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე, იმაზე, თუ რამდენად სწორად მოახერხებს იგი ამ მიმართულებით დასახული გეგმების რეალიზებას.

ამჟამად ხელისუფლება სამუშაო რეჟიმში იმყოფება და მთავარი ყურადღება, ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ უნდა მიმართოს, მიუხედავად «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან გააფთრებული წინააღმდეგობისა და საბოტაჟისა.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. ყველაზე მაგარი რექტორი იყო ნაპოლეონ ქარქაშაძე.ძალიან მენატრება ის დრო.ჩვენი ინსტიტუტი.საოცრად ლამაზ ადგილას აშენებული,ულამაზესი ბაღით.ხელის გულივით მოსჩანდა ზღვა.დღევანდელი გადასახედიდან,რომ ვფიქრობ რამხელა ფუფუნება გვქონდა სტუდენტებს,რომ ყოველდღე დავმტკბარიყავით იმ საოცარი სილამაზით…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here