Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენ, ნატო და რუსეთი

ჩვენ, ნატო და რუსეთი

623

10-12 წლის წინ, როცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში ნაკლებად ვიყავი ჩახედული, ამერიკასა და ნატოზე დიდ იმედებს ვამყარებდი  და, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვის  დროიდან (კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, 1999 .) უკვე ეჭვის ჭია მყავდა  გვარიანად შეჩენილი, გაჭირვებული საქართველოს დამხმარედ, ტერიტორიული პრობლემების მომგვარებლად და რუსეთის საპირწონედ მაინც ამერიკანატო მესახებოდა.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტის(!) წყალობით შესაძლებელი გახდა უამრავი ინფორმაციის მიღება ალტერნატიული წყაროებიდან და მეც სულ უკეთ და უკეთ ვწვდებოდი მსოფლიოში მიმდინარე (და წარსული!) მოვლენების არსს, ცხადია, დასავლეთის მიერ მსოფლიოში გატარებულ პოლიტიკაზე შეხედულება კარდინალურად შემეცვალა. არა, რუსეთზე აზრი არ შემცვლია, მას გაცილებით უკეთ ვიცნობდი და მის იმპერიულ ზრახვებში არასოდეს შემიტანია ეჭვი, თუმცა ბევრი რამ გავიგე როგორც ოქტომბრის რევოლუციაზე, ისე რუსეთის 80-90-იანი წლების «პერესტროიკაზე», მათ დამფინანსებლებსა და მომწყობებზე. აზრი, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოზე შემეცვალა, და ეს იყო ყველაზე დიდი გაწბილება, იმედების მსხვრევა ჩემს ცხოვრებაში!

ამ წინათქმით ჩემი სუბიექტური პოზიცია კი დავაფიქსირე, მაგრამ მაინც შევეცდები, ობიექტურად განვიხილო ნატოში საქართველოს გაწევრიანების დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც გვარწმუნებენ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კურსი ნატოსკენ აქვს აღებული. ეს მართლაც ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაახლოებით 16-17 წლის მანძილზე. ყველას გვახსოვს ცხრა წლის წინანდელი განწყობა, როცა ნატოში შესვლას საქართველოს მოსახლეობა თითქმის ისევე უჭერდა მხარს, როგორც ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილს. ოთხი(!) წლის შემდეგ კი, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად მიმდინარე პლებისციტმა (2008 წლის 5 იანვარს) არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე (დღის ოთხი საათისთვის) ნატოში შესვლის მომხრეთა კატასტროფული ვარდნა დააფიქსირა _ ადრინდელი 87 %-დან 61.1 %-მდე (თბილისის პირწმინდად წაგების შემდეგ სააკაშვილის გადარჩევა მეტად სათუო შეიქნა, ამიტომ «ნაცმოძრაობამ» მთელი ყურადღება მისთვის ხმების 51-52 %-ის მოგროვებაზე გადაიტანა და, ამ გაწამაწიაში ნატოც მისახედი რომ ჰყავდა, სულ გადაავიწყდა)!

სასწრაფოდ ამუშავდა ცნობილი გამყალბებლების – მაჭავარიან-გოგორიშვილ-თარხნიშვილის საარჩევნო მანქანა ნატოს მიმართულებითაც და სამარცხვინო პროცენტებიც გამოსწორდა _ 61-დან 77(!) %-მდე გაიზარდა (ნებისმიერი არჩევნების დროს, მის დასრულებამდე დარჩენილ 2-3 საათში მხოლოდ ერთი, დიდი-დიდი რამდენიმე პროცენტით თუ იცვლება მონაცემები, მაგრამ 16 %-ით მატება არ ახსოვს არჩევნების ისტორიას არსად მსოფლიოში!). გინესის ამ რეკორდის «გამოცხობით» «ნაცმოძრაობამ» თავაწეულებმა უპატაკეს დასავლეთს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის «ჭეშმარიტი» განწყობის თაობაზე! ეს პარადოქსი სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა ოპოზიციასაც, რადგანაც მისი მთელი ძალისხმევა მეორე ტურის მოთხოვნისკენ იყო მიმართული.

ბოლო ხუთ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმადასავლეთის მხრიდან სააკაშვილის ხელისუფლების აშკარა მხარდაჭერამ, საქართველოს მოსახლეობას ბევრ რამეზე აუხილა თვალი, და დარწმუნებული ვარ, დღეს რომ ჩატარდეს პლებისციტი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი იტყვის «არას». ჩემს მოსაზრებას თვით ისეთი ორგანიზაცია ადასტურებს, როგორიცაა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), რომლის კვლევებს ეჭვქვეშ არც დასავლეთი აყენებს და არც «ნაცმოძრაობა». ამ ორგანიზაციამ უკვე 2010 წლის მაისში, ანუ 2008 წლის არჩევნებიდან სულ რაღაც ორ წელიწადზე ოდნავ მეტ დროში დააფიქსირეს ნატოს მხარდამჭერთა ვარდნა 62 %-მდე(!), ანუ ზუსტად იმ მაჩვენებლამდე, რამდენიც იყო არჩევნების დღეს ოთხი საათისთვის! დასავლეთის მიერ გაგრძელებული იგივე პოლიტიკა _ სააკაშვილ-»ნაცმოძრაობის» სრულ განუკითხაობაზე, თუნდაც მხოლოდ 26 მაისზე თვალის დახუჭვა უეჭველად კიდევ უფრო გაზრდიდა ნატოსგან გაუცხოების ტენდენციას. ამის ირიბ დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) 2012 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევები, რის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 83 %(!) რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილს და მზაობას გამოთქვამს. არადა, დაწყებული 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან, ლამის ამდენივე პროცენტს რუსეთის გაგონებაც არ სურდა! კითხვის დაკონკრეტების შემთხვევაში კი – «მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატოში შესვლას აფხაზეთ–სამაჩაბლოს გარეშე, ეჭვი არ მეპარება 90% იტყვის «არას».

მაინც რა აუცილებლობითაა განპირობებული ჩვენი ნატოში შესვლა და, თანაც, რაც შეიძლება მალე, უახლოეს მომავალში? როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების ერთადერთი მოტივი არის ქვეყნის უსაფრთხოება _ «ნატოში» გაწევრების შემდეგ უბატონოდ ხმას ვერ გაგვცემს ვერავინ! სწორია? აბსოლუტურად, თითქმის აბსოლუტურად (გააჩნია, ვინ დაგვესხმება თავს და შევა თუ არა ნატოს ინტერესებში საქართველოს დაცვის გულისთვის შესაძლო მესამე მსოფლიო ომის წამოწყება)! ხაზს ვუსვამ, ეს მოტივი გვამოძრავებს ჩვენ და არა ნატოს. რატომ აიტკივებს ვინმე სხვისი დაცვით თავს, თუ თავად უფრო დიდი მიზანი არ აქვს დასახული! სწორია? რა თქმა უნდა, ესეც აბსოლუტურად სწორია! მაგრამ ნატოს მიზნებზე ახლა არ შევჩერდები, შორს წაგვიყვანს.

რა არის საჭირო ნატოს «ღია» კარში შესასვლელად, რა პირობებს აყენებს ის?

პირველი. წესდების მიხედვით, ახალი წევრის მიღებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ნატოს წევრმა 28-ვე სახელმწიფომ;

მეორე. ნატოში მისაღებ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული (სასაზღვრო) პრობლემები.

ეს ორი პირობაა უმთავრესი, თუმცა ასახელებენ კიდევ ერთს _ დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობასაც. ვერ გეტყვით რამდენად გულწრფელად, მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლება სწორედ ამით, ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობით, ხსნის ჩვენს ნატოში აქამდე არგაწევრიანებას და პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს ამ მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, ერთობ მოსაწონია იმისდამიუხედავად დავუახლოვდებით ამით ნატოს თუ არა.

ნატოსთან დასაახლოებლად და მისი გულის მოსაგებად არის კიდევ სხვა გზა, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე უფრო მნიშვნელოვანი _ ნატოს პოლიტიკის უსიტყვო მხარდაჭერა და მის სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობა, რასაც ფრიადზე ასრულებდა და ასრულებს ორივე ხელისუფლება, აგერ უკვე ცხრა წელია.

ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობას ამჟამინდელი ხელისუფლება ნამდვილი მიზეზებით _ აღებული ვალდებულებებით, ნატოს წინაშე თავის გამოჩენით და, აქედან გამომდინარე, გაწევრიანების დაჩქარების სურვილით რომ ხსნიდეს, ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ არა. ერთის მხრივ, გვეუბნებიან, რომ ეს ხდება საქართველოს ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით, რაც შორს არაა ჭეშმარიტებისგან, და მეორე მხრივ, გვარწმუნებენ, რომ ნატოს მისიაში აქტიური ჩართვა თურმე «ჩვენი შვილების ნათელ მომავალზე ზრუნვითაც» ყოფილა განპირობებული და იგი «ღირსების დაცვად», «საამაყოდაც» (თავდაცვის მინისტრის სიტყვებია) უნდა მიგვაჩნდეს.

უკაცრავად, მაგრამ, დიდი პატივისცემისა და რიდის მიუხედავად, სათქმელი ადრე თუ გვიან უნდა ითქვას. რა გამოდის: ჩვენი შვილების მომავალი ნათელი იქნება თუ ბნელი, ავღანეთში წყდება(?!) და «ნაცების» გამოისობით საქართველოში დაკარგული ღირსება ავღანეთშია საძებნელი?! და კიდევ, ჩვენ ვართ ასეთი მიხვედრილები და სხვა ნატოს წევრი ქვეყნებიდანაც კი არავინ ფიქრობს ჩვენსავით სახელმწიფოებრივად(!) არც თავდაცვისუნარიანობაზე, არც შვილებზე და არც ღირსებაზე?! თავდაცვისუნარიანობა და ღირსებაც ავღანელების ხოცვით უნდა ავიმაღლოთ?! დაგვიშავეს მათ ჩვენ რაიმე, თავს დაგვესხნენ თუ ტერორისტული აქტი მოგვიწყვეს? ახლა, 2013 წელს ხომ უკვე კარგა ხნის გარკვეულია, რომ არც ერაყს მიუძღოდა ბრალი ქიმიური, ბაქტერიოლოგიური თუ ბირთვული იარაღის წარმოებაში (რასაც მას აბრალებდა ნატო, რათა იქ შეჭრა გაემართლებინა) და არც ავღანეთს _ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში (რამდენ პროცენტსაც სჯეროდა ამერიკის ოფიციალური ვერსიის 11 წლის წინ, ზუსტად იმდენს აღარ სჯერა მისი დღეს!). იქნებ ჰუმანური სურვილები გვამოძრავებს და ამერიკელებსაც ამიტომ ვეხმარებით «დემოკრატიის» დამყარებაში? კი მაგრამ, თავად ავღანელებს არ უნდა შევეკითხოთ _ ხელს აძლევთ თუ არა ათიათასობით დახოცილი თანამემამულის სისხლის ფასად დამყარებული «დასავლური დემოკრატია»?!

ისე, თუკი მოვლენებს ნატოს პოზიციებიდან მივუდგებით, მაშინ სხვაგვარი დასკვნაც გაკეთდება: რას ჰქვია, რომ აცხადებენ, _ «არ გვინდა ასეთი დემოკრატია», «ჩვენი დიქტატურა გვირჩევნია»! რა იციან ავღანელებმა, ერაყელებმა, სირიელებმა, ლიბიელებმა …და თუნდაც ქართველებმა, რა უნდათ! ეს ნატომ იცის, თუ ვის რა უნდა მსოფლიოში, როგორი წყობა და როგორი პრეზიდენტ-მთავრობა სჭირდება. ამიტომაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს (ვალდებულია!) ანალოგიურ «სამშვიდობო» მისიებს, «ხავერდოვან», «ფერად-ფერად» რევოლუციებს და «არაბულ გაზაფხულებს», მშვიდობა-დემოკრატიის დასამყარებლად თავიც უნდა დადონ, ოჯახის რამდენიმე წევრიც გაიმეტონ და პატარა წამებასაც გაუძლონ ციხეებში. აბა, ჯაბა იოსელიანის თქმის არ იყოს, «დემოკრატია მართლა ლობიოს ჭამა ხომ არ გგონიათ თქვენ»?!

რაც შეეხება ვალდებულებებს, ბოლოს და ბოლოს, გვეტყვის ვინმე, რა ვალდებულებები გვაქვს აღებული? ვითომ იმაზე მეტი, ვიდრე თავად ნატოს წევრ სახელმწიფოებს?! ეს ხომ წარმოუდგენელია! ნატოს წევრებს(!) გამოჰყავთ თავიანთი კონტინგენტი ავღანეთიდან, ბევრმა, კარგა ხანია, გაიყვანა და ბევრიც მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობს (მაგ., ნატოს არაწევრ აზერბაიჯანს მხოლოდ 90 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი და ისიც არასაბრძოლო ოპერაციებისთვის), ჩვენ კი ვიძლევით პირობას, რომ კონტინგენტს გავზრდით და «2014 წლის შემდეგაც იქ დავრჩებით»! ნებაყოფლობით ომში ჩაბმას და ჩვენი შვილების ცხრა მთას იქით საომრად გაგზავნას ხალხის თანხმობა არ სჭირდება?! ავღანეთში ჩვენი სამხედროების გაგზავნას ხომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეხუთედი (21%) უჭერს მხარს! ეს პრეზიდენტის ან რომელიმე პარტიის სურვილზეა დამოკიდებული?! მაშინ პირველებმა იმათ გაუშვან შვილები საომრად, ვინც ასეთ ომებში მონაწილეობას ემხრობიან!

თუ, დავუშვათ და, ისე გვაქვს ყულფში(!) თავი გაყოფილი, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, მაშინ იმის მოთხოვნა, რომ ჩვენი ჯარისკაცების სისხლი, დაღუპულების მაინც, ამერიკელების (თეთრკანიანების, მექსიკელების, ზანგების) სისხლის თანაბრად დაფასდეს, უტაქტობაში ჩამოგვერთმევა?! თუ მუქთა საზარბაზნე ხორცი ურჩევნია ამერიკას და ჩვენც დიდად არ გვენაღვლება ჩვენი ბიჭები?! ფაქტია, დაწყებული ერაყიდან აშკარა დისკრიმინაციას აქვს ადგილი _ ავღანეთში მეომარი ყველა სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებით კი, დაღუპულის ოჯახს(!), გაცილებით მეტს უხდიან, ვიდრე – ჩვენთან. მარტო გერმანია-ამერიკის კლინიკებში უფასო მკურნალობა, კარგად მორგებული პროტეზები და მიზერული პენსია ვერაფერი შვილი შეღავათია დაინვალიდებული ჯარისკაცის ოჯახისთვის.

დავიჯერო, ვერც ახალი ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ ჩვენს თავის მოქაჩლებას, ცარიელი სიტყვიერი შექების მეტი არაფერი მოაქვს? თავის მოქაჩლებაა, აბა რაა, როცა ჯერ მაპმიუღებელი(!) ქვეყანა არა მარტო ნატოს წევრ(!) ქვეყნებს ვაჭარბებთ ჩვენი კონტინგენტით (მოსახლეობაზე გადაანგარიშებით), არამედ თვით ამერიკასაც!

ახლა გადავიდეთ თავად ნატოს პირობებზე და ვნახოთ ჩვენი გაწევრიანება ახლო მომავლის საქმეა, შორეული პერსპექტივა თუ უტოპია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნატოს ხიბლი ისაა, რომ იგი იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტი! ჰოდა, აბა, რომელი ჭკუათმყოფელი წავა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, სულელისა და მოღალატის გარდა, მაგრამ «იქნება» ნიშნავს მომავალს, ანუ ჯერ(!) ნატოში შესვლაა აუცილებელი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ დაგვიცავს იგი, ნატოში შესვლამდე თუ დაგვემუქრა საფრთხე ისე, როგორც 2008-ში?!

ნატოში რომ მიგვიღონ ჩვენი დღევანდელი ტერიტორიული პრობლემებით და ლამის საომარი მდგომარეობით რუსეთთან, ნატომ უნდა დაარღვიოს ან შეცვალოს თავისი წესდება, ან ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, უარი ვთქვათ ამ ტერიტორიებზე. ამ, პრაქტიკულად, გადაულახავ ბარიერს ჩვენი ხელისუფლება (ძველიც და ახალიც) და პრონატოელი პოლიტოლოგები არც ახსენებენ, შეგნებულად, ცხადია! ეს ოპტიმისტები ნატოს წესდებას და აფხაზეთ-სამაჩაბლოს პრობლემას ისე უვლიან გვერდს, თითქოს მთავარი ეს არ იყოს! ისინი რუსეთის ფაქტორსაც არ ახსენებენ, თუმცა კარგად მოეხსენებათ, რუსეთის ზეგავლენით ნატოს ერთი წევრი სახელმწიფოც რომ წავიდეს წინააღმდეგი, რაც არ უნდა დემოკრატია გვქონდეს აშენებული, ნატოში არ მიგვიღებენ. რა უნდა ვიფიქროთ? გამორიცხულია, რომ ნატოს 28 სახელმწიფო წესდების შეცვლას დათანხმდეს. მაშასადამე, რჩება ერთადერთი _ ქართულ მიწებზე უარის თქმა! თუკი ისე გამოშტერდება ქართველი ერი, რომ ამის უფლებას მისცემს ხელისუფლებას, მაშინ, გამოდის, უკვე გადავჯიშებულვართ და ისაა!

არის კიდევ ერთი, მე ვიტყოდი, გადაუჭრელი პრობლემა _ ესაა რუსეთის ნება! რომც დაარღვიოს ნატომ წესდება და ჩვენი მიღება ხმების უმრავლესობით გადაწყვიტოს (რითაც განეიტრალდება რუსეთის ხელისშემშლელი ზეგავლენა ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოზე), და ჩვენც ვენდოთ ნატოს მომხრეთა დაპირებებს, რომ გაწევრიანების შემდეგ უფრო გაადვილდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (ანუ საბოლოოდ გამოვთაყვანდეთ!), რუსეთი მაინც არ დაუშვებს საქართველოში ნატოს რაკეტების განლაგებას, მასზე ფიქრსაც კი! საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იგი ვალდებული(!) იქნება, ჩვენი დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციაც მოახდინოს, რასაც ნატოს მხრიდან, ცხადია, არავითარი ძალისმიერი რეაგირება არ მოჰყვება, რუსეთთან ომის დაწყებას, სულ ცოტა, სააკაშვილის «ჭკუა» სჭირდება და «გამბედაობაც»!

აქვე ისიც მინდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ რუსეთის ნების გარეშე არათუ ნატოში შესვლაზე, საქართველოს გამთლიანებაზეც არ შეიძლება ოცნება. ჩემი ასეთი კატეგორიული მოსაზრება ადვილად გასაგები რომ გახდეს, პირდაპირ იდეალურ ვარიანტს განვიხილავ და ყველა დარწმუნდება მის სისწორეში. 1 ოქტომბერს თითქმის სასწაული მოხდა _ უსისხლოდ(!) გავიმარჯვეთ, სააკაშვილი და მისი კაცთმოძულე ნაცბანდა სანახევროდ(!) გავისტუმრეთ. ახლო მომავალში არც მეორე სასწაულია გამორიცხული და «რეკომენდაციებით»(!) თუ არ შეგვიშალეს ხელი, შესაძლოა, როგორც ივანიშვილმა თქვა, ევროპაც გავაკვირვოთ ჩვენი ჭეშმარიტი სამართალითა და ეკონომიკაში მიღწევებით. ერთი სიტყვით, შეიძლება, ისეთი სანატრელი ცხოვრება დაგვიდგეს, რომ არამარტო უცხოეთში გადახვეწილი ქართველები დაგვიბრუნდნენ, არამედ ზურგშექცევით მდგარი აფხაზებიც (ოსები) შემობრუნდნენ ჩვენკენ პირით და აფხაზების დიდმა უმრავლესობამ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება მოისურვოს. ეს ცოტა უტოპიად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ არც მთლად შეუძლებელია. უტოპიური იმათი იმედებია, ვინც ამ გზით გეგმავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! მოგახსენებთ, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

იმის მიუხედავად, რომ 250 ათასმა ქართველმა იძულებით დატოვა აფხაზეთი, აფხაზები მაინც უმცირესობაში არიან დღეს და, არაოფიციალური მონაცემებით, მათ სომხები სჭარბობენ. სომხების 90% კი, თუ 100%(!) არა, კატეგორიულად წინ აღუდგება აფხაზების სურვილს. აფხაზეთის სომხობა, ვინც ე. წ. ბაგრამიანის ბატალიონში გაერთიანებული სომხეთის(!) სამფეროვანი დროშით ხელში გამორჩეული სისასტიკით იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ 20 წლის წინ, და მათი შთამომავლობა, ქართველებისგან აბსოლუტურად გაუცხოებული(!), დღეს ქართველებს ჩაეხუტება?! გამორიცხულია! (ოფიციალური ერევნის მხრიდან «ბაგრამიანელების» მხარდაჭერას და ქართველების წინააღმდეგ ბრძოლის მოწონებას, დროშის გარდა, ადასტურებს ამ კრიმინალური ბატალიონის სამხედრო ხელმძღვანელობის მიწვევა ერევანში 1997 წელს გენერალ ბაგრამიანის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიალზე!)! საქართველოსთან შემოერთების წინააღმდეგნი იქნებიან რუსებიც და ცხოვრებააწყობილი აფხაზების 5-10%, აგრეთვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია(!), 30-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ ისინი, ვინც 90-იანი წლების დასაწყისში ბავშვი იყო ან შემდეგ დაიბადა. მათ არც ქართველი მეგობრები ჰყავთ, არც ქართული იციან და ისინი მშობლების მიერ სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე ცოცხალი თავით უარს არ იტყვიან. ჩვენდა სამწუხაროდ, მომენტი გაშვებულია ხელიდან, დრომ თავისი საქმე, ჩვენთვის დამღუპველი, უკვე გააკეთა ამ 24 წლის მანძილზე, დაწყებული 1989 წლიდან, როდესაც ვოვა ვეკუა მოკლეს აფხაზებმა სოხუმში!

ასე რომ, საქართველოში დაბრუნების მომხრე აფხაზებმა დიდიდიდი 60-65 % შეადგინოს, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი გამოვა მხოლოდ(!), და უდავოა, რეფერენდუმში, რომლის მოწყობაც ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, მოსახლეობის ეს კატეგორია ვერაფრით გაიმარჯვებს. კრემლს თითის განძრევაც არ დასჭირდება, არა თუ თითის დაქნევა!

რაც უნდა ბოდიშები ვუხადოთ აფხაზებსა და ოსებს, რაც უნდა ფართო იურიდიული უფლებები შევპირდეთ, რაც უნდა ოქროს მთები დავანახოთ, მოხიბლვით კი მოვხიბლავთ მათ, მაგრამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და, განსაკუთრებით, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ეს არამც და არამც საკმარისი არ იქნება, ჰუმანურ-ეკონომიკურ მიმზიდველობაზე დამყარებულ იმედებს ახდენა არ უწერია. რუსეთის ნების გარეშე, დამოუკიდებლად, საქართველოს გამთლიანებას ვერ მივაღწევთ! ამის გზები, უბრალოდ, არ არსებობს! ამიტომ, რუსეთის გადამწყვეტი(!) როლის იგნორირებით, მხოლოდ ნატოს იმედზე გაცემული დაპირებები, დაპირებებადვე დარჩება, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გასცემს მათ – ძველი თუ ახალი ხელისუფლება!

აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან საბოლოო დამშვიდობება არ არის ნატოში გაწევრიანების ერთადერთი და მთავარი მინუსი, უმთავრესი სხვაა! დავუშვათ და, არც არსებობს აფხაზეთ-სამაჩაბლოს პრობლემა, ანდა დავუშვათ, ერთ მშვენიერ დღეს კრემლში კარგ ხასიათზე გაეღვიძათ და ორივე სეპარატისტული რეგიონი დაგვიბრუნეს, ნატოში ჩვენს გაწევრიანებაზე «Lჯ,ჰჯ!» თქვეს, «თავში ქვა გიხლიათო», დააყოლეს და რუსეთ-საქართველოს საზღვარიც ჩაკეტეს: თქვენ _ თქვენთვის, ჩვენ _ ჩვენთვისო! და ჩვენც მეორე დღესვე მიგვიპატიჟეს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში. ჰოი, სიხარულო, აგვიხდა ოცნება, დაცული ვართ, ხელს ვერ დაგვაკარებს ვერავინ!

მერე, მერე რა გველის?

მერე კი, ასე მესახება მე მოვლენების განვითარება: ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ საქართველოში განლაგდება ნატოს ბაზები, მაგრამ ნატოში შემავალი სახელმწიფოებიდან ძალიან ცოტა ვინმე თუ ჩამოსახლდება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად. აი, თურქეთიდან კი იცოცხლეთ, შემოვლენ და შემოვლენ ოჯახებიანად! რუსეთის ბაზარს მოკლებული საქართველოს ეკონომიკა თითქმის ისეთივე ცუდ დღეში აღმოჩნდება, როგორშიც დღეს ვიმყოფებით. ეს კიდევ უფრო გაუადვილებს თურქებს თავიანთი პროდუქციის შემოტანას, გაჭირვებული ხალხისგან ყველაფრის(!) ჩალის ფასად შეძენას, ეკლესიებიდან მეჩეთებში მშიერი მრევლის გადაბირებას (იეღოველები და სხვა სექტანტები თუ ახერხებენ ამას, არც მუსლიმანებს გაუჭირდებათ). თურქები რამდენიმე წელიწადში მთლიანად აითვისებენ აჭარას (ნაწილობრივ ხომ ისედაც ათვისებული აქვთ!), მერე კი, ასე ორ-სამ თაობაში – დანარჩენ საქართველოს! დიდი ხნის წინანდელ ნატვრას სულ უმტკივნეულოდ, თითის გაუნძრევლად აისრულებენ! განა საჭიროა იმის ახსნა, თუ რა დღეში ჩავარდება ჩვენი ენა, კულტურა, მართლმადიდებლობა? ვფიქრობ, ნებისმიერს, ვისაც საშუალო სკოლა მაინც დაუმთავრებია, არ გაუძნელდება ჩვენი «ნათელი მომავლის» დანახვა! ამერიკა-ნატო და მაჰმადიანური თურქეთი ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტები არ გახდებიან. ჩვენი კულტურა, ჩვენი წინაპრების მიერ ავად თუ კარგად სისხლის ფასად დღემდე მოტანილი, აუცილებლად ჩაკვდება და ქართველის სახსენებელიც გაქრება, ისტორიას ჩაბარდება!

აჰ, ეროვნული ხელისუფლების ხელში ეს არ მოხდება, ამას არ დავუშვებთ, _ იტყვის ზოგიერთი. ნურავის ექნება ამის იმედი! ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ნატოსთვის და მისი ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორის _ თურქეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას. თუკი საქართველოს ხელისუფლება მაინც წინ აღუდგება გლობალიზაციასა და გათქვეფას თურქებში, ამერიკელებში და სხვებში და სხვებში (ახლაა შემოსევა ათასი ჯურის ხალხის და მერე ნაკლები იქნება?!) და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას შეეცდება, ამას უეჭველად მოჰყვება ეროვნულობის მოწინააღმდეგე გლობალისტ-ლიბერასტების კამპანია _ ჩვენი დადანაშაულება დისკრიმინაცია-რასიზმ-ქსენოფობია-ჰომოფობიაში. ეროვნულ ხელისუფლებას ამ გზით თუ იმ გზით (სისხლიანი თუ უსისხლო, აშკარა თუ ფარული) ისევე მოიშორებენ, როგორც ბევრი მოუშორებიათ დემოკრატიის დამყარების, ტერორიზმთან ბრძოლის თუ ადამიანის უფლებათა დაცვის საბაბით.

ორიოდ სიტყვა საქართველოს ნეიტრალობაზეც უნდა ითქვას. ნეიტრალიტეტს რა სჯობია, მაგრამ მხოლოდ გულუბრყვილოებს სჯერათ, რომ ეს, პრაქტიკულად, შესაძლებელია. ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტი სრული უტოპიაა! საქართველოსთვის, ნებისმიერი პატარა სახელმწიფოსთვის, რომელსაც სამი(!) ყოფილი იმპერია ჰყავს მეზობლად, ნეიტრალიტეტი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ მეზობლების კეთილი ნების, ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, რაც, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის ყოვლადწარმოუდგენელია!

:

ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ფიზიკური გამძლეობის _ გადარჩენის ქვაკუთხედი იყო და არის ენა და რელიგია. ამის საუკეთესო მაგალითი ათას ქარტეხილში გამოვლილი ებრაელი ერია, რომელმაც, მთელ მსოფლიოში გაბნეულმა, სწორედ რელიგიის წყალობით _ იუდაიზმით შეინარჩუნა თავისი იდენტურობა _ ენა და ეროვნული ფასეულობები თითქმის სამი ათასი(!) წლის მანძილზე! შეძლო ის, რაც ვერავინ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენც, როცა თურქების მიერ მიტაცებულ ქართულ მიწაზე მცხოვრებ ქართველებს ოსმალებმა იძულებით შეაცვლევინეს სარწმუნოება, რასაც მოყვა ენის გადავიწყება და სრული გათურქება! აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი აღარ უნდა იყოს ჩვენი მთავარი კურსი _ ღერძული(!) ხაზი აუცილებლად მართლმადიდებლობაზე უნდა გადიოდეს!

თუკი ოპონენტები დაგვარწმუნებენ (ან შეეცდებიან მაინც), რომ ნატოს ალტერნატივა არ გააჩნია, რომ მასში გაწევრიანება აუცილებელი პირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რომ სხვა გზა აფხაზეთსამაჩაბლოს დაბრუნებისა არ არსებობს, რომ ნატოში ყოფნით უდავოდ შევინარჩუნებთ ჩვენს ენას, სარწმუნოებასა და კულტურას, არც სამხედრო სამიზნედ არ ვიქცევით მეზობლებისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ იმასაც დაასაბუთებენ, რომ საქართველოს მომავლისთვის მაჰმადიანურ თურქეთთან ჩახუტება სჯობია მართლმადიდებელ რუსეთთან კავშირში ყოფნას, მე არა მხოლოდ უზომოდ მადლობელი დავრჩები მათი, არამედ ცას ვეწევი სიხარულით!

სცადეთ, ნატოს მომხრეებო, დაგვარწმუნეთ!

იაკობ ლეჟავა

P.S. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკოსებმა, ცხადია, დიპლომატიურ, ორაზროვან ენაზე უნდა ილაპარაკონ ხშირად, მაგრამ სხვა დანარჩენმა –  მეცნიერებმა, პოლიტოლოგებმა, ჟურნალისტებმა და სხვებმა სიმართლე უნდა თქვან გასაგებ ენაზე, რათა, როცა საქმე საქმეზე მიდგებაყოველდღიური ტვინის გამორეცხვის რეჟიმში მყოფ ხალხს  სწორი არჩევანის გაკეთება გაუადვილდეს!

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here