Home რუბრიკები სამართალი გივი გაჩეჩილაძე: ჩემს 2 წლის შვილს, სავარაუდოდ, კუდის თანამშრომლებმა პანჩურები ურტყეს

გივი გაჩეჩილაძე: ჩემს 2 წლის შვილს, სავარაუდოდ, კუდის თანამშრომლებმა პანჩურები ურტყეს

840

ყოფილი პოლიტპატიმარი, გივი გაჩეჩილაძე, სასჯელს გლდანის მერვე საპყრობილეში იხდიდა და საპატიმროდან თავის დაღწევა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეძლო, თუმცა, სასტიკი ცემისა და დენის სპეციალური ხელსაწყოთი წამების შედეგად, დღეს მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ციხეში არსებულ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» გივი გაჩეჩილაძე ესაუბრება.

_ როდის დაგაკავეს?

_ მე ვიყავი «სახალხო კრების» ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ფრთის ხელმძღვანელი და 2009 წლის აქციებიდან დაკავების დღემდე გამუდმებით მითვალთვალებდნენ პოლიციისა და კუდის თანამშრომლები. რეგიონებში სტუმრობისას სამი-ოთხი მანქანით დაგვყვებოდნენ და გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევდნენ. ალბათ, ყველას ახსოვს, 21 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან როგორ მოვიდნენ ზონდერები მიტინგის დასაშლელად და რა დაპირისპრება მოხდა მიტინგის მონაწილეებსა და ამ ზონდერებს შორის.

22 მაისს აქციაზე გაჩერდა მანქანა, რომელსაც გარეგნულად არ ეტყობოდა, რომ ის პოლიციის ან რომელიმე ძალოვანი უწყების საკუთრება იყო. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ასევე სამოქალაქო ტანისამოსიანი ადამიანები, რომლებსაც არც საკუთარი თავი წარუდგენიათ და არც რაიმე საბუთი წარმოუდგენიათ. მოსვლისთანავე, ძალის გამოყენებით ერთ-ერთი «სახალხო კრების» წევრი ჩააგდეს მანქანაში. მოგეხსენებათ, გია უჩავაც მაშინ გაიტაცეს და ჩემს წაყვანასაც ცდილობდნენ, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე და იმ დღეს ჩემი გატაცება ვერ მოახერხეს.

ამას მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურდა, დაეშინებინა ხალხი, რათა ქუჩაში გამოსვლა ვეღარავის გაებედა..

მე დამაპატიმრეს 7 ივნისს. მანამდე ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ სახლში ვიღაცები მისულან, არც ფორმა ეცვათ, არც რაიმე საბუთი უჩვენებიათო. სახლში ჩემი და და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. პატარა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემს 2 წლის შვილს, სავარაუდოდ, კუდის თანამშრომლებმა პანჩურები ურტყეს. არ ვიცი ვინ იყვნენ. შემდეგ მეუღლემაც დამირეკა და მითხრა, რომ ემუქრებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე ოჯახის მონახულება და მათი სადმე გადამალვა. მაგრამ სახლამდე მისვლა ვერ მოვახერხე, გზაშივე დამაკავეს და მოდულის შენობაში წამიყვანეს. იქ რაც ხდებოდა, უკვე მთელმა საქართველომ იცის. საშინლად მაწამეს, დღესაც მაქვს სხეული დალურჯებული.

_ რატომ გაწამებდნენ, რას გეუბნებოდნენ?

_ მეუბნებოდნენ, რომ ახლა გიშველოს ნინო ბურჯანაძემ და ნონა გაფრინდაშვილმა, რას ერჩით ამ აყვავებულ ქვეყანას, რა გინდათო, თან გვცემდნენ, როგორ გაბედეთ და 22 მაისს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეთო. 

_ იმ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს «შეფიცულებს» იარაღი და «მოლოტოვის კოქტეილები» ჰქონდათ

_ მე პირადად «შეფიცულთა რაზმის» წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ინფორმაცია სიცრუეა. აქციის არც ერთ მონაწილეს იარაღი და «მოლოტოვის კოქტეილი» არ ჰქონია. ჩვენ რომ იარაღი გვქონოდა, ამხელა სისხლიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს 26 მაისს და, ალბათ, გამოვიყენებდით, ხომ? მსგავსი არაფერი ყოფილა.

_ რა წაგიყენეს ბრალად?

_ ბრალად წამიყენეს 22 მაისს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სახელმწიფო ქონების დაზიანება. ჯერ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მომისაჯეს, შემდეგ კი გადამიყვანეს გლდანის მერვე საპყრობილეში, სადაც წელიწადი და რვა თვე გავატარე.

_ გლდანის საპყრობილე განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. წამების რა მეთოდებს იყენებდნენ პატიმრების მიმართ?

_ ციხეში რა ხდებოდა, ვერ აღვწერ. იქ პატიმრების ცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ხშირად დააბამდნენ პატიმარს, ხელ-ფეხს შეუკრავდნენ და ისე სცემდნენ _ წყლით სავსე ბოთლს ურტყამდნენ თავში. პატიმრებს დენითაც აწამებდნენ. სპეციალური აპარატი ჰქონდათ, რომელიც წნევის აპარატს ჰგავდა, სხეულზე დაგადებდნენ და დენს გირტყამდა. თან დენის ძალას ნელ-ნელა უმატებდნენ. ჰქონდათ მეორე საწამებელი აპარატიც, რომელიც შინაგან ორგანოებზე მოქმედებდა.

ისე სასტიკად მაწამებდნენ, საპატიმროში გატარებული პირველი ხუთი თვე თითქმის არ მახსოვს… მთხოვდნენ მეღიარებინა, თითქოს ჩვენ რუსეთიდან გვაფინანსებდნენ და თითქოს ბადრი ბიწაძე შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნიდა. ფიზიკური ზეწოლის პარალელურად, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც. გვაწამებდნენ აბანოში, უსაფრთხოების ოთახში _ თითქმის ყველგან, სადაც სათვალთვალო ვიდეოკამერები არ იყო. საწყალი ირაკლი თოფურიძე, რომელიც გათავისუფლებიდან მალე დაიღუპა, ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ 130-კილოიანი კაცი, 54 კილო იყო, ციხიდან რომ გამოვიდა. ციხიდან ნორმალური არც ერთი პატიმარი არ გამოსულა, ყველას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

_ თქვენ მხოლოდ გენერალ გია უჩავას ჩვენების საფუძველზე დაგაპატიმრეს ?

_ დიახ, 14 კაცი ერთადერთი კაცის, გია უჩავას, ჩვენების საფუძველზე აბსურდული ბრალდებებით დაგვაპატიმრეს. გვემუქრებოდნენ, ოჯახს გაგინადგურებთ, მეგობრებს დაგიხოცავთო. თოთხმეტივე ვმეგობრობდით და გვეუბნებოდნენ, რომ, თუ ბრალს არ ვაღიარებდით, გვაყურებინებდნენ, როგორ კლავდნენ რომელიმე ჩვენგანს. შემდეგ შემოგვთავაზეს უფასო საპროცესო გარიგება. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ და ბოლო-ბოლო ვაღიარეთ «ბრალი», რადგან ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა და ამით ზიანს არავის მივაყენებდით, პირიქით, საკუთარ ოჯახებსაც საფრთხისგან ვიხსნიდით.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თქვენ პოლიტპატიმრის სტატუსით გაგათავისუფლეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმრები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. თქვენ რას აპირებთ?

_ პირველ რიგში, თოთხმეტივე ერთად შევიტანთ სარჩელს, რათა აღნიშნული საქმე გამოიძიონ. იმედი გვაქვს, ბოლოს და ბოლოს სამართლიანობა აღდგება და სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ჩვენი გატაცება სურდათ აქციაზე მოსულ უცნობ ადამიანებს და ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავდით. …

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here