Home რუბრიკები საზოგადოება მახათისმყრელი თუ რეალური პოლიტიკოსი?

მახათისმყრელი თუ რეალური პოლიტიკოსი?

1374

1992 წლის 7 მარტს თავისი მეუღლის, აწგანსვენებული ნანული ცაგარეიშვილის, დაბადების დღეს შევარდნაძე მოსკოვიდან რომ ჩამოფრინდა და თბილისის აეროპორტში ჯაბა იოსელიანის მეთაურობით მაშინდელი ელიტარული ინტელიგენცია «ამბროსიევიჩს» ისე დახვდა, როგორც გურუს, ერთმა ჩემმა მეზობელმა თავის ცოლს  ახარა: _ აწი რაღა გვიჭირს, პენსიებს გერმანულ მარკებში დაგვირიგებენო!..

დრო გადიოდა, ქვეყანა თავზე გვექცეოდა და გვემხობოდა, იყო ედუარდი, იყო სისხლისგან დაცლილი აფხაზეთი და შიდა ქართლი, მაგრამ არც გერმანული მარკები ჩანდა სადმე და არც ის ფოჩიანი კანფეტები, რომელთაც საქართველოს უკლებლივ ყველა _ დიდი თუ პატარა ხელისუფალი ასე უხვად გვპირდებოდა!..

დრომ თავისი მსახვრალი ხელი ყველას და ყველაფერს შეახო… ზოგი გაბითურდა, ზოგი სიცოცხლეშივე მიცვალებულად იქცა, ხოლო ზოგი _ ცოცხალმკვდრად…

მაგალითად, ცნობილ გაამერიკელებულ პროფესორს, დოდონა კიზირიას, თუ დავემოწმებით, ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გაბითურებაპროფანაციას თავის დროზე დიდად შეუწყო ხელი შალვა რამიშვილის «დარდუბალამ» და ეს გაკეთდა ამერიკელების რჩევითა და ძალისხმევით, რადგან არსად თურმე ისე არაა გაშარჟებული და კომპრომეტირებული ეს თანამდებობა, როგორც შეერთებულ შტატებში(!!!). ვერაფერს იტყვი, ძვირფასო მეგობრებო, თუმცა ერთი რამ ცხადია: საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი ზვიად გამსახურდიას თავისუფლების ტახტრევანზე იშვა და ვახტანგ ხმალაძის «კაჩალკაში» აღესრულა!..

დღეს ასეთი ვითარებაა: გვყავს პრემიერ-მინისტრი _ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხალხს დაჰპირდა სამართლიანობის აღდგენას, რუსეთთან სიტუაციის დარეგულირებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას; და გვყავს ვადაგასული პრეზიდენტი, რომელიც მთელ თავის ხროვასთან და უცხოელ ბიზნესპარტნიორებთან ერთად დაკავებულია საბოტაჟით, ობსტრუქციითა და სახელმწიფოს მტრობით!..

თუ საქართველოში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის უფლებები იზრდება, თუ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის გზით მიდის, მაშინ ძლიერი პრეზიდენტი ამ ტრიუვმირატში დაახლოებით იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც ველოსიპედის ბორბალში გაჩრილი რკინის კეტი ასრულებს ხოლმე… საქართველოში ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი პრემიერ-მინისტრი ერთად ვერ მოძოვენ და შედეგად იმას მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს _ სადაც კი ივანიშვილი ვიზიტად წასვლას დაგეგმავს, სააკაშვილი მისტერ პიტკინივით ან ყველგან წინ ხვდება, ანდა პრემიერის უცხოეთში სტუმრობის შემდეგ მიშაც სასწრაფოდ იმავე ქვეყანაში ჩარბის!.. ამას უკვე დიპლომატიური დომხალიც კი აღარ ჰქვია, ეს  საქართველოს ტანჯვა-წვალების გაცხადებული ქრონიკაა!..

ცხადია, სააკაშვილი არ არის ძლიერი პრეზიდენტი, არც ძლიერი პიროვნებაა იგი და, ქალი ნუ ქნას ღმერთმა ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის, როგორიც მიშაა, მაგრამ მას უკანონოდ და დაუმსახურებლად უჭირავს ისეთი მაღალი და ათნაირი ექსკლუზიური უფლებებით დახუნძლული პოსტი, რომ მისი ისედაც გაცხელებული თავი ძალიან დიდი ცდუნების წინაშე დგას.

ქართველ ხალხს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას საქმე აქვს ჩასაფრებულ და დაბოღმილ «პრეზიდენტთან», რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ისეთი სირცხვილი და უბედურება დაემართა, სააკაშვილი უმალ მთელ საქართველოს მტრებს მიუგდებდა საჯიჯგნად, ოღონდაც ამ დამცირებას არ მოსწრებოდა!.. მიშა ახლა პოლიტიკურად იმპოტენტია, მომხრეები შემოეფანტნენ და ჯალათები გაექცნენ, თორემ ისეა გამწარებული და შურით განსივებული, უსათუოდ შარსა და უბედურებაში გახვევდა ქვეყანას!..

გმირი სიმონ მეფე დიღომში იდგა და მტერზე თავდასხმას გეგმავდა, რომ მისმა სიმამრმა _ ლევან კახთა მეფემ სიმონის ცოლი და თავისი ქალიშვილი _ დედოფალი ნესტან-დარეჯანი კახელების ჯარით შეურაცხყო… მცირე მხლებლებისა და ბავშვების ამარა დარჩენილ დედოფალს საწმერთული გახადეს, რომელიც ლევან კახთა მეფემ დროშასავით აუფრიალა თავის ჯარს და «გამარჯვებული» კახეთისკენ გაეშურა…(!!!)

ყველაფერთან ერთად აი, ასეთი შავ-ბნელი და სირცხვილიანი ისტორიაც გვაქვს ჩვენ და ეს შური, მტრობა და ბოღმა ძველთაგან მოგვდგამს.

ყოველივე იმიტომ გავიხსენე, რომ დამცირებული, დაბოღმილი და შურით განსივებული სააკაშვილი ამ ხელისუფლებას ქართული საქმის კეთების საშუალებას არ მისცემს და არც იმის ასპროცენტიანი გარანტია არსებობს, რომ ხვალ და ზეგ, თუ საქართველოს პრეზიდენტსაც ისეთივე მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი იქნება მინიჭებული ქართველი ერისგან და, როგორც პრემიერ-მინისტრს,  მასაც პირდაპირი წესით აირჩევენ, პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთმანეთი არ დაჭამონ!..

 ხომ დავინახეთ, რაც გახდა ირაკლი ალასანიას «ჩამოლაბორანტების» მიზეზი? კაცი, რომელმაც სამეგრელოში უკლებლივ ყველა რაიონი წააგო, ივანიშვილმა მაინც გვერდით დაიყენა და პირველ ვიცე-პრემიერად გაამწესა, მაგრამ პატივცემულ ირაკლის შეუჩნდა ბუზანკალი და გასაპრეზიდენტებლად დამოუკიდებლად დაიწყო «ჩალიჩი»… ანუ სხვადასხვა ექსკლუზიური უფლებით დახუნძლული ამ არჩევითი პოსტისკენ ლტოლვა იმდენად დიდი გამოდგა, რომ თვით ივანიშვილის გარემოცვაშიც კი «განხეთქილების ვაშლის» ფუნქცია იტვირთა საქართველოსთვის ამ მართლაცდა მკვდრადშობილმა და ათასი უბედურების მომტანმა ინსტიტუტმა!

სააკაშვილმაც კი აღიარა, რომ მისი გრაფიკი უკვე ისეთი აქტიური აღარ არის, როგორიც იყო, _ «თქვენ იცით, რომ მე შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, რაღაც ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, რაც მთავარია, ახალი ობიექტების გახსნას, ახალი ობიექტების მშენებლობის დაწყებას, უნივერსიტეტებსუნივერსიტეტების გახსნას, სკოლების მშენებლობას, გზების გაკეთებას, უამრავ სხვა რაღაცასთქვენ ხედავთ, რომ, ეს ბოლო ხანებია, მე ამ გრაფიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილი ვარ!.»

ანუ რა გამოდის? ქართულ სინამდვილეში პრეზიდენტის პოსტი, ფაქტობრივად, იქცა ურმის მესამე თვლად და საქართველოს მოსახლეობა არ არის იმის ღირსი, მის ასარჩევად მთელი ერი შეიყაროს და ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები წაღმა-უკუღმა განიავდეს. თუ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ და პრემიერისა და პარლამენტის უფლებები მნიშვნელოვნად იზრდება, მაშინ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოსა და პირველი პირის, არჩევა პარლამენტის კედლებშიც შეიძლება და თანაც ისე, რომ პრეზიდენტი ერთ ადგილას მახათის გაყრისაგან ვიხსნათ, ვაქციოთ რეალურ პოლიტიკოსად და მას კონკრეტული სახელმწიფო ფუნქცია დავაკისროთ!..

მაგალითად, უკვე გაჟღერდა და ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს მომავალ პრეზიდენტს კონფლიქტურ რეგიონებთან მოლაპარაკების, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების საპასუხისმგებლო მისიით დავტვირთავთ. ეგ იქნებოდა იდეალური სიტუაცია. პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთელ იმ «მედასავლეთეებთან» ერთად, რომელთათვისაც წელთაღრიცხვა ნატოს სამხედრო პოლიტიკური ბლოკის შექმნიდან იწყება, ევროპასთან, ამერიკასთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობით მშვიდად დაკავდებოდა, ხოლო კონფლიქტურ რეგიონებთან და რუსეთთან მოლაპარაკებებს ჩაიბარებდა არა რანგით დაბალი სახელმწიფო კაცი, როგორიც გახლავთ თუნდაც სპეციალური დესპანი ან რეინტეგრაციის მინისტრი, არამედ ფორმალურად ქვეყნის პირველი პირი _ საქართველოს პრეზიდენტი!..

ცხადია, ეს ბევრად წაადგებოდა საქმეს და მოლაპარაკებებსაც უფრო ინტენსიურს გახდიდა, ვიდრე ბატონი აბაშიძის ან ნებისმიერი სხვა, რანგით დაბალი პირის თუ სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრები რუსეთის საგარეო უწყების საშუალო ან მაღალი რანგის ჩინოსნებთან!..

აი, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ და ასევე გაითვალისწინოს ისიც, რომ პრეზიდენტობის უკლებლივ ყველა მაძიებელს საგულდაგულოდ ჩაუტარდეს ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმება!..

საქართველოს ისეთი პრეზიდენტი კი არ სჭირდება, რომელიც სოფელ პერევიდან გასულ რუსის ჯარს უკან შემოატრიალებს, არამედ თავისი სიბრძნით, ჭკუაგონებით, ქცევით, სანაცნობო წრითა და გავლენით მტერს მოყვარედ გვიქცევს!..

ქართველებს მოგვიწევს რუსებთან დალაპარაკებაც და მოლაპარაკებაც, მაგრამ არა იმ საშინელი და სამარცხვინო გამოცდილებით, რომელიც წინაპართაგან მემკვიდრეობად გვერგო!..

გახსოვთ, ალბათ, ნიკოლოზ პირველისთვის რომ ესიამოვნებინათ, თბილისში სტუმრად ჩამოსულ ნაქეიფარ იმპერატორს ჩვენმა მაშინდელმა ელიტამ, გაქსუებულმა და მუცელღმერთობას გადაყოლილმა ქართველმა თავადაზნაურობამ, უმშვენიერესი მაიკო ორბელიანი ჩაუგორეს საწოლში!..

იმ საწოლის ჭრაჭუნი ახლაც მოისმის ხან ვაშინგტონიდან, ხან ბრიუსელიდან, ხან სტრასბურგიდან და ხან «ნაციონალური მოძრაობის» ცენტრალური ოფისიდან!..

ლუკა აბუსერიძე

 

1 COMMENT

  1. სასაცილო ის იყო როგორ თქვა:"მე ყოველ დილით ვიღვიძებ"-შემდეგ როგორც სტატიაშია.ბატონი ივანიშვილის თქმის არ იყოს,მეც ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა.ყოველ დღე იღვიძებს და ღამით დანახულ სიზმრებს ჰყვება,ან იმას ჰყვება რაც გაუკეთებია,ან რის გაკეთებასაც აპირებს.ვარიანტი ბევრია. ასეთი აბდაუბდა ჩიქორთულით ლაპარაკი ხელეწიფება,თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.ერთი მაინტერესებს:ახალი ობიექტების გახსნას, უნივერსიტეტებისა და სკოლების გახსნას,გზებისა და შადრევნების გახსნას მინისტრი ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვეღარ შეძლებდა? ამ ადამიანს(ადამიანი უნდა ვუწოდო, არ მემეტება მაგრამ)პრეზიდენტობა მართლა პრორაბობა ჰგონია და ხელს ნუ შეუშლით თავის სივრცეში დაბრუნებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here