Home რუბრიკები პოლიტიკა ჩანერგილები

ჩანერგილები

658

დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია «ქრისტიანდემოკრატების» ორი წევრის _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის _ ჯაბა სამუშიას და ფრაქციის თავმჯდომარის _ ზაზა გაბუნიას «ქართულ ოცნებაში» გადასვლას იმთავითვე ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ ზოგიერთნი ამბობდნენ, რომ იქნებ გონს მოეგნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღესო. «საქართველო და მსოფლიოსთვის» ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ფრაქცია «ქრისტიანდემოკრატების» და ახლა «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» წევრმა კახა ბროკიშვილმა ფრაქციაც და «ქრისტიანდემოკრატიული მოძრაობაც» დატოვა. ამის მიზეზი კი «ქრისტიანდემოკრატებიდან» გადაბარგებული გაბუნიასამუშიასა და ვეფხვაძეთარგამაძის ფარული ალიანსი გახდა.

ჩვენი წყაროს ინფორაციით, თუკი საკრებულოში რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, ზაალ სამადაშვილის მოადგილე ჯაბა სამუშია მაშინვე კონსულტაციისთვის თავისი «ყოფილი» პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს, უკავშირდებოდა, რისი დამადასტურებელი ინფორმაციაც კახა ბროკიშვილს ჩაუვარდა ხელთ. როგორც კი სოციალურ ქსელში კახა ბროკიშვილის განცხადება გამოჩნდა «ქრისტიან-დემოკრატებიდან» წასვლის შესახებ, «საქართველო და მსოფლიო» მაშინვე დაუკავშირდა ბროკიშვილს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, მაგრამ მან ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ დაგვიდასტურა, რომ პარტია ნამდვილად დატოვა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, ათანხმებდნენ თუ არა ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია ქრისტიან დემოკრატებთან თავიანთ გადაწყვეტილებებსნამდვილად გადიოდნენ თუ არა კონსულტაციებს ლევან ვეფხვაძესთან, და ჰქონდა თუ არა ბროკიშვილს ამ ფარული ალიანსის დამადასტურებელი სატელეფონო ჩანაწერები, მან არც დაადასტურა და არც უარყო.

«საქართველო და მსოფლიომ» ამ ინფორმაციის გადამოწმება საკრებულოსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც სცადა.

ჩვენ მათ ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა იმის შესახებ, რომ სამუშია და გაბუნია დღემდე იღებენ ინსტრუქციებს თარგმაძისა და ვეფხვაძისგან და ისინი «ოცნებაში» კი არ გადაბარგდნენ, არამედ ემისრებად იქნენ ჩანერგილნი. 

კოკი იონათამიშვილი, საკრებულოს წევრი, «ნაციონალური მოძრაობა»:

_ არ ვიცი თარგამაძემ ვინ სად შეაგზავნა და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს მათი ამბები. არც გაბუნიას, არც სამუშიას და არც თარგამაძის ამბებით არ ვინტერესდები.

გულიკო ზუმბაძე, საკრებულოს წევრი, «ქართული ოცნება»:

 _ ამ ადამიანებმა გადახედეს თავის პოზიციას და ერთი თვის წინ თავის ფრაქციას გადაარქვეს სახელი და დაარქვეს «ქართული ოცნება», ამით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იყვნენ «ქართული ოცნების» ფრთაში. ეს მათი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ეს ნაბიჯი. შეგზავნა და შემოგზავნა «ნაციონალების» ხერხი იყო და, თუ «ქრისტიან-დემოკრატებიც» ამ გზას ადგანან, ნამდვილად არ ვიცი.

_ «ქართულ ოცნებაში» არავის გასჩენია ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი ერთგული თანაპარტიელი, როგორიც თარგამაძისთვის ზაზა გაბუნია იყო, უცებ «ოცნებაში» გადავიდა?

ანი მიროტაძე, «ქართული ოცნების» წევრი, დეპუტატი:

_ «ქრისტიან-დემოკრატიული» მოძრაობის პოლიტიკური მომავალი როგორია, არ ვიცი, მაგრამ გაბუნიას და სამუშიას «ქართულ ოცნებაში» გადმოსვლასთან დაკავშირებით ეჭვები არ გამჩენია. იქნებ ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ საკუთარი თავი ვერ დაინახეს ამ პარტიის მომავალში. შეთქმულების თეორიები, «შეგზავნილები», «ჩანერგილები» ჩემთვის სერიოზული თემა არაა.

«საქართველო და მსოფლიო» კომენტარისთვის ფრაქცია «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარე ზაზა გაბუნიასაც დაუკავშირდა, რომელმაც შეკითხვის მოსმენის შემდეგ, ინფორმაციის გადასამოწმებლად დრო ითხოვა და ტელეფონი გაგვითიშა. ჩვენ ასევე დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს _ ჯაბა სამუშიას. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის და ზაზა გაბუნია გიორგი თარგამაძის დავალებით შევიდნენ «ქართულ ოცნებაში», სრული აბსურდია.

_ თუ ვინმეს მიერ არის ეს ინფორმაცია გავრცელებული, აბსოლუტური ბოდვაა. «ნაციონალურმა მოძრაობამ» კახა ბროკიშვილი მოისყიდა, მას ფინანსური ინტერესები ამოძრავებს, ამ ინფორმაციას ამიტომ ავრცელებს. ხოლო ის ფაქტი, რომ ლევან ვეფხვაძესთან აქტიურ კონსულტაციებს გავდიოდით, ესეც სულელური მონაჩმახია. რა საერთო მაქვს მე ვეფხვაძესთან?! საერთოდაც, ამ სისულელეზე კომენტარს როგორ მაკეთებინებთ?!

ბატონ ჯაბას ტელეფონით დავუკავშირდით. საუბრის დროს გვესმოდა, როგორ შევარდა მასთან ზაზა გაბუნია და ეუბნებოდა: გაუთიშე, გაუთიშეო

ბატონ ჯაბასთან საუბრის შემდეგ ჩვენ ისევ ზაზა გაბუნიას შევეხმიანეთ. მან გვითხრა, რომ კახა ბროკიშვილს ტელეფონით ვესაუბრე, სულ რაღაც ერთი წუთის წინ და მან აბსოლუტურად უარყო ეს ინფორმაცია, _ არაფერი მსგავსი არ მითქვამსო.

საინტერესოა, როგორ მოახერხა 2-3 წუთში ზაზა გაბუნიამ ჯაბა სამუშიასთან შესვლაც და კახა ბროკიშვილთან საუბარიც ინფორმაციის გადასამოწმებლად?!

_ ჩვენი ურთიერთობა ვეფხვაძესთან და თარგამაძესთან გარკვეული მიზეზების გამო დასრულდა. «ოცნება» და თარგამაძე ერთმანეთთან რა კავშირშია, წარმოდგენა არ მაქვს. «ქართულ ოცნებასა» და ჩვენ შორის იყო ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ მესამე პარტია რა შუაშია ჩვენ შორის, წარმოდგენა არ მაქვს, _ განაცხადა მან.

გია ხუხაშვილი, «საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის» ხელმძღვანელი:

_ არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს სიმართლე, მაგრამ ლოგიკას ვერ ვხედავ. თარგამაძის პარტიაში სულ სამი კაცი დარჩა და სამივეს თუ «ოცნებაში» გაუშვებს, თვითონ რა? ვერ ვხვდები, ასეთი რამ როგორ უნდა გაეკეთებინა. თავად თარგამაძე ვინ არის, რომ სხვა პარტიაში ადამიანები ჩანერგოს, თვითონ ხომ არანაირი პილიტიკური ფიგურა აღარ არის, მაგრამ მაინც გეტყვით იმას, რომ არაფერს გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ, რომ შეთქმულებას ჰქონდეს ადგილი.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

1 COMMENT

  1. კარგით რა, რა ჩანერგილები. ჯერ ერთი თარგამაძე არაფრის ჩამნერგავი არ არის და მეორე, გაბუნია, კაცი რომელიც ასეა ნაცმოძრაობას და უგულავას გადამტერებული, არამგონია, აი, ვერ წარმომიდგენია რო ორმაგ თამაშს თამაშობდეს.

  2. მართლა არასერიოზულია ეს ჩანერგილების თემა. ჯერ ერთი ვინმე რომ სადმე ჩანერგო, ეგ უნდა გჭირდებოდეს, თარგამაძეს რაში ჭირდება ჩანერგვა, ტიპს პარტია აღარ აქვს და ჩანერგილი რაში ჭირდება. ისე კი, გაბუნიას და სამუშიას ჩანერგილობის არც მე მჯერა

  3. ეს ხუხაშვილი რა სერი კარდინალი გახდა? ის ხომ არ ქმნის ახალ კლანურ კეზერაშვილისმაგვარ სისტემას!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here