Home რუბრიკები პოლიტიკა კოაბიტაცია და ბენდუქიძის ბენდი

კოაბიტაცია და ბენდუქიძის ბენდი

648

კოაბიტაციაშეყრილ საქართველოში ბომბივით გასკდა ამბავი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. განსაკუთრებული შეშფოთება კი იმან გამოიწვია, რომ ამჯერად ბენდუქიძის მიმართ «პოლიტიკურად მოტივირებულ» დევნას ჰქონია ადგილი! მართალია, ყიამყრალობით განთქმული ბენდუ ჩაგრულის როლში რთულად წარმოსადგენია, მაგრამ მისი სექტის წევრები სასწრაფოდ მიცვივდნენ კომისიის წინაშე მის დასაცავად. საინტერესო კი ის არის, რომ «ფეისბუქით» მოწოდებებს ბენდუს დასაცავად აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ავრცელებდა.

მაინც ვინ დადგა ქართული ეკონომიკის მესაფლავისა და პრიხვატიზაციის მამის უფლებების დასაცავად? გიგა ბოკერიას მეუღლე, თავისუფლებაზე მარადჟამს მზრუნველი თამარ ჩერგოლეიშვილი, «რა? სად? როდის?» ნაციონალური სახე _ ლექსო მაჭავარიანი, რომელმაც უთუოდ იცის, რა, სად და როდის მიითვისა ბენდუქიძემ, კიდევ _ სხვანი და სხვანი, წვრილნი და მსხვილნი ვარსკვლავნი, ძირითადად ის ბაკალავრები, რომლებიც ბენდუქიძის «თავისუფალი უნივერსიტეტიდან» აგრარულში მასწავლებლებად გადაიყვანეს და ბიზნეს-ადმინისტრირების სტუდენტები, რომელთაც აგრარულ მიმართულებასთან არაფერი აკავშირებთ. 

აქციაზე არ მისულან, მაგრამ აგრარულ უნივერსიტეტში თბილად არიან მოკალათებულნი ძველი რეჟიმის სახეები: განათლების ყოფილი მინისტრი და შეთავსებით სააკაშვილის ძმის ცოლი ხატია დეკანოიძე (ადრე შსს-ს კადრების უფროსი გახლდათ), შსს-ს კადრების კიდევ ერთი ყოფილი უფროსი ოთარ გოგოძე, შოთა უტიაშვილი – შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და შეთავსებით საზმაუს «აქცენტირებული» ეკა კვესიტაძის ქმარი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ხანმოკლე მინისტრი ეკა ზღულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე…

ვისაც ჰგონია, რომ, მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი აქციაზე მხოლოდ თავისუფლების სიყვარულმა მიიყვანა, უნდა იცოდეს, რომ მისი ჟურნალი «ტაბულა» და ახლა უკვე ბენდუქიძესთან ერთად ხელში ჩაგდებული ტელეარხი სწორედ აგრარული უნივერსიტეტის შენობაში აქვს გახსნილი.

გავრცელებული ინფორმაციით, აგრარული უნივერსიტეტი თავისი 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტითა და 975000 კვ.მ. მიწის ნაკვეთით ბენდუქიძეს 4 მილიონ დოლარად გადაეცა, თანაც _ 2-წლიანი განვადებით, მაშინ, როცა ამ ქონების მთლიანი ღირებულება 280 მილიონ დოლარს შეადგენს. უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ ლობჟანიძის განცხადებით, «აგრარული უნივერსიტეტის მთლიანი ფართობი არის 60 ჰექტარი და ბენდუქიძეს ვითომ იქ კამპუსი, ანუ სტუდენტური ქალაქი უნდა გაეშენებინა, მაგრამ ისეთ ხალხს აქვთ ის მიწები უკვე ნაყიდი, იქ ასეთი ქალაქის აშენება ტყუილია. სამწუხაროდ, არ ვიცით, ძველ სტუდქალაქში შენობები ვის საკუთრებაშია, ეჭვი მაქვს, ესეც ბენდუქიძისაა. დღეს აქაურ ლექტორებს აქვთ 600 ლარი ხელფასი და «თავისუფალი უნივერსიტეტიდან» მოყვანილ სტუდენტ ბაკალავრებს, ვინც სტუდენტებს ლექციებს უკითხავს, იმათ _ 2000 ლარი».

ლიბერტარიანელმა ბენდუქიძემ კარგად იცის, რომ მხოლოდ თავისიანები უნდა დაასაქმოს და დააპუროს, დანარჩენი თავისით გაიწოვება! ისიც მშვენივრად მოეხსენება, ფული სად იშოვება. როგორც კი სააკაშვილს წამოსცდა, რომ 40 მილიონის ჩადებას აპირებდა აგრარულ სექტორში, ბენდუქიძემ სასწრაფოდ დააფუძნა «აგრარული განვითარების ფონდი» და რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ ვის ხელში აღმოჩნდა ეს თანხები.  აგრონომებისა და ვეტერინარებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებით კი ბენდუქიძე იმ სპეციალობებს აფინანსებს, რომლებიც მის იდეოლოგიას შეესაბამება. ასე და ამგვარად გადაიქცა აგრარული სფეროს შეფად კაცი, რომელიც აცხადებდა, რომ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადება იდიოტიზმია, რომ ეს დარგი არარენტაბელურია და სულაც ატავიზმს წარმოადგენს!

იდეოლოგიის საკითხები სწორედაც რომ უმნიშვნელოვანესია ჰაერიდან გამდიდრებული უმცროსი მეცნიერ თანამშრომლისთვის. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი მარინა მუსხელიშვილი იხსენებს, თუ როგორ უთხრეს მას უარი ვაკანსიის დაკავებაზე «თავისუფალ უნივერსიტეტში»: «ბენდუქიძის პასუხი ის იყო, რომ საბჭოთა მოსახლეობა წლების განმავლობაში მემარცხენე იდეებით იწამლებოდა და ახლა ის ვერ დაუშვებს რომ ვინმე, თუნდაც ამერიკელები, სტუდენტებს მემარცხენე იდეებს ასწავლიდეს, ამდენად, ნახვამდისო».

აი, ასე! ბენდუქიძემ თქვენზე კარგად იცის, როგორ უნდა იცხოვროთ და რა იდეოლოგია გაიზიაროთ. მიენდეთ მას და ცხონდებით! ნამდვილი სექტის ლიდერია და ამგვარი სექტები საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტში შექმნა «ნაციონალურმა მოძრაობამ». ახლა, საკმარისია, მათ ვინმემ შენიშვნა მისცეს, უმალ პოლიტიკურ დევნაზე გაჰკივიან! თუმცა კოაბიტაციის ხიბლში ჩავარდნილ საქართველოში არც ის არის გამორიცხული, ბენდუქიძემ ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სოფლის მეურნეობისთვის გამიზნულ მილიარდსაც დაადგას თვალი!

მარინა მუსხელიშვილმა «ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე მართებულად მიუთითა ახალ მთავრობას: «ნაცვლად იმისა, რომ თავი იმართლონ და აკრედიტაციის სამართლებრივ ნიუანსებზე ისაუბრონ, ხელისუფლებამ უნდა თქვას მკაფიოდ, რომ სოფლის მეურნეობა არის ქვეყნის პრიორიტეტი და, ამდენად, სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი უნივერსიტეტი, ლიბერტარიანიზმის ახალი ბუდის სანაცვლოდ და მოახდინოს უნივერსიტეტის ნაციონალიზაცია».

ამის ნაცვლად განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მორცხვად განაცხადა, რომ აგრარულ უნივერსიტეტს გაუქმებული ავტორიზაციის ხელახლა აღდგენა ხვალვე შეუძლია: «საბჭოს გადაწყვეტილებაში, როგორც იურიდიულ დოკუმენტში წერია, რომ ავტორიზაცია გაუქმდა. შინაარსი არის შემდეგი: გაუქმებულია და, ხვალვე რომ შეიტანონ განაცხადი, შეუძლიათ აღდგენა, ოღონდ ხარვეზები უნდა გამოასწორონ. გაუქმება არ ნიშნავს ავტორიზაციის სამუდამოდ ჩამორთმევას».

მარგველაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ საბჭო, ის კანონი და ის კომისია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ არის შექმნილი მისი მინისტრობის პერიოდში. ეს შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს და, შესაბამისად, მას (მარგველაშვილს) არანაირი პოლიტიკური ბერკეტი არ აქვს. მინისტრისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ  პროცესის სპეციალურად პოლიტიზირება ხდება. რით არ არის ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ ნანატრი კოაბიტაციის ნიმუში?

მთელი ამ ლიბერტარიანული რევერანსების შემდეგ ქართულ საზოგადოებას გული პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოფხანა, როდესაც ევროპარლამენტარებს მკვახედ შეუძახა: «თქვენი 6 მარტის წერილით კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომლითაც თითქოს საქართველოს ევროპული არჩევანის გადარჩენას ცდილობთ, სინამდვილეში თავად შორდებით ევროპას

მე რამდენიმე თქვენგანისთვის პირადად არერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტკომუნიზმისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ, ეს ევროპის შეურაცხყოფაა

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეულათასიანი რამდენიმე დემონსტრაცია ისე ჩაატარა, რომ ერთი ფანჯარა არსად ჩამტვრეულა და რომელიც ძალადობის, წამების და ელიტური კორუფციის სახელმწიფო სისტემის შემქმნელების დასჯას ითხოვს, თქვენი შეფასებით, ბრბოა? შეგიძლიათ მიგვითითოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრმა ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდა ან უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა?

სინამდვილეში ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა «მუმიები», «ჩასარეცხები», «კრემლის აგენტები», «გასანადგურებელი კლასი», «სახელმწიფოს მტრები» და სხვ.? ურჩი პარალმენტის წევრების (გელაშვილი 2005 წელს, დავითაშვილი 2007 წელს) სასიკვდილოდ გამეტებით სააკაშვილი ევროპისკენ მიმავალ კარს ფართოდ აღებდა და ამ საქმეების გამოძიების დაწყებით ახალი მთავრობა ამ კარს ხურავს?

თუ ესაა დემოკრატიის თქვენეული სტანდარტები და ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ ევროპაზე გვესაუბრებით, ჩვენ ასეთ ევროპას ნამდვილად არ ვიცნობთ და არც ასეთი ევროპისკენ მივდივართ.

თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულებისთვის ევროპაში ცხოვრების ფაქტი არ კმარა. თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაგრამ სააკაშვილის პოლიციური რეჟიმისთვის მხარდაჭერით თავად ემიჯნებით ევროპას. ამით თავად ევროპას, ალბათ, ბევრს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ ჩემი პატარა ქვეყანა კი, შესაძლოა, ამგვარი «ევროპელების» მორიგი მსხვერპლი გახდეს…

მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოახერხა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრის დაშანტაჟება და მათი პოლიტიკური მომავლის საკუთარ საეჭვო პოლიტიკურ მომავალთან სრულად დაკავშირება. უფრთხილდით მას, ნუ დარჩებით სტერეოტიპების ტყვეობაში, დარჩით ევროპელები!..»

ბენდუქიძის აგრობენდი ისევე შორს არის ევროპული ფასეულობებისგან, როგორც ის ევროპარლამენტარები, რომელთაც დავით უსუფაშვილმა მიმართა.

მასთან კოაბიტაცია არ გამოვა. დღეს ყიამყრალი ლიბერტარიანელი «ფეისბუქზე» ანგლობს: «აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით»! თავის ფავორიტს მიხეილ სააკაშვილიც გამოესარჩლა: «ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს (როგორც ჩანს, საქართველოს მომავალი ხატია დეკანოიძე, ოთარ გოგოძე, შოთა უტიაშვილი, ეკა ზღულაძე, ელენე ხოშტარია, ანდრია ურუშაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი არიან! _ თ. დ.).

სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია. მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც, შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს».

 არადა, რა მოხდა ასეთი კატასტროფული? არც არაფერი! უბრალოდ, «ნაციონალური მოძრაობის» ადეპტები შეიძლება ბიუჯეტიდან მსუყე დაფინანსების გარეშე დარჩნენ. უკაცრავად, მაგრამ ეს ის გუნდი არ არის, რომელიც სერიოზულად აცხადებდა, რომ რაკი რუსთაველის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რობერტ სტურუას ხელისუფლების კრიტიკის უფლება არა აქვს? ახლა სახელმწიფო ბუჯეტმა სავალდებულო წესით უნდა არჩინოს ის გუნდი, რომელიც სახელმწიფოს ძირს უთხრის შინაც და გარეთაც?

კომისიამ უნივერსიტეტში ძირითად დარღვევებს შორის აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი დაასახელა. კერძოდ, იქ მხოლოდ მიწვეული პერსონალი დაინიშნა, დირექტორის გადაწყვეტილებით კი პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები გაუქმდა.

მართლაც, რად უნდა ბენდუქიძეს კონკურსი, მან ხომ უკეთ იცის, ვის უნდა გამოარეცხინოს სტუდენტების ტვინები! მისი გამოზრდილი ბაკალავრი ამ საქმეს უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე წლებით და გამოცდილებით დამძიმებული პროფესორი! კონკურსი თურმე გურჯაანის გამგებლის დასანიშნად უნდა ჩატარდეს და არა აგრარულ უნივერსიტეტში!

იმ საქმეს, რასაც ბენდუა შეჭიდებული, არც სპეციალური ლიტერატურა სჭირდება, არც განათლების აღიარების წესი, არც უნივერსიტეტის ვებგვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის გამოქვეყნება! კაცმა რომ თქვას, იმ საქმის კეთებას უსინდისობაც ეყოფა, სინდისი ხომ ბენდუმ იმ მარტივი მიზეზით ვერ გაყიდა, რომ არც არასდროს ჰქონია!

კომისია მიუთითებს, რომ ამ ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში აგრარულ უნივერსიტეტს შეუძლია ავტორიზაციის მიღების შესახებ განაცხადი ხელახლა შეიტანოს. სავარაუდოდ, იგი ავტორიზაციას აღიდგენს კიდეც.

ხარვეზები კი გამოსწორდება, მაგრამ ყიამყრალ ლიბერტარიანელს რამე გამოასწორებს?

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. დიდიმადლობა ქალბატონო თამარ , მინდოდა დაწერა, მაგრამ ასე დიდი და აზრიანი წერილისათვის ძალა არ მეყოფოდა. არაჩვეულებრივია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here