Home რუბრიკები საზოგადოება «გამარჯობა, აფხაზეთო, შენი…»

«გამარჯობა, აფხაზეთო, შენი…»

1109

ახალ აღთქმაში ისრაელთა შესახებ წერია: «მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე»  (რომ. 11,8). ჩვენც, ამ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, გავახილოთ თვალები და დავინახოთ ის, რაც აქამდე არ ვიცოდით, რასაც ვერ ვხედავდით სიცრუის ქვეყანაში დამკვიდრებული იმ ჯანღისა და სიმრუმის გამო, რომელსაც სააკაშვილის ნაციონალბოლშევიკური პროპაგანდა ამკვიდრებდა. დასავლეთისკენ კი ვიხედებოდით, მაგრამ აფხაზეთის გვერდის ავლით: თითქოს არც არსებობდა.

არ არსებობდა კი მეტ-ნაკლებად გონივრული მიდგომა აფხაზეთის პრობლემისადმი, საერთოდ არაფერი არსებობდა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის ბრიყვულ წინასწარმეტყველებას, რომელსაც თავს ახვევდა ქართულ საზოგადოებრიობას და რომლის განხორციელება მილიონობით ლარი ჯდებოდა: «ანაკლიის კურორტი», განმუხურის «პატრიოტთა ბანაკი», «ლაზიკა», ბოლოს და ბოლოს.

წყალწაღებული თანხები და ამაო მოლოდინი: აფხაზები დაინახავენ ზუგდიდის რაიონის აღმშენებლობას, დარწმუნდებიან ჩვენთან ყოფნის უპირატესობაში და დადგება ენგურის ხიდზე გადმოსვლის მსურველ აფხაზთა რიგი, როგორც მშრომელთა საპირველმაისო კოლონების დაუსრულებლობა.

გვაბითურებდა და ვიბითურებდით თავს. სააკაშვილ-ბოკერია-ვაშაძე-ტიტო-რანკოვიჩის ხროვა ევროპარლამენტის რეზოლუციებს ცხვირწინ გვიფრიალებდა და წინსვლისა და გამარჯვების მორიგი ეტაპის ისტორიულ წარმატებაზე დაუსრულებელი ლაყაფით გვიბურღავდა ტვინს.

ამასობაში აფხაზეთში შევიდა ინვესტიციები და თავისი კვალი დაამჩნია, უპირველეს ყოვლისა, სახეწაშლილი სოხუმის კეთილმოწყობას, იერს ქალაქისას.

სამწუხაროდ, ამ სიკეთეში ჩვენი ხელი არ ურევია. არადა, ქრისტიანობის კრედოა, მტერსაც სიკეთით მოექცე.

მტერსაცო!

«ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე… არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით» (რომ. 12,20-21).

მტრის დაპურება კი არა, საკუთარი ხალხი შიმშილის პირას მიიყვანა მიხეილ წინასწარმეტყველმა.

რა ვიცი, ეგებ, იმიტომ, რომ მტერი და აფხაზები შეუთავსებელი კატეგორიებია, ახალი აღქმის შეგონება ყურად არ იღო ამაოდ მაფიცარმა კაცმა _ «ჩემი პრეზიდენტობის მორიგი ვადის დასრულებამდე აუცილებლად შევალთ აფხაზეთში!»

დააკვირდით ფოტოსურათებს, რომლებიც ამ დღეებში ჩვენს რედაქციას აფხაზეთიდან გამოუგზავნეს. ასეთია დღეს მონატრებული სოხუმი და გაიხსენეთ დიდებული გალაკტიონი:

«გამარჯობა, აფხაზეთო, შენი,

ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!

მომენატრა მზე სინათლის მფენი,

მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია

მომაგებე მშობლიური გემი,

მომაგებე მშობლიური მიწა,

შენი ძველი მეგობარი მიცან…»

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here