Home რუბრიკები საზოგადოება სიცრუესა და ძალადობაზე დამყარებული რეჟიმის ნარჩენები საბოტაჟზე არიან გადასული

სიცრუესა და ძალადობაზე დამყარებული რეჟიმის ნარჩენები საბოტაჟზე არიან გადასული

633

«ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს». მიქა წინასწარმეტყველი (2,6)

ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეთა შორის ორი რამ აღსანიშნავია: პირველი ის, რომ თანმიმდევრულად ინერგება ხალხზე ზრუნვის, მისი კეთილდღეობის ამაღლებისა და სამართლიანობის კულტურა, რაც რეალური, ხელშესახები გახდა თითოეული ჩვენგანისთვის და, მეორე, ჩვენი ქვეყნის რეალურ შესაძლებლობათა გათვალისწინებით განისაზღვრა გლობალურ გარემოში ინტეგრაციისა და მსოფლიო ბაზარზე ფუნქციონირების ვექტორები.

ამას ბიძინა ივანიშვილის გუნდმა მიაღწია დაპირისპირებული, პოლიტიკური ძალაუფლებით აჭურვილი პრეზიდენტის სახელისუფლო ვერტიკალის ღია და გააფთრებული წინაღმდეგობის პირობებში.

ეს წინააღმდეგობა არ არის ხალხში და ხალხის მიერ განპირობებული. იგი პირიქით, ხავსმოკიდებულ, მაგრამ გამოცდილ კარიერისტთა ერთი ნაწილის მიერ ჩვენი საზოგადოებისთვის თავსმოხვეული და ხელოვნური ხერხებით წარმოებული რეალობაა, ვიტყოდი, საშიში და დამაფიქრებელი რეალობა, რომელიც ვნებს ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით, მის საერთაშორისო იმიჯს. ამიტომ, თუ ახალი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა ჩვენი სამოქალაქო ვალია, ამ ვადაგასული, დრომოჭმული ძალის ნამდვილი სახის გამოვლენა და უკუგდებაც ჩვენი ვალდებულებაა.    

რა რეალობასთან გვაქვს საქმე

ჩვენი ეროვნული განვითარების გზაზე ისეთი დროც დაგვიდგა, როცა აღმოვჩნდით დღევანდელობის გააზრების წინააღმდეგობრივ გარემოში. რეალურ ცვლილებებს მოწყურებული საზოგადოება, რომლისთვისაც გაუსაძლისი იყო დემოკრატიულობის ნიღაბს ამოფარებული დისციპლინარული რეჟიმი, იძულებული ხდება, შეეგუოს საერთაშორისო ბიუროკრატიასთან შეთანხმებულ პოლიტიკურ კალენდარს, რომელიც ძლიერი საზოგადოებრივი რეფორმებისთვის დროს გვაკარგვინებს. ახალ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუება გვიჭირს, მაგრამ სავალდებულოა. უკვე გადაწყვეტილი კითხვა «ვინ _ ვის» ახალი ფორმატით ცოცხლდება, იქმნება რევანშის იურიდიული, ლეგიტიმური ველი, როდესაც დაწუნებული, უარყოფილი აგრძელებს არსებობას და ინარჩუნებს სახალხო სამართლის საწინაღმდეგო პერსპექტივას.

პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა, ის რეალური პოლიტიკური ძალა რომ არა, რომელიც აგრძელებს არსებობას მოქმედი სახელმწიფო აპარატის ფარგლებში. ერთ მხარეზეა ხალხის სურვილისა და ნების საფუძველზე  შექმნილი ახალი ხელისუფლება, რეალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტებით; მეორე მხარეს _ ქვეყნის პოლიტიკური რეგლამენტით შემორჩენილი პრეზიდენტი და მისადმი ლოიალური სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობა, ფულად-საკრედიტო და სხვა საბაზრო სეგმენტების მარეგულირებელი ორგანოები. საქართველოში ბევრი ჩინოვნიკი მორალურად ვერ ამაღლდა აზროვნებისა და მოქმედების სახელმწიფოებრივ დონეზე, ამიტომ საქმე გვაქვს ერთსა და იმავე სახელმწიფო აპარატის ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებასთან.

არ მინდა არსებული სიტუაცია შევადარო პარიზის კომუნას, მაგრამ დაკვირვებული თვალი გარკვეულ პარალელებს დაინახავს, რაც დამაფიქრებელია. ჩვენც ისე, როგორც პარიზელი კომუნარები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან სამართლიანობას და ამ ტევადი ღირებულების შინაარსი დაგვყავს სამოქმედო იმპერატივებამდე: «გაათავისუფლე უსამართლოდ დასჯილი», «დასაჯე დამნაშავე», «მომეცი, რასაც დამპირდი» და «დანარჩენი შენ იცი», ხოლო ის საფრთხეები, რომლებიც ასეთმა არჩევანმა შეიძლება შექმნას, არ გვაინტერესებს.

ასეთ სიტუაციაში კი, ის, რასაც ძველი, მაგრამ ჯერ კიდევ სახელმწიფო უფლებებით აღჭურვილი ხელისუფლება ჩადის, საშიშია, რადგან, როგორც ევროპული და ამერიკული მედიიდან ვიგებთ, მათი სჯერათ, მათ უსმენენ, მათი რიტორიკა ცუდ სამსახურს უწევს ჩვენს ქვეყანას.

თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება

«ნაციონალური მოძრაობა» მის დაქვემდებარებაში დარჩენილი ადმინისტრაციული  რესურსებითა და საგარეო ავტორიტეტის ნაშთებით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მათი საქმიანობა აგებულია თანამედროვე სოციოლოგიაში კარგად ცნობილ მეთოდზე, რომელსაც რობერტ მერტონმა «თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება» უწოდა. ეს მეთოდი გულისხმობს საზოგადოებისთვის ისეთ ცრუ რეალობათა შეთავაზებას, რომლებიც იწვევს არამართებულ მოქმედებას და მიზნობრივი ორიენტირების ცვლილებით ხდება წინასწარ გაცხადებული შედეგების მიღწევა. ეს მეთოდი განსაკუთრებით მაშინ არის შედეგის მომტანი, როდესაც ასეთ წინასწარმეტყველებას აქვს ძლიერი მხარდაჭერა მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების მიერ. ამ შემთხვევაში საზოგადოება (მისი დიდი ნაწილი) ექცევა ისეთ ხელოვნურ გარემოში, როდესაც სინამდვილის მასობრივ წარმოდგენას არ გააჩნია რეალური ადეკვატი. მაგალითად, კაცს, რომელსაც ცალი ფეხი ციხეში გქონდა და არც იცოდი, რატომ; დატუსაღებული სასჯელს იხდიდა, არა იმისთვის, რაც რეალურად დააშავა, არამედ სხვა მორიგი ბრალდებით (ჩახალიანის შემთხვევა); შეეძლოთ ებრძანებინათ, წვითა და დაგვით შეძენილი ქონება სხვას გადაუფორმეო; გამშვიდებდნენ: «სამაგიეროდ, შენს მანქანას ვერავინ მოიპარავს და ღამე მშვიდად გძინავსო». ამ მოვლენის შეფასებისას, ფრანგი სტრუქტურალისტების გავლენით, ქართველი პუბლიცისტები «სიმულიაკრს» (წარმოსახვას, ასლს, რომელსაც არა აქვს ასახვის რეალური ობიექტი) უწოდებენ და საკმარისად ცნობილია ქართველი მკითხველისთვის.

ასეთი თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება მართლაც იყო არსებული რეალობის წყარო. მის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა არა დეკლარირებული სიმართლე, არამედ შიში, რომელიც გაჩნდა მოსახლობის განსაკუთრებით თვალსაჩინო ნაწილის დასჯით.

იმ ხელისუფლების პოლიტიკური კრედო, რომელსაც ხალხმა უარი უთხრა მანდატის გაგრძელებაზე, იყო ადამიანების დასჯა, ანუ მასობრივი ტერორი.

ამ სტრატეგიული კურსის გამართლება შესაძლებელი იყო მხოლოდ სიცრუით, ხოლო სიცრუე, რომელიც ტირაჟირებული და განმტკიცებული იყო მეოთხე ხელისუფლების ავტორიტეტით, ქმნიდა იმ სიმულიაკრს, რომელსაც წარმოადგენდა ჩვენი სახელმწიფო.

ვერ დავეთანხმები ჩემს თანამოქალაქეებს, იმათ, ვინც ამბობს, რომ «ვარდების რევოლუციით» მოსული ხელისუფლება ხალხისთვის სასურველი და თავისი აღზევების საწყის ეტაპზე სამართლიანი იყოო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იგი სამართლიანად არ მოსულა. აქვე შევნიშნავ, რომ ხელისუფლება, რომელიც მანამდე იყო, სამართლიანად ჩამოაგდო ხალხმა. ერთს რომ უარს ვეუბნები, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მეორეს ვეთანხმები. 2003 წელს, ძნელი არ იყო შეგემჩნია, რომ თვით სახელიც _ «ნაციონალური მოძრაობა» ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით დაირქვა შინაარსით ანტიეროვნულმა ძალამ.  მეორე, იმიტომ, რომ დღიდან მოსვლისა «ნაციონალურმა მოძრაობამ» უკანონოდ, უფრო სწორად, უსაფუძვლოდ მიითვისა რევოლუციონერის მაღალი წოდება და იმთავითვე შეუდგა საკუთარი ძლევამოსილების განმტკიცებას, არსებული კანონმდებლობის საკუთარ ტანზე მორგების გზით.

ამ მიზნით, მან უმოკლეს ვადებში: 1. შეცვალა კონსტიტუცია, ანუ ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტი გააძლიერა პრემიერმინისტრის თანამდებობითაც, რამაც, თავის მხრივ, გააჩინა პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების მიტაცების ლოგიკური საჭიროება. ამიტომ ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს იმ გარემოებას, რომ დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირების ნაღმი 2004 წელს ჩაიდო ჩვენს კონსტიტუციაში;

2. სასწრაფოდ მოარგეს არჩევნების კანონი საკუთარ დაბალრეიტინგულ ავტორიტეტს და განამტკიცეს მისი ტოტალური გაყალბების კანონიერი მექანიზმებით.

გაამკაცრეს «შავი» ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიღებული კანონი. ამ და კიდევ სხვა ცვლილებებით შექმნეს იურიდიული პლატფორმა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დასარბევად. 

თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველების მეთოდის გამოყენება ახალი არ არის «ნაციონალური მოძრაობისთვის», იგი ადამიანების მოტყუებისა და საკუთარი მიზნების მიღწევის ამ ხერხს 2004 წლიდან თანმიმდევრულად იყენებს და, უნდა ითქვას, წარმატებითაც. 

ფარდაახდილი ძალადობა და სიცრუე

ერთია, მოხვიდე ხელისუფლებაში, რაც საზოგადოებრივი ევოლუციის რთულ და ბოლომდე გაუცნობიერებელ გზაზე, სამწუხაროდ, შესაძლებელია და ამის უამრავი მაგალითი არსებობს; მეორეა, შეინარჩუნო გარემოებათა გამო ხელში ჩავარდნილი ძალაუფლება. ეს კარგად იცოდა ყველამ, ვინც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენდა «ვარდების რევოლუციასთან». ისიც იცოდნენ, რომ ამისათვის მათ დიდი დრო არ ჰქონდათ და ამიტომ სასწრაფოდ დაიწყეს ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. ყოველივე, რაც ამ მიზანდასახულობებიდან გამომდინარე ჩაიდინა ყოფილმა ხელისუფლებამ 9 წლის მანძილზე, შემდეგი ხუთი მიმართულებით შეიძლება წარმოვადგინოთ:

1. განხორციელდა პოლიტიკურ მოწინარმდეგეთა მიმართ თანმიმდევრული, მკაცრი ანგარიშსწორება.

აღმასრულებელი ხელისუფლების მთელი პოლიტიკური ვერტიკალი დაეყრდნო მათთვის მიუღებელი და აქტიური მოსახლეობის დასჯას და სასჯელაღსრულების მექანიზმებს. დასჯის მთავარი დანიშნულება იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგის ნეიტრალიზება: ქვეყნიდან გაძევებით, ქონების კონფისკაციით ან საკუთრების იძულებით სხვებზე გადაფორმებით, დაპატიმრებით, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ძალადობებით. პირდაპირ აცხადებდნენ: «რად გვინდა, რომ დავიჭიროთ, ჯობია, წავართვათ საკუთრება, შევულახოთ საზოგადოებრივი ავტორიტეტი და იაროს ასე შერცხვენილმა». სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილია ამგვარი პოლიტიკური «მართლმსაჯულება» და მას ანტისოციალურ დასჯას უწოდებენ. მიჩნეულია, რომ დაბალი სოციალური კორპორირების საზოგადოებაში, სადაც კანონის უზენაესობის იგნორირება ხდება, ასეთი ანტისოციალური დასჯა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების განვითარებას, რადგან პრინციპულად ხდება საზოგადოების სასარგებლო საქმიანობისთვის დასჯის კულტივირება.

2. ანტისოციალური დასჯის სხვა, საპირისპირო თვალსაზრისით წარმოჩენის მიზნით, იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინათ მოქმედების სამართლიანობაში, შეიქმნა სიცრუის ტირაჟირების ძლიერი სისტემა.

ტელევიზიიდან მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ: ა) ისინი ცხოვრობდნენ ისეთ სოციალურ გარემოში, რომელშიც პოლიტიკური ისტებლიშმენტი შერწყმული იყო ორგანიზებულ დამნაშავეობასთან («კანონიერ ქურდებთან»), ბ) საზოგადოებაში ბატონობდა გაუსაძლისი სიდუხჭირე. აცოცხლებდნენ 1993 წლის სურათებს და ხალხს არწმუნებდნენ, რომ 2003 წელს მასზე «კანონიერი ქურდები» ბატონობდნენ. მოქალაქეთა გონებაში ცოცხლდებოდა 1992-1993 შავბნელი წლების (კორუფციის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან იდეოლოგიური ერთიანობა, ორგანიზებულ დამნაშავეთა ლეგალური თარეში, ენერგეტიკული კოლაფსი) საზოგადოებრივ ურთიერთობათა მახასიათებლები და 2004 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერდა ამ ბრძოლას, რომელიც მიმართული იყო სოციალურად აქტიური ადამინების მარგინალიზაციისკენ. ეს, ალბათ, ერთადერთი მასშტაბური სოციალური ექსპერიმენტია, როდესაც ანტისოციალურ დაჭერებს ამართლებდა საზოგადოებრივი აზრი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

3. ყველაფერი, რაც მიღწეული იქნა 10 წლის მანძილზე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, სამეურნეო სივრცეში და საზოგადოების რეფორმირების სფეროში, უტიფრად მიიწერეს.

4. თავიანთი ყველა შეცდომა გადააბრალეს ობიექტურ მიზეზებს და მტერს, რომლის ხატსაც წარმატებით ქმნიდნენ. მაგალითად, მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც აიძულეს მინორიტარი აქციონერები საბაზრო ფასით (ეს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე თავისუფალი კოტირების შეზრუდული სისტემის  პირობებში) მიეყიდათ მსხვილი პაკეტის მფლობელებისთვის და როდესაც ვინმე ელიტარულ კორუფციაზე საუბრობს, ასეთ კანონთა შემოქმედ ადამიანებს თავი მამა აბრამის ბატკნად მოაქვთ.

5. ყველა ამ პროცესის დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის ფორმით საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენა არც თუ მარტივი იყო. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა მსოფლიო პოლიტიკურ ცენტრებში საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქების სისტემა. დაკვეთილ პუბლიკაციათა უმრავლესობა მიმართული იყო ქართველი პოლიტიკოსების თავდადებულ დემოკრატებად და ხალხის ინტერესების დამცველებად წარმოსაჩენად.

სიცრუესა და ძალადობაზე დამყარებულმა ასეთმა რეჟიმმა მთელი 9 წელი იარსება საქართველოში. ახლაც საშიშია მისი ნარჩენები, რადგან იგი სახელმწიფოს აპარატშია და იქიდან აგრძელებს თავის დესტრუქციულ საქმიანობას. თუ შევძლებთ, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ სიმართლე ამ რეჟიმის საქმიანობის მეთოდებისა და შედეგების შესახებ, მაშინ არც ერთ მორალურ ძალას არ ექნება სურვილი, მას აღმოუჩინოს მცირედი მხარდაჭერაც კი. ეს საჩქარო და მნიშვნელოვანი საქმეა. ამისათვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მაგრამ ასევე ეფექტიანი იქნება, საქმით მოვახდინოთ მკვეთრი დისტანცირება ამ მემკვიდრეობიდან, რომელიც ჩათესილია საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსებში, უამრავ კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში, უნდა გვახსოვდეს, რომ ძველ ტიკებში ახალ ღვინოს არ ასხამენ.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here