Home რუბრიკები პოლიტიკა ქუთაისში პარლამენტის შენობის ასაშენებლად დახარჯულია 360 მილიონი. სად არის დანარჩენი 640?

ქუთაისში პარლამენტის შენობის ასაშენებლად დახარჯულია 360 მილიონი. სად არის დანარჩენი 640?

543

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის, განცხადებით, ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. მისი თქმით, სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების დონეზე იმუნიტეტს არავინ ითხოვს, მაგრამ «ნაციონალურ მოძრაობასთან» რაიმე ფორმით დაკავშირებული პირების დაკითხვებზე ტარება უნდა შეწყდეს.   _ «დამნაშავეა დათო ბაქრაძე? გამოიძიონ და დასაჯონ», _ განცხადება ამ ტექსტით დავით ბაქრაძემ სულ ახლახან გააკეთა. მართლაც დამნაშავეა დავით ბაქრაძე თუ არა, ამას  მალე გაიგებს ქართული საზოგადოებამანამდე კი მის  მოღვაწეობას ზოგადად გადავავლოთ თვალი. ამ და სხვა თემებზე  ჩვენს სტუმარს, ბატონ პეტრე მამრაძეს, ვესაუბრებით.

_ ბატონო პეტრე, პარლამენტის დანგრევის თემით დავიწყოთ.

_ შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრი დებს ფიცს ღვთისა და ერის წინაშე, რომ ემსახურება ხალხს, დაიცავს ადამიანის უფლებებს და ა. შ., ფიცის გატეხვა კი უმძიმესი დანაშაულია. ამ მხრივ ბაქრაძეც და წინა პარლამენტის უმრავლესობის და ამჟამინდელი პარლამენტის უმცირესობის წევრები ნამდვილად დამნაშავეები არიან. ისინი ემსახურებოდნენ სააკაშვილის სადისტურ, ავტორიტარულ რეჟიმს და ახლაც ემსახურებიან მის ვადაგასულ ნარჩენებს. ამას აკეთებდნენ საკუთარი კარიერისა და მატერიალური ინტერესებისთვის. ახლა უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ, ხოლო მატერიალური ინტერესები დღესაც დიდია. ეს დიდი დანაშაულია. 

რაც შეეხება ამნისტიას, სააკაშვილი და მისი დაჯგუფების თავკაცები უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ზეპირად იძლეოდნენ, ხელს არაფერს აწერდნენ. ახლა გამომძიებლები იძულებულნი არიან, გამოძიება შემსრულებელთა დაკითხვით დაიწყონ. შემსრულებლებმა უნდა თქვან, ვინ დაავალა მათ ასეთი დანაშაულის ჩადენა და მაშინ, კანონის ძალით, შეიძლება შეუმსუბუქდეთ სასჯელი. სწორედ ამის ეშინიათ სააკაშვილსა და მისი სადისტური სისტემის თავკაცებს, ამიტომ ითხოვენ შემსრულებელთა ამნისტიას. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს იმ მასშტაბით, რომ ახლა რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვაა საჭირო მის აღსადგენად. ცნობილია, რომ ბაქრაძემ ზეპირი დავალება მისცა პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებს, მათ ეს შესაბამის მუშაკებს დაავალეს. უარის თქმა ვერავინ გაბედა სასტიკი ანგარიშსწორების შიშით და სახელწიფო ქონებას დიდი ზარალი მიადგა. ცხადია, ბაქრაძე ამას თავისი ნებით ვერ გააკეთებდა, რადგან ის არ გახლდათ იმ დონის ფიგურა, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე აღება შეეძლო. ეს განკარგულება ან სააკაშვილმა გასცა, ან მერაბიშვილმა, ან ადეიშვილმა.  ბაქრაძემ კი მხოლოდ გადასცა სხვებს მათი ბრძანება. ცხადია, ეს გარემოება ვერ შეამსუბუქებს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის დანაშაულს. თუმცა, ჩემი აზრით, მისი გაცილებით მძიმე დანაშაული ის არის, რომ, თავისი კარიერისა და საკუთარი ჯიბისთვის მეტი სარგებლის მოპოვების მიზნით, ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება სააკაშვილს და ღალატობს ქვეყნის ინტერესებს.

 _ ამას წინათ თქვენ ისაუბრეთ ფულზეც, იმ გამქრალ მილიონებზე, რომლებიც ახალი პარლამენტის აშენებისთვის იქნა გამოყოფილი.

_ დიახ ასეა. საქმეში ჩახედული ადამიანებისგან ვიცი, რომ სხვადასხვა სტრუქტურის მეშვეობით მილიარდ ლარამდე გადაირიცხა ქუთაისში პარლამენტის შენობის ასაშენებლად. დახარჯულია 360 მილიონი და ისმის კითხვა _ სად არის დანარჩენი 640?  მარტო ეს ფაქტია საკმარისი მრავალი მაღალჩინოსნის დასაკავებლად.

_ რას იტყვით ბაქრაძის მიმართვაზე, ჩანგლებითა და დანებით დავხვედროდით მტერს (2008 წლის ომის პერიოდს ვგულისხმობ)?

_ ეს იყო ბინძური და ძალიან სახიფათო პროვოკაცია. ბაქრაძემ ეს 2008 წლის 10 აგვისტოს შუადღისას თქვა. მაშინ ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი ჩაკეტილი იყო ბუნკერში და შიშით გარეთ ვერ გამოდიოდა… ბაქრაძე გამოვიდა და სააკაშვილის მოწოდება  გადმოგვცა, რომ მოსახლეობას ყველგან ყველა მისაწვდომი საშუალებით წინააღმდეგობა გაეწია შემოსული ჯარისთვის. ამ დროისთვის ჩვენს არმიას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა ბრძოლა. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც რომ აჰყოლოდა ამ პროვოკაციას, რამდენი დაიღუპებოდა! სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს კი სწორედ ეს სურდათ _ რაც შეიძლება მეტი ზარალი და მსხვერპლი ეჩვენებინა მსოფლიოსთვის. არადა, ხელისუფლება ვალდებულია, ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე.

_ ამ დროს ბაქრაძე საკმაოდ დამაჯერებელი ტონით საუბრობს და, შეიძლება ითქვას, სტაბილურობითაც გამოირჩევა სხვა  ჩინოვნიკებისგან.

_ სანამ ნაცისტების გუნდში აღმოჩნდებოდა, კარგი მუშაკის სახელი ჰქონდა. მაგრამ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული მერიტოკრატია იმაში მდგომარეობდა, რომ აწინაურებდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საქმით დაამტკიცებდნენ, რომ მზად იყვნენ, შეესრულებინათ სააკაშვილის ნებისმიერი უკანონო, დანაშაულებრივი დავალება. ბაქრაძემაც ასეთი გზა აირჩია და სადისტური სისტემის მსახურად იქცა. ასე არიან სხვებიც ამ «გუნდში». ახლა იმასაც ამბობენ, რომ ბოლოს სააკაშვილმა კონსტიტუციაც კი შეცვალა მხოლოდ იმისთვის, რომ მორიგი ფავორიტი ქალი პარლამენტში მოეხვედრებინა.

_ როგორ ფიქრობთ, ბაქრაძე ბოლომდე ერთგული დარჩება რეჟიმისა და მის ლიდერთა მიმართ, თუ შეეცდება სხვა გზებიც მონახოს?

_ ვერ გეტყვით. დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ ყველაფერს გააკეთებს თავის გადასარჩენად და საკუთარი კეთილდღეობისთვის. სხვა პრინციპები მას და «გუნდის» სხვა წევრებს არც გააჩნიათ. ერთი საგულისხმო ამბავი გამახსენდა. ცოტა ხნის წინათ საქართველოში ჩამოსული იყო ჰილარი კლინტონის თანაშემწე ფილიპ გორდონი. ის უნდა შეხვედროდა ჩვენი ამჟამინდელი უმცირესობის ლიდერებს, მათ შორის ბაქრაძესაც. პროგრამის მიხედვით, ბაქრაძესთან შეხვედრას ნაცისტების გენმდივანი მერაბიშვილიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ ბაქრაძემ ამოაშლევინა ამერიკელებს მერაბიშვილი დამსწრეთა სიიდან. ეს უცხოელმა ექსპერტებმა მითხრეს, თან იცინოდნენ _ «ადრე მერაბიშვილი ბაქრაძესთან დარეკვასაც კი არ იკადრებდა, ახლა კი _ რეებს ბედავს ბაქრაძეო».

_ ნიშნავს ეს იმას, რომ ბაქრაძე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ცდილობს?

_ მისი პოზიცია მისი კარიერაა. ეტყობა, უნდა, როგორმე გაემიჯნოს უცხოელების თვალში ნაცისტების ოდიოზურ თავკაცებს. სხვა საქმეა, ეს როგორ გამოუვა. შეიძლება ამის გამო უკვე ისე დატუქსეს ნაცისტებმა, რომ მეორედ ვეღარც გაბედოს მსგავსი რამ. 

_ გვერდს ვერ ავუვლით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საინტერესოა  თქვენი აზრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებთ წინა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ახალი ხელისუფლების მოქმედებას ამ მიმართულებით?

_ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი პოლიტოლოგების აზრით, სააკაშვილმა გააკეთა ის, რასაც საქართველოს ყველაზე საშინელი მტერიც კი ვერ გააკეთებდა: ოთხწლიანი კონტრპროდუქტიული პოლიტიკის გატარების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, მან განახორციელა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა და ლანგარზე მიართვა მოსკოვს საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საშუალება. ახლა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი განუსაზღვრელი დროით დაკარგულია ჩვენთვის.

ახალ ხელისუფლებას ურთულესი პრობლემა აქვს გადასაჭრელი. საქართველოს გამთლიანების პერსპექტივის შესაქმნელად საჭიროა ჩვენი, აფხაზებისა და ოსების ნდობის, მეგობრობისა და სიყვარულის მოპოვება. ეს პროცესი კი არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოვაგვარებთ ურთიერთობას რუსეთის ხელისუფლებასთან. 

დღეს არათუ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, აიძულოს ან დაითანხმოს რუსეთის ხელისუფლება, გაიყვანოს სამხედრო ბაზები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და გააუქმოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა. ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთობის თანდათან აღდგენა და დიალოგის დაწყება ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან. ამისათვის არა მარტო ცალკეული პიროვნების ან თუნდაც მთელი მთავრობის, არამედ მთელი ერის შეთანხმებული ხანგრძლივი ძალისხმევაა საჭირო. 

_ სააკაშვილი ამბობს, რომ არ კარგავს ნატოში შესვლის იმედს, ამასვე ამბობს ახალი მთავრობაც. თქვენ ბრძანებთ, რომ ეს შეუძლებელია და ეს ყველამ იცისთქვენი  კომენტარი ამის თაობაზე.

_ სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, არ მიიღოს საქართველო თავის რიგებში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მის გადახედვას, პოლიტიკურად განჭვრეტას მომავალში არავინ აპირებს. დახურულ კარს მიღმა ნატოს წარმომადგენლები ამას პირდაპირ ამბობენ. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის გაცხადება საჯაროდ, ვინაიდან ასეთი განცხადება ნატოს დაშლის გადაწყვეტილების ტოლფასი იქნება. ეს შესანიშნავად იციან სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა და თავისი ჭკუით, წაუგებელ თამაშს თამაშობენ: ცდილობენ, მოატყუონ ხალხი, რომ, თუ ნატოში სწრაფად ვერ გავწევრიანდით, ეს ახალი ხელისუფლების ბრალი იქნება. ახალ ხელისუფლებასაც არ შეუძლია სიმართლის თქმა იმ ფონზე, როდესაც ერთის მხრივ ნატოს წარმომადგენლები რეგულარულად იმეორებენ კარგად დაზუთხულ ფრაზას, რომ «ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის და რომ საქართველო უსათუოდ გახდება ნატოს წევრი, თუ თვითონ მოინდომებს ამას და თუ დააკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს», მეორე მხრივ კი, სააკაშვილისგან და მისი ჯამბაზებისგან მოედინება ცილისწამების უწყვეტი ნიაღვარი _ რომ «ახალი მთავრობა პრორუსულია, მიათრევს საქართველოს რუსეთში» და ა. შ. 

საბოლოო ჯამში, ნატოს სახით ჩვენ თვითონ ჩამოვიკიდეთ ცხვირწინ სტაფილო, მივდევთ ამ ვირტუალურ სტაფილოს და მოღალატედ ვაცხადებთ ყველას, ვინც არ ყვირის იმას, რომ მზად არის, სდიოს ამ სტაფილოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ეს მარაზმი ძვირად დაუჯდა ერს. 

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here