Home რუბრიკები პოლიტიკა კოაბიტაცია განაყოფიერების გარეშე

კოაბიტაცია განაყოფიერების გარეშე

798

პრეზიდენტისა და პრემიერის 4 მარტის შეხვედრამდე სააკაშვილის მომხრეებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პრემიერმინისტრს თავის ერთერთ რეზიდენციაში _ სახელმწიფო კანცელარიაში მიიღებს. «ნაცმოძრაობის» მომხრეები რომ ნელნელა სექტად ყალიბდებიან, ეს ნათელია; მხოლოდ სექტანტს შეუძლია, ასეთი ტექსტი გამოაცხოს, ოღონდ არ დაუშვას, რომ სწორედ პრეზიდენტი მიდის პრემიერთან მიღებაზე!

ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი ელექტრომობილით მივიდა, იმავე რეპერტუარიდანაა: 7-მანქანიანი ესკორტი ხომ კიდევ ერთხელ ადასტურებს  სააკაშვილის მორიგ სიცრუეს, თითქოს უკვე ერთი კვირაა, დაცვის გარეშე გადაადგილდება! ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან გამოსულ სააკაშვილს აშკარად ნირი ჰქონდა წამხდარი. სიტყვას «საინტერესოა» იგი სწორედ მაშინ იყენებს, როცა დაბნეულია, თუმცა მერე და მერე, ლაპარაკისას ეშხში შედის და  აკონკრეტებს, რას ნიშნავს ეს «საინტერესო» _ «რომ არის ფუნდამენტური განსხვავები მათ ხედვაში და ამას არც ერთი არ მალავს».

მიხეილს თურმე სიამოვნებს, რომ იყოს შესაძლებლობა, პრემიერთან საუბრები ჰქონდეს გახსნილად და არა «ფეისბუქის» და ტელეკამერების საშუალებით. რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, მან პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, თუ როგორ ხედავს «თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოში». ცხადია, სააკაშვილს კრინტიც არ დაუძრავს იმაზე, რომ საკუთარი გუნდის ხელშეუხებლობას ითხოვდა პრემიერისგან, მხოლოდ მიანიშნა, რომ «აქ არის რამდენიმე ასპექტი».

მერე კი აშკარად აწუწუნდა: «მე, როგორც პრეზიდენტი, ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ჩემთვის. ბოლო წლებში შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, ახალი ობიექტების გახსნას. თქვენ ხედავთ, რომ ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან მთლიანად დაცლილია, თუ არ ჩავთვლით, რომ თეატრს ვხსნი ერთ საათში და ეს არის ჩემს საპრეზიდენტო ვადაში ჩემი საბოლოო საჩუქარი ბათუმისთვის».

ერთი სიტყვით, სათამაშოები ჩამოართვეს და მოიწყინა…

«უმოქმედობა ჩემთვის მძიმე ტვირთია. რომ გითხრათ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ თანამდებობაზე თავს დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე და ამას ნამდვილად არ გაკადრებთ (ჯერაც არ უკადრებია! _ ..). ამიტომ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე, არის ის, რომ დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ ქვეყანაში და შევქმნათ რაღაც შესაძლებლობა მაინც საკონსტიტუციო სტაბილურობის».

სააკაშვილმა შესანიშნავად უწყის, რომ მისი ამგვარი განცხადებების აღარავის სჯერა და თავს იკატუნებს: «ამიტომ  ყოველგვარი სპეკულაცია, რომ შეიძლება გამოვიყენო პრეზიდენტის უფლებამოსილება და დავითხოვო მთავრობა ან პარლამენტი, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა. ჯერ კიდევ მოკლე პერიოდია იმისთვის, რომ მისი სრულფასოვანი და ადეკვატური შეფასება მოხდეს ან ჩემ მიერ, ან ხალხის მიერ, რომელმაც აირჩია. ამგვარად, ლაპარაკი, რომ ასეთი განზრახვა შეიძლება დაიბადოს, უნდა გამოირიცხოს».

დედა არ დაუფიცია, მაგრამ სხვა მხრივ პირობა დადო, რომ არავის მოხსნის, შემდეგ კი ჩვეული უტიფრობით დასძინა: «მე ვარ მათ მხარეს, მიუხედავად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერმინისტრს თუარა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს. არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შეუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე».

ასე და ამგვარად, სააკაშვილი ცდილობს, დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ რაიმე საფრთხე მისგან არ ელოდება, თუმცა სიტყვა ისევ გაურბის და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია. «ყველაზე ნაკლებად ახლა ჩვენ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გვჭირდება. დღეს ყველაფერზე ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობები განსხვავდება, მაგრამ ორივე შევთახმდით იმაზე, რომ ჩვენ, ყველანი საქართველოს შვილები ვართ, რომ საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა და გარანტიები გრძელვადიანი განვითარების. არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება».

ერთი სიტყვით, მიშა შეეცადა, საკუთარ «გაგორებულ ფალავანზე» მოერგო ფორმულა _ «არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე _ ვენეციელი,» მაგრამ მისი დაბოლოება _ «ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ» _ ივანიშვილმა ჩანასახშივე მოუსპო, თუმცა ამაზე _ ქვემოთ!

აი, ამის შემდეგ კი იწყება ის, რაზეც შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი განაცხადებს, რომ «საუბარი იყო _ ჩემი შენ გითხარიო»… კერძოდ, სააკაშვილმა ივანიშვილისგან (!) მოითხოვა: ქვეყანაში იყოს დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო(!), შეწყდეს ყველანაირი ზეწოლა მედიაზე(!), მასობრივი დევნა და შევიწროება «იმ ნიშნით, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის წევრები»! ერთი სიტყვით, სასამართლოც და მედიაც კვლავ მისი გავლენის ქვეშ უნდა დარჩეს, ხოლო «ნაცმოძრაობის» წევრებს პასუხი არაფერზე უნდა მოეთხოვოს!

თუ საქართველოში ვინმეს კიდევ სჯერა, რომ «სასამართლო ბუნებრივად ვერ იქნება ჩემი (სააკაშვილის. _ თ.დ.) დიქტატის ქვეშ», ის იმავე სექტის წევრი უნდა იყოს, რომელზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მედიის თავისუფლებაზე სიტყვასაც არ დავასველებ, მისი ეს ტირადა მისსავე მომხრეებსაც აღარ სჯერათ! ეჰ, დროებას რა ვუთხარი, თორემ მიშას ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ რა ათქმევინებდა ისეთ «მარგალიტს», როგორიცაა: «ქვეყანაში უნდა იყოს ალტერნატიული აზრი და ოპოზიცია»!

ბაქოში ნაჭამი სირცხვილის შემდეგ სააკაშვილი აქეთ იშვერს ხელს და აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში გარკვეული პრობლემატური თემები შეიქმნა, თუმცა დიდსულოვნად სთავაზობს ახალ მთავრობას საკუთარ დახმარებას: «კი არ დავცხოთ ერთმანეთს. მე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, ნახეთ, როგორ გააფუჭეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ამას არ ვიტყვით. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი შიდაპოლიტიკური დებატების ფორმა უნდა იყოს. მეც მოვუწოდებ პრემიერს, რომ ამ თემაზე ჩვენი განსხვავებები საერთოდ არ უნდა განივიხილოთ საჯაროდ, რადგან თუ ჩვენ ერთმანეთს დავცხეთ საგარეო პოლიტიკურ თემებზე, ამით მხოლოდ ერთი ვიღაც იხეირებს და ეს არ არის ჩვენი ინტერესები».

დაცხებდა, აბა რას იზამდა, მაგრამ დღეს «ის მიშა აღარ არის» და არც ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, მაგას დააცხებინოს! მთელ მის ამ მცდელობებს პრემიერმა მოურიდებლად გადაუსვა ხაზი და  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას «შეხვედრას შეხვედრისთვის» უწოდა. «ჩემი სურვილია, რომ მათ მოახერხონ და დარჩნენ ღირსეული წევრები საზოგადოების, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზოგიერთ მათგანს კანონი აქვს დარღვეული. მხოლოდ ეს იყო მიზანი ჩემი შეხვედრის», _ განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა რამდენჯერმე შეახსენა სააკაშვილს, რომ შეხვედრა მისი თხოვნით შედგა და კარგად უნდა ჩამოეყალიბებინა, რაც სურდა. «მე შევახსენე საინტერესო საკითხები, შევახსენე ჩემი ბოლო წერილი, რაზეც პასუხი ვერ გასცა ამ დროის განმავლობაში. ამაზე მითხრა, ძალიან საინტერესო რამ, რომ ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მერე დავუკონკრეტე _ როგორ ჩვეულებრივად, მთავრობა შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ან მოხსნას? მან მიპასუხა, რომ რამდენიმე მაგალითს მოიყვანდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და შემპირდა, რომ საჯარო განცხადებას გააკეთებდა. მან თქვა, რომ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მოიყვანდა, თუმცა ვერც ერთი გაიხსენა, სადაც პრეზიდენტს ასეთი უფლებები ჰქონდეს», _ არ შეუნახა სააკაშვილს ნამუსი პრემიერმა.

ივანიშვილმა სააკაშვილს კიდევ ერთი რამ შეახსენა (სერიიდან _ «ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ») _ უნდა გააცნობიერონ, რომ  საქართველოს მოქალაქეები არიან და არ უნდა აკეთონ განცხადებები მხოლოდ ამერიკისთვის და ევროპისთვის. «მე ვთხოვე და მოვუწოდე, რომ მათ ისაუბრონ ისე, რომ გასაგები და მისაღები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნუ რჩებიან ვირტუალურ სამყაროში. მან მიპასუხა, რომ ეს ჩემი აზრია და მას განსხვავებულად მიაჩნია».

სააკაშვილს «განსხვავებულად» რომ მიაჩნია ყველაფერი, ეს კარგა ხანია, აღარ გვიკვირს. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ უკვირთ ჩვენს მეზობლებს, რომლებსაც საკუთარ ავანტიურისტულ განცხადებებში მოწმედ იყენებს. როგორც ჩანს, სწორედ მათ გასაგონად განაცხადა ივანიშვილმა: «საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწოფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი».

გლეხურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს დიპლომატიურად გამოთქმული აზრი ასე გამოიყურება: გიჟი თავისუფალია!

ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ განმარტა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სააკაშვილი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს. «ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ».

ძნელი სათქმელია, რა უნდა იყოს უფრო სამარცხვინო მოქმედი პრეზიდენტისთვის _ როცა მას ტყუილში მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობა ამხელს თუ საკუთარი ქვეყნის მთავრობა? ძალად თავსმოხვეული კოაბიტაცია ასეთი პრეზიდენტის შემთხვევაში არაფრის მომტანი რომ არ არის, ჩვენთვის ნათელია. ახლა მოთმინებით ველით, როდის მიხვდებიან ამას რიჩარდ ნორლანდი და სხვა წვრილ-წვრილი ნორლანდები.

ქართველი ამომრჩეველი კარგა ხანს ვერ ხვდებოდა, რაში დასჭირდათ «ოცნების» დეპუტატებს ბუსუსებიან და ულვაშიან პრეზერვატივებზე მსჯელობა, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა მოუგვარებელი, მაგრამ ახლა ეს ნათლად გამოჩნდა; კაცმა რომ თქვას, ძველი და ახალი ხელისუფლების კოაბიტაციისგან ნაყოფს არც არავინ ელოდა, ხოლო, როცა უნაყოფო კოაბიტაციას გაძალებენ, ერთი გზაღა დაგრჩენია: იგი უსაფრთხო მაინც უნდა იყოს, რომ თავი დაცულად იგრძნო!

სასაცილოდ ქცეულ ვადაგასულ პრეზიდენტს მხოლოდ ამგვარი დაცვა არ აკმაყოფილებს, მას სრული და საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნილება აქვს, რომლის მისაღებად, სავარაუდოდ, არაფერზე დაიხევს უკან. თუმცა არც ივანიშვილია საბავშვო ბაღიდან მოსული და მიშას პირდაპირ აფრთხილებს: «არანაირი არეულობა არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის სურვილი აქვთ. არ მოხდება და ვერ მოახერხებს ვერავინ ქუჩაში დაპირისპირების გადატანას და საქართველოში არეულობის მოწყობას. მე ამის გარანტიას საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაძლევ».

«ზოგიერთები», «სხვა ასპექტები», «გაუგებრობა» _ ეს მინიშნებები უნაყოფო კოაბიტაციის უსაფრთხო ვერსიას ასახავს, მაგრამ როგორც 4 მარტის შეხვედრამ გვიჩვენა, ივანიშვილი სააკაშვილის ექსცენტრიულ ატრაქციონებზე ასვლას არ აპირებს, იგი თანმიმდევრულად და აუჩქარებლად აბრუნებს სააკაშვილს მის ორგანულ ნიშაში. ეს ნიშა კი მარგინალის თავშესაფარია. რაც უფრო მალე მიხვდებიან გუშინდელი მმართელი გუნდის წარმომადგენლები, რომ ისევ იმ მარგინალურ ჯგუფად იქცნენ, რომელსაც 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე წარმოადგენდნენ, მით უფრო უმტკივნეულო და უსაფრთხო იქნება მათთვის კოაბიტაცია.

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here