Home რუბრიკები საზოგადოება სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციაში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციაში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი

644

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციაში, რომელიც, ორი წელია, აქტიურად ფუნქციონირებს, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება და შეხვედრა ტარდება, რომლებზეც ზუგდიდისა და სამეგრელოს დანარჩენი რაიონების საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ.

ამჯერადაც ამ მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზურაბ კვარაცხელიას, ინიციატივითა და ძალისხმევით «სამეგრელოს» წევრები, მხარდამჭერები, თანამოაზრეები შეიკრიბნენ. «მიუხედავად იმისა, რომ საძულველი «ნაცმოძრაობის» ხელისუფლება წარსულს ჩაბარდა, ზუგდიდში მაინც არსებობს უამრავი პრობლემა და ამ პრობლემების განსახილველად და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ დღეს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები შემოვიკრიბოთ ჩვენი მოძრაობის გარშემო. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვნახოთ, რა გამოგვივა. განვიხილეთ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები. ვფიქრობ, ამ მოსაზრებებით უნდა დაინტერესდნენ ახალი ხელისუფლება და ქართული პოლიტიკური სპექტრი. განვიხილეთ საგარეოპოლიტიკური ვექტორის საკითხიც და მიგვაჩნია,  რომ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს», _ განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ.

ყველა გამომსვლელი ერთსულოვანი იყო იმაში, რომ «საქართველო და მსოფლიოში» მთავარ რედაქტორ ირაკლი თოდუასთვის მიცემულ ინტერვიუში  სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ლიდერმა, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა ქვეყნის ამჟამინდელი ვითარება და მომავალი განვითარების კურსი. ბევრი დაბნეული ადამიანი  დააყენა სწორ გზაზე, ბევრს აუხილა თვალი. ეს იყო ძალიან დროული ინტერვიუ.

ამ შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» პოლიტიკურ მოძრაობად გარდაქმნის შესახებ, რაც მისცემს ამ ორგანიზაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას. «ჩვენ სულ ვიდექით არჩევანის წინაშე, ამა თუ იმ არჩევნებში ვის დაუჭერდა მხარს სახალხო მოძრაობა  «სამეგრელო».  უმჯობესია, ჩვენ თვითონ, დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, რადგან  ძალიან ბევრი მხარდამჭერი და თანამოაზრე გვყავს», _ აღნიშნა «სამეგრელოს» წევრმა ბააკა თოდუამ.

ზუგდიდში არსებულ ვითარებაზე, რომელიც ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო,  დამსწრეებს თავისი მოსაზრება მოკლედ გააცნო ვალერი ჯალაღონიამ.

«ზუგდიდს დღეს მართავენ ქალები. რამდენიმე ქალბატონის განკარგულებით ხდება დღეს ზუგდიდში ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის საკადრო საკითხის. დღეს ზუგდიდი არის თავლაფდასხმული, მაგრამ მე იმედი მრჩება, რომ ყოველივე ეს აუცილებლად გამოსწორდება», _ განაცხადა ვალერი ჯალაღონიამ.

მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსგავსი შეხვედრები ინტენსიურად გაიმართოს.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

1 COMMENT

  1. მიდით მიაწექით მეგრელებო! საქართველოს განთავისუფლება მასონურ-ანტიეროვნული ძალებისგან, სამეგრელოდან უნდა დაიწყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here