Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

530

ბატონო ბიძინა!

გადავწყვიტეთ, მოგვემართა ღია წერილით, რადგან მიგვაჩნია, რომ თქვენი ჩარევით ქვეყნის შემდგომი განვითარებისკენ მიმართული,ნებისმიერი ინიციატივა უფრო სწრაფად და ეფექტურად   განხორციელდება. საქმე ეხება წინა მთავრობის მიერ 2004 წელს გაუქმებული პროგრესული საშემოსავლო გადასახადის აღდგენის აუცილებლობას. «ნაციონალების» ეკონომიკური იდეოლოგის, ბენდუქიძის, ინიციატივით მიღებული პროპორციული საშემოსავლო გადასახადი (რომელიც თავისი ბუნებით რეგრესულია, რაც ნიშნავს დაბალი პროცენტის გადახდას უფრო მაღალ შემოსავალზე) დღესაც მოქმედებს საქართველოში და ყველა ფიზიკური პირი, მიუხედავად მათი შემოსავლის სიდიდისაიბეგრება ერთი და იგივე ფიქსირებული საგადასახადო განაკვეთით. ამით ირღვევა  გადასახადების ვერტიკალური სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც, რაც მეტია პირის შემოსავალი, მით მეტი ნაწილი თავისი შემოსავლისა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში.

აღნიშნულისა და სხვა ბევრ  მიზეზთა გამო, იზრდება მოსახლეობის ქონებრივი პოლარიზაციის ხარისხი და ხელი ეშლება ჯანსაღი საშუალო ფენის წარმოშობას. დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ წინა მთავრობის მიერ გადადგმული როგორც აღნიშნული, ისე სხვა ნაბიჯები არ შეიძლება ჩავთვალოთ შემთხვევით ან უცოდინარობით გამოწვეულ შეცდომად. პირიქით, «ნაციონალების» ყველა ნაბიჯი იყო საკმაოდ გააზრებული, მიზანმიმართული და მორგებული მმართველი ელიტისა და ერთი მუჭა მაღალჩინოსნების უსაზღვროდ გამდირებასა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მსხვილი მონოპოლიური ბიზნესის ინტერესებზე. სამწუხაროდ, არჩევნების წინ «ქართული ოცნების» თემატური ჯგუფების მიერ შემუშავებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრამაში არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი  მოსაზრება პროგრესული საშემოსავლო გადასახადის აღდგენის თაობაზე. ჩვენი აზრით, ეკონომიკურ პროგრამაზე მომუშავე ჯგუფების ხელმძღვანელობა შეეცადა, არ «ეწყენინებინა» მდიდარი ბიზნესმენებისთვის და, საერთოდ, მაღალშემოსავლიანი პირებისთვის, რათა მომავალში არ გაზრდოდათ საშემოსავლო გადასახადი პროგრესულ ფორმაზე გადასვლის გამო.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ სამართლიანობის აღდგენას და ოპტიმალურად გათვლილი პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის რეფორმირების აუცილებლობაც უკვე დგას დღის წესრიგში. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ლიტერატურაში საშემოსავლო გადასახადის პროგრესული ფორმა ყველგან მიჩნეულია უფრო სამართლიანად და ეფექტიანად პროპორციულ ფორმასთან შედარებით. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ თანამედროვე ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობაში და მათ შორის ევროგაერთიანების უკლებლივ ყველა ქვეყანაში გამოიყენება პროგრესული საშემოსავლო გადასახადები ზღვრულ საგადასახადო სარგოებს შორის ფართო დიაპაზონით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოქმედი პროგრესული საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო განაკვეთებს შორის დაწესებული ინტერვალების საერთო დიაპაზონი განთავსებულია 0-დან 50%-მდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში _ 10-დან  35%-მდე, გერმანიაში _ 14-დან  45%-მდე, ესპანეთში _ 24-დან  43%-მდე, პორტუგალიაში _ 0-დან  43%-მდე, იტალიაში _ 23-დან  43%-მდე, დანიაში _ 38-დან  59%-მდე, ბელგიაში _ 25-დან  50%-მდე, ნიდერლანდებში _  0-დან  52%-მდე, ავსტრიაში _ 21-დან  50%-მდე, საფრანგეთში _ 10-დან 70%-მდე, ნორვეგიაში _ 28-დან  51%-მდე, შვედეთში _ 0-დან  56%-მდე, ირლანდიაში _ 20-დან  41%-მდე, ისრაელში _ 10-დან   47%-მდე,  სინგაპურში _ 3,5-დან  20%-მდე, იაპონიაში _ 5-დან  40%-მდე და ა. შ. პროგრესული საშემოსავლო გადასახადის არსებობა ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ხელს უწყობს მოსახლეობის ქონებრივი პოლარიზაციისა და სოციალური დაპირისპირებულობის შემცირებას, ცხოვრების სტანდარტის ამაღლებასა და  ჯანსაღი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, გასწორდეს სააკაშვილის მთავრობის მიერ დაშვებული მორიგი «შეცდომა», აღდგეს საგადასახადო სამართლიანობა და  საგადასახადო კოდექსში სწორად გათვლილი პროგრესული საშემოსავლო გადასახადი.

პატივისცემით,

თამაზ ბაქრაძე,

პაატა კოღუაშვილი,

პროფესორები

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here