Home რუბრიკები სამართალი მიხეილ გეფერიძე: ჩვენ რომ ვიყავით, იმ პირობებში ერთი საათი ჩასვან სააკაშვილი და...

მიხეილ გეფერიძე: ჩვენ რომ ვიყავით, იმ პირობებში ერთი საათი ჩასვან სააკაშვილი და კენედის მკვლელობასაც აღიარებს

800

ნინო ბურჯანაძის მძღოლი, მიხეილ გეფერიძე, 26 მაისის საპროტესტო აქციაზე არ იმყოფებოდა, ამის მიუხედავად, მაინც დააპატიმრეს და პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის ერთი წელი მიუსაჯეს. როგორც მიხეილ გეფერიძე აცხადებს, ეს პოლიციელები არასდროს უნახავს. დღეს ის ახალი ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ამჯერად «საქართველო და მსოფლიოს» ციხეში არსებულ ვითარებასა და დაპატიმრების მიზეზებზე მიხეილ გეფერიძე ესაუბრება.

_ 26 მაისს აქციაზე თქვენ არ იმყოფებოდით, მაგრამ მაინც დაგაკავეს. რა გახდა თქვენი დაპატიმრების მიზეზი?

_ ჩემი დაპატიმრების მიზეზი, სავარაუდოდ, მხოლოდ ის იყო, რომ მე ნინო ბურჯანაძის მძღოლი ვიყავი. სურდათ, ქალბატონი ნინოს რომელიმე მძღოლისთვის პოლიციელის მკვლელობა დაებრალებინათ. საყურადღებოა, რომ მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ, 1 ივნისს დამაკავეს დაახლოებით დილის ათ საათზე. პოლიციელები კი ამბობდნენ, თითქოს 09:15 წუთზე დამაკავეს, რაც შეუძლებელი იყო, რადგან მაგ დროს ჯერ კიდევ სახლში ვიყავი. სახლიდან გამოვედი მეუღლესთან ერთად და დავინახე, რომ, ფაქტობრივად, ალყა ჰქონდა სახლს შემორტყმული. პარტიის ოფისში მივდიოდით, როცა ვეფხისა და მოყმის ძეგლთან დამაკავეს. არადა, საქმეში წერია, თითქოს დიღმის მასივში დამაპატიმრეს. კარგა ხანს მოგვყვებოდნენ, ვფიქრობ, სურდათ, მეუღლე რომ წავიდოდა, მერე დავეპატიმრებინე, რათა ჩემი დაკავების მოწმე არავინ ყოფილიყო, მაგრამ, რადგან მეუღლე აღარ მომშორდა, ჩემი დაკავება გადაწყვიტეს. ვინაიდან აშკარა იყო, რომ მომყვებოდნენ, სპეციალურად შევედი აფთიაქში, ბანკომატთანაც მივედი, რათა სათვალთვალო ვიდეოკამერებს დაეფიქსირებინა ყველაფერი, რომ მომავალში მეტი საშუალება მქონოდა საკუთარი თავის დასაცავად.

ტაქსი გააჩერეს, დამადეს იარაღი და წამიყვანეს. გზაში მეკითხებიან, რომელ მანქანაში იჯექი 26 მაისის აქცის ღამესო, მე ვუპასუხე, რომ საერთოდ არ ვიყავი აქციაზე-მეთქი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნამდვილად იყავიო. არადა, მე დავტოვე აქცია საღამოს 23:00-დან _ 23:30-მდე და აღარ დავბრუნებულვარ, ამის მოწმეებიც მყავდა. გადაურეკეს ვიღაცას და მესმოდა, როგორ ეუბნებოდნენ, ეს პიროვნება საერთოდ არ ყოფილა აქციაზე და, მგონი, ტყუილად დავაკავეთო. დაიბნენ, არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და სად უნდა წავეყვანე. მანქანა გააჩერეს დიღომში, პოლიციის სამმართველოს ჩასახვევთან, ბენზინგასამართ სადგურთან; მეკითხებოდნენ, _ სად და როდის წავედი აქციიდან.

_ გამოდის, ბენზინგასამართ სადგურზე ჩაგიტარეს დაკითხვა?

_ ისე გამასამართლეს ერთხელაც არ დავუკითხივარ, როდესაც მოსამართლეს მოვთხოვე ჩემი დაკითხვა, ასი ლარით დამაჯარიმა.

_ დაკავებისას დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები, მოგცეს თუ არა დარეკვის უფლება და დაკავების ოფიციალური მიზეზი თუ განგიმარტეს?

_ შეურაცხყოფა დაკავების მომენტში არ მოუყენებიათ, თუმცა  ტელეფონით დარეკვის უფლება არ მომცეს. დაახლოებით საათ-ნახევარი დავყავით ბენზინგასამართ სადგურთან და მაინც ვერ გაარკვიეს, სად წავეყვანე: პოლიციის განყოფილებაში თუ სოდის ან კუდის სამმართველოში. ბოლო-ბოლო გაგვაგებინეთ, სად წავიყვანოთო, _ ვიღაცებს ურეკავდნენ. შემდეგ წამიყვანეს დიღმის მასივის მეორე კვარტალში არსებულ პოლიციის განყოფილებაში. რამდენადაც მახსოვს, კრიმინალური პოლიციის უფროსს ჩააბარეს ჩემი თავი, რომლის ვინაობაც არ ვიცი, მაგრამ, რომ ვნახო, ვიცნობ. მან თავის უბნის რწმუნებულებს შეურაცხყოფა მიაყენა, აქამდე რატომ არ ვიცოდი, თუ ბურჯანაძის მძღოლი ჩვენს უბანში ცხოვრობდაო.

  ცოტა ხანში მომიტანეს გამზადებული დაკითხვის ოქმი და მითხრეს, ხელი მომეწერა, თითქოს მე ორ პოლიციელს _ ზურაბ ნარიმანიძესა და გულადი კვირიკაძეს შეურაცხყოფა მივაყენე. საყურადღებოა, რომ პირველ ოქმში მათი ვინაობაც არ ეწერა. ვუთხარი, ის მაინც გამაგებინეთ, ვის ცემას მაბრალებთ-მეთქი და ეგ შენი საქმე არ არის, მაგას ჩვენ მივხედავთო. უარი ვუთხარი, _ ეს ადამიანები თვალით არასდროს მინახავს-მეთქი. რადგან მიხვდნენ, რომ 26 მაისის ამბავს ვეღარ დამაბრალებდნენ, ახალი ვერსია მოიფიქრეს. ვითომ 1 ივნისს, დილის ათის 15 წუთზე მივდიოდი მარტო დიღმის მასივში, ვიქნევდი ხელ-ფეხს და უმისამართოდ ვიგინებოდი. ხოლო, როცა პოლიციელები მოვიდნენ ჩემს დასაწყნარებლად, ისინი ვცემე.

  როდესაც ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განვაცხადე, შემოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი და მითხრა: გირჩევ, ხელი მოაწერო, ადმინისტრაციულ სასჯელს მოგისჯიან ერთ წელს, ხოლო, თუ არ მოაწერ, სისხლის სამართლის მუხლით გაგასამართლებენო.

 საყურადღებოა, რომ ერთი და იმავე მუხლით, პოლიციელების ცემის ბრალდებით, ჩვენი პარტიის უამრავი მომხრე დააპატიმრეს. თითქოს მივდივართ ქუჩაში, უმისამართოდ ვიგინებით და ვცემთ პოლიციელებს. საინტერესოა ისიც, რომ ყველა პოლიციელს ერთი და იგივე ჯიბე აქვს დახეული 11 სმ-ით. 6 თვე არც ეს პოლიციელები და არც გამომძიებელი თვალით არ მინახავს. არადა, პროკურორი მიმტკიცებდა, მე და გამომძიებელი ერთად ვიყავით შენთანო.  ერთი პოლიციელი იმასაც ამბობდა, თითქოს კორპუსის წინ ვცემე, მეორე კი _ კორპუსის ბოლოშიო, _ აცხადებდა. ზუსტი ადგილის დასახელებაც ვერ შეძლეს. ვკითხე, რატომ არ შემამოწმეს ან ალკოჰოლზე, ან ფსიქიკურად, ადეკვატური ადამიანი ხომ უმისამართოდ არ იგინება დილის ათ საათზე? ამას გარდა, ამტკიცებდნენ, ვითომ პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. ვუთხარი, სააკაშვილი სულ იმას იძახის, რომ გამჭვირვალე პოლიციის შენობებს აშენებს და ყველგან სათვალთვალო ვიდეოკამარებია დაყენებული, გადაღებული ფირი მაჩვენეთ-მეთქი, მაგრამ ჩემს ადვოკატს ვიდეოფირი არ მისცეს. მეტიც, «მაგთიმ» და «ჯეოსელმა» დარეკილი ზარების ამონაწერიც არ გადმოგვცა, საიდანაც ცხადი გახდებოდა, რომ საბურთალოზე დამაკავეს და არა დიღომში, რასაც პოლიციელები მიმტკიცებდნენ.

_ თუ აპირებთ დღეს ამ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას პროკურატურაში?

_ რა თქმა უნდა, ვაპირებ. მოვითხოვ, დაკითხონ იმ დღის ცვლაში მომუშავე პოლიციელები. მომავალ კვირას შევიტან პროკურატურაში სარჩელს. 39-ჯერ წამიყვანეს სასამართლო პროცესზე და აქედან მხოლოდ 15 პროცესი  ჩატარდა. მაინც მივყავდი, რადგან სურდათ, რაც შეიძლება მეტად გავეწამებინე. როცა გადაღებული ვიდეომასალა მოვთხოვე სასამართლოს, დაბლა, ე.წ. ფუქსებში ჩამიყვანეს და იქ მცემეს. დღეს კუბლაშვილი სასამართლო რეფორმებსა და სამართლიანობაზე როგორ ლაპარაკობს?! ის არ იყო იმ სასამართლოს ხელმძღვანელი, რომელშიც ადამიანებს მტკიცებულებეის გარეშე ასამართლებდნენ?! სასამართლოს შენობაში დილის ათ საათზე რომ მიგვიყვანდნენ, ხშირად საღამოს 7 საათამდე ვიყავით. საპირფარეშოში გასვლის უფლებაც არ გვქონდა. რომ მოგეთხოვა, ცემით მოგკლავდნენ. ამიტომ სასამართლოში წასვლამდე ორი დღე ვშიმშილობდით, წყალსაც არ ვსვამდით ხოლმე.

_ თქვენ ბოლოს მაინც მოაწერეთ ხელი აღიარებით ჩვენებას და ერთი წელი სასჯელიც მოიხადეთ, დღეს კი პოლიტპატიმრის სტატუსს ითხოვთ

_ პოლიტპატიმრის სტატუსზე იმ შემთხვევაში ვიტყვი უარს, თუ ყველა დამნაშავე დაისჯება და ეს პოლიციელებიც, რომლებიც არ მიცემია, დანაშაულს აღიარებენ. თქვან, ვინ დაავალა მათ ცრუ ჩვენების მიცემა. მე მინდა ჩემი სახელის რეაბილიტაცია. მე სამართალს ვითხოვ. 

  დღეს თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, რატომ ვაღიარეთ ე.წ. დანაშაული, თავად უნდა მოათავსო მსგავს პირობებში და ვნახოთ რამდენი წუთი გაუძლებენ იმ სასტიკ წამებას. ჩვენ რომ ვიყავით, იმ პირობებში, ერთი საათი ჩასვან სააკაშვილი და კენედის მკვლელობასაც აღიარებს.  თეთრაძემ დანაშაული რომ არ აღიარა, იმიტომ მოკლეს.

_ თქვენ შეესწარით მის მკვლელობას?

_ გლდანის ციხეში ჩვენი ფანჯრები პირდაპირ უყურებდა ადმინისტრაციის შენობას, რომელშიც დაბლა იყო ე. წ. კარანტინში ჩასასვლელი კიბეები. სწორედ მაშინ, როცა დაშალეს კარანტინი და შვებით ამოვისუნთქეთ, რომ იმ დღეს არავინ გარდაცვლილა და გადავრჩით-თქო, ვთქვით, ათ საათზე მოულოდნელად  ხმაური ატყდა _ კაცი იხვეწებოდა, ნუ მკლავთო. კარგი, მე, ვთქვათ და, ვცრუობ, მთელი ეს კორპუსი ხომ არ იტყვის ტყუილს? ჰკითხეთ, ყველას ესმოდა, როგორ ყვიროდა თეთრაძე, _ ოჯახის მამა ვარ და ნუ მკლავთო. ეს იყო უკიდურესი სისასტიკე. არ ვიცი, რის აღიარებას სთხოვდნენ, მაგრამ აღიარეო ეუბნებოდნენ. 1 საათი გაგრძელდა  წამება. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, მალე დავინახეთ, გარდაცვლილი, ნაწამები კაცი გამოიყვანეს. ტანისამოსი შემოხეული ჰქონდა. ჩვენი ფანჯრების წინ გაიარეს. სერგო თეთრაძის წამებიდან არ გასულა 5 წუთი და ამოვიდნენ ოლეგ ფაცაცია და «ქილერა», რომლებიც იცინოდნენ. ასეთი ამაზრზენი ცხოვრებაში არაფერი მინახავს.

ციხეში უამრავი უდანაშაულო ადამიანი იყო გამომწყვდეული. ვნახე 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ თურმე შემთხვევით ქუჩის მეორე მხარეს ჩხუბი დაინახეს და პოლიციას არ შეატყობინეს. ისინი დანაშაულის დაფარვის მუხლით გაასამართლეს. ჩვენთან საკანში შემოიყვანეს კაცი, რომელსაც სასტიკი ცემის შედეგად დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ყურებიდან სისხლი სდიოდა. მისთვის არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარებიათ. არ ვიცი, რისთვის გახსნეს ციხეში აფთიაქი, თუ სიკვდილის ზღვარზე არ იყავი, არც წამლის ყიდვის უფლებას გაძლევდნენ და არც ექიმი მოჰყავდათ.

_ წამების რა ხერხებს მიმართავდნენ?

_ ქართულ ციხეებში წამების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მეთოდი ჰქონდათ, გაშლილი ხელებით ყურებზე ისე გირტყამდნენ, რომ ათი წუთი გრძნობდი, არათუ ყური, თითქოს ტვინიც კი გტკიოდა. დღესაც ვმკურნალობ, ყურის ბარაბანი დამიზიანდა და სმენის პრობლემები შემექმნა.

ჩემ მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გადავიდნენ. მანამდე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთი გიჟი შემოიყვანეს ჩვენს საკანში. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მოიყვანეს. წარმოიდგინეთ, როგორ დაიძინებ, როცა იცი, რომ  გვერდით ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანია, რომელიც, არ იცი, რას მოიმოქმედებს. მეორეც შემოიყვანეს, ავადმყოფი იყო, ღამე საერთოდ ვერ იძინებდა და არც ჩვენ გვაძინებდა. უძილობისგან იმდენად გადაღლილები ვიყავით, გავითიშე და რკინაზე ჩამოვარტყი ყური. ამის შემდეგ ვიღაცამ როგორ უნდა მითხრას, როგორ აღიარეო? საინტერესოა, როდესაც აღიარებით ჩვენებაზე ხელი მომაწერინეს, საკანში ის ადამიანი აღარ დამხვედრია. დიდი ხნის განმავლობაში უარს ვაცხადებდი, აღიარებაზე ხელი მომეწერა, მაგრამ მერე მითხრეს, ხვალ ან ზეგ მოვა შენთან პროკურატურის თანამშრომელი და ხელი უნდა მოაწერო აღიარებით ჩვენებაზე, თორემ 5 წელს მოგისჯიან, ზუსტად ორ თვეში შენივე საკნის ხალხი ხელს დაგადებს, რომ ბადრაგი სცემე, მოგემატება 7 წელი და ამ დროს გვერდზე კამერაში შენივე შვილს ჩავსვამთ, ნარკოტიკს ჩავუდებთო. 18 წლის ბიჭი მყავს და კარგად ვიცოდი, როგორც ექცეოდნენ ციხეში 18 წლის ბიჭებს. რომელი მამა არ «აღიარებდა»?

მართალია, გლდანის ციხეში სისუფთავე იყო, მაგრამ სასტიკად გვექცეოდნენ, ხოლო ორთაჭალის ციხეში პირიქით, საშინელი სიბინძურე და ანტისანიტარია სუფევდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 145-კაციან ციხეში 280 კაცი ვიყავით. მორიგეობით ვწვებოდით. სულ სამი საპირპარეშო იყო. საათობით რიგები იდგა. 

სრულიად უმიზეზოდ სცემდნენ და აწამებდნენ პატიმრებს. ერთადერთი გვიხაროდა, როდესაც ლადო ბედუკაძის ცვლა მუშაობდა. ლადო ბედუკაძე რომ არ ყოფილიყო იმ ციხეში, დღეს ბევრი ჩვენგანი ცოცხალი აღარ იქნებოდა. ის იყო პიროვნება, რომელსაც ციხის ადმინისტრაციის ფორმაც ვერ ჩააცვეს. სამხედრო ფორმით დადიოდა და ამბობდა, რომ მე სამხედრო პირი ვარ და არ ვარ ამათი ნაგავი სისტემის წარმომადგენელიო. ხმამაღლა ამბობდა ამას. არამარტო ლადო, მთელი მისი ცვლა ადამიანურად ექცეოდა პატიმრებს. იგივე «ბასტი» და «ბუბუ» რატომ უნდა იყვნენ დღეს ციხეში, არ მესმის.

 არ მჯერა, როდესაც ლადო ბედუკაძეს აბრალებენპატიმრებს აწამებდა და სცემდაო. წარმოუდგენელია, ისეთ ადამიანს ეცემე, რომ მერე გეცნო. ოლეგ ფაცაცია და რამდენიმე ცნობილი ჯალათის ვინაობაც იმიტომ ვიცოდით, რომ  ყველა ცემას ესწრებოდნენ. ფაცაცია თუ არა, «ხონსკი» ან მუხაძე მაინც ესწრებოდა. ასევე ყველა ცემას ესწრებოდა ერთი ავადმყოფი (არ ვიცი, სხვა რა ვუწოდო), ცალთვალა ექიმი.

ერთი ოფიცერი იყო, რომელიც, რომ არ ვეცემეთ, გვაფრთხილებდა ხოლმე, ბიჭებო, დღეს ფაცაციას ველოდებით და ჩუმად იყავითო. სიჩუმეში, იცით, რას გულისხმობდნენ? ჩურჩულის გარდა ნორმალური საუბრის უფლებაც არ გვქონდა. ნარდი მაყიდინეს და მაშინვე წამართვეს, კამათლების ხმამ გააღიზიანათ.

_ ციხეში რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ ჯერ მეკითხებოდნენ, _ სად იყო ბადრი ბიწაძე. როდესაც ვუპაუხე, რომ არ ვიცოდი, მერე მთხოვდნენ, მეთქვა, ვითომ 26 მაისს ანზორ ბიწაძე იჯდა მანქანის საჭესთან. როდესაც ვუთხარი, რომ ანზორი ფიზიკურად ვერ იჯდებოდა იმ ღამეს საჭესთან-თქო, მითხრეს, შენ თქვი და ეგ ჩვენ ვიცით, იჯდებოდა თუ არაო. თუ იტყვი, რომ 26 მაისს ანზორ ბიწაძე იჯდა მანქანის საჭესთან, მხოლოდ ორთვიან ადმინისტრაციულ პატიმრობას მოგისჯით და სახლში გაგიშვებთო, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე.

  მეკითხებოდნენ, რა მანქანა მყავდა. ჩემი ფინანსური მდგომარეობა აინტერესებდათ. ვისაც ძვირფასი მანქანა ჰყავდა, ართმევდნენ. ეს იყო მათი გამოძალვის მეთოდი, ყაჩაღები სხვას კი არაფერს აკეთებდნენ.

ჩვენ, ყველანი პოლიტპატიმრები ვართ, რადგან სრულიად უმიზეზოდ, ავადმყოფი სააკაშვილის გამო დაგვიჭირეს. რატომ დამაპატიმრეს, რა დავაშავე, დღემდე ვერ ვხვდები.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. დაურიგეთ ეს ინტერვიუ პარლამენტის უმცირესობის წევრებს და მოსთხოვეთ კომენტარი, სახალხოდ, ნებისმიერ სატელევიზიო გადაცემაში,რუსთავი-2 გარდა,საინტერესოა რას იტყვიან ეს ჯალათების მფარველები.

  2. ამის მერე კიდევ უნდა იკოაბიტაციოტ? არც თქვენი მჯერა ახალო მტავრობავ არააააა… მარტო ახალაიას დაუქცევია საქართველო თურმე… ნუ გადარევთ ხალხს დრზე მიხედეთ საქმეს და სამართალი აღადგინეთ სამართალი… ნუ ეფერებით მკვლელებს…არცერთი არა ხართ აღმაშენებელისთანა მამულიშვილი.. ყველა მოღალატეს თავებს აყრევინებდა…ეხლა სხვა დროა ხომ? საქართველო მალე აღარ იქნება ამდენი გამYიდველის ხელში და მერე იძახეთ კოაბიტაცია თუ რაცხა უბედური სიტყვები..ფი …

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here