Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი

საქართველო უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი

532

მუდამ მეინსტრიმის მაძიებელმა ქართველმა ექსპერტ-პოლიტოლოგებმა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მცირე ხნის დაბნეულობის შემდეგ გადაჯგუფება დაიწყეს. ადრე ერთიანად ევროინტეგრაციაზე მომართულნი ახლა რუს ექსპერტებთან მრგვალ მაგიდასაც მიუსხდნენ და პრემიერთან რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივებზეც დაიწყეს მსჯელობა.

თავდაპირველად გამოხატული გაოცება _ როგორ შეიძლება თან ნატოსკენ ისწრაფვოდე და თან რუსეთთან მოაგვარო ურთიერთობა, ახალმა პარადიგმამ შეცვალა. საბოლოოდ, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის, მიერ შეთავაზებული 14-პუნქტიანი შეთანხმების ყველაზე საკამათო, მე-9 პუნქტმა ასეთი სახე მიიღო:

«საკუთარი სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის აუცილებელი გათვალისწინებით, საქართველომ უნდა შეძლოს, ითამაშოს ხელშემწყობის და არა შემაფერხებლის როლი რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის დაახლოებისა და ინტერესების დაბალანსების შესაძლო პოლიტიკურ პროცესში. საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისთვის. საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია უნდა გახდეს არა სტრატეგიული ინტერესების კონფრონტაციის, არამედ ამ ინტერესთა მრავალმხრივად სასარგებლო ასპარეზობის სივრცე».

თითქოსდა, რა არის ამაში ახალი ან გაუგებარი? მაგრამ სულ ახლახან ამის გაგონებაც კი არ უნდოდათ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ ერთადერთი ვექტორი მიაჩნდათ საქართველოსთვის სიცოცხლისუნარიანად და მის კონსტიტუციაში შეტანასაც კი ითხოვდნენ. პარტია «ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს» ყრილობაზე 16 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა გამჭვირვალედ მიანიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ არავის კუთვნილება არ არის.

«ევროპა საქართველოსთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ იყო. ამას მოწმობს ჩვენი სარწმუნოება, კულტურა, ქართველი კაცის მსოფლმხედველობა. სულხან-საბას, ილიასა და ვაჟას ქვეყანაში ვერავინ დაიჩემებს _ ვერც «ნაციონალური მოძრაობა» და ვერც «ქართული ოცნება», _ რომ ევროპული გეზი მხოლოდ  მისი კუთვნილებაა. ტყუილია, რომ ევროპული არჩევანი «ნაციონალური მოძრაობის» კუთვნილებაა, ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას.  ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა».

ზოგადი პროდასავლური რიტორიკის და ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით გამოთქმული მადლობის მიუხედავად, მის სიტყვაში სულ სხვა ფრაგმენტი იყო საყურადღებო: «ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი, საქართველო ბუნებრივად არის დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციათა და კულტურათა თანხმობის ადგილი, და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ  საქართველო პოლიტიკური თანხმობის ადგილიც გახდეს».

ეს არ არის ახალი აზრი. ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 2000 წელს «საქართველოს ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიაში» ქვეყნის ფუძემდებლური ეროვნული ინტერესების ჩამოთვლისას მიუთითებს:

«საგარეო უსაფრთხოების სისტემაში გარანტირებული მდგრადი ადგილის უზრუნველყოფას, ცივილიზაციათა ურთიერთშეთანხმებისას გეოპოლიტიკური მდგომარეობის ყველა დადებითი ასპექტის აქტიური გამოყენებით; ქრისტიანულ და ისლამურ ცივილიზაციათა შორის, დიდი ქვეყნებისა და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების სტრატეგიულ ინტერესთა შორის თავისებური «ხიდის» ფუნქციის მოპოვებას, რაც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ისტორიაში».

სწორედ ხიდი უნდა ვიყოთ და არა ინსტრუმენტი, ბრმა იარაღი ვიღაცის ხელში. ამ რეგიონში იარაღის ჟღარუნი კარგის მომტანი არ არის. ყველამ თვალნათლივ ვნახეთ, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩვენმა ჯარმა, რომლის გაწვრთნაში ამერიკელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, საკუთარი ქვეყანა ვერ დაიცვა, თუმცა იგივე ჯარი ავღანეთში ნატოს საჭიროებებს საკმაოდ კარგად უმკლავდება. ამ ფონზე საკითხავია: რისთვის ვისწრაფვით ნატოში, თუ მასში წევრობის გარეშეც ვმონაწილეობთ ყველა საპარტნიორო პროგრამაში, ხოლო ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხის, ტერიტორიების გამთლიანების თვალსაზრისით ნატო არა დამხმარე, არამედ უფრო ხელის შემშლელი ფაქტორია?

«ნაციონალური მოძრაობის» სურვილი, რომ როგორმე «ქართული ოცნება» პრორუსულ ძალად წარმოეჩინა დასავლეთის თვალში, ამჯერად ვერ განხორციელდა. იმის უარყოფა, რომ კონფლიქტსა და დაპირისპირებას თანხმობა სჯობს, აშკარად კონტრპროდუქტიულია. ამას დასავლეთიც ვერ გაიგებს. წლების განმავლობაში პირველად გამოიკვეთა ასე თუ ისე შერაცხადი პოლიტიკური ვექტორი და მასთან დაპირისპირება ყოფილი მმართველი გუნდისთვის უკიდურესად რთული იქნება.

დასაწყისში «მუდამ მეინსტრიმის მაძიებელი ქართველი ექსპერტ-პოლიტოლოგები» ვახსენე. ახალი ვექტორისკენ მათმა გადაჯგუფებამ «ნაციონალური» ფლანგი მოაშიშვლა და მათაც სასწრაფოდ შეავსეს რიგები ყოფილი მოხელეებით. დღე არ გავა, რომ ამ ახლადგამომცხვარმა ექსპერტებმა სატელევიზიო ეთერებში აპოკალიფსური სურათი არ დახატონ. ისინი კვლავ ძველი კურსის ერთგული რჩებიან და «ქართული ოცნების» დემონიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.

მათი ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ «რუსეთი დაპირებებს არ ასრულებს» და მათ არავინ პასუხობს, რომ ნატომაც არ შეასრულა რუსეთისთვის მიცემული დაპირება – არ გაფართოებულიყო აღმოსავლეთით; არავინ პასუხობს, რადგან ნატოზე აუგის თქმა ჯერ კიდევ არ არის ახალი მეინსტრიმი. არც იმას ახსენებს ვინმე, რომ დაპირებებს დიდ პოლიტიკაში არავითარი ფასი არ აქვს. მათ მაშინ ასრულებენ, როცა ანგარიშს გიწევენ. ანგარიშს კი, თავის მხრივ, მაშინ გიწევენ, როცა შენც უწევ მათ ანგარიშს.

«ნაციონალურ» ელიტას არ უნდა იმის შეგნება, რომ დღეს რუსეთი აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც დასავლეთი ანგარიშს არ უწევდა. არც იმის აღიარება სურთ, რომ სწორედ მათმა დამღუპველმა კურსმა გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, დასავლეთის მიერ მათი არაღიარების პოლიტიკა კი საქართველოსთვის მხოლოდ მოკვეთილი კიდურის პროთეზის როლს ასრულებს.

ასეთივე წინდაუხედავნი იყვნენ მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ. მაშინ თვალსაჩინო საფრთხის ვერდამნახავები ახლა არასამთავრობო სექტორიდან ეფემერული საფრთხეებით აშინებენ ახალ ხელისუფლებას. კოაბიტაციით გართული «ქართული ოცნება» კი თავს იმართლებს, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ცოდვები და დანაშაული წამოაძახოს მათ.

კიდევ ერთი ამონარიდი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან: «როცა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ომი დაიწყო, მაშინვე გაზეთ «ალიას» ფურცლებიდან მივმართე საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან, თორემ ერთი კვირაც თუ დააგვიანეთ, რუსეთი აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც აღიარებს-მეთქი! დიახ, საქართველოს ხელისუფლებას შევთავაზე, ოღონდ თქვენ გამოთქვით მზადყოფნა და მე მოვაგვარებ მოლაპარაკების საკითხს, შევაჩეროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი-მეთქი.

ამაზე მიპასუხეს, რუსეთი ვერ გაბედავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ამას საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებსო. კიდევ ერთხელ დავურეკე ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელს და ვუთხარი _ გადაეცით მიშა სააკაშვილს, რომ, თუ თვითონ არ შეუძლია მოლაპარაკებებში ჩართვა, ეს ეკლესიის მეშვეობით გავაკეთოთ-მეთქი! მზად ვიყავი, მაღალი რანგის რამდენიმე ქართველი სასულიერო იერარქი ჩამეყვანა ჯერ ილორში და მერე სოხუმში და დაწყებულიყო მოლაპარაკებები, მაგრამ ამ შეთავაზებაზეც არანაირი პასუხი არ მიმიღია!

ეს იმას ნიშნავს, არანაირი მიმართულებით, არანაირი ხაზით, არანაირი საშუალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში წარმატების მიღწევა დღევანდელ ხელისუფლებას არ სჭირდება. აი, ეს არის სიმართლე, მორჩა და გათავდა»!

საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ რუსეთის ნდობა ნულოვანი იყო. ახალ ხელისუფლებას აქვს რესურსი, შეცვალოს ეს ვითარება და ჩიხში შესული საქართველო გზაზე გაიყვანოს. ამას არც ისე ბევრი რამ სჭირდება _ დღევანდელი ვითარების პირუთვნელი ანალიზი, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ინტერესის არა დაპირისპირება, არამედ დაბალანსება.

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here