Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის ჩამოვიდა ქართული კონსტიტუციის ამერიკელი მამა?

რისთვის ჩამოვიდა ქართული კონსტიტუციის ამერიკელი მამა?

627

მალე მნიშვნელოვან ადგილს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი უცხოელი დაიკავებს. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნება და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს მონიტორინგს გაუწევს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი შვედი დიპლომატი და უფლებადამცველი თომას ჰამარბერგი  უხელმძღვანელებს; მას რეკომენდაცია ევროკომისარმა შტეფან ფულემ გაუწია. კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც საკონსტიტუციო პროცესებს და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას დააკვირდება და მთავრობისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს, სათავეში სამართლის ცნობილი ექსპერტი ლოურენს ლესიგი ჩაუდგება. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ამ ჯგუფების შექმნა?

ორნი თბილისში

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ჯგუფები იქმნება «იმისათვის, რომ ზუსტი ინფორმაცია გავიდეს ევროპაში და ზუსტად იცოდნენ ამერიკელებმა, რა პროცესები და როგორ ვითარდება ქვეყანაში, ძალიან კარგი იქნება რამდენიმე ექსპერტის ჩამოსვლა, რომლებიც საქართველოს საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები და პროცესებში არ მონაწილეობენ, ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან ამერიკასა და ევროპას. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო იქნება მათი დასკვნები. მათ შორის ჩვენთვისაც, პოლიტიკოსებისთვის, ორივე მხარისთვის _ პოზიციისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ბატონმა ლესიგმა განაცხადა თანხმობა. კიდევ გვაქვს რამდენიმე ექსპერტთან მოლაპარაკება და უახლოეს მომავალში მოვახერხებთ კარგი გუნდის შეკრებას. ეს აუცილებლად დაეხმარება იმ პროცესების განვითარებას, რომლებიც ცოტა გაგვიჭიანურდა და, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად ემოციურად მიმდინარეობს დღეს საქართველოში» (ინტეპრესნიუსი).

იმ სტრატეგიის არსის დადგენაში, რომელიც ამ სიტყვების უკან, შესაძლოა, დგას, პარადოქსულად, შეიძლება ნიქსონის ადმინისტრაციის «ვიეტნამიზაციის» პოლიტიკის გახსენება დაგვეხმაროს. 1969 წლიდან მოყოლებული ვაშინგტონმა დაიწყო თანდათანობითი დისტანცირება ვიეტნამის ომში უშუალო მონაწილეობისგან, სამხრეთვიეტნამური ჯარის გაძლიერება და მთელი რიგი პასუხისმგებლობების მისთვის გადაბარება; იგივე დატვირთვა აქვს სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში მოგვიანებით გაჩენილ ტერმინებს _ «ავღანიზაცია», «ჩეჩენიზაცია» და ა. შ. ჩვენ შემთხვევაში კი საქმე კონფლიქტის «ამერიკანიზაციასთან» ან, უფრო ფართოდ, «დასავლეთიზაციასთან» გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურ კონფლიქტს ეხება, პრინციპი არსებითად იგივეა _ «დასავლეთის ფრონტის» წინა ხაზზე, იქ, სადაც სააკაშვილის მოკავშირეები და ლობისტები ახალ ხელისუფლებას ყველა აკრძალული ხერხის გამოყენებით უტევენ, სასურველია, იმ პირებმა იმოქმედონ, რომლებიც ამ გარემოსთან მაქსიმალურად ადაპტირებულინი არიან, ამ ადგილს მალე ჰამარბერგის და ლესიგის ჯგუფების ექსპერტები დაიკავებენ. 

ამ ორ პიროვნებას სააკაშვილის ლობისტებისგან ძალიან მაღალი რეპუტაცია განასხვავებს; ისინი არასოდეს იცავენ იმ პრინციპებს, რომელთაც თვითონ არ იზიარებენ, ამიტომ საუბარი მათზე, როგორც ბანალურ დაქირავებულ მებრძოლებზე, არ შეიძლება. მაგრამ ახალ ხელისუფლებას ეს არც სჭირდება, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან მაქსიმალური გამჭვირავალობის პირობებში, ობიექტური ინფორმაცია გადიოდეს და მას ძალზე ავტორიტეტული დასავლელი ექსპერტები ახმოვანებდნენ. ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სავარაუდოდ, იმ მითის გაქარაწყლება წარმოადგენს, რომ ივანიშვილის მთავრობა რაღაც პრინციპულად ანტიდემოკრატიულს აკეთებს (ხელისუფლების უზურპაცია, პოლიტიკური რეპრესიები და ა. შ.), რაზეც «ნაციონალები» ბრიუსელსა და ვაშინგტონში დღედაღამ გაჰკივიან. ამასთანავე, ორივე ჯგუფების მუშაობის პროცესში საუბარი აუცილებლად მიდგება სააკაშვილის რეჟიმის მიერ როგორც ზოგადად დემოკრატიის, ისე კონკრეტული ადამიანების უფლებების უხეშ შეზღუდვაზე.

საზოგადოებაში შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს რამდენიმე კითხვა: ხომ არ გამოიწვევს ამ ჯგუფების ამოქმედება უცხოელების გაუმართლებელ ჩარევას ქვეყნის საშინაო საქმეებში? ხომ არ შეფერხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი იმით, რომ ჰამარბერგის ჯგუფის ექსპერტები ყველა წარმოსადგენი ნორმის დაცვას მოითხოვენ? ხომ არ გადაიქცევა ლესიგის ჯგუფი უცხო ქვეყნების (სინამდვილეში ერთი ქვეყნის, ცნობილი ფრაზის არ იყოს: ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გვარს არ დავასახელებ) დაკვეთის შემსრულებლად და, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში ნელი მოქმედების ნაღმებს ხომ არ ჩაგვიდებს? ეს კითხვები შეიძლება ერთობ ალარმისტულად ან კონსპიროლოგიურად მოგვეჩვენოს, რადგან საუბარი მხოლოდ ექსპერტების ჯგუფებს შეეხება და არა ვენეციის კომისიას ან სტრასბურგის სასამართლოს, მაგრამ ფაქტია, ეს კითხვები გაჩნდება და ეს, ბოლო წლების მწარე გამოცდილებიდან და უცხო ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური და ლეგიტიმური იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს სამართლიანობის სასწრაფოდ აღდგენა სწყურია, ამის გაკეთება იურიდიული პროცედურების იუველირული სიზუსტის დაცვის გარეშე, საქართველოს უდიდეს პრობლემებს მოუტანს და ამ მხრივ თომას ჰამარბერგის ჩართვა პროცესში, ალბათ, მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ. სააკაშვილის მმართველობის წლებში პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა, ფაქტობრივად, რეპრესიულ ხელკეტს წარმოადგენდა და, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, იქ მომუშავე ბევრმა ადამიანმა, უბრალოდ, არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს ახალ პირობებში. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ შუა საუკუნეების კბილის ექიმი, რომელიც მხოლოდ მაშის გამოყენებით მუშაობდა, XXI საუკუნის ტექნიკით სავსე კაბინეტში მოიყვანეს და ყველა თანამედროვე ნორმის დაცვა მოსთხოვეს; თუ არაფერს ასწავლიან და მუდმივი კონტროლის ქვეშ არ ამყოფებენ, ის ისევ თავის ბარბაროსულ, სისხლში გასვრილ ინსტრუმენტს იხმარს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არაფერი დაშავდება იმით, თუ ადგილობრივ უფლებადამცველებს უცხოელებიც დაეხმარებიან; გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჰამარბერგს არ სჩვევია, თავი წარმოაჩინოს «ჭეშმარიტებად უკანასკნელ ინსტანციად».

რაც შეეხება ლოურენს ლესიგს, მას ჩვენში არც ისე კარგად იცნობენ, არადა, 90-იანების დასაწყისში, მან საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში უშუალო მონაწილეობა მიიღო და ამის შესახებ საინტერესო ისტორიებს ყვება.

ჯეფერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია

ლოურენს ლესიგი 51 წლისაა. მან სახელი გაითქვა არა მხოლოდ ლექციებით ჰარვარდსა და სტენფორდში, არამედ (და უპირველესად) თავისი წიგნით «თავისუფალი კულტურა» (2004), რომელმაც მოძრაობას თავისუფალი ინფორმაციისთვის იდეოლოგიური ფუნდამენტი შეუქმნა. ინტელექტუალური საკუთრების პრობლემებზე მუშაობის გარდა, ის იბრძვის პოლიტიკური კორუფციისა და თანამედროვე ვაშინგტონური ლობიზმის მანკიერებების წინააღმდეგ (საგულისხმო ინფორმაციაა). ყველა იმ თემის ჩამოთვლა, რომელთან მიმართებაში ლესიგი თავის დამოკიდებულებას აქტიურად აფიქსირებს, ძალიან შორს წაგვიყვანს, უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების კანონმდებლობის (და გარდამავალ პერიოდში კანონშემოქმედების პროცესის მიმართ) მას 90-იანების დასაწყისში გაუჩნდა. სამართლის ექსპერტები, როგორც წესი, არც ისე  პოპულარულები არიან, თუმცა ლოურენს (ლარი) ლესიგს, მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა, ფრიად ენერგიული ლიბერალია.

90-იანების დასაწყისში, ლარი ლესიგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში სამართალს ასწავლიდა (ისევე, როგორც ბარაკ ობამა; ერთმანეთი იქ გაიცნეს) და აღმოსავლეთევროპული კონსტიტუციონალიზმის შესწავლის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. ლესიგი სამი წლის განმავლობაში, სხვა ექსპერტებთან ერთად, კონსულტაციას უწევდა საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის შექმნის პროცესში, რისთვისაც 1995 წლის ბოლოს ედუარდ შევარდნაძის სამადლობელი წერილი მიიღო. საუნივერსიტეტო გამოცემამ («Uნივერსიტყ ოფ ჩჰიცაგო ჩჰრონიცლე», 07.12.95), ამ ფაქტს საგანგებო პუბლიკაცია მიუძღვნა და საქართველოს კონსტიტუციის შექმნის ფინალური ეტაპი ასე აღწერა «1994 წლის ოქტომბერში შევარდნაძის მიერ შერჩეული 10 ქართველი, რომლებიც სხვადასხვა ფრაქციას წარმოადგენდნენ, საბოლოო პროექტის დასაწერად ჩიკაგოში ჩამოვიდნენ. იურიდიული ფაკულტეტის კონფერენცდარბაზი საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობის ცენტრი გახდა. დაიდგა ორი კომპიუტერი დოკუმენტის ქართულად და ინგლისურად დასაწერად». ლესიგი და სხვა ექსპერტები 10 ქართველ დელეგატთან მუშაობდნენ. «ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ «რა გავაკეთოთ?», _ ყვება ლესიგი: ჩვენ ვიმეორებდით, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო… ჩვენი საქმე იყო კონტექსტის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა და არა დოკუმენტის დაწერა». ამ მონაკვეთმა ნამდვილად შეიძლება დატოვოს შთაბეჭდილება, რომ ლესიგის როლი 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის შექმნაში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო.

ამა წლის 8 თებერვალს თავის ბლოგში ლოურენს ლესიგმა გაიხსენა საინტერესო საუბარი საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, აწ გარდაცვლილ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან. ამ დიალოგს ლესიგი «გაკვეთილს» უწოდებს (საუბრის მომენტში ამერიკელი ექსპერტი შევარდნაძესთან შეხვედრას ელოდებოდა). «რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამერიკის ისტორიაში?» _ ჰკითხა ჩიკვაიძემ ლესიგს. «წარმოდგენა არ მქონდა რაზე ფიქრობს ის და საყოველთაოდ ცნობილი თარიღები ჩამოვუთვალე», _ წერს ლესიგი, მაგრამ თანამოსაუბრემ უპასუხა: «არასწორია, არასწორია, არასწორია. 1801 წლის 4 მარტი… იმიტომ, რომ ამ დღეს მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ორ ფუნდამენტურად დაპირისპირებულ ძალას შორის. ერთ-ერთმა მხარემ (პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა და ფედერალისტებმა) დამარცხება აღიარა, მაგრამ უჩვენა მსოფლიოს, რომ ამერიკაში დემოკრატია მოვიდა».

ამის შემდეგ, ლესიგი წერს, რომ «ეს საკითხი საქართველოში სწორედ ახლა დგას» და რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა გადაგვიწყვიტოს, გახდება თუ არა ადამსი, მითუმეტეს, რომ, ამერიკელი ექსპერტის აზრით, «საქართველოსთვის სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ადამსს შეერთებული შტატებისთვის».

ამ ფრაზის გამო არაერთ ადამიანს საქართველოში ლარი ლესიგის და მისი შეხედულებების მიმართ შეიძლება მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს; ეს საკმაოდ ცუდი სტარტია. რა თქმა უნდა, ჯონ ადამსის დაპირისპირებამ თომას ჯეფერსონთან კინაღამ იმსხვერპლა ახალგაზრდა რესპუბლიკა, მისმა მოუქნელობამ მიიყვანა ქვეყანა გამოუცხადებელ ომამდე საფრანგეთთან. ან რად ღირდა 50-ზე მეტი თანამოაზრის მოსამართლეებად დანიშვნა თანამდებობიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე (მის სახელს სხვა კრიზისებიც უკავშირდება). მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ჯონ ადამსი არავის დაუდანაშაულებია, ათობით თუ არა, ასობით ადამიანის მკველობის და წამების ორგანიზებასა და აშკარად დიქტატორული მეთოდების გამოყენებაში. სად ერეკლე (უკაცრავად), სად ჯონი და სად მიხეილი? _ ჰკითხავენ ეს ადამიანები ლარი ლესიგს.

მაგრამ ეს პირველი, ემოციური რეაქცია იქნება, რომელსაც, ალბათ, არ უნდა ავყვეთ. მითუმეტეს რომ ამ პასაჟის მიღმა, სათანადო სურვილის არსებობის შემთხვევაში, შენიღბული ირონიის აღმოჩენა შეიძლება. ჯონ ადამსი, ალბათ, ყველაზე არაპოპულარული და საკამათო ფიგურაა აშშ-ის დამფუძნებლებს შორის; სააკაშვილს კი მუდამ სურდა საქართველოსთვის ჯორჯ ვაშინგტონი ან, როგორც მინიმუმ, თომას ჯეფერსონი გამხდარიყო. მეტი სიცხადისთვის, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე თანამედროვე პოლიტიკოსს, XII საუკუნის მეფეებიდან, რატომღაც დემეტრე I-ის უფროსი ძეს, დავით V-ს, ვადარებთ. ან რა შეუძლია სააკაშვილს იმის გარდა, რომ შეეცადოს, ჯონ ადამსს მიბაძოს და (მეტ-ნაკლებად) ღირსეულად წავიდეს? ისე, ნამდვილად საინტერესოა, ისტორიაში «მეორე ადამსის» სახელით შევა თუ «გარეკილ პირველის»?

არც ისაა გამორიცხული, რომ ისტორიაში სააკაშვილისთვის რამდენადმე შესამჩნევი ადგილი არ მოიძებნოს; ხანდახან ერი უცნაურ არჩევანს აკეთებს და ამა თუ იმ მმართველს, უბრალოდ, ივიწყებს.

ჯონ ადამსი 1826 წლის 4 ივლისს, დამოუკიდებელობის დეკლარაციის ხელმოწერიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები (ძალზე სახასიათო შტრიხია) იყო: «თომას ჯეფერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია». არადა, მისი მთავარი, მასზე გაცილებით წარმატებული პოლიტიკური ოპონენტი, იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა, თუმცა ადამსმა ამის შესახებ ვერ შეიტყო. 

ალბათ, დროა, ისტორიული პარალელები და პერპენდიკულარები გვერდზე გადავდოთ, მთავარია, რომ დაკვირვება ლარი ლესიგის მოქმედებაზე შესაძლებლობას მოგვცემს უკეთ გავერკვეთ იმაში, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოში შექმნილ სიტუაციას ამერიკელები, რა რეცეპტებს გვთავაზობენ და რა უნდათ ამ ეტაპზე ჩვენგან.

 რას გვეტყვი ახალს, ლარი?

თავის 1995 წლის ინტერვიუში საუნივერსიტეტო გაზეთისთვის ლოურენს ლესიგმა თქვა: «მათ (ქართველებს) ისეთი პერსონის შექმნის ეშინიათ, რომელსაც ხალხის ნებაზე სუვერენიტეტის დამყარების პრეტენზია ექნება» (ისე აუხდეს ყოველივე კარგი, როგორც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ქართველების ეს შიშნარევი წინათგრძნობა გამართლდა). საერთოდ, მის მაშინდელ განცხადებებს ლაიტმოტივად გასდევს ირიბი მინიშნება საფრთხეზე, რომელსაც პრეზიდენტის ფართო უფლებები ქმნის და ის იმედს გამოთქვამს, რომ შევარდნაძე თავშეკავებულად იმოქმედებს. ალბათ, სადღაც ამ სივრცეში შეიძლება შევადგინოთ პირველი ტესტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ, რა პრინციპებს დაეყრდნობა ლესიგი კონსულტირების პროცესში ან კიდევ (უარეს შემთხვევაში) ვის ინტერესებს ემსახურება.

არის სამი თემა: პრეზიდენტის უფლებები, რომლებიც ახალ კონსტიტუციაში გაიწერება, მისი არჩევის წესი (თუ «სუფთა» საპარლამენტო მოდელზე გადავალთ) და მწვავე კრიზისების წამოქმნის შესაძლებლობა, რომელიც 2010 წლის შესწორებებმა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თითქოსდა «საპატიო ნოტარიუსად» გადააქციეს, მაინც დატოვეს. ლესიგის ჯგუფის პოზიცია ყოველივე ამასთან დაკავშირებით, საინტერესო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მოგვცემს (საქართველოში მიჩნეულია, რომ ამერიკელები მუდამ საპრეზიდენტო რესპუბლიკისკენ გვიბიძგებდნენ). მაგრამ ეს მხოლოდ პირველადი ტესტი იქნება; მთავარია, რა სტრატეგიულ მიმართულებას აირჩევს ჯგუფი _ აქტუალური, მაგრამ ლოკალური ხასიათის მქონე პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში ივანიშვილს, სააკაშვილს და «მთელ ამ კოაბიტაციას» უკავშირდება, თუ ორიენტაციას მომავალზე და მდგრადი დემოკრატიის შექმნაზე.

საერთოდ, არც ერთი მოდელი, საპრეზიდენტო იქნება, საპარლამენტო თუ შერეული, არ შეიძლება ფეტიშად გადავაქციოთ. მთავარია, რამდენად უზრუნველყოფს ის დემოკრატიის პრინციპების დაცვას და (მეორე მხრივ) მართვის ეფექტურობას კონკრეტულ კონტექსტში; კონსტიტუცია ამ შემთხვევაში ერთგვარი კარკასის როლს ასრულებს და, რაც უფრო ნაკლებია მასში კრიტიკული, კონფლიქტოგენური წერტილი, მით უკეთესი. მთავარი, რაც ახალ კანონმდებლობაში უნდა ჩაიდოს, ალბათ, მორიგი მახინჯი რეჟიმის ჩამოყალიბებისგან დაცვის მექანიზმებია. შეიძლება პარადოქსულად გაიჟღეროს, მაგრამ აშშ-ის «დამფუძნებელი მამების» ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო შიში, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა ტირანის აღზევებას დაუშვებდა და ამის გასანეიტრალებლად კანონმდებლობაში დამატებით დამცავ ზღუდეებს ქმნიდნენ, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ზედმეტადაც კი მოგვეჩვენოს.

ტაქტიკური პრობლემებიდან გამომდინარე, სისტემის მორიგი მისადაგება «ძლიერი ხელის» მიმართ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, თუნდაც ამას სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა გვკარნახობდეს, კარგს, სავარაუდოდ, არაფერს მოგვიტანს. რამდენადაც ბრძენი და თავშეკავებული არ უნდა იყოს ესა თუ ის მმართველი, რომელსაც უზომოდ გაფართოებულ უფლებებს მივანიჭებთ, ალბათ, ყოველთვის მოგვიწევს იმის გახსენება, რომ მარკუს ავრელიუსის მემკვიდრე კომოდუსი იყო, რომელმაც მამას იმდენი შრომა წყალში ჩაუყარა, რომის ისტორიაში სამარცხვინო ფურცლები ჩაწერა და «ხუთი კეთილი იმპერატორის ეპოქა» სრული ბაკქანალიით დაასრულა.

შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ ლესიგის ჯგუფი საერთოდ არ გვჭირდება (აგერ _ ჩვენი კონსიტუციონალისტები, აგერ _ ვენეციის კომისია), მაგრამ მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ალბათ მაინც უნდა მივცეთ. საქმე მხოლოდ ზემოთ ნახსენებ «ვიეტნამიზაციაში» (უკაცრავად, «ამერიკანიზაციაში») როდია; ეს მაინც ტაქტიკური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტას ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მოხერხებულად ცდილობს. საინტერესო სულ სხვა რამ არის: რას გვეტყვიან ეს ექსპერტები ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით; ეს ინფორმაცია შეიძლება ბევრი პოლიტიკური რებუსის ამოხსნაში დაგვეხმაროს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ძალიან სერიოზული ანალიზია გაკეთებული…გარდა ზემოაღნიშნული არგუმენტისა/პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ჯგუფები იქმნება «იმისათვის, რომ ზუსტი ინფორმაცია გავიდეს ევროპაში და ზუსტად იცოდნენ ამერიკელებმა, რა პროცესები და როგორ ვითარდება ქვეყანაში/, ნაცმოძრაობას ქვეყნის შიგნითაც შეეზღუდება პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა…

  2. საქართველოში რა სიტუაციაა ჩვენ, ქართველები უნდა გავერკვეთ, თორემ ამერიკელებმა ზედმეტად კარგად იციან რაც ხდება, რადგან მათი დაგეგმილია ყველა ქმედება. რა იცვლება? სააკაშვილის ლობისტებს ივანაშვილის ლობისტები ენაცვლებიან ამით ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ორივეს ერთი ფარული ხელი მართავს!!!!.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here