Home რუბრიკები პოლიტიკა კოაბიტაცია და სიკვდილის კონვეიერი

კოაბიტაცია და სიკვდილის კონვეიერი

733

ორშაბათს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა «შერატონ მეტეხი პალასში» არასამთავრობოებთან გამართულ შეხვედრაზე ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: «პროკურატურამ,  სასჯელაღსრულების სამინისტროს დახმარებით, 18 სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული ორი ათასი პატიმრისგან აიღო ჩვენება, რომლებიც ყვებიან ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ».

კბილაშვილის თქმით, «2005-12 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. მიმდინარეობს მათი გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენა, ვინაიდან, წინასწარი მონახაზით, რეალობა ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ მოკლულია». «როცა ფაქტებს დავდებთ და ეს, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისისთვის მოხდება, მას მივცემთ ისეთ შეფასებას, რომელიც ახალი სიტყვა უნდა იყოს ქართული სამართალწარმოების სისტემაში. კერძოდ, ეს არის სისტემური სახელმწიფო დანაშაული, რომელიც აქამდე არ გამოგვივლენია», _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა (ინტერპრესნიუსი). 

აშკარაა, რომ ამდენი ადამიანის მოკვდინება არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ცალკეული შეცდომების შედეგი; მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საუბარი სიკვდილის ნამდვილ კონვეიერზე მოგვიწევს. თუ სასამართლო პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს საკმარისად დამაჯერებლად ჩათვლის, ეს გახდება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში «დემოკრატიის შუქურის» საფარქვეშ ერთი ჩვეულებრივი, ბინძური, სისხლიანი დიქტატურა მოქმედებდა.

ამავე კონტექსტში, ალბათ, უნდა განვიხილოთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის, ორშაბათის განცხადებაც: «ყოველთვიურად 1200-მდე პატიმარი მიგვყავს საავადმყოფოებში. მათ დიდ ნაწილს დაზიანებები მიღებული აქვს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად. უმეტესობას ოპერაციები უკეთდება ხერხემალზე, ცხვირზე და არის შემთხვევები, როდესაც ოპერაცია კეთდება ფეხებს შორის, გარკვეული რაოდენობის პატიმრებმა სათესლე ჯირკვლები დაკარგეს». (მედიანიუსი).

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხანდახან, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ძველი რეჟიმის წარმომადგენლებს შეიძლება ბიუჯეტში ხელის ფათური ეპატიოთ და (არასასურველია, მაგრამ ლათინური ამერიკის და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ნამდვილად მომხდარა) არ დაისაჯონ ის გამომძიებლები და მოსამართლეები, რომლებმაც ციხეებში ასობით პოლიტპატიმარი ჩაყარეს, მაგრამ თვალის დახუჭვა ასეთ ფაქტებზე, ამდენ მკვლელობაზე, შეუძლებელია. სახელმწიფო, რომელიც ამას გააკეთებს, დაკარგავს უფლებას სამართლებრივად და ცივილიზებულად იწოდებოდეს.

კბილაშვილის განცხადებისა და სხვა რეზონანსულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობის დინამიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მალე საუბარი სააკაშვილზე, მის გარემოცვაზე და მათ მომავალზე, იურიდიული და არა პოლიტიკური ტერმინის გამოყენებით მოგვიწევს. «ნაციონალები» გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პროკურატურის განცხადებები «გადაფარონ» და წარმოაჩინონ მისი მოქმედება, როგორც პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, თუმცა ამჯერად ამის გაკეთება მათთვის არც ისე იოლი იქნება, თუმცა ეს მათი პრობლემაა. მთავარი კი ისაა, რომ, როგორც კი პროკურატურა ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას ტერმინით «სისტემური სახელმწიფო დანაშაული», გადაილახება რუბიკონი და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების პროცესი, სავარაუდოდ, შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

არაერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ეს არ მოეწონება დასავლეთს, კერძოდ კი ამერიკელებს, რომლებმაც, თავის დროზე, «ვარდოსნებს» უპრცედენტო დახმარება აღმოუჩინეს და მათ შეიძლება ახალ ხელისუფლების შეკავება სცადონ. ამ კონტექსტში, ალბათ, ორი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. ჯერ ერთი, პროკურატურა ჯერჯერობით არ ჰკიდებს ხელს იმ საქმეებს, რომელთა ფარგლებში შეიძლება ვაშინგტონელი ჩინოვნიკების დანაშაული გამოიკვეთოს. კონკრეტული მაგალითი: 2011 წლის ივლისში «ეხო მოსკვის» ეთერში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ (იმ არჩევნების პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა), შემდეგი რამ თქვა: «მე ვთვლი, რომ 2008 წლის იანვარში დასავლელ მეგობრებთან ერთად საბედისწერო შეცდომა დავუშვით. ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური იყო, მაგრამ ამაზე თვალი დავხუჭეთ. მშვენივრად მახსოვს, ჩვენი დასავლელი მეგობრების ასეთი… დაჟინებული რჩევები, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეცხადებინა მეორე ტური». აქ ყველაფერი თითქოსდა ცხადია და საუბარი ეხება არჩევნების გაყალბებას, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებას და, შესაძლოა, იმას, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე მუხლის 1 პუნქტი ასე აღწერს: «უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით».

ერთი შეხედვით, პროკურატურის ახალი ხელმძღვანელი ამ განცხადებით ავტომატურ რეჟიმში უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ეს არ მოხდება, რადგან გამოძიების ბოლომდე მიყვანამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის, არამედ აშშ-ის იმიჯს. ალბათ, დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას აგვისტოს ომის (და მისი წინარე პერიოდის) ზოგიერთ ბუნდოვან ეპიზოდთან ან ტელეკომპანია «იმედის» დარბევასთან დაკავშირებით (დღემდე დაუდგენელია, შედგა თუ არა 2007 წლის 7 ნოემბერს საღამოს ქართველი მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინთან და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის მძიმე ეჭვები, რომლებიც მას უკავშირდება). საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ახალი ხელისუფლება ფრთხილობს და, ასე ვთქვათ, გაგებით ეკიდება ამერიკელების ინტერესებს და მათგან ანალოგიურ დამოკიდებულებას ელოდება.

დასავლეთში ბევრი ექსპერტისთვის თუ ჟურნალისტისთვის სააკაშვილი დარჩება «დემოკრატიის მეჩირაღდნედ», ვიდრე ქართველი ბრალმდებლები, სასამართლოს საპირისპიროს არ დაუმტკიცებენ. ის, რომ ქართველებისთვის «ყველაფერი ისედაც ცხადია», ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მყისიერ გადახედვას არ გამოიწვევს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამქვეყნად უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ვინმე დასავლეთში აქტიურად შეეწინააღმდეგება ასობით პატიმრის მკვლელობის, 26 მაისის სისხლიანი დარბევის და სხვა კოშმარული ეპიზოდების გამოძიებას, არაკორექტულია. «ჩვენი ძაღლისშვილების» ეპოქა დასრულდა, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს კბილებით არავინ დაიცავს, თუ სათვალავში რამდენიმე კომიკურ, მეორეხარისხოვან პერსონაჟს არ ჩავაგდებთ. სხვათა შორის, ბოლო დროს დასავლეთში სააკაშვილის პოლიტიკური ადვოკატების კალიბრი მკვეთრად შემცირდა; ზოგს, ალბათ, ცუდი წინათგრძნობა გაუჩნდა, ზოგი კი კარგად (წინმსწრებად) ინფორმირებულია.

მთელ ამ სიტუაციაში არის ერთი საინტერესო ნიუანსი. თუ ჩვენ განვიხილავთ სააკაშვილის რეჟიმს და «ნაციონალურ მოძრაობას», როგორც პროექტს, რომელშიც ამერიკელებმა დიდი ინვესტიცია ჩადეს, ჩვენთვის შეიძლება გასაგები გახდეს მათი შენიღბული გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანების სრულფასოვანი ინტეგრირება ახალ პოლიტიკურ რეალობაში ვერ ხერხდება; საზოგადოების დიდი ნაწილი უარს ამბობს იმაზე, რომ «ნაციონალები» ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად აღიქვას («ოპოზიციის ლეგიტიმურობა» ცოტა უცნაურად კი ჟღერს, თუმცა მისი მწვავე ნაკლებობა დღევანდელ საქართველოში ნამდვილად იგრძნობა).

იყო ასეთი არაღიარებული სახელმწიფო, ამერიკის კონფედერაციული შტატები… მამაცი, ამაყი ადამიანები («ნაციონალებს» ნამდვილად ვერ შევადარებთ)… უნიკალური კულტურა… მდიდარი პლანტაციები და თვალწარმტაცი ხედები… შემდეგ მოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები, ყველაფერი ეს გადაბუგეს და აღგავეს პირისაგან მიწისა. შემდეგ იყო რეკონსტრუქციის მძიმე და მტკივნეული პერიოდი და მხოლოდ მის შემდეგ დაიწყო ჩრდილოელებისა და სამხრეთელების რეალური, სრულფასოვანი თანაცხოვრება და ერთობლივი ზრუნვა სამშობლოზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ თავისუფლებისა და მონობის თანაარსებობა, ანტაგონისტური მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკოსების (აქ საუბარი ფუნდამენტურ პრინციპებზეა და არა განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებზე «ნორმის ფარგლებში») კოაბიტაცია შეუძლებელია. განა აბრაამ ლინკოლნს უხაროდა, როდესაც შერმანის ჯარმა ჯორჯიას ტაიფუნივით გადაუარა? მაგრამ სხვა გზა არ იყო. სამხრეთმა პრინციპულად არასწორი არჩევანი გააკეთა და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.

რა თქმა უნდა, ეს განსხვავებული ისტორიული კონტექსტია და ჩვენთან, მადლობა ღმერთს, სამოქალაქო ომი არ მიმდინარეობს, თუმცა მთავარია ის, რომ ბრძოლა მონათმფლობელობის წინააღმდეგ (კლასიკური იქნება თუ  თანამედროვე) კომპრომისზე დაფუძნებული თანაცხოვრებით ვერასოდეს დაგვირგვინდება. ამერიკელებს შეუძლიათ შეეგუონ ,,ნაციონალების»  ანიჰილაციას, შეუძლიათ (თეორიულად, თორემ ამის ალბათობა ნულია) გადმოსხან 82-ე დივიზია და სააკაშვილის რეჟიმი აღადგინონ, მაგრამ ისინი, ალბათ, ვერასოდეს მოახერხებენ «ნაცმოძრაობის», როგორც ერთ-ერთი ლეგიტიმური პოლიტიკური ძალის, ინტეგრაციას ახალ პოლიტიკურ რეალობაში; საზოგადოების დიდი ნაწილი ამას გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის რჩეულს, ბიძინა ივანიშვილსაც კი არ დაინდობს, თუ ის შეეცდება აზრი შეაცვლევინოს.

 ასეთი, კონფიგურაციის ძიებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები სხვა შედეგს ვერ მოიტანენ. ასე რომ, გენერალ ულის გრანტის თქმის არ იყოს (არ უთქვამს, თუმცა მისი პოლიტიკის არსი ეგ იყო), ჯერ _ კაპიტულაცია, შემდეგ _ რეკონსტრუქცია, შემდეგ _ ყველაფერი დანარჩენი.

ვინ იცის, იქნებ 70 წლის შემდეგ გამოჩნდეს მწერალი, რომელიც დაწერს რომანს «წყალწაღებულნი» და სრულიად საქართველო დაიტირებს სკარლეტ ო’ჰარას და მშვენიერ სამხრეთს, უკაცრავად, მიხეილ სააკაშვილს და «ნაცმოძრაობას», თუმცა ეს, ალბათ, მაინც გადაჭარბებული მოლოდინია; ამ მასალაზე მხოლოდ სამგროშიანი ვოდევილის დაფუძნება თუ მოხერხდება.

კულმინაცია ახლოვდება; გამორიცხულია, იმ ტიპის განცხადებას, რომელიც მთავარმა პროკურორმა გააკეთა, კონკრეტული ნაბიჯები და შედეგები არ მოყვეს და ისიც აშკარაა, რომ აბსოლუტურად უადგილოა რამდენადმე სერიოზული საუბარი კოაბიტაციაზე, ვიდრე არ დადგინდება, რა გარემოებებში დაიღუპა ამდენი ადამიანი (და არა მხოლოდ ეს). არსებობს ზღვარი, რომელსაც, რაც არ უნდა მოხდეს, ნორმალური ადამიანი ვერ გადააბიჯებს.

18 თებერვლის განცხადებით, არჩილ კბილაშვილმა საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო. თუ ის დამაჯერებელ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, საზოგადოებას, სავარაუდოდ, მისი თანამდებობასთან შეუსაბამობის საკითხის დაყენება მოუწევს. ეს ერთგვარი ,,ჭეშმარიტების მომენტია»; საქართველო და მსოფლიო ელოდება ფაქტებს, რათა საბოლოოდ განსაზღვროს, თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში სააკაშვილის რეჟიმი.

დიმიტრი მონიავა

 


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here