Home რუბრიკები პოლიტიკა ЦРУ პრეზიდენტის ვნებანი

ЦРУ პრეზიდენტის ვნებანი

529

ერთი დღე დააკლდა 8 თებერვალს, 9 რომ გამხდარიყო, ანუ მიეღწია საქართველოს ისტორიის საკრალური რიცხვისთვის: 9 მარტი, 9 აპრილი… ერთი დღე და ერთი ნაბიჯი დააკლდა სამოქალაქო დაპირისპირებას. ვერ მოახერხეს გუშინდელებმა…

8 თებერვალს გუდიაშვილის ქუჩაზე ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ მოწყობილ აქციაზე დემონსტრანტებმა ქალაქის მერს თავში წაუთაქეს, პალიკო კუბლაშვილს ქუდი თვალებზე ჩამოაფხატეს, სერგო რატიანსაც მოხვდა, გიგა ნასარიძესაც. გიორგი ბარამიძე საიდანღაც შეიპარა საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც სააკაშვილი აპირებდა მოხსენებით გამოსვლას; უდაბნოს ხომალდივით რწევით მავალმა (ცოლთან ერთად) გიგა ბოკერიამ კი დანაღმულ ველზე შესვლას თავი აარიდა და ჟურნალისტებს განუცხადა: ქუჩა გადაკეტილი იყო და სად უნდა მივსულიყავიო?!

გაეცალა გმირობის ასპარეზს, სადაც უგულავა ვაჟკაცურად შევიდა და პროვოკაციის ხელთათმანი გადაუგდო წკიპზე შემდგარ ხალხს:

_ აბა, მიდით, დაიწყეთ შოუ!

_ ჩემი შვილის მკვლელო! _ მიაძახა პასუხად ჩაცხრილული გია კრიალაშვილის დედამ და გიგიმ მიიღო ის, რაც მის დირიჟორობას მოჰყვა _ აბა, მიდითო!

მივიდნენ… მისწვდნენ.

ლომივით იბრძოდა სააკაშვილის ვესტალკებიდან უპირველესი, ახალგაზრდა დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი, მაინც და მაინც ტელეკამერისკენ შემობრუნებული განწირულის ხმით უყვიროდა ხალხს _ მოღალატეებო! და არც ცდილობდა ცხვირიდან წამოსული სისხლის მოწმენდას, რომელიც ორივე ლოყაზე ჰქონდა წათხაპნილი. თვალშისაცემად მოცხებული.

იწევდა ხალხისკენ გაავებით. მის გარშემო კი ხან კობა სუბელიანი ეცემოდა ასფალტზე, ხან «იმედის» ოპერატორი თავისი ტელეკამერითურთ.

«ჰკა მაგას!»

საღამოს სააკაშვილი შესაბამისად შეუქებს თავგანწირვას, მაგრამ უშველის თუ არა ასეთი მორალური ჯილდო გატეხილ ცხვირს, საეჭვოა.

თუმცა რა ვიცი, სააკაშვილის «სასახლის სიტყვის» დროს ეკრანზე მსხვილი პლანით გამოჩენილ მის სახეს არაფერი ეტყობოდა.

მაინც მამაკაცების სირცხვილია ამ გოგოზე ხელის აღმართვა.

ვისი ბრალი იყო დაპირისპირება? ორივე მხარე ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. თუმცა ნაცბოლებს სცენარი წინასწარ რომ ჰქონდათ შედგენილი, აშკარა და თვალშისაცემია.

დეტალებში გაიყიდნენ. თუნდაც «პრაიმ ტაიმის» კორესპონდენტის ქეთი ხატიაშვილის «მწვავე» შეკითხვაში, რომლითაც მან სააკაშვილს მიმართა:

_ ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვით, დავბრუნდებითო, და იგივე რომ გაიმეორა ვანო მერაბიშვილმა, მართლა აპირებთო.

გაიხარა სააკაშვილმა და აშკარა სიამოვნებით, ლაღად და ვრცლად, წინასწარ დამუშავებული ტექსტის სიუხვით და საკუთარი ცხვირის შეუწუხებლად უპასუხა, _ არაო. აზრი ეს იყო. ზეამოცანა კი საკუთარი დემოკრატიზმისა და პატრიოტიზმის დემონსტრაცია.

შეკითხვები ლაკმუსის ქაღალდივით იყო, რომელმაც ჟურნალისტიკის იქ დამსწრე ნორჩი ამონაყარის უმწიფარიძეობა (და არა მარტო ეს) ხელის გულზე დაგვიდო.

შეხვედრაზე წარგზავნილმა «მეცხრე არხის» ჟურნალისტმა გოგონამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ თაფლაკვერი მიართვა სააკაშვილს: _ პარლამენტმა რომ მიგიწვიოთ, ჩახვალთ ქუთაისშიო?

_ რა თქმა უნდა, მზად ვარ! _ და ამას მოყოლებულ ნაპრეზიდენტალის სიტყვათა ნაკადს ისეთი მწყაზარი სახით უსმენდა, რომ ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდას, ანუ მონა ლიზას ღიმილი იმასთან ფერმკრთალდებოდა…

დაფრთხი, ბარაშკაჯან?

ასე აორთქლდა მიხეილ სააკაშვილის განცხადება: «აქ მოვიწვიეთ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები», რომლებიც დუმდნენ, რადგან არ ესწრებოდნენ.

«ხოლო მან მიუგო პასუხად: «თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ» (ლუკ. 19,40).

ქვებმა არა, მაგრამ ხმა ამოიღო უძარღვო შუბლიანმა, ბოცომკალს თუ მხოლოდ ბოცოს რომ ეძახიან, ფერდაკარგულმა და სახეწაშლილმა დეპუტატმა, რომელმაც ინციდენტი ბიძინა ივანიშვილის მოწყობილ პროვოკაციად გაასაღა და, ჯერ კიდევ კოლმეურნეობის მოედანზე მყოფმა «დააანონსა» დებულება, რომელიც იმავე საღამოს გაიმეორა მიხეილ სააკაშვილმა, ციტირების დიდოსტატმა და «ვეფხისტყაოსნის» საზეპიროების უბადლო მცონემ: ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჯაბა იოსელიანის მხედრიონის პერიოდში ხდებოდაო.

ფანტაზიის სიმწირე თუ ავტორის ნაცნობი ხელწერა!

დეჟავიუ!

ნაცბოლების მეორე ინტელექტუალი, დავით დარჩიაშვილი კი ჟიჟილაშვილის «პოლიტმეტრიდან» ისე გაიძურწება, რომ თავს მოიკლავს და არ უპასუხებს ვიცეპრემიერ მარგველაშვილის შეკითხვას: კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას პრეზიდენტის დიქტატორული უფლებების შეკვეცის შესახებ მხარს უჭერ თუ არაო.

ან ჰო უნდა ეთქვა, ან არა.

არ თქვა.

ციოდა ქუჩაში და ამ ორ სიტყვას ხომ არ შეეწირებოდა ან მიხეილ სააკაშვილს?!

რომელსაც ამ დროისთვის საკუთარი სიმართლისა და გულწრფელობის დასამტკიცებლად პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილი მაღალი აუდიტორიისთვის უკვე გამოყენებული ჰქონდა კონგენიალური მეტაფორა, რომ იგიც და მისი საქმენიც ისეთივე გამჭვირვალეა, როგორიც ეს შუშის სასახლე, რომელიც არაფერს მალავს და რომელსაც არ აქვს ბუნკერი (!), რომ ქარზე მონანავე «კირით ნაგები» შენობა ჩიტის  ბუდესავითაა, რომლის ჩამოგდება ნიავის ფრთების შეხებასაც შეუძლია.

ბუდეა.

რომლიდანაც სანაპირომდე გათხრილია გვირაბი, ექსტრემალურ სიტუაციაში ოთხივ კუთხით პრეზიდენტის გასაქცევად გამზადებული.

ბუდეა,

რომელშიც სააკაშვილი თავისი ამბიურობის გამოსაჩეკად გუგულის კვერცხს აზის.

ბუნკერი რა სათქმელია!

ბენჟამენ იგარკა

P.S. მოხსენებიდან ერთი ლირიკული გადახვევის დროს სააკაშვილმა რიტორიკულად იკითხა: ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, თვალები და ყურები მიხატული ხომ არ გვაქვსო? მოისინჯა, დარწმუნდა, რომ ეხატა და თავისი გაუტია.

კი მოისინჯა, კი დარწმუნდა, მიხატული რომ არ აქვს, მაგრამ ვერ ხედავს ხალხის პროტესტს და არ ესმის მისი, თორემ აქამდეც კონსტიტუციის შესაბამისად დამთავრდებოდა ЦРУპრეზიდენტი… დამშვიდდებოდა საქართველო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here