Home რუბრიკები სამართალი დავით ლილუაშვილი: ერთადერთი ადგილი, სადაც სააკაშვილს შეეძლო მისულიყო და ანგარიში გაეკეთებინა, თბილისის...

დავით ლილუაშვილი: ერთადერთი ადგილი, სადაც სააკაშვილს შეეძლო მისულიყო და ანგარიში გაეკეთებინა, თბილისის დასუფთავების სამსახურია…

1112

გასულ კვირას ბიბლიოთეკის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება კოალიციის «ჩვენი უფლებებისთვის» თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი.

_ ბატონო დავით, 8 თებერვალს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც სააკაშვილისთვის ბოლო უნდა ყოფილიყო, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მოქალაქეებმა (და არა მარტო მათ) დემონსტრაციულად ჩაშალეს. საპარლამენტო უმცირესობამ ეს შეაფასა, როგორც ხელისუფლების მხრიდან  აგრესია ოპონენტებისადმი, უმრავლესობამ კი მომხდარს ოპოზიციის, კერძოდ «ნაცმოძრაობის» მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია უწოდა. თქვენი აზრით, რა მოხდა სინამდვილეში?

_ უწინარესად, ვიტყვი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს, მე პირადად, პრეზიდენტად არ მოვიხსენიებ, ვინაიდან უფლებამოსილების ვადა მას უკვე ამოეწურა. ამის მიუხედავად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც თვლის მას ჯერ კიდევ ქვეყნის პირველ პირად. აქედან გამომდინარე, ის ვალდებული იყო, 6 თებერვალს გაეკეთებინა წლიური ანგარიში პარლამენტში. მოგეხსენებათ, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ამაზე მან განაცხადა: უარი და მოხსენების ვადა გადაიდო 8 თებერვლამდე. ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა მოიქცა აბსოლუტურად რაციონალურად, როცა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ იმის შემდეგ მოესმინა სააკაშვილისთვის, რაც იგი მკაფიო პოზიციას ჩამოაყალიბებდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამაზეც უარი თქვა ჩვენმა ე.წ. პრეზიდენტმა და, როგორც სჩვევია, მოულოდნელად მიიღო არაორდინალური გადაწყვეტილება _ ანგარიში გაეკეთებინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს იყო  პროვოკაციული ნაბიჯი, რასაც, იცოდნენ, დიდი ალბათობით, რა შედეგიც მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც გადადგეს. რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომლებიც შემდეგ განვითარდა, ვინაც რა უნდა თქვას და რა ძალადობაზეც გაამახვილოს ყურადღება, ერთი რამ არ დაგვავიწყდეს, იქ იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც რეჟიმმა შეიწირა, გააუბედურა, და არამარტო ისინი _ მათი დიდი უმრავლესობის ოჯახებიც დაღუპა. ამიტომ, რაც იმ დღეს გააკეთა რეპრესირებულმა საზოგადოებამ (მე მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი ვიყავით რეპრესირებული), აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია ჩემთვის. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მიეჩვიონ იმ აზრს, რომ ამიერიდან ისინი საქართველოს ვერც ერთ კუთხეში, ვერც ერთ ქალაქსა თუ სოფელში წელგამართული თავისუფლად ვერ გაივლიან. ყველგან, სადაც მივლენ, ხალხი მათ დახვდება უარყოფითი ემოციით და მაპატიონ, მაგრამ ხანდახან თუ ვიღაც ამ ემოციების მოთოკვას ვერ შეძლებს, კეთილი ინებონ, ამასაც გაგებით მოეკიდონ. სააკაშვილს რომ ნდომებოდა ბიბლიოთეკის შენობაში შესვლა, მას ეს შეეძლო. ამისთვის საკმაოდ ცივილიზებულად იქცეოდა იქ შეკრებილი საზოგადოება, მაგრამ მათ უნდოდათ პროვოკაცია, უნდოდათ ალიაქოთი და მიაღწიეს კიდეც…

_ კი მაგრამ, დემონსტრანტები თავიდანვე აგრესიულები იყვნენ, როგორ შეძლებდა პრეზიდენტი შენობაში შესვლას?

_ სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც იქ მიბრძანდა დედაქალაქის ხულიგანი მერი გიგი უგულავა. კადრებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ აგრესიულად, პროვოკაციულად და გამომწვევად იქცევა იგი დემონსტრანტების მიმართ. მისი თანმხლები პირები ბოლო ხმაზე გაჰყვიროდნენ, რუსეთის აგენტები ხართო. თვითონ უგულავა კიდევ რა სიტყვებს იძახდა, კარგად გაიგონა ყველამ. ყურადღება მიაქციეთ ერთ ფაქტსაც: ის შემოვიდა ფურცელაძის ქუჩით, სადაც მომიტინგეთა ყველაზე მრავალრიცხოვანი მასა იყო კონცენტრირებული. ამ დროს მეორე მხარეს სამართალდამცავებს გაკეთებული ჰქონდათ კორიდორი, სადაც გავლა შეიძლებოდა უპრობლემოდ. აი, ზუსტად ხულიგანი მერის ამგვარმა მოქმედებებმა უბიძგა საზოგადოებას აგრესიისკენ და მერე სიტუაციის კონტროლი იყო ბევრად ძნელი.

_ საინტერესოა, როგორ აღიქვეს ეს ყველაფერი ელჩებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ ამ მოვლენებს?

_ თქვენ ნახეთ, რომ შენობიდან გამოსვლის დროს ელჩებს და იმავე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მომიტინგეები ხვდებოდნენ ტაშით. ეს იყო მათ მიმართ მხოლოდ კეთილგანწყობის გამოხატულება. ასე რომ, ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა კარგად დაინახეს, თუ რა ტიპის ადამიანებთან ჰქონდათ საქმე, _ იქ არ ყოფილა რაღაც აგრესიული, უკონტროლო მასა, რომელიც ერთნაირად იქცევა ყველასთან მიმართებაში, არამედ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ და როგორ. რაც შეეხება შეფასებებს, ცხადია, საერთაშორისო საზოგადოება არ მიესალმება არც ერთ მსგავს ფაქტს და ჩვენთვის ეს გასაგები უნდა იყოს…

_ დასავლურმა პრესამ მწვავე შეფასება მისცა ამ ყველაფერს. რამდენიმე პუბლიკაციაში ხელისუფლებაც კი იყო გაკრიტიკებული.

_ ჩემი აზრით, დასავლურ პრესას არ ჰქონდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდა. ამასთან, მოგეხსენებათ, «ნაციონალურ მოძრაობას» დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკაში, დღემდე ჰყავს საკუთარი ლობისტთა ჯგუფი და ისინი აწვდიან იმავე მედიას გარკვეულ, ცხადია, მათთვის სასურველ ინფორმაციებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი დღეს სააკაშვილისთვის, რითაც ის ებრძვის ხელისუფლებას, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან მოკლე დროში მათ ეს ბერკეტი გამოეცლებათ და პოლიტიკურად გაკოტრებული «ნაციონალური მოძრაობა» საბოლოოდ დარჩება ყველანაირი რესურსის გარეშე. ამას თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან. ამიტომაა, რომ ყველაფერზე მიდიან _ პროვოკაციაზე, დესტრუქციაზე, არეულობაზე… მოკლედ, გადარჩენისთვის რაც დასჭირდებათ.

_ ეს ლობისტების თემა თითქმის ლეგენდად იქცა. როგორ ფიქრობთ, «ნაციონალური მოძრაობა» ფულს უხდის მათ თუ უბრალოდ თვითონ ლობისტებს აქვთ აქ რამე პოლიტიკური ინტერესი?

_ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აქ საუბარია ფინანსურ დაინტერესებაზე. სააკაშვილი კოლოსალურ თანხებს იხდიდა იმისთვის, რომ სადმე _ ევროპაში ან ამერიკაში მის ხელისუფლებაზე რამე კარგი თქვან, დაწერონ და ა. შ. ახლა რაში სჭირდებოდათ ეს? ყველაფერი ძალიან მარტივია: ამაზე იგებოდა მთელი მათი პიარი და პროპაგანდა. იქ ვიღაც რეფორმებს შეაქებდა, ვიღაც ბიზნესგარემოს შეაფასებდა კარგად, შემდეგ ესენი ამას ატრიალებდნენ კვირაობით, თვეობით და ასე ხდებოდა მოსახლეობაზე ზემოქმედება. იგივე კეთდება დღესაც. აი, თურმე როგორ გვაკრიტიკებს ევროპა, ვაშინგტონი, რა უბედურება გვჭირს, ხვდებით?! ასე უნდათ დააბრმაონ ხალხი და მერე ამ შოკირებული საზოგადოების მართვა, რომელსაც ანალიზის უნარი, ბუნებრივია, დაქვეითებული ექნება, ბევრად იოლია…

_ საბოლოო ჯამში, თქვენი აზრით, ვის სასარგებლოდ იმოქმედა 8 თებერვალს ბიბლიოთეკის შენობასთან მომხდარმა ფაქტმა საერთაშორისო საზოგადოების თვალში?

_ იხილავდა საერთაშორისო საზოგადოება იმ კადრებს, რომლებიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ და დარწმუნებული ვარ, მათ სწორი ანალიზი, შეფასების გაკეთება არ გაუჭირდებოდათ. რაც შეეხება «ნაციონალურ მოძრაობას», ეს რომ იყოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება რამე შანსი ჰქონდეს დარჩენილი მომავალში, ცხადია, ლოგიკური იქნებოდა იმაზე საუბარი, რომ მომხდარმა გარკვეულწილად მის სასარგებლოდაც იმოქმედა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ვერანაირი, მსგავსი კი არა, ბევრად უარესი მოვლენა «ნაცმოძრაობას» მკვდრეთით ვერ აღადგენს, ვერ გააცოცხლებს, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა უკვე გამოხატა საკუთარი მკაფიო ნება და გამოუტანა მას საკმაოდ მკაცრი პოლიტიკური განაჩენი.

_ საპარლამენტო უმცირესობამ ძალოვანების მოქმედება არაადეკვატურად შეაფასა. ისინი თვლიან, რომ სამართალდამცველებმა არ მიიღეს წესრიგის დასამყარებლად შესაბამისი ზომები.

_ რატომ გიკვირთ, რომ ეს ე.წ. უმცირესობა ასეთ განცხადებებს აკეთებს?! როცა ხელისუფლებაში იყვნენ და მათ ხელში იყო ყველაფერი, მაშინ დემაგოგობდნენ, რა გასაკვირია, დღეს ილაპარაკონ სიცრუე?! მოდი, საერთოდ დავანებოთ ყველაფერს თავი და ასე შევხედოთ საკითხს: რა უნდოდა სააკაშვილს ეროვნულ ბიბლიოთეკაში?! მან თავისი მმართველობის ფორმით აჩვენა, რომ არანაირი შეხება არ აქვს განათლებასთან, ეროვნულობასთან, ეროვნულ ღირებულებებთან… განა იყო იქ მისი ადგილი?! ამათი სიმბოლოა ცოცხი, ამიტომ ერთადერთი ადგილი, სადაც შეეძლო მიხეილ სააკაშვილს მისვლა და ანგარიშის გაკეთება, ესაა თბილისის დასუფთავების სამსახური; მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მართლა ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანები არიან, მას იქაც არ მიუშვებდნენ.

_ საუბარია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც, რომელიც, ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, შესაძლოა, «ნაცმოძრაობის» მხრიდან გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა გამოიწვიოს. რას ფიქრობთ ამაზე?

_ ერთადერთი, რაც «ნაციონალურ მოძრაობას» შეუძლია და აკეთებს კიდეც, არის სწორედ ეს. ამიტომ ხელისუფლების შიშები აბსოლუტურად გასაგებია. ახლა ესენი წავლენ ყველაფერზე, ვინაიდან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, რომ პოლიტიკურად მათი მზე მალე საბოლოოდ ჩაესვენება. კარგად იცის ისიც, შემდეგ რაცაა მოსალოდნელი, ასე რომ, საფრთხეები, რასაკვირველია, არსებობს.

_ თქვენი აზრით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე ვიხილოთ?

_ მინიმუმ, ის უნდა დაბარებულ იქნეს პროკურატურაში და დაიკითხოს, როგორც მთავარი ეჭვმიტანილი იმ დანაშაულთა მოთავეობისა, რომლებიც წლების მანძილზე ხდებოდა. რაც შეეხება კითხვას, რა თქმა უნდა, მისი სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია და, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთება, ალბათ, ასეც მოხდება. არამარტო სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვა ძმანი მათნი, რომელთა სახელებსაც არაერთი ბურუსით მოცული საქმე უკავშირდება, გამოძიების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ მოქცეულნი. არ უნდა დარჩეს არც ერთი გაუხმაურებელი და გამოუმზეურებელი დეტალი. მერე კი, როცა რეჟიმს საბოლოოდ ფარდა აეხდება, დამოუკიდებელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ განსაჯოს, ვის რა ეკუთვნის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here