Home რუბრიკები პოლიტიკა ზონდერმერი

ზონდერმერი

482

8 თებერვალს თბილისის საჯარო ბიბლიოთეკასთან «ნაციონალურმა მოძრაობამ» კიდევ ერთხელ მოახდინა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება, რომელიც უკვე განწირული სააკაშვილისა და მისი გუნდის   პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. საჯარო ბიბლიოთეკასთან პოლიტპატიმრები მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად მივიდნენ, მაგრამ ხილულ პროტესტს ყოფილი ხელისუფლების ლიდერები და მათივე ვადაგასული პრეზიდენტი ხომ ვერ იტანენ, ამიტომ ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ პროტესტანტი პოლიტპატიმრები და «ნაციონალი» დეპუტატები, ასევე მიხეილ სააკაშვილის იდეური მომხრეები ერთმანეთს დატაკებოდნენ, სისხლიც დაღვრილიყო და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალებოდა. ნაწილობრივ ამას მიაღწიეს კიდეც. თუმცა 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, «ნაციონალთა» მზაკვრული გეგმებიც ბოლომდე გამოაშკარავდება. «საქართველო და მსოფლიომ» მოიპოვა იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ «ნაციონალებმა» პროვოკაცია წინა დღეს დაგეგმეს.

კულუარული ინფორმაციით, თბილისის მერი გიგი უგულავა საჯარო ბიბლიოთეკასთან სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისა და ჩხუბის ასატეხად მივიდა. საამისოდ უგულავა წინასწარ მოემზადა _ მან საჯარო ბიბლიოთეკასთან მისვლის დანაშაულებრივი გეგმა წინა დღეს, 7 დეკემბერს შეიმუშავა. წყაროს ინფორმაციით, უგულავა მერიაში პირადად შეხვდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს. ეს შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში შედგა და მას ზედამხედველობის ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება სხვადასხვა დროს მიტინგების დასაშლელად და ხალხის დასარბევად იყენებდა. ეს არის მერიის «ზონდერთა» 25-კაციანი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ უგულავას ემორჩილება. მათ შორის არიან ის პოლიციელები  და შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის დარბევაში მონაწილეობდნენ, ხალხი სასტიკად სცემეს და მერე ვითომ დასაჯეს _  ხალხისთვის თვალის ასახვევად ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე პოლიციელი და სპეცრაზმელი დაითხოვა სამსახურიდან, აქაოდა, აქციის დარბევისას ძალის გამოყენებას გადაამეტესო. რეალურად კი ეს «ზონდერები» უმუშევრად 1 დღეც კი არ დარჩენილან _ ყველა მათგანი მერიის სტრუქტურებში დაასაქმეს, მათ შორის ყველაზე სასტიკი პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომელთაც   26 მაისს ბავშვებიც და მოხუცებიც კი არ დაინდეს, ხელბორკილიან ხალხს ხელკეტებით თავები გადაუხსნეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურში  დაასაქმეს. ამ სამსახურს თავად მერიის თანამშრომლები «ზონდერბრიგადას» ეძახიან.

გიგი უგულავამ «ზონდერბრიგადას» მორიგი დავალება 7 თებერვალს, საღამოს მისცა. ისინი მერთან ერთად უნდა მისულიყვნენ საჯარო ბიბლიოთეკასთან და იქ შეკრებილი ხალხისთვის უნდა ეგინებინათ. თუ ამ პროვოკაციას არ წამოეგებოდა ხალხი, მაშინ მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინათ. მოკლედ, ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ იქ ჩხუბი ატეხილიყო, პოლიტპატიმრები და მითი მხარდამჭერები კი ამ ჩხუბში ჩაეთრიათ.   მათ პარალელურად ევალებოდათ უგულავას უსაფრთხოების დაცვა.

ამიტომაც იყო, თავისი «ზონდერბრიგადით» გულ და ზურგ გამაგრებული გიგი უგულავა საჯარო ბიბლიოთეკასთან ხელების გაშლითა და ომახიანი, პროვოკაციული შეძახილებით რომ მივიდა. თბილისის მერის გამოჩენისთანავე იქ მყოფმა ჟურნალისტებმა მთელი ყურადღება მისკენ გადაიტანეს, ვიდრე კამერები მერს დაჰყვებოდნენ, მის ზურგს უკან, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა თავიანთი ბინძური საქმე გააკეთეს _ იქ მყოფი ადამიანები შეურაცხყვეს, ჩხუბის ინსპირირება მოახერხეს. მართალია, მათაც გვარიანად მოვდათ და ცემას ვერც უგულავა გადაურჩა, თუმცა ეს რა მოსატანია იმ «დიად მიზანთან», რომელსაც გიგი უგულავამ მიაღწია თავისი «ზონდერებით» _ ატეხილი ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა, რამდენიმე  «ნაციონალი» დეპუტატიც გაილახა და სააკაშვილის გუნდის წევრებს ხელისუფლების კრიტიკის მორიგი საბაბი მიეცათ. რაც მთავარია, მშიშარა მიხეილ სააკაშვილს «გაუპრავეს» საჯარო ბიბლიოთეკაში არმისვლის მიზეზი _ აბა, პრეზიდენტი გავეშებულ ხალხთან პირისპირ ხომ არ აღმოჩნდებოდა, პოლიციამ წესრიგის დამყარება ვერ უზრუნველყო და ჩვენს მიშიკოს საფრთხეში ხომ ვერ ჩავაგდებდითო.

თბილისის მერიის ოფიციალური განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც გიგი უგულავას ახლდნენ საჯარო ბიბლიოთეკასთან, მისი დაცვის წევრები არიან. ეს სრული სიცრუეა, რადგან თბილისის მერის, როგორც მაღალი თანამდებობის პირის უსაფრთხოების დასაცავად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ოფიციალურად მხოლოდ 2 პირადი დაცვის თანამშრომელია გამოყოფილი. ყველა ტელეკომპანიისა და ყველანაირი რაკურსით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ გიგის ათამდე ბრგე ადამიანი მოჰყვება უკან, როცა ის ხალხმა «ხელში ჩაიგდო» და ერთი-ორი უთაქა კიდეც, მის დახსნას ხალხის კლანჭებიდან აშკარად ამდენივე კაცი ცდილობდა. წყარო აცხადებს, რომ, თუ საგამოძიებო ორგანოები 8 დეკემბერს ინტერნეტში გავრცელებულ კადრებს გაეცნობიან და უგულავას გარშემო მყოფი პიროვნებების იდენტიფიცირებას მოახდენენ, მათ ხელში შერჩებათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის _ 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის უშუალო შემსრულებელნი. ამის შემდეგ კი «ზონდერებს» მოუწევთ სამართალდამცავებისთვის იმის ახსნა-განმარტება, თუ რისთვის იყვნენ 8 თებერვლის საღამოს საჯარო ბიბლიოთეკასთან და რატომ შეურაცხყოფდნენ ხალხს ფიზიკურად და სიტყვიერად. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიწვეულ სტუმართა შორის ეს «ზონდერები» რომ არ ყოფილან, ცხადია.

კულუარული ინფორმაციით, მერიის «ზონდერებს» უგულავამ  ღირსეულად დაუფასა ერთგულება და უკანონო დავალების უზადოდ შესრულება. მერიის ზედამხედველობის 25 თანამშრომელს, მერის სპეციალური ბრძნებით, მეორე დღესვე, 9 თებერვალს თითო თვის ხელფასი პრემიად გამოუწერეს. ზედამხედველობის სამსახურში ამ 25 კაცის გარდა სხვებიც მუშაობენმათ შორის, ქალბატონებიც, მაგრამ ისინი არავის დაუჯილდოებია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დამატებითი გასამრჯელო «ზონდერებმა» სწორედ 8 თებერვალს გამოჩენილი «ვაჟკაცობისთვის» მიიღეს.

 ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here