Home რუბრიკები პოლიტიკა იპოვეთ 5 განსხვავება…

იპოვეთ 5 განსხვავება…

819

საზოგადოების ერთი ნაწილი უიმედოდ უყურებს «ქართულ ოცნებასა» და მის ლიდერს _ ბიძინა ივანიშვილს. ეს იმედგაცრუება ხელისუფლების მხოლოდ 4-თვიანი მმართველობის შედეგია. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, მმართველობის პირველ ეტაპზე ივანიშვილის კოალიცია იმავე შეცდომებს უშვებს, რის გამოც ხალხიც და «ოცნების» ლიდერებიც «ნაციონალურ მოძრაობას» აკრიტიკებდნენ. ხშირად, «ქართული ოცნებისა» და «ნაციონალური მოძრაობის» ზოგიერთი ქმედება არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის წევრთა უმთავრესი სტრატეგიული შეცდომა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსთან  დაკავშირებული განცხადებები და ქმედებებია. ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, შეუქცევადად გაგრძელდება ნატოსთან და ევროკავშირთან დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ «დაგვაიმედა», ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში 2015 წლამდე იქნებიან, მანამდე მათ გამოყვანას არ ვაპირებთო.

ქართული ბატალიონი ავღანეთს მაშინ დატოვებს, როცა უკანასკნელი ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ჯარისკაცი გამოვა ამ ცოდვილი მიწიდან? რატომ ვედრებით ამ და კიდევ სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც ავღანეთის ომი აზიაში  თავიანთი გეოსტრატეგიული და ფინანსური ინტერესების გამო წამოიწყეს?

ჩვენ ხომ მსგავსი ინტერესები არ გაგვაჩნია? მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ბიჭები სასაკლაოზე წაასხა, ისინი სხვის ომში და სხვის ნაცვლად იბრძვიან. უკვე რამდენი ქართველი ჯარისკაცის დედამ ჩაიცვა ძაძა, რამდენი ჯარისკაცი დახეიბრდა… კონტრიბუციის საფასურს სააკაშვილი ნატოსგან და მისი წევრი ქვეყნებისგან სოლიდური ფულადი დახმარებით იღებდა, ვინ იცის, თითო ქართველი ჯარისკაცის თავი იქნებ რამდენიმე ათას ამერიკულ დოლარადაც აქვთ ამერიკელებს შეფასებული და ამ «ნიხრით» უხდიდნენ ანტიქართულ ხელისუფლებას ფულს!

 ასეთია ის მწარე რეალობა, ავღანეთის ანტიტერორისტულ კამპანიაში მონაწილეობისთვის რომ გვერგო.

წინამორბედის მსგავსად, არც ბიძინა ივანიშვილი აპირებს ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას. 2015 წლამდე, ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი საჯიშე ვაჟკაცი შეაკლავს თავს ავღანელ მებრძოლებს. ძალიან მეეჭვება, რომ ქართველი ხალხის ოცნება ნარჩევი ქართველი ბიჭების სხვის ომში უაზრო და უმიზნო ჩახოცვა იყოს.

ავღანეთში ქართული ბატალიონის 2015 წლამდე დატოვება თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს ნატოსკენ «დაუკოებელ სწრაფვას». და რა მოგვიტანა ნატოს სტრუქტურებთან დაახლოებამ? ნატოსთვის და ამერიკისთვის საქართველო მხოლოდ საშუალებაა კავკასიაში თავიანთი სტრატეგიული ინტერესების გასაღრმავებლად. სწორედ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა იყო მიზეზი 2008 წლის ომისა და მისი საშინელი შედეგებისა _ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შანსი ლამის ნულამდე დავიდა.

 ამ ომის დროს კი სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკამ წყალი გამოუგზავნა ქართველ ხალხს, ნატომ კი ხელიც არ გაატოკა, რომ აგვისტოს დასაწყისში რუსეთის შესაძლო აგრესია შეეჩერებინა საქართველოს წინააღმდეგ. არადა, საამისო ბერკეტები მას ნამდვილად გააჩნდა. ჩვენი ნატოელი «მეგობრები» მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როცა რუსული ტანკები იგოეთთან იდგნენ და ახალგორი და კოდორიც დაიცალა ქართველებისგან და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

კრიტიკულ მომენტში ნატო და ამერიკა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასაც ისევე დატოვებენ რუსეთთან პირისპირ, როგორც ავანტიურისტი სააკაშვილი მიატოვეს. შეცდომებისა და დანაშაულისთვის კი ისევ ქართველი ხალხი ზღავს.

 ნატოსკენ სწრაფვა კი, რასაც ივანიშვილი ეშურება, რუსულქართული ურთიერთობის უპირველესი შემაფერხებელი ფაქტორია.

შარშან, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მულტიკულტურიზმმა, რომელიც ერთიანი ევროპული კულტურის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მის ქვეყანაში კრახი განიცადა. მერკელმა იქვე დასძინა, რომ ევროპული ქვეყნების კულტურათა გადარჩენის ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი მულტიკულტურიზმზე უარის თქმა და კონკრეტული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მათი ნაციონალურ ფესვებთან დაბრუნებაა. მერკელის შემდეგ, იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და ეჭქვეშ დააყენა ევროკავშირის  პერსპექტივა. ახლახან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დელეგირებული ზოგიერთი უფლების დაბრუნება სურს ბრიტანეთისთვის და, თუ კემერონი დარჩება ხელისუფლებაში, 2017 წელს  ის აუცილებლად ჩაატარებს რეფერენდუმს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე.

დიდი ხანია, ევროკავშირიდან გამოსვლას ითხოვენ საბერძნეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის სამთავრობო და არასამთავრობო წრეები. ევროკავშირის დაშლა დროის საქმეა და მეტი არაფერი. ლამის მთელ ევროპას მოდებული ფინანსური კრიზისი რომ საერთო ევროპული ვალუტის _ ევროს და ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების არასწორი ფულადსაკრედიტო პოლიტიკის დამსახურებაა. ევროკავშირმა ფინანსურ კრიზისში არამარტო წევრი ქვეყნები ჩაითრია, არამედ სხვა ევროპული სახელმწიფოებიც. «ქართული ოცნების» ლიდერები კი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჰპირდებიან ქართველ ხალხს, რომ საქართველო ევროკავშირში აუცილებლად  გაწევრიანდება. ევროკავშირის იდეის ავტორი ქვეყანა (ერთიანი ევროპის იდეა უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის) გარბის კავშირიდან, საქართველოზე ასგზის გავლენიანი და დიდი ქვეყნები მას უკან მიჰყვებიან და ჩვენ რა ევროკავშირი აგვიტყდა? რა მოგვცა ევროკავშირმა? გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობისა და ასოცირებული წევრობის ეფემერული დაპირებები? თუ სესხს გვაძლევს, პროცენტით ვუბრუნებთ უკან, თუ გვეხმარებიან, საფასურად რაღაც აუცილებლად მიაქვთ ჩვენი ქვეყნიდან. ევროკავშირი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელშიც, თუ გაწევრიანდებით, მაშინვე ყველა ფინანსურ პრობლემას მოგვიგვარებენ _ ევროპულ პენსია-ხელფასებს დაგვინიშნავენ, ჩვენს ნაცვლად ყველაფერზე იზრუნებენ და ჩვენ, მხართეძოზე წამოწოლის გარდა, სხვა საქმე აღარაფერი დაგვრჩება. ამ ზღაპრებით აბოლებდა მიხეილ სააკაშვილი ხალხს 9 წლის მანძილზე, «ნაციონალ» მეზღაპრეებს «მეოცნებენი» ჩაენაცვლნენ და, როგორც ვატყობ, უფრო დამაჯერებლად უყვებიან ხალხს ამ ზღაპრებს. უბედურება კი ისაა, რომ ხალხს «ქართული ოცნების» ლიდერებისა უფრო სჯერა (ჯერჯერობით) და უსმენს. მაშ, რა განსხვავებაა «ნაციონალურ მოძრაობასა» და «ქართულ ოცნებას» შორის? ამ შემთხვევაში, არც არაფერი!

«ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყეს თავიანთი ნათესავ-მეგობრების სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება, მათ შორის, მაღალ, საკვანძო პოსტებზე. ვისაც პატრონი არ ჰყავდა, მათ შორის უბადლო და შეუცვლელი პროფესიონალებიც კი, სამსახურებიდან გაყარეს.  «ქართული ოცნება» ხალხს ჰპირდებოდა, მოვალთ ხელისუფლებაში ამ მანკიერ ტრადიციას ბოლოს მოვუღებთ და სახელმწიფო სამსახურებში ხალხს კონკურსების საფუძველზე, ნიჭისა და შესაძლებლობების  მიხედვით დავასაქმებთო. მოვიდნენ, ხელისუფლებაც ჩაიბარეს, მაგრამ ტრადიცია არ დარღვეულა _ «ნაციონალები» გაუშვეს სამსახურებიდან, შეპირებული კონკურსები არც გახსენებიათ და საკუთარი ნათესავმეგობრები დანიშნეს თანამდებობებზე. ნეპოტიზმი განსაკუთრებით თვალში საცემი აჭარაშია. აჭარის ახალ თავკაცს,  მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაუსაქმებელი ნათესავი არ დარჩა. ახლა კი მეგობრების დასაქმებაზე გადასულა. რა განსხვავებაა ლევან ვარშალომიძესა და არჩილ ხაბაძეს შორის? იმ აჭარელთათვის, რომლებიც არც ერთის ნათესავია და არც მეორის, _ არც არაფერი!

მმართველი გუნდის ერთი ნაკლი ნათესავ-მეგობრების სახელმწიფო პოსტებზე დანიშვნაა, მეორე კი ის არის, რომ, სადაც ხელი მიუწვდებათ, «ქართული ოცნების» წევრებსა და აქტივისტებს ასაქმებენ _ «ნაციონალები» «მეოცნებეებმა» ჩაანაცვლეს. მალე, ალბათ, ვისაც «ქართული ოცნების» მიტინგებზე ყველაზე დიდტარიანი დროშა ეჭირა, ყველაზე მაღალ პოსტს მიიღებს, ხალხს კი იმ დროშის ტარი შერჩება. საქმე იქამდე მივიდა, რომ «ოცნებისტები» სპორტულ ფედერაციებსაც დაერივნენ და მათ თავკაცებადაც პარტიულ ლიდერებს ნიშნავენ. ეს ტრადიცია ჩაუშესკუს რუმინეთიდან იღებს სათავეს _ ყველა სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რუმინეთის კომპარტიის ლიდერი იყო. ტრადიცია წარმატებით გააგრძელეს «ნაციონალებმა», ესტაფეტა კი «ქართულმა ოცნებამ» ჩაიბარა. არადა, წინასაარჩევნოდ  ივანიშვილის პარტიული ლიდერები აცხადებდნენ, «ნაციონალებმა» სპორტული ფედერაციების გაპოლიტიკურებით საბოლოოდ გაუსვეს ხაზი ავტოკრატიულ მმართველობასო. «ქართული ოცნების» მიერ სპორტული ფედერაციების პოლიტიზირება რისი ნიშანია _ უსაზღვრო დემოკრატიის?

ხედავთ რაიმე განსხვავებას «ნაციონალურ მოძრაობასა» და «ქართულ ოცნებას» შორის? ვფიქრობ, ამ მხრივაც შეუძლებელია განსხვავების პოვნა.

 რამდენიმე სიტყვა ამ «საყოველთაო  დაჭერობანაზეც» ვთქვათ, მთელ ქვეყანას რომ მოედო. გახსოვთ «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებაში მოსვლის აისი? ისინიც, ძველი ხელისუფლების ჩინოვნიკებს იჭერდნენ, იჭერდნენ და საპროცესო გარიგებით უშვებდნენ _ ბიუჯეტში სოლიდურ თანხებს ახდევინებდნენ თავისუფლების საფასურად. ახლა რაღა ხდება? ახალი ხელისუფლება ისევ ძველი ხელისუფლების ჩინოსნებს იჭერს და ისევ უშვებენთავისუფლების სანაცვლოდ კი კვლავ ფულს ახდევინებენ. განსხვავება? არის ერთი განსხვავება _ ადრე ამ ფულის გადახდას საპროცესო გარიგება ერქვა, ახლა გირაო ჰქვია. არსებითი განსხვავება კი «ნაციონალთა» და «ქართული ოცნების» ამ პოლიტიკას შორის არ არის, ვინც ქვეყანას ანგრევდა წლების მანძილზე, ვინც ეს ქვეყანა გადაჭამა მაშინაც და ახლაც, ერთეულების გამოკლებით, ყველა თავისუფალია.

ჯერ ნოდარ ხადურისა და მისი მოადგილეების წინასაახალწლო პრემიები არ გვქონდა მონელებული და სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებმა ფინანსთა მინისტრის მადა სანატრელი გაგვიხადეს. პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა 1 თვეში, დეკემბერში სამჯერ აიღო პრემია _ ერთიანად 12 ათას 390 ლარი. კანცელარიის სხვა თანამშრომლებმაც დეკემბერში ზოგმა ორჯერ, ზოგმაც სამჯერ მიიღი პრემია (ჯამში, 20 დღეში  სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებმა 340 ათასი ლარი მიიღეს პრემიის სახით).

პრემიერის კანცელარიის პრესცენტრის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა განგვიმარტა, _ რთული გრაფიკით ვმუშაობთ, შაბათსაც კი არ ვისვენებთ და კანცელარია უწინდელივით 7 საათზე არ იკეტება, დღე და ღამ აქ ვართ,   სახლში თითქმის არ მივდივართ და ჩვენთვის ეს პრემიები ალალიაო. ნონა ყანდიაშვილის წინამორბედ ალანა გაგლოევას რომ გრაფიკი და მრავალფეროვანი სამუშაო ჰქონდა, საქმე და დაღლა ეგ იყო სწორედ. თანაც ეს ჩვენი ტაშ-ფანდურა პრეზიდენტი წინ და უკან დაატარებდა, შაბათი რა სახსენებელია, კვირასაც კი არ ასვენებდა. თანაც ალანა, პიარის გარდა, შეთავსებით სხვა სამუშაოსაც ასრულებდა კანცელარიაში და ხშირად მის გარეთაც, მაგრამ თვეში სამჯერ პრემიას ალანასაც კი არ უწერდნენ, მხოლოდ ერთხელ აძლევდნენ და ამაზეც გიჟდებოდა ხალხი.

ლადო ვარძელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორობისას ლამის ჯვარს ვაცვით _ ყოველთვიურად პრემიას საკუთარ თავს უწერსო. არა, ვარძელაშვილს სხვა ცოდვებიც აქვს მოსაკითხი, მაგრამ ხალხმა ეს ბიჭი სწორედ ამ პრემიების სიყვარულით აითვალწუნა. ხალხს იმედი ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილს მილიარდები აქვს, თავად არ დახარბდება ქვეყნის ბიუჯეტს და თანამდებობებზეც ისეთ ხალხს დანიშნავს, ბიუჯეტისკენ თვალი რომ არ გაექცეთო. ვაი, რომ ამაშიც მოტყუვდა ქართველი ხალხი, გაექცათ რომელია! ცხადია, ივანიშვილს არ ვგულისხმობ, მისი კანცელარიის თანამშრომლებზე მოგახსენებთ, რომელთაც «გინესის წიგნში» შესატანი საქმე გააკეთეს.

ვეჭვობ, მოიძებნოს მეორე  ქვეყანა, სადაც პრემიერმინისტრის კანცელარიის თანამშრომლები თვეში სამჯერ პრემიებს იღებდნენ. რა უბედურებაა?! პრემიერის კანცელარიაა თუ «ქართუ ბანკი»? ანდა, რატომ თვლიან სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლები, რომ, თუ ერთგულად და თავდადებით ემსახურნენ ამ ქვეყანას, თვეში სამჯერ პრემიები უნდა დავურიგოთ და საყვედურიც კი არ უნდა ვაკადროთ? უამრავი პროფესიონალია უმუშევარი, რომლებიც არც ერთ თქვენგანს არაფრით ჩამოუვარდება, სოლიდური ხელფასისა და დამატებით სამმაგი პრემიის გარეშე თუ ვერ აკეთებთ 1 თვის საქმეს, სხვას დაუთმეთ ადგილი. იმ მაღალ ხელფასს, თქვენ რომ გაქვთ, ეს ადამიანები იკმარებენ. ისე, «ნაციონალებმაც» ოფიციალურად, კანონიერად, მაღალმაღალი პრემიების გამოწერით დაიწყეს ბიუჯეტის ხრა, მერე და მერე მეტი მოუნდათ და კორუფციის ჭაობშიც ჩაეფლნენ. სხვათა შორის, «ნაციონალთა» საპრემიო პოლიტიკას «ქართული ოცნების» ლიდერები «გაპრავებულ» კორუფციას ეძახდნენ და ზოგიერთებზე ამბობდნენ _ რატომ მოიპარავენ ბიუჯეტიდან ფულს, პრემიებს გამოიწერენ და ამგვარად აითვისებენ საბიუჯეტო თანხებსო. ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება დღეს პრემიერის კანცელარიის თანამშრომლებს. რა განსხვავებაა «ნაციონალური მოძრაობისა» და «ქართული ოცნების» ჩინოვნიკებს შორის? _ არც არაფერი!

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. ბატონო ლევან,როგორც ყოველთვის საშინლად ზუსტი ანალიზია,ჩემდა სამწუხაროდ.დავების საბჭოში რა ხდება,რომ იცოდეთ,გაგიჟდებით.ჩემს საწარმოს რომელიც ადეიშვილის უწყებამ 2011წ 28 ოქტომბერს დამიყადაღა და უსამართლოდ,ასტრონომიული ჯარიმა დამაკისრა,ხადურის კანტორამ ფაქტიურად ჩამძირა.თუ გექნებათ სურვილი დაგირეკავთ და ინტერვიუს მოგცემთ და ფაქტებსაც მოგაწვდით.

  2. ბატონო ლევან რა კარგად წერთ, ზუსტად ასახავთ რაც რეალურად ხდება, რას გვექაჩებიან იქ სადაც ქართველს არაფერი ესაქმება. რა გვინდა ნატოში , როცა ის 2017 წელს დაიშლება,როგორც მახსოვს , როცა ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მოაწერა ხელშეკრულებას ,,ვარშავის ხელშეკრულების,, გაუქმებას,მაშინ გადაწყდა რომ ნატოც 2017 წლისათვის უნდა დაიშალოს, სად არიან პოლიტიკოსები ან ისტორიკოსები ,რატომ არ წერენ ამის შესახებ, რას გვაყვედრიან ნატოს ჩაატარონ რეფერენდუმი თავისუფალ გარემოში და ნახავენ რამდენ კაცს სურს რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here