Home რუბრიკები პოლიტიკა ნოდარ ხადური: ამნისტია, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობს საქართველოს, არის კორუფციული გზით მიღებული შემოსავლების...

ნოდარ ხადური: ამნისტია, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობს საქართველოს, არის კორუფციული გზით მიღებული შემოსავლების დაკანონება!

661

«საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ინტერვიუს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, რომლის უწყების სრულფასოვან მუშაობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარება. სრული პროფესორი, ფიანანსთა მინისტრი ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრძანდებოდა და, როგორც აცხადებს, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრებიც გამართა. ჩვენ მას სწორედ ამ და საქართველოში მიმდინარე სხვა მოვლენებზე ვესაუბრეთ.

_ ბატონო ნოდარ, კმაყოფილი ხართ თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი ვიზიტით?

_ მინისტრის რანგში ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი გახლდათ. შევხვდით საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ჩვენს მისიას, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე მინ ჟუს, ძალიან საინტერესო და თბილი შეხვედრა იყო. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად გვიჭერს მხარს, საქართველოს მთავრობას და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ახალი მთავრობა დგამს. წინა წლებისგან განსხვავებით, ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ არ ველოდებით ფინანსურ დახმარებას…

_ მსოფლიო ბანკისგან? დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობა მსოფლიო ბანკის იმედად აპირებს ბიუჯეტის შევსებასო

_ არასერიოზულ განცხადებებზე სხვა  ფორმატის გადაცემებში აჯობებს პასუხის გაცემა. არსებობს მხარდაჭერა მსოფლიო ბანკისგანაც და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგანაც და ეს მხარდაჭერა არ არის იმდენად ფინანსური, რამდენადაც მორალური. ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს.

_ ბოლო დროს თქვენი ოპონენტები იმის გამოც გაკრიტიკებენ, რომ ბიუჯეტი ვერ სრულდება და ამ მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არსებობსო

_ ამ წუთში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე რვაასი მილიონი ლარია და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ათი თვე უპრობლემოდ გავცე პენსია. იმასაც გეტყვით, რომ წელს იანვარში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი ფული შემოვიდა, ვიდრე გასული წლის იანვარში.

_ რა რესურსით? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ არავითარი მასშტაბური ეკონომიკური პროექტი არ ხორციელდება და არც მნიშვნელოვანი ინვესტიცია შემოსულა ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში. ეს რეალობაა, თუ თქვენი მთავრობა, წინამორბედებისგან განსხვავებით, პიარს ნაკლებ ყურადღებას უთმობს?

_ მუშაობს ეკონომიკა, მცირე ბიზნესი და არა პიარი. ეს დრო ჩაბარდა წარსულს, პიარით გაკეთებული საქმეები ვნახეთ, როდესაც მხოლოდ ფასადი იყო შეღებილი. ჩვენთვის მთვარია, რომ სისტემა ჩამოვაყალიბოთ და ეს სისტემა მუშაობს. მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვბია ქვეყანაში გაზრდილი. გასული წლის იანვართან შედარებით წელს ორჯერ არის მცირე და საშუალო ბიზნესში აქტიურობა გაზრდილი, იმიტომ, რომ ხალხს მიეცა მუშაობის საშუალება და აღარ ეშინია, იმიტომ, რომ მონოპოლიების ძალაუფლებაა ქვეყანაში შემცირებული, ფასების კლება დაიწყო, შესაძლოა, ეს არ არის ძალიან დიდი მაჩვენებლით შემცირება, მაგრამ გაიაფდა საწვავი, წამლები, შაქარი, ტარიფი შემცირდა ელექტროენერგიაზე… ამ ყველაფერს დანახვა უნდა. თუ ვინმეს უნდა, რომ თავისი გადმოსახედიდან ილაპარაკოს და მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყაროს, არ გამოუვა. ცხრა წელი გვაყრიდნენ თვალში ნაცარს, თურმე მაგარ ქვეყანაში გვაცხოვრებდნენ და ახლაც იმავეს აგრძელებენ _ გვატყუებენ, რომ ყველაფერი დაინგრა და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ძალიან ბევრს იღებენ საკუთარ თავზე. მოსახლეობა ამას კარგად ხედავს და იმასაც ყველა კარგად აანალიზებს, რომ პრობლემები ერთ დღეში არ გვარდება, მაგრამ ის, რაც მათ ვერ გააკეთეს, ჩვენ უკვე გავაკეთეთ. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში რვა წლის განმავლობაში დახარჯეს 450 მილიონი ლარი, ხოლო ჩვენ მარტო წელს დავხარჯავთ თითქმის მილიარდს. სოფლის მეურნეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,  2003 წელთან შედარებით ჩვენ გვაქვს შემცირებული სახნავი ფართობები, შემცირებულია პირუტყვის სულადობაც,  წარმოების მოცულობაც. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. ბაზრები არის მონოპოლიზებული, გადანაწილებული და ისინი არ აძლევდნენ საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ განვითარებულიყო, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ და ნახოთ, რომ თბილისში გამოჩნდა ბენზინგასამართი სადგურები, სადაც ბენზინი ღირს 1,90 თეთრი, მანამადე მათ უფლება არ ჰქონდათ, ჩამოეტანათ ბენზინი და გაეყიდათ, იმიტომ, რომ მანამდე იყო ერთი პიროვნების ხელში…

_ ვინ არის ეს ერთი «პიროვნება»?

_ გვარს და სახელს არ დავასახელებ…

_ ამბობენ, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნესს პრეზიდენტის ოჯახი აკონტროლებს

_ უფრო კომპეტენტურ პასუხს ამ შეკითხვაზე სხვა შესაბამისი სამსახურები გაგცემენ. ძალიან აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყველა საინტერესო საკითხზე და შეიძლება ითქვას, დღეს საქართველოში თუ ვინმე აქტიურად მუშაობს, ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია, ძალიან აქტიურია და  ბევრ თემასაცაა შეჭიდებული.

_ თქვენი ოპონენტები ხშირად იმის გამოც გაკრიტიკებენ, რომ საგამოძიებო სამსახური პოლიტიკური ნიშნით არჩევს გამოსაძიებელ საქმეებს

_ როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელმაც ბიუჯეტიდან შეჭამა მილიონობით ლარი…

_ კეზერაშვილს გულისხმობთ?

_ გვარებს არ აქვს მნიშვნელობა! მაგალითად, ბატონ X-ს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, თუ მოპარული აქვს ათეულობით მილიონი, იმის გამო, რომ ის სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია არ დავიბაროთ და არ ვკითხოთ, რატომ მოიპარა ბიუჯეტიდან მილიონები?! ფინანსთა სამინისტროში მუშაობს 280 ადამიანი, ხოლო დასუფთავების სამსახურის პიარსამსახურში მუშაობდა 570, არ ვიკითხოთ რატომ?! იმათ ხომ ფულს ჩვენ ვუხდით, მე და თქვენ და არცთუ ისე ცოტას. ამ საქმეზე კითხვებს რომ დავსვამთ ეს პოლიტიკური დევნაა?! ჩვენ არ ვაპირებთ ისევე მოვიქცეთ, როგორც წინა მთავრობა, ყველაფერს ერთი ადამიანი რომ წყვეტდა….

_ სამართლიანობის აღდგენა იყო ერთერთი მთავარი დაკვეთა თქვენი ხელისუფლებისადმი, მაგრამ ბევრს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ გირაოს სანაცვლოდ წინა მთავრობის არაერთი წარმომადგენელი გათავისუფლდა

_ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს და ჩვენ არასდროს ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აი, ესაა საზოგადოების დაკვეთა.

_ რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გამართეთ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, თქვენი გუნდის ერთერთი დაპირება იყო იაფი კრედიტები, რას გვეტყვით: არის რეალური შანსი იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი გაიაფდეს?

_ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის სისტემურ ცვლილებებზე, თუ მიაქციეთ ყურადღება, ოქტომბრის შემდეგ პროცენტმა დაიწყო დაწევა, იმიტომ, რომ იმიტომ…

_ მაინც რატომ დაიწია პროცენტმა, ხელისუფლება ჩაერია ამ საკითხში?

_ არა, ამ საკითხში ხელისუფლება ვერ ჩაერეოდა. პირიქით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება აღარ ერევა ასეთ საკითხებში, ბანკებმა დაიწყეს ჯანსაღი კონკურენციის პროცესი. როცა მათ ჰქონდათ ხარჯები, რომელთაც არ ითვალისწინებდა მათი საქმიანობა, პირობითად რომელიმე მომღელის ჩამოყვანა და სხვა მრავალი, ეს რით უნდა დაფინანსდეს? უნდა გაიზარდოს პროცენტი, რათა ბანკმა შეძლოს ამ ხარჯების დაფარვა. მთავარი ისაა, რომ ბანკები და ზოგადად ბიზნესი გათავისუფლდეს ამგვარი დამატებითი ხარჯებისგან, მაშინ ბანკები თავისთავად იფიქრებენ იმაზე, რომ, როდესაც ერთი კონკრეტული ბანკი დაბლა წევს ტარიფს და  საზოგადოების დიდი ნაწილი მიდის იმ ერთ ბანკში, სხვაც იძულებული ხდება, დაწიოს ტარიფი, ეს არის ჯანსაღი კონკურენციის პროცესი, საბაზრო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, თორემ მთავრობის ზარებით ეკონომიკის მართვა აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

_ როგორია თქვენი დამოკიდებულება ფინანსური ამნისტიისადმი, რომელიც პრეზიდენტის მიერაა ინიცირებული?

_ აღნიშნულ ინიციატივაში არის საკითხი, რომელიც გადასახადების დაწევას შეეხება. ასი დღეა, ხელისუფლებაში ვართ და ყოველ დღე ვმუშაობთ იმაზე, რომ შევისწავლოთ თითოეული გადამხდელის მიერ დაგროვილი გადასახადი, რითია ის გამოწვეული. დავების საბჭო არსებობს ფინანსთა სამინისტროში, რომელმაც ძალიან ბევრი საქმე განიხილა და ძალიან ბევრ ადამიანს, რომელთაც არასწორად ჰქონდა დარიცხული გადასახადი, შეუმცირა ეს გადასახადები. ჩვენ  ყოველდღე არ ვაკეთებთ იმაზე აქცენტებს, რომელ კომპანიებთან მიმართებაში აღვადგინეთ ამ თვალსაზრისით სამართლიანობა. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ამნისტიას, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობს საქართველოს, არის კორუფციული გზით მიღებული შემოსავლების დაკანონება! ის ითვალისწინებს დეკლარაციების განადგურებას… როგორ გგონიათ, ვიღაცამ ბიუჯეტიდან მოიპარა ათეულობით მილიონი, არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, არ გადაიხადა დღგ, არ გადაიხადა სხვა გადასახადები და ახლა მიღებული ქონება უნდა «გავუპრავოთ»?! არავის და არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვით,  რომ, რაც მოიპარე, შენია და არავინ ახლა ხმას აღარ გაგცემს, მერე რა, რომ ცხრა წელიწადი გვძარცვავდი, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს მოპარული მილიონებიო. ეს გამორიცხულია! შევისწავლით ყველაფერს დეტალურად და არავის ნაძარცვ ქონებას არ დავუკანონებთ.

 პრეზიდენტის ინიციატივაში ასევე წერია, რომ ეს არ ეხება იარაღით და პროსტიტუციით ნაშოვნ ფულს, ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს რატომ უნდა შეეხოს?! ეს ძალიან სერიოზული თემაა! თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რას ლაპარაკობდა მთავრობა ხუთი-ექვსი წლის წინ ფინანსურ ამნისტიაზე, როცა «ნაციონალები» იყვნენ ხელისუფლებაში. მათ ეგონათ, სულ თვითონ იქნებოდნენ და ამკაცრებდნენ კანონებს, ლიმონივით გამოწურეს ქვეყნის ეკონომიკა. ახლა თურმე ძალიან კეთილები გახდნენ, ზრუნავენ ადამიანებზე.

_ ხაზგასმით ამბობთ, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ფინანსურ ამინისტიას მხარს არ დაუჭერთ?

_ ჩვენი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი მოწადინებულია, რომ ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს ქვეყანაში, მოწადინებულია, რომ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც დარიცხული აქვთ უკანონო გადასახადები, მიეცეთ გარკვეული შეღავათები და აღდგეს სამართლიანობა, მაგრამ გუნდი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, არ დაუშვებს ბიუჯეტიდან მოპარული ფული ვინმემ დაიკანონოს, გამორიცხულია, უკანონოდ ნაშოვნი მილიონები ვინმეს შევარჩინოთ…

_ ბატონო ნოდარ, საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გქონდათ და მათ შორის ინვესტორებთან, აქვე გკითხავთ: არსებობს ისევ ინტერესი საქართველოსადმი?

_ რას ნიშნავს ისევ? იყო ოდესმე საქართველოსადმი ინტერესი? იქნებ მითხრათ, რომელი იყო ყველაზე ცნობილი ინვესტიცია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში?! გეტყვით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იყო ნავთობსადენებისა და გაზსადენების მშენებლობა, რეალურად კი განხორციელდა მცირე ინვესტიციები, მაგრამ ნახეთ რუსთაველზე იმელის შენობა დანგრეული, ასევე სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს შენობა არის გამოშიგნული, არანაირი სერიოზული დაინტერესება ინვსტორების მხრიდან საქართველოთი არ ყოფილა, იმიტომ, რომ საქართველოში არ იყო დაცული საკუთრების უფლება, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაპატიჟებს ინვესტორებს და მერე იმ ბიზნესმენებს დაპატიჟებულზე დაიჭერენ და ამას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება, რომელი ინვესტორების შემოსავალზეა ლაპარაკი?! დღეს არის რეალური შანსი იმისა, რომ საქართველოში ინვესტიციები განხორციელდეს.  ერთსაც გეტყვით, ნახეთ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები, 2011 წელს 2003 წელთან შედარებით 150 ათასზე ნაკლები ადამიანი მუშაობს, ეს არის ინვესტორების ინტერესი?! როდესაც ყველას ეცოდინება, რომ ხელისუფლება არ აფათურებს ხელს ბიზნესში, ძალიან ბევრი ინვესტორი ჩამოვა და ბევრი სამუშაო ადგილიც შეიქმნება, ცხოვრების დონეც გაიზრდება და ბევრი სოციალური პროექტიც განხორციელდება, ეს უკვე დაწყებულია. იცით, რომ პენსიები იზრდება, დაზღვეული იქნება ყველა მოქალაქე… გარწმუნებთ, ყველა დაპირება, რომლებიც «ქართულმა ოცნებამ» გასცა, შესრულდება!

ესაუბრა

ლილი მიროტაძე

 

1 COMMENT

  1. ამნისტიის აქტი უნდა გამოიცეს მათ სასარგებლოდ, რომლებმაც რეჟიმის გაუსაძლის პირობებში ვერ განახორციელეს ეკონომიკური საქმიანობა.
    ასეთ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებენ რეჟიმის ინტერესებში მოქმედი "ბიზნესმენები" და სალაპარაკოც არაფერი დარჩებათ. იმ პირებს, რომლებიც დღემდე ვერ ერთვებიან ეკონომიკურ პროცესებში ქონების გადასახადების დაგროვების გამო, მიეცემათ ასეთი შესაძლებლობა.
    არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული და სამართლიანი საქართველო"

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here