Home რუბრიკები პოლიტიკა შოუ, სახელად «კოჰაბიტაცია»– “მაესტრო” შესაძლოა მალე ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავდეს

შოუ, სახელად «კოჰაბიტაცია»– “მაესტრო” შესაძლოა მალე ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავდეს

643

«მიდით, მიდით, აბა, დადგით შოუ»! _ ეს სიტყვები გიგი უგულავას ეკუთვნის. შოუ მან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარს უწოდა. არადა, ამ შოუს ავტორობას მას ნამდვილად ვერავინ შეეცილებოდა. გუშინდელი ოპოზიციური არხები მშვიდად ტრანსლირებენ მომხდარს ისე, რომ მის სცენარისტებსა და რეჟისორებს ვერ ხედავენ. არც ერთ ტელეკომპანიას არ უსარგებლია ნოშრევანის ამ შეძახილით და «ნაციონალური» ხელისუფლების არც ერთი შოუ არ გაუხსენებია: განმუხურსა და მუხროვანში ერთბაშად «გაგულადებული» სააკაშვილის შოუ, კაჩინსკიზე გადაფარებული მთავარსარდალი, რომელმაც ასეთი შოუს მეშვეობით გორში მიწაზე ფორთხვისა და ჰალსტუხის გაღეჭვის გადაფარვა მოინდომა, ხურჩაში დადგმული სროლების შოუ, რომლის დროსაც ქალი დაიჭრა, გურიაში ადგილობრივი თეატრის დასის მონაწილეობით დადგმული «კალანდობა» _ სანოვაგით საგანგებოდ ავსებულ ნალიაში, «დემოკრატობის» შოუ სტრასბურგში, «კოაბიტაციის» შოუ თითქმის ყოველდღე არჩევნების წაგების შემდეგპასუხი კი ამ შოუებზე არ არის.

«ქართული ოცნება» არჩევნების მოგების შემდეგ პიარს საჭიროდ აღარ მიიჩნევს, დამარცხებული სააკაშვილი კი ისევე აქტიურად იყენებს ამ ინსტრუმენტს, როგორც ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით ყოფნისას. მას ახალი მოთამაშეები გამოჰყავს, რადგან, ნახსენები ტელეარხებისგან განსხვავებით, კარგად გრძნობს მის ძალას მასებზე ზემოქმედებაში. შოუს, ოღონდ სტრიპტიზშოუს, მოყვარული თბილისის მერი ნამდვილად არ წარმოადგენს ქალაქის სიამაყეს. ეს და სხვა ნოშრევანები, ქალები თუ კაცები, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიუხედავად, კვლავაც ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავენ, _ თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს ისევ ისინი და მათი პატრონები არიან ხელისუფლებაში!

ყველაზე წარმატებულ შოუსაც კი დროდადრო განახლება სჭირდება და

ახალი სახეებიც გამოჩნდნენ; ისეთები, «არასოდეს ვყოფილვარ ნაციონალიო» რომ აცხადებენ და შემდეგ გულმოდგინედ იწყებენ იმათი ნამოქმედარის «გაპრავებას», ვინც, მათივე სიტყვებით, «არასოდეს ყოფილან». ერთი ასეთი ახალი სახე «ნაქირავები ბინისა და სკოჩით დამაგრებული სავარძლის» პატრონი, პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილია, რომელიც «სამჯერ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან «ნაციონალებს» და ხელფასისა და დაზღვევის გარეშე დაუტოვებიათ». ის კი კეთილშობილების მაგალითს გვაძლევს და ყოველმხრივ ამართლებს სააკაშვილს. ეს იმას ჰგავს, ნოდარ დუმბაძის ზურიკელას მისი ლექსის მოსმენის შემდეგ რომ ილიკომ უთხრა: «თუ წვიმს, ქარია, თოვლი მოდის და ქვეყანა იქცევა, შენ რა გიხარია, შე  უპატრონოო»!

თუმცა ნათია მეგრელიშვილს ილიკო არ გამოუჩნდა და ისიც ვრცელი მონოლოგებით გვანებივრებს. მათი გადმოცემა სხვა ჟანრში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ მცირე ამონარიდებით შემოვიფარგლოთ. ხელისუფლებას ჯერ ვერდაუფლებული «ოცნების» დიქტატურაზე ლაპარაკი სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ამ თემის მრავლისმთქმელი განვითარება და ფინალი, რომელიც ფროიდისეულ «წამოცდენას» ძალიან ჰგავს: «ესე იგი სააკაშვილის დიქტატურა უნდა ვაღიაროთ და მისი მომხრეობა მოვინანიოთ?.. ოღონდ ეს «ჯალათი» მოვიშოროთ, ფსიქიატრიულში დავაწვინოთ და კაცურად, ბოჰემურად, სნობურად, სვეცკად და გოიმურად დავცინოთ და სამაგიეროდ აპლოდისმენტებით მივიღოთ პუტინის დიქტატურა».

ამის დამწერს, შესაძლოა, ფსიქიატრის დახმარება მართლაც სჭირდებოდეს, მაგრამ ფსიქიატრიულში ვერც მას დააწვენ და ვერც მიშიკოს, იმ მარტივი მიზეზით, რომ მიშიკომ დასაწვენი ადგილი დაანგრია, ტერიტორია კი გაყიდა. ახლა ორივეს კერძო კლინიკაში მოუწევს მისვლა, სადაც მკურნალობა ძვირი დაუჯდებათ როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

ფსიქიკურად დაუცველია ტელემაყურებელი, რომელიც ყოველდღე დიდი დოზით იღებს ამგვარ «მარგალიტებს» ეკრანიდან. დაუცველია მარადიული მედიაექსპერტებისგან, რომლებიც ეთერიდან ეთერში დაეხეტებიან და სტერილურ სენტენციებს სთავაზობენ «დემოკრატიული» დიქტატურით გათანგულ ხალხს. სტერილიზაციაზე გამახსენდა: კიდევ ერთი მიშას ფანექსპერტი ქეთუსია იგნატოვა «24 საათის» ფურცლებიდან გვმოძღვრავს: «რა კოჰაბიტაცია?! როდესაც ქართულ საზოგადოებას ჯერ სტერილიზაცია აქვს გასაკეთებელი

არც ამ ფრაზის ავტორს აქვს საქმე კარგად. სიტყვა «სტერილიზაცია» თუ პირდაპირი მნიშვნელობით არის ნახმარი, მაშინ ქალბატონი ქეთუსია ქართული საზოგადოების პირდაპირ დაკოდვისკენ მოუწოდებს. მინდა მეგონოს, რომ მან მაინც «დასუფთავების» მნიშვნელობით გამოიყენა ეს ტერმინი, მაგრამ რა ვუყოთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანთა და ქალთა კოლონიებში სტერილიზაციას პირდაპირი მნიშვნელობით მიმართავდნენ «დემოკრატი» სააკაშვილის რეჟიმისას?

«დღეს ყველა მინისტრს ყველაზე ძლიერად თავისი წინამორბედი, მოადგილეებს წინამორბედი მოადგილეები, სძულს და პრინციპულად ყველაფრის გაკეთებას რადიკალურად მათ საპირისპიროდ ცდილობენ, მაგრამ, რაც კარგად კეთდებოდა, ის ძალიან ცუდად ან საერთოდ აღარ კეთდება. კარგი ფუჭდება და ცუდი სწორდება. დეპუტატებს დეპუტატი კოლეგები სძულთ; კრიმინალებს _ პოლიტპატიმრები; პოლიტპატიმრებს კი _ თვითმარქვია კრიმინალები და ნარკომანები; გამგებლებს _ გამგებლები, პოლიციის უფროსებს _ წინა უფროსები; დანიშნულებს _ დასანიშნები; უმუშევრებს _ ხელფასის მქონე დასაქმებულები»…

ამ ტექსტის ავტორი ჯერ ასლან აბაშიძის მიერ დასაქმებული და მსუყედ ნაკვები, მისი განდევნის შემდეგ კი საკუთარი დამსაქმებლის მკაცრი კრიტიკოსი ქეთუსია იგნატოვაა, რომლის პრინციპებს (უფრო სწორად, მათ სრულ უქონლობას) ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. მისი ტექსტი ყურადღებით გადაიკითხეთ და გაიხსენეთ, როგორი «ქრისტესმიერი» სიყვარულით აპატიმრებდნენ და აწამებდნენ მიშას ხელისუფლების წარმომადგენლები წინამორბედებს. მხოლოდ სულხან მოლაშვილის მაგალითია საკმარისი იგნატოვას ფარისევლობის დასტურად.

კიდევ ერთი «პრინციპული» პატრიოტი, რომლის მრისხანე ტირადებითაც გუშინდელი ოპოზიციური ტელეარხები გვანებივრებენ, მაია ორჯონიკიძეა. მან ფარულ «მიშისტობას» თავი ანება და იერიშზე გადავიდა. რატომ გვაყურებინებენ და გვასმენინებენ ამ «მუმიებს» (მათი ბელადის ტერმინია!), სრულიად გაუგებარია; მათი მოსაზრებები (ფრაგმენტულ აზრებს თუ მოსაზრება ჰქვია) ხომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ისინი ახალს ვერაფერს იტყვიან. ნუთუ მოლაპარაკე ადამიანები ასე ძნელად საპოვნი არიან? თუ ესეც ერთგვარი «სატელევიზიო კოჰაბიტაციაა»?

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შემთხვევით შემოლახული გიგა ნასარიძე გაოცებულია იმის გამო, რომ «ფეიბუქზე» გახსნილ გვერდზე «50 ნაციონალი, რომელიც უნდა ცემო, სანამ ცოცხალი ხარ» პირველ ადგილზეა. აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა «ნაციონალური» მთავრობის წევრი და ვერ გაუგია, როგორ აღმოჩნდა ამ სიაში პირველ ადგილზე. «მეორე ლოყა მიუშვირეო», _ ურჩიეს «ფეისბუქში» და ორი წლის წინ გუბაზ სანიკიძის ცემის შემდეგ გაკეთებული ცინიკური განცხადება შეახსენეს: «გუბაზა გაგვილახენ, ხელით შეეხენ გუბაზას! დღესვე დავამთავროთ ეს ხელისუფლება! ლოზუნგი მოგიგონეთ ამასობაში»! _ წერდა 2010 წელს გიგა ნასარიძე, რომელიც ახლა დამნაშავეების დასჯას და თანაგრძნობას ელის.

«სატელევიზიო კოაბიტაცია» სულ უფრო საეჭვო სახეს იღებს; იმის გათვალისწინებით, რომ «მაესტროს» შეფს _ მამუკა ღლონტს ფული ისევე უყვარს, როგორც შალვა რამიშვილს, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გააკეთებს უფულობისას. ივანიშვილმა მკვეთრად შეამცირა არამარტო ქვეყნის გარე პიარის, არამედ ადგილობრივი მედიის დაფინანსებაც. გამარჯვების შემდეგ მას ეს საჭიროდ აღარ მიაჩნია. სამაგიეროდ, მიშამ კარგად იცის მედიის ფასი და მის დაფინანსებაზე სახსრებს ნამდვილად არ დაზოგავს. ასე რომ, უკიდურესად «დაბალანსებული» «მაესტრო», შესაძლოა, სულ მალე ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავდეს (პრინციპში, აშკარა პროფესიული უმოქმედობა ასეთად უკვე შეიძლება ჩაითვალოს).

რა ბალანსი აგიტყდათ? ქეთუსია იგნატოვასი არ იყოს, რა კოაბიტაცია? რის ბალანსი? გაისტუმრეთ უკვე მიშა? სამართალი აღადგინეთ? დამნაშავეები დასაჯეთ? ძებნილები დააკავეთ? მშიერი დააპურეთ? ავადმყოფი განკურნეთ?

ეს შეკითხვები ტელეკომპანიებს არ ეკუთვნის. მათზე პასუხი ახალმა მთავრობამ უნდა გასცეს. თუმცა ეს პასუხები «დაბალანსებულ» ტელეეთერებში იკარგება, სამაგიეროდ, უხვად ისმის შეძახილები «წარსულში დაბრუნების», «დემოკრატიის დასამარების» და «ივანიშვილის დიქტატურის» შესახებ.

თქვე პატიოსანო ტელეღიპუცებო! თუ პროფესიონალები არ გყავთ _ მოძებნეთ; თუ გამოცდილება არ გაქვთისწავლეთ; თუ თვალსაწიერი ვიწრო გაქვთ _ ქეთუსია იგნატოვას და ნათია მეგრელიშვილის ოპუსები მაინც იკითხეთ; სწავლით ვერაფერს ისწავლით, მაგრამ გაბრაზდებით მაინც. გაბრაზებულ ხალხს უკეთ გაუგებთ.

როცა თქვენს ეთერებში უსინდისოდ ცრუობენ და ზღაპრებს გვიყვებიან 9 წლის განმავლობაში საქართველოში გაბრწყინებლ «დემოკრატიის შუქურაზე», მორცხვად კი ნუ დაუხრით თავს, ან სიმართლე უთხარით, ან ისეთ რესპონდენტებს დაუძახეთ, რომელთაც ამის თავი აქვთ. კოაბიტაცია პოლიტიკოსებს მოსთხოვეს და არა ტელეჟურნალისტებს; თქვენ სულაც არ ხართ ვალდებული, იმავე სახეებთან «იკოჰაბიტიროთ», რომლებიც წლების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ თქვენს თოქშოუებს»!

ბოლოსდაბოლოს, ეს თავმოყვარეობის საკითხია!

პროფესიული თავმოყვარეობის!

მანამდე კი მე და სხვა გაბრაზებული ტელემაყურებლები ისევ «რუსთავი 2»-ს მივუბრუნდებით. ისიც ძალიან გვაბრაზებს, მაგრამ ფორუმში «ერორად» წოდებული არხის ლოგოს რომ ვუყურებთ, ვმშვიდდებით _ მისგან სხვას არც არაფერს ველით.

თქვენგან განსხვავებით.

მორჩით ამ ტელეშოუს, სახელად «კოჰაბიტაცია»!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. კარგი და დროული წერილია. ღირსება აუცილებელი თვისებაა ადამიანის სახელი რომ გერქვას.სამწუხაროდ, საქართველოში ვერცხლის მოყვარულთა საზოგადოებაშია გაწევრიანებული ერის უმრავლესობა.

  2. კარგი და დროული წერილია. ღირსება აუცილებელი თვისებაა ადამიანის სახელი რომ გერქვას.სამწუხაროდ, საქართველოში ვერცხლის მოყვარულთა საზოგადოებაშია გაწევრიანებული ერის უმრავლესობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here