Home რუბრიკები საზოგადოება ჯანდაცვის რეფორმა: ას დღემდე და ასი დღის შემდეგ

ჯანდაცვის რეფორმა: ას დღემდე და ასი დღის შემდეგ

953

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესება პოლიტიკური ოპონენტებისთვის ლამის მთავარ საჯილდაო ქვად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა დაპირებების სიუხვით, მაგრამ ეს არჩევნები, სოციალური, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის დარგში აღებული ვალდებულებების თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი 100 დღის განმავლობაში მმართველმა კოალიციამ დარგის განვითარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ეს აუცილებელი, თუმცა მაინც უფრო მოსამზადებელი ნაბიჯებია და შედეგების რეალურ მიღწევას დამატებითი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ამ ნაბიჯებში გარკვეული ტენდენციაც იკვეთება. მათგან უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვისთვის მკვეთრად გაზრდილი დაფინანსების გამოყოფა. ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს ჯანდაცვის სტრატეგიულ პრიორიტეტულობაზე არა მარტო პოლიტიკური დეკლარირებისთვის, არამედ ფაქტობრივადაც. ამას გარდა, მჭიდრო ვადებში მომზადდა ვრცელი ანალიტიკური დოკუმენტი _ ჯანდაცვის სექტორის ეფექტურობის შეფასება (Health Systems Performance Assessment, HSPA), რაც იმედს იძლევა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, დარგობრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს მტკიცებულებებსა და ემპირიულ ანალიზზე დაყრდნობით და არა სუბიექტური მოსაზრებების ან მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით.  

ამჟამად მუშავდება დარგის მრავალკომპონენტიანი რეფორმის განხორციელების სამუშაო გეგმა, რაც გვაფიქრებინებს, რომ დარგის მესვეურები უპირატესობას მიანიჭებენ ხანგრძლივი სტრატეგიული კურსისგანხორციელებას და არა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკას.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, ეს მხოლოდ მოსამზადებელი ნაბიჯებია. მოსახლეობის მოლოდინი კონკრეტული შედეგების მიმართ უფრო არის ორიენტირებული, ვიდრე სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების მიმართ. აქედან გამომდინარე, სასურველია რეფორმის მოსამზადებელი პერიოდიდან რეფორმის განხორციელების ფაზაზე ეფექტური გადასვლა, თუმცა აჩქარების თვითმიზნად ქცევა შეცდომა იქნება. 2013 წელი ფრთხილად გასავლელი პერიოდია, რადგან შექმნილ სიტუაციაში დარგში გარდამტეხ ცვლილებებსა და ძნელად გამოსასწორებელ შეცდომებს შორის ვიწრო ზღვარი დევს. ვფიქრობთ, 2013 წელს დარგობრივი სტრატეგიული მიზნები უნდა დაიგეგმოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 

1. პოლიტიკური:
• წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების მოცულობა;
• მიმდინარე წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევენები და, სავარაუდოდ, ვალდებულებების მოცულობის შემდგომი ზრდა;

2. საზოგადოებრივი:
• მოსახლეობის მხრიდან მყისიერი შედეგების მოლოდინი;
• მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეფექტურობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი;

3. რესურსები:
• აუცილებელი დროის ფაქტორი ვალდებულებების შესასრულებლად;
• აუცილებელი ფინანსური რესურსი ვალდებულებების შესასრულებლად;
• აუცილებელი პოლიტიკური კაპიტალის რესურსი რეფორმების განსახორციელებლად.

ეს განზომილებები ერთმანეთთან არაერთგვაროვან დამოკიდებულებაშია: რაც უფრო მეტი ვალდებულებაა აღებული, მით უფრო მეტი დრო და ფინანსური რესურსია საჭირო მათ შესასრულებლად; რაც მეტი დრო იხარჯება შედეგის მისაღწევად, მით ნაკლებად კმაყოფილდება მოსახლეობა მიღწეულით; რაც უფრო მეტად მოხდება მოვლენების მექანიკური დაჩქარება, მით მეტია ხარვეზების დაშვების ალბათობა. ამას გარდა, რეფორმის ზოგიერთი კომპონენტის განხორციელება აუცილებელს გახდის იმ ბარიერების გადალახვას, რომლებსაც აღმართავენ ის დაინტერესებული ჯგუფები, რომლებისთვისაც რეფორმა მათი კეთილდღეობის დაკარგვის რისკის შემცველია. ეს უარყოფითად აისახება ხელისუფლების პოლიტიკურ კაპიტალზე და რეფორმების შემდგომ განხორციელებას ხელს შეუშლის. ამიტომ 2013 წლის განმავლობაში აუცილებელია რეფორმის ტექნიკური მიზნების დაგეგმვა ზემოჩამოთვლილი კომპონენტების ისეთი ოპტიმალური კომბინაციით, რომელიც დარგს მაქსიმალურ შედეგებამდე მიიყვანს მინიმალური დანაკარგებით.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაჯერებულია მთელი რიგი მოცემულობებით, რომელთა ფორმაცია წლების მანძილზე ხდებოდა და მათი გვერდის ავლა ან იგნორირება ვერ მოხერხდება. საქართველოს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა გარკვეული პარადოქსების შემცველია. სისტემის ზოგიერთი კომპონენტი სცილდება სტანდარტული ანალიზის ჩარჩოებს, ამიტომ მათი კორეგირება კარგად გათვლილ მიდგომებს საჭიროებს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს რეფორმის სიჩქარისა და სიფრთხილის კომბინირების აუცილებლობას.

წინამდებარე წერილის მიზანია, აღწეროს ის მოცემულობები, შესაძლებლობები და რისკები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავებისა და რეფორმების დიზაინის მოსამზადებლად. ვფიქრობთ, ამგვარი სიტუაციური ანალიზი ახლახან ჩატარებული ტექნიკური HSPA -ს ანალიზის სასარგებლო დანამატად იქცევა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წერილით შეუძლებელია, და არასასურველიც, პრობლემათა მთელი სპექტრის გაშუქება. ამიტომ წერილის კიდევ ერთი მიზანია, მოკრძალებული მიმართვა დარგის ტექნიკური სპეციალისტებისადმი, რომელთა დეფიციტს საქართველო არ განიცდის, თვითმობილიზდნენ აქტიური და კონსტრუქციული დისკუსიისთვის. 

დავიწყებთ იმ თეზისიხ წარმოდგენით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ჯანდაცვის რეფორმა, პოლიტიკური და ეკონომიური მახასიათებლების გარდა, საჭიროებს ქცევითი ელემენტების გათვალისწინებასაც. ადამიანის მიერ გარემო მოვლენათა, მათ შორის რეფორმების აღქმა, ორ ფაზად მიმდინარეობს. პირველ ფაზაზე დომინირებს მოვლენათა ვიზუალურ-ფაქტობრივი შეფასება, რომლის დროსაც მოვლენები აღიქმება ზედაპირულად და მათი შეფასება ხდება გარეგნული მახასიათებლების მიხედვით. სწორედ ამიტომ იყო, რომ შეღებილმა ფასადებმა, შადრევნებმა და დაგებულმა გზებმა თავის დროზე ძლიერი პირველი შთაბეჭდილება მოახდინეს. თუმცა პროცესის ჭეშმარიტი წარმატებისთვის აუცილებელია გარეგნული ეფექტით გამოწვეული შთაბეჭდილების განმტკიცება შინაარსობრივი მხარით. მხოლოდ გარეგნულ ეფექტებზე ხანგრძლივი აქცენტირება გარკვეული დროის შემდეგ უკუშედეგს იწვევს. ეს იმიტომ, რომ პირველი შთაბეჭდილების გასვლის შემდეგ ირთვება მოვლენათა აღქმის ანალიტიკურ-საინფორმაციო მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს მოვლენათა შინაარსზე, ვიდრე მათ გარეგნულ ფორმაზე. ასეთ დროს ჩნდება კითხვები, თუ რატომ შეიღება მხოლოდ შენობის ფასადი, როცა შიგთავსი გაპარტახებული დარჩა, რატომ ხდება საჭირო ერთი და იმავე გზის ყოველ წელს ხელახლა დაგება, რამდენად ხარჯთ-ეფექტურია და აუცილებელი ანძის ციმციმი მთელი ღამის განმავლობაში და ასე შემდეგ. ჯანდაცვის რეფორმის კონტექსტში ამ ფენომენის გათვალისწინება აუცილებელია იმისთვის, რომ სწორად მოხდეს გადასაჭრელი ამოცანების  პრიორიტეტიზაცია. ჯანდაცვის სექტორის დღევანდელი მდგომარეობა წააგავს 90-იანი წლების მდგომარეობას იმით, რომ მაშინაც და ახლაც აუცილებელია რეფორმის მრავალკომპონენტიანი ფრონტის გაშლა. 90-იანი წლების ერთ-ერთი შეცდომა იყო ყველა ფრონტზე ერთობლივი ბრძოლის წარმოება, რამაც გამოიწვია ზემოთ ჩამოთვლილი პროცესუალური კომპონენტების არა ოპტიმალური კომბინაცია. ამან კი ხელი შეუშალა რეფორმების მიმდინარეობას. ამ შეცდომის გათვალისწინებით, დღეს რეფორმის ადრეულ სტადიაზე აუცილებელია აქცენტის გაკეთება იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სწრაფი წარმატებისა და ძლიერი პირველი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ.Eეს აუცილებელია მოსახლეობის მყისიერი შედეგებისადმი მოლოდინის დასაკმაყოფილებლად, რაც, ერთის მხრივ, გამოიწვევს მოსახლეობის რწმენის გაძლიერებას სისტემის მიმართ, მეორე მხრივ კი, შექმნის დროის იმ აუცილებელ რესურსს, რომელიც საჭიროა საფუძვლიანი სისტემური რეფორმის განსახორციელებლად.

რეფორმის საწყის ეტაპზე ამგვარ პრიორიტეტულ ღონისძიებად გვეჩვენება ჯანდაცვის საფინანსო სისტემაში ინტერვენცია. საქართველოს ჯანდაცვის საფინანსო სისტემამ პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში საინტერესო ევოლუცია განიცადა. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში ჯანდაცვის საფინანსო სისტემის პრაქტიკულად ყველა მოდელის მონაცვლეობა მოხდა.Aაპრობირებულ იქნა საბიუჯეტო და კერძო დაფინანსების, სავალდებულო სოციალური დაზღვევის, კერძო დაზღვევისა და შერეული სისტემები. საფინანსო სისტემის ამ ზიგზაგისებური განვითარების პარალელურად ხდებოდა ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდაც. 1997 წელს ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯი 312 მილიონი ლარი იყო, მათ შორის სახელმწიფო დანახარჯი  _ 40 მილიონი. 2001 წლისთვის ამ მონაცემებმა მიაღწია 523 მილიონ და 75 მილიონ ლარს, 2010 წლისთვის კი _ 2 მილიარდს და 484 მილიონს. თუმცა, საფინანსო სისტემაში ექსპერიმენტებისა და რესურსების ზრდის მიუხედავად, სისტემის ორი უმთავრესი მიზანი – სამედიცინო დახმარებისადმი ხელმისაწვდომობის ზრდა და სამედიცინო ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შემცირება – ნეგატიურად იქნა მიღწეული. როგორც HSPA კვლევა აჩვენებს, ოჯახების მიერ საერთო არასასურსათო კალათისთვის გაწეულ ხარჯებში, ჯანდაცვის მიზნებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯის წილი 2001-2010 წლებში ორჯერ გაიზარდა და 40%-მიაღწია, რაც იმ კრიტიკულ ზღვრად მიიჩნევა, რომლის ზემოთაც ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კლასიფიცირდება, როგორც კატასტროფული. ზრდის ტენდენცია იყო ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯების მხრივაც, რომელიც 2006-2010 წლების განმავლობაში თითქმის 1.5-ჯერ გაიზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა ამ დინამიკაში 2011 წელი, 2010-ისგან განსხვავებით, გარკვეული პოზიტივით ხასიათდება (2012 წლის მონაცემები ჯერ დამუშავების სტადიაშია), მაგრამ ათწლეულის საერთო ტენდენცია მაინც ნეგატიურია. ეს მიუთითებს ჯანდაცვის სისტემის დაბალ ხარჯთეფექტურობაზე და საფინანსო სისტემაში ინტერვენციის აუცილებლობაზე.

არსებული სისტემის ერთ-ერთ ნაკლს წარმოადგენს ბიუჯეტსა და სერვისის მომწოდებლებს შორის შუალედურ ფინანსურ გამტარად მოგებაზე ორიენტირებული კერძო სადაზღვევო სექტორის არსებობა. ეს ფაქტორი ხელს უწყობს საბიუჯეტო რესურსის მნიშვნელოვან დალექვას კერძო სადაზღვევო სექტორში მოგების ან მაღალი ადმინისტრაციული ხარჯის სახით. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სარეკორდოდ მაღალი, თითქმის 700 მილიონი ლარია გამოყოფილი ჯანდაცვაზე. დღის წესრიგში დგება ამ რესურსების მაქსიმალურად ხარჯთეფექტური ათვისება. ხარჯთეფექტურობის ამაღლების ერთ-ერთ გზად მიჩნეულია არამომგებიანი ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც მოსახლეობის ახლადდაზღვეული სეგმენტისთვის ჩაანაცვლებს კერძო სადაზღვევო კომპანიებს. ვფიქრობთ, ფონდის შექმნის გადაწყვეტილება რაციონალურია და ფონდმა ეტაპობრივად უნდა დაფაროს არა მხოლოდ დაზღვეულთა ახალი სეგმენტები, არამედ ერთიანი ფონდი უნდა გახდეს ჯანდაცვის რესურსების შემკრები საერთო აუზი. ამის შემდგომ სხვადასხვა ვარიაციის განხილვა შეიძლება, თუ რა სახით მოხდება სერვისის შესყიდვა _ პირდაპირ ფონდსა და მომწოდებელს შორის ხელშეკრულების საფუძველზე თუ სალაროებს შორის კონკურენციის გზით თანხების გადანაწილებით. მაგრამ, როგორც პრინციპი, პირველადი რესურსების აკუმულირება სასურველია ერთიან ფონდში. თუმცა ზემოჩამოთვლილი პროცესუალური ფაქტორების გათვალისწინებით, ამგვარი მასშტაბური ინსტიტუციონალური რეფორმის ნაჩქარევად განხორციელება შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს. ვფიქრობთ, 2013 წლის დასაწყისშივე პრიორიტეტი უნდა იყოს გაზრდილი ფინანსური რესურსის დაუყოვნებლივი და მაქსიმალური ინექცია სისტემაში. ამით მოხერხდება ფინანსურად უზრუნველყოფილი სერვისების პრეისკურანტის გაზრდა, მედიკამენტების ხარჯების ნაწილის დაფარვა და მოსახლეობის ახალი სეგმენტების მოცვა, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ხელმისაწვდომობას სამედიცინო დახმარების მიმართ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესებას და შეამცირებს მოსახლეობის ფინანსურ რისკს. ამისთვის შესაძლებელია დღეს არსებული ინსტიტუციონალური ბაზისის გამოყენება, თუმცა გადასახედია სახელშეკრულებო პირობები, ერთის მხრივ, სახელმწიფოსა და კერძო დამზღვევებს შორის, მეორე მხრივ _ დამფინანსებლებსა და მომწოდებელს შორის. ასევე, გასაუმჯობესებელია მომწოდებლების ანაზღაურების მექანიზმები და კლინიკური და საფინანსო აუდიტის ეფექტურობა. ვფიქრობთ, ენერგიის მიმართვა სწორედ ამ მიმართულებებზეა საჭირო.  ამგვარი მიდგომით, შესაძლებელი გახდება ახალი სადაზღვევო პაკეტის დაუყოვნებლივი ამოქმედება და პარალალელურად სისტემის ხარჯთეფექტურობის ზრდა. ეს გამოიწვევს მოსახლეობის მხრიდან სისტემისადმი რწმენის გაძლიერებას და შექმნის დროის აუცილებელ რესურსს როგორც ფონდის ჩამოსაყალიბებლად, ისე რეფორმის სხვა კომპონენტების განსახორციელებლად. ერთიანი სადაზღვევო ფონდი რთული მექანიზმია, რომლის ნაჩქარევი შექმნა რისკის შემცველია. ფონდის მმართველობითი და საოპერაციო სისტემები, სარეგულაციო მექანიზმები, საფინანსო და საბუღალტრო სისტემები, ხარისხის კონტროლის მექანიზმები, რეგიონული ფილიალები, რაც მთავარია, საკადრო უზრუნველყოფა, დროს  მოითხოვს. რეფორმის ამ ადრეულ ეტაპზე ფონდს ერთგვარი ფლაგმანის როლი დაეკისრება. მის მუშაობაში ყოველ უმნიშვნელო ხარვეზსაც კი დიდი რეზონანსი ექნება, რამაც, შესაძლოა, მთლიანად რეფორმის დისკრედიტაცია გამოიწვიოს.

ჯანდაცვის ფინანსური რეფორმის განხორციელებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. 2013 წლის ბიუჯეტის ათვისების გეგმა გულისხმობს დამატებითი სერვისების ეტაპობრივ ზრდას წლის განმავლობაში. კერძოდ, იგეგმება ახალი მინიმალური პაკეტის ამოქმედება 1 მარტიდან, ხოლო ახალი საბაზისო  პაკეტის _ 1 ივლისიდან. ეს ნიშნავს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ახალ პროგრამებს დაფარავს არასრული წლის განმავლობაში. იგივე ეხება არა მარტო ჯანდაცვის, არამედ საპენსიო და სოციალური ^დახმარების ბიუჯეტებსაც, სადაც 2013 წლის განმავლობაში ბენეფიტების ასევე ეტაპობრივი ზრდაა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, 2014 წელს სოციალური პროგრამების (ჯანდაცვა, პენსია, სოციალური დახმარება) წლევანდელ დონეზე შესანარჩუნებლად, რესურსების სრულ წელზე გათვლით, უფრო მეტი რესურსის მობილიზება იქნება საჭირო, ვიდრე 2013-ში. ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ბიუჯეტის კიდევ რამდენიმე პროცენტით გაზრდა იქნება საჭირო, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, სოციალური ვალდებულებების შემდგომი მატების პირობები გაიცემა, მათ შესასრულებლად 2014 წლის სოციალურ ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზება გახდება საჭირო. მხედველობაში ისიც არის მისაღები, რომ 2013 წლის სოციალური ბიუჯეტის ზრდა მოხერხდა ქამრის შემოჭერის პრინციპით, არაეფექტური საბიუჯეტო რესურსების სოციალურ სფეროში მობილიზებით. 2014 საბიუჯეტო წელს ქამრის შემოჭერის ლიმიტი ამოწურული იქნება. ამიტომ სისტემის ფინანსურ მდგრადობაზე ფიქრის დაწყება დღესვეა აუცილებელი. გლობალური ფინანსურ-ეკონომიური კრიზისის პირობებში და საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხიდან გამომდინარე (ორხელისუფლებიანობა, საარჩევნო წელი), 2013 წელს მხოლოდ ზომიერი ეკონომიური ზრდაა პროგნოზირებული.Aაქედან გამომდინარე, სოციალური ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის მოლოდინი საბიუჯეტო შემოსავლების მატების ხარჯზე არარეალურია. ამის გათვალისწინებით, სასურველია სამუშაოს სამი მიმართულებით მაქსიმალურად სწრაფი წარმართვა.Pპირველ რიგში სასურველია, ახალი სადაზღვევო პაკეტის ისეთი სტრუტურიზაცია, რაც შესაძლებელს გახდის წლევანდელი საბიუჯეტო რესურსით პროგრამების სრული წლის განმავლობაში მომსახურებას. Eეს აქტუარული ანალიზის და პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. გარდა ამისა, სასურველია სამოქალაქო საზოგადოების, პირველ რიგში კი დარგის ტექნიკური სპეციალისტების მიერ აქტიური დისკუსიის ინიცირება დარგის ხანგრძლივი ფინანსური მდგრადობის საკითხებზე, რაც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ სპექტრს დაიცავს მომავალ წინასაარჩევნო კომპანიაში არარეალური სოციალური დაპირებების გაცემიდან. ასევე საჭიროა დისკუსიის დაწყება ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური რესურსების წყაროების მობილიზების შესახებ. პრესაში პერიოდულად ჩნდება ექსპერტების ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები სავალდებულო სოციალური გადასახადის შემოღების შესახებ. ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა გამოწვეულია მისი პოლიტიკური, ეკონომიური და საზოგადოებრივი ღირებულებების კომპონენტების სირთულით. ვფიქრობთ, ამ საკითხზე დისკუსიას ორგანიზებული სახე უნდა მიეცეს, რისთვისაც ასევე სასურველი იქნებოდა დარგის ტექნიკური სპეციალისტების თვითმობილიზება.

დასასრულს, გვსურს, გამოვთქვათ მოსაზრება, რომ დღევანდელ ქართულ რეალობაში ჯანდაცვის სისტემას უფრო მეტი როლი აკისრია, ვიდრე მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესება, ფინანსური რისკის შემცირება და სისტემისადმი კმაყოფილების ხარისხის ამაღლებაა, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი მომავალი 5-10 წლის განმავლობაში უნდა გასცილდეს დარგობრივ ჩარჩოებს და მან წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფოებრივი განვითარების პრიორიტეტული მიზნების მიღწევაში.Aამ კონტექსტში სამი ასეთი მიმართულების გამოყოფა შეიძლება. ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი ეკონომიური ზრდაა, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და ინვესტიციების მოზიდვის გარდა, მთავარი საფუძველი ჯანმრთელი მუშახელია. მეორე სტრატეგიული პრიორიტეტი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად   მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საჭირო გახდება ჯანდაცვის სექტორის კომპონენტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რისი დაწყებაც დღესვეა სასურველი.Dდა ბოლოს, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისითაც. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის მიერ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებით სარგებლობას საზოგადოებრივი ინტეგრაციის ძლიერი პოტენციალი აქვს. ამის ერთეული შემთხვევები ახლაც ფიქსირდება, მაგრამ, შესაძლოა, ღირდეს დაფიქრება ამ პროცესისთვის უფრო ორგანიზებული სახის მისაცემად, მათ შორის სარეგულაციო მექანიზმების მომზადების ჩათვლით, რომლებიც ამ ორი რეგიონის მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში საშუალებას მისცემს, მიიღონ საქართველოში სამედიცინო დახმარება იმავე წესებითა და პირობებით, რაც მიესადაგება ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას.Eვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილების არც თუ მძიმე ფინანსური ტვირთი სრულად დაბალანსირდება მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სარგებლით.

საფინანსო სისტემა ჯანდაცვის რეფორმის მხოლოდ ერთი კომპონენტია. როგორც ზემოთ აღინიშნა, დარგის დღევანდელი მდგომარეობა მრავალმიმართულებიანი რეფორმის აუცილებლობას განაპირობებს, მათ შორის პრიორიტეტულია მომწოდებელთა ინტეგრირებული ქსელის შექმნა, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სისტემის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების განვითარება, ფარმაცევტული სექტორის ოპტიმიზაცია და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესება.Aამ ტექნიკური მიმართულებების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია რეფორმის მიმდინარეობის პროცესის ოპტიმიზაციაც. ჯანდაცვის სამინისტრო დაკომპლექტებულია კომპეტენტური ტექნიკური პერსონალით, მაგრამ, ყოველდღიური რუტინული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, სამინისტრო საჭიროებს ორგანიზებულ მხარდაჭერას ქვეყანაში ჭარბად არსებული კომპეტენტური ტექნიკური სპეციალისტების მხრიდან.

ჯანდაცვის რეფორმისთვის აუცილებელია კოლექტიური სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მიდგომა, რასაც შესაბამისი საორგანიზაციო უზუნველყოფა ესაჭიროება. ვფიქრობთ, ამ სათანამშრომლო პროცესში ინიციატივის აღება როგორც სახელმწიფომ, ისე დარგის პროფესიულმა საზოგადოებამ თანაბრად უნდა ითავონ.

გიორგი შაქარიშვილი

1 COMMENT

  1. რა რეფორმაზე და საერთოდ რაზეა ლაპარაკი როდესაც ექიმის ხელფასი (განსაკუთრებით რეგიუონებში) საარსებო მინიმუმსაც არ აღწევს (12-18 ლარი ექიმის ხელფასია?) კი ბატონო გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება მერე რა , მედპერსონალს და ექიმს რა — არაფერი; თუ ასე გაგრძელდა მალე ნორმალური ექიმი აღარ დარჩება საქართველოში; მხოლოდ თბილისი, ქუთაისი და ზოგიერთი სხვა ქალაქის რეგიონალური თუ სამკურნალო ცენტრები ვერ უშველის საქმეს .
    ჯანდაცვის მინისტრი თითონ ექიმია და კარგად იცის ექიმის ჭირი თუ ლხინი , ალბათ ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა მედპერსონალის სასარგებლოდ , ამიტომაც გავრცელდა ინფორმაცია გადაგომას აპირებსო, მაგრამ მალევე ჩააჩუმეს ; ეხლა იშვიათად თუ გამოჩნდება ტელევიზიითა თუ პრესით და ძირითადად მოსახლეობის დაზღვევაზე ლაპარაკობს , ხოლო ვინც ამ ხალხს უნდა მოემსახუროს იმათ პირობების გაუმჯობესებაზე სიტყვაც არასოდეს დაუძრავს არც მას და არც არავის; ვა ჩვენი ცოდვა , ასე არაფერი არც გაკეთდება და არც გვეშველება!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here