Home რუბრიკები საზოგადოება «კვარციტიადა» გრძელდება

«კვარციტიადა» გრძელდება

603

ბოლო დროს განახლდა საქართველოს მრეწველობის ერთერთი ფლაგმანის _ «კვარციტის» ოქროს ფაბრიკის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, დილეტანტური, ბრალდებები, რომლებიც ემსახურება ერთ მიზანს _ დაანახონ საზოგადოებას თავისი განსწავლულობის მარგი ქმედების კოეფიციენტი. მაგალითისთვის მოვიყვან გარემოს დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის, დოლიძის, «ბრძნულ» მოსაზრებებს «კვარციტის» მავნებლობის თაობაზე, რომელსაც ის აფრქვევდა ერთერთ რადიოინტერვიუში.

თურმე ნუ იტყვით და «კვარციტს» მიუძღვის ბრალი მდინარე მაშავერას მძიმე ლითონებით (რატომღაც, დარიშხანიც ამ სიაში მოხვდა) დაბინძურებაში, მოსახლეობის უკურნებელი სენით დაავადებაში, ცხრათითიანი თუ უთითო ბავშვების დაბადებაში და ა.შ. რატომღაც გამახსენდა შუა საუკუნეების ევროპაში, «ცოდვების» მატარებელ კუდიანებზე ინკვიზიციის ნადირობის პერიოდი. 

ჩემს შენიშვნაზე, თუ რა შუაშია აქ დარიშხანი, მან უტიფრად განმიცხადა, რომ ამ მამაკაცმა არ იცის ოქროს თანამედროვე მეტალურგია.

ისე, გარემოს დაცვის სამინისტროში შემუშავებული ოქროს დარიშხანით წარმოების მეთოდი ჩემთვის სიახლეა, ხოლო ბრალდებების სტილი და დონე ძველია, როგორც ოქროს წარმოების ასაკი.

ანალოგიური ბრალდებები «კვარციტის» მიმართ გააჩნდა ჩემთვის პატივსაცემ პიროვნებას, მეცნიერების დოქტორს, პარლამენტარ გიორგი გაჩეჩილაძეს რადიოთი გამოსვლის დროს. ჩემს შენიშვნაზე, რომ კარიერული და გამამდიდრებელი კომბინატის ჩამდინარე წყლებს საერთო არ გააჩნიათ «კვარციტის» ტექნოლოგიასთან, მან თემა შეცვალა და ბრძანა, რომ ფრანგული ფირმა «კოჟემა» გვთავაზობდა უკეთეს ტექნოლოგიას, რომ «კვარციტის» არსებული ტექნოლოგია კორუფციული გარიგების პროდუქტია. აი ასე, ყველაფრის თავი კორუფცია ყოფილა. ბატონო გიორგი, ვინატრებდი, რომ ასეთი გარიგებით კიდევ ერთი ასეთი ოქროს ფაბრიკა აშენდეს.

როგორც გარემოს დაცვის სპეციალისტს მოგახსენებთ, რომ გროვითი გამოტუტვის მეთოდი, «კოჟემას» მიერ შემოთავაზებული ციანირების CIP მეთოდისგან განსხვავებით, აკმაყოფილებს გარემოს დაცვის ყველაზე მაღალ მოთხოვნას, თუ დაცული იქნება ტექნოლოგიური რეგლამენტი. ცნობისთვის: ფრანგული ფირმა «კოჟემა» 90-იან წლებში ჩრდილოეთის ზღვის ურანის გადამუშავების ნარჩენებით დაბინძურების გამო დააჯარიმეს არც თუ პატარა თანხით.

როგორც ამ დარგის სპეციალისტი (ახლა მოდაშია პროფესიონალი), მოგახსენებთ, რომ ამ ტიპის მადნების გადამუშავებისთვის, ოქროს დაბალი (0.7-1.2 გ/ტ) შემცველობის გამო, პერკოლაციურ (როფულ და გროვით) ციანირებას, ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ალტერნატივა არ გააჩინა.

თავად ვიყავი ავსტრალიელების მიერ წარმოდგენილი «კვარციტის» პროექტის საექსპერტო კომისიის წევრი, საექსპერტო დასკვნის ერთ-ერთი შემსრულებელიც და გარწმუნებთ, რომ პროექტი აღიარეს აკადემიის საუკეთესო მეცნიერებმა. თუ გაეცნობით ოქროს მეტალურგიას, დარწმუნდებით კომისიის გადაწყვეტილების სისწორეში.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ «კვარციტის» მიმართ არსებობს რიგი კითხვებისა (მაგალითად, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, არსებული გროვის ზომების დაპროექტებისას გათვალისწინებულია თუ არა რეგიონის სეისმური საშიშროება, მიმდინარეობს თუ არა გროვის ექსპლუატაციის ეკოლოგიური მონიტორინგი და ა.შ.), რომლებზეც საინტერესოა საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელობის და მფლობელების პასუხი. ოღონდ დამეთანხმეთ, რომ კითხვების დასმა და პასუხის ანალიზი უფრო ამ დარგის «ჩარეცხილი» სპეციალისტების საქმეა.

რევაზ კანაშვილი,

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

 

1 COMMENT

  1. თქვენ რა იცით მდ.მაშავერაში რა ხდება… ზუსტად რომ სწორს იძახის ეს ადამიანი… მაგ მდინარეში დაბა კაზრეთს რომ გასცდები იმის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს! მდინარეს ისეთი სუნი აქვს თვალებს გწვავს მოსარწყავადაც კი არ შეიძლება ეგ მდინარე ციანიდებით არის გატენილი კვირაში 2-3 ჯერ დაგროვილ ნაგავს უშვებენ შევარდნაძის დროს მთელი დღე ეგრე მოდიოდა წითელი წყალი… რევაზ კანაშილო მან უნდა ჩაგახრჩოს კაცმა! მეტის ღირსი მაინც არ ხარ გაუნათლებელო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here